„საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ

„საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/208
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 05/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 20/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 310000000.22.024.016643
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/208
05/06/2020
ვებგვერდი, 05/06/2020
310000000.22.024.016643
„საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (05/06/2020 - 15/06/2020)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №1-1/208  – №01-55/ნ  №127

2020 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

„საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 და 25-ე მუხლებისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესები.“
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (გარდა ტრანზიტისა) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №1-1/198 ერთობლივი ბრძანება (www.matsne.gov.ge, 310000000.22.024.016641).
მუხლი 3
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 30 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის გათვალისწინებით.

3. ეს ბრძანება ძალაშია 2020 წლის 15 ივლისამდე.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი




საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესები

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები და გამოყენების სფერო

1. საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესები (შემდგომ – „წესები“) განსაზღვრავს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2 ) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ეპიდემიოლოგიური (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) კონტროლისა (ეპიდემიოლოგიური კონტროლი) და საკარანტინე სივრცეში (კარანტინი) მოთავსების, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების წესს და ამ წესების აღსრულებისათვის შესაბამისი უწყებების ფუნქციებს. ეს წესები ასევე განსაზღვრავს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლის ეპიდემიოლოგიური კონტროლის წესს საქართველოს ტერიტორიაზე.

2.  ეს წესები არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებზე.

 

მუხლი 2. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გასატარებელი ღონისძიებები

1. მებაჟე-ოფიცერი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს (შემდგომ – „მძღოლი“) განუმარტავს, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, გადაადგილებისა და სავალდებულო კარანტინისთვის დადგენილ წესებს, პირობებსა და ვადებს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას მძღოლები ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს. აღნიშნული თერმული სკრინინგის შედეგად ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლი არ დაიშვება საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი გადაყვანილ იქნება შესაბამის ცხელების ცენტრში, სადაც განხორციელდება მისი სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირების მიზნით, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება. აღნიშნული მძღოლი ტესტირების პასუხის მიღებამდე დროებით განთავსებულია ცხელების ცენტრში.

3. საბაჟო გამშვებ პუნქტზე (გარდა „სარფისა“) შემოსვლის შემდეგ, თუ თერმული სკრინინგის შედეგად არ დაფიქსირდა ტემპერატურა, მძღოლი ექვემდებარება ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) სწრაფ მარტივ ტესტირებას ანტიგენზე და ანტისხეულზე შესაბამისი სამედიცინო პერსონალის  მიერ სპეციალურ სამედიცინო პუნქტში.

4. საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფიდან“ შემოსული მძღოლი, თუ მას თერმული სკრინინგის შედეგად არ დაუფიქსირდა ტემპერატურა, ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ერთად გადაყვანილი იქნება 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებულ გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმის“ საბაჟო კონტროლის ზონაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო პერსონალის  მიერ განხორციელდება მძღოლის ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2)  სწრაფი მარტივი ტესტირება ანტიგენზე და ანტისხეულზე.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევა, საჭიროებისამებრ, მძღოლის გადაყვანას ცხელების ცენტრიდან მის სატვირთო სატრანსპორტო საშუალებამდე განახორციელებს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.

 

მუხლი 3. ახალ კორონავირუსზე (COVID-19) ტესტირების შედეგები

1. პირველადი სწრაფი მარტივი ტესტირების შედეგი აისახება ფორმაში „სწრაფი მარტივი მეთოდებით (SARS-CoV-2) კვლევის შედეგი“ (დანართი №1), რომელიც გადაეცემა მძღოლს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომ – სსიპ შემოსავლების სამსახური) მიერ.

2. პირველადი სწრაფი მარტივი ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) დადასტურების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (შემდგომ – სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია) ან სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ხორციელდება მძღოლის გადაყვანა შესაბამის ცხელების ცენტრში, სადაც განხორციელდება მისი სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირების მიზნით, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება. აღნიშნული მძღოლი ტესტირების პასუხის მიღებამდე დროებით განთავსებულია ცხელების ცენტრში.

3. სწრაფი მარტივი ტესტირებით თუ მიღებულ იქნება დადებითი შედეგი IgM ან Ag ან IgM/IgG (ორივე ანტისხეულზე), პირი ექვემდებარება გადაყვანას ცხელების ცენტრში კლინიკური დაკვირვებისთვის და PCR ტესტირებისთვის დიაგნოზის განსაზღვრის მიზნით, ხოლო თუ მიღებულ იქნება დადებითი შედეგი მხოლოდ IgG ანტისხეულზე, პირი ითვლება გამოჯანმრთელებულად და ცხელების კლინიკაში გადაყვანას არ ექვემდებარება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით და ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შესაბამისი მძღოლების გადაყვანას ცხელების ცენტრში განახორციელებს „წითელი ხიდის“, „ყაზბეგის“, „სადახლო-საავტომობილოს“ და „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტებიდან, ხოლო სსიპ – შემოსავლების სამსახური –„ნინოწმინდის“, „კარწახის“, „ვალეს“ და „ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვები პუნქტებიდან, ასევე ფოთის და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებიდან.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის და ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მძღოლის ცხელების ცენტრში გადაყვანის თაობაზე  ინფორმაციის აღრიცხვას ახორციელებს სსიპ – შემოსავლების სამსახური, ხოლო მძღოლის ხელახალი ტესტირების და მისი შედეგების თაობაზე ინფორმაცია აისახება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომ – სსიპ – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) მიერ შესაბამის პროგრამულ მოდულში.

6. სსიპ – შემოსავლების სამსახური, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მძღოლის ცხელების ცენტრში გადაყვანის თაობაზე ინფორმაციას აწვდის ტვირთის მფლობელს/იმპორტიორს ან/და მძღოლის დამსაქმებელს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7. სსიპ – შემოსავლების სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს იმ სატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია, რომლის მძღოლის პირველადი სწრაფი მარტივი ტესტირების (ანტისხეულზე და ანტიგენზე) შედეგები დადებითია.

8. ამ მუხლის 1-ლ და მე-5 პუნქტში და ამ წესების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაცია აღირიცხება შესაბამის პროგრამულ მოდულში.

9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევა, საჭიროებისამებრ, მძღოლის გადაყვანას ცხელების ცენტრიდან მის სატვირთო სატრანსპორტო საშუალებამდე განახორციელებს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.

 

მუხლი 4. მძღოლის საკარანტინე სივრცეში განთავსება და საკარანტინე სივრცის დატოვება

1. თუ ტესტირების შედეგად არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას შესაბამისი ტესტირებიდან 72 საათის განმავლობაში, აღნიშნული მძღოლი ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში განთავსებას, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლს უფლება აქვს დატოვოს საკარანტინე სივრცე:

ა) საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის გასვლის შემდეგ;

ბ) ამ მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, შემდეგი საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვის განხორციელების მიზნით, თუ მძღოლის კარანტინში განთავსებიდან გასულია არანაკლებ 3 დღე.

3. თუ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი შესაბამისი ტესტირებიდან 72 საათში არ გეგმავს ქვეყნიდან გასვლას შემდეგი საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვის განხორციელების მიზნით, ამ შემთხვევაში შესაბამისი ტესტირებიდან 60 საათის ვადაში აღნიშნული მძღოლი ვალდებულია ამის თაობაზე შეატყობინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო). ასეთ შემთხვევაში სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მძღოლს განუსაზღვრავს შესაბამის საკარანტინე სივრცეს და იქ გამოცხადებისთვის აუცილებელ გონივრულ ვადას, პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ან მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის გათვალისწინებით, რომელიც საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს მძღოლის შესაბამისი ტესტირებიდან 72 საათს.

4. საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლს ეძლევა დამატებითი 72-საათიანი ვადა, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული 72-საათიანი პერიოდის გარდა, თუ ის საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირების ჩატარებას, სწრაფი მარტივი ან სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით (რომლის შედეგად არ გამოვლინდება ინფიცირების შემთხვევა) და ამ დამატებით ვადაში დატოვებს საქართველოს ტერიტორიას საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვის განხორციელების მიზნით.

5. სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვალდებულია  სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია საკარანტინე სივრცეების (შესაბამისი სასტუმროების), მათ შორის, ადგილების რაოდენობის თაობაზე.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მძღოლს შეუძლია საკარანტინე სივრცის დატოვება მხოლოდ ახალი ტესტირების (სწრაფი მარტივი ან სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით) შემდეგ, თუ მის შედეგად არ გამოვლინდება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევა. აღნიშნული ტესტირება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მძღოლის, მისი დამსაქმებლის, შესაბამისი იმპორტიორის/ექსპორტიორის ან სხვა დაინტერესებული პირის სახსრებით.

7. სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლება აქვს შესაბამისი გაუთვალისწინებელი ან სხვა ობიექტური გარემოებების არსებობისას ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებს განუსაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული ვადებისგან განსხვავებული ვადები.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტებით დადგენილ ვადებში არ ჩაითვლება საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესვლიდან „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრული გასვლის დროის მონაკვეთები.

2. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, დაუშვებელია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიიდან დადგენილი წესით გასვლის მიზნით) აღნიშნული ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება იმ მძღოლის მხრიდან, რომელსაც განსაზღვრული აქვს შესაბამისი ვადა, ამ მუხლის თანახმად.

 

მუხლი 5. სპეციალური სამედიცინო პუნქტები და ცხელების ცენტრი

1. „სპეციალური სამედიცინო პუნქტი“ – საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საზღვაო ნავსადგურში ან საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული დროებითი სამედიცინო პუნქტი, სადაც განთავსებულია ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) სწრაფი მარტივი ტესტირების სათანადოდ ჩასატარებლად (ანტიგენზე და ანტისხეულზე) ყველა საჭირო აღჭურვილობა. სპეციალური სამედიცინო პუნქტები, მათ შორის, განთავსდება შემდეგ საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „ყაზბეგი“, „სადახლო-საავტომობილო“, „სარფი“, „ნინოწმინდა“, „კარწახი“, „ვალე“ და ლაგოდეხი“. აგრეთვე აღნიშნული პუნქტები განთავსდება ფოთის და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში.

2. „ცხელების ცენტრი“ – „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ გათვალისწინებული შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება.

3. ამ წესების შესაბამისად, სპეციალურ სამედიცინო პუნქტში მძღოლის სწრაფ მარტივ ტესტირებას განახორციელებს სსიპ – შემოსავლების სამსახურის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უფლებამოსილი პირი, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო გადამზადება.

4. სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში სწრაფი მარტივი ტესტირების განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთა რაოდენობას განსაზღვრავს სსიპ – შემოსავლების სამსახური საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

5. სპეციალური სამედიცინო პუნქტების უზრუნველყოფას სწრაფი მარტივი ტესტირების ჩასატარებლად საჭირო საშუალებებით, მათ შორის, პირადი დაცვის აღჭურვილობით და დისტანციური თერმომეტრებით, ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

 

მუხლი 6.  პასუხისმგებლობა

1. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი დაარღვევს ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილ ვადებსა და მოთხოვნებს, აღნიშნულის თაობაზე სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ან სსიპ – შემოსავლების სამსახური ინფორმაციას აწვდის (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი დაჯარიმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასევე ხორციელდება სამართალდამრღვევი პირის გადაყვანა საკარანტინე სივრცეში.

3. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა საკარანტინე სივრცე დატოვა სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეუთანხმებლად, ან  მის მიერ დაირღვა აღნიშნულ სივრცეებში იზოლაციის წესები, ან სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში არ გამოცხადდა საკარანტინე სივრცეში, მძღოლს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ამ წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. საბაჟო კონტროლის ზონაში დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებას ახორციელებს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი.

 

დანართი №1

 

სწრაფი მარტივი მეთოდებით COVID-19 კვლევის შედეგი

 

სახელი, გვარი:

 

 

პირადი/პასპორტის №

 

ნიმუშის საიდენტიფიკაციო   

 

 

ნიმუშის აღების თარიღი და დრო

 

 

ნიმუშის აღების ადგილი სასაზღვრო პუნქტი

 

საკვლევი მასალა (გახაზეთ)

  1. კაპილარული სისხლი (თითიდან)

 

  1. ცხვირის ნაცხი

 


გამოკვლევის მეთოდი

კვლევის დასახელება

მიღებული შედეგი

დასაშვები ნორმა

შენიშვნა

1

სწრაფი, მარტივი ქრომატოგრაფიული იმუნო-ანალიზი (სისხლი)

SARS-CoV-2 IgM

□ pos

□ neg

(-) უარყოფითი

neg

 

2

სწრაფი, მარტივი ქრომატოგრაფიული იმუნო-ანალიზი (სისხლი)

SARS-CoV-2 IgG

□ pos

□ neg

(-) უარყოფითი

neg

 

3

სწრაფი, მარტივი ქრომატოგრაფიული იმუნო-ანალიზი (ანტიგენი, ნაცხი)

SARS-CoV-2 Ag

□ pos

□ neg

(-) უარყოფითი

neg

 

 

კვლევა შეასრულა (გვარი, სახელი)  _________________________________    

ხელმოწერა  ______________________________________________________

კვლევის ჩატარების თარიღი: _________________________________________

 

შენიშვნა:

1. კვლევის შედეგი ძალაშია ჩატარებიდან 72 საათის განმავლობაში.

2. SARS-CoV-2 ანტიგენზე ან SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე სწრაფი მარტივი ტესტირების დადებითი კვლევის შედეგი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ან იყავით ინფიცირებული SARS-CoV-2 ვირუსით. დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება.