„დავების განხილვის წესების“ დამტკიცების შესახებ

„დავების განხილვის წესების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 04/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016374
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
04/06/2020
ვებგვერდი, 10/06/2020
010220020.16.009.016374
„დავების განხილვის წესების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/06/2020 - 28/04/2022)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №24

2020 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

 

„დავების განხილვის წესების“ დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 155-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული „დავების განხილვის წესები“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 29 დეკემბრის №54 დადგენილება „სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების დამტკიცების შესახებ“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი



დავების განხილვის წესები

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

„დავების განხილვის წესები“ (შემდგომში – წესები) შემუშავებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ საწარმოებს, ასევე, მომხმარებლებსა და საწარმოებს შორის სადავო საკითხების გადაწყვეტის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით.

მუხლი 2. წესების მიზანი და მოქმედების სფერო

1. წესების მიზანია დაადგინოს საწარმოებს, ასევე, მომხმარებლებსა და საწარმოებს  შორის წარმოქმნილი დავების განხილვის პროცედურები, განსაზღვროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 96​1 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტებზე საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების ან/და თანხის დარიცხვის კანონიერებასთან დაკავშირებული დავების განხილვის ერთიანი სამართლებრივი სტანდარტი.

2. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მიმართოს კომისიას იმ სადავო საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს და რომლის გადაწყვეტა წარმოადგენს კომისიის კომპეტენციას.

3. ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა სადავო საკითხების განხილვაში მონაწილე პირებისთვის.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესების მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სადავო საკითხი – დაინტერესებულ პირებს შორის წარმოშობილი დავა, რომლის გადაწყვეტა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ან/და კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად, განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას;

ბ) განცხადება – დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა სადავო საკითხის გადაწყვეტის თაობაზე;

გ) ადმინისტრაციული საჩივარი – დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის ან წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილების) გაუქმების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე;

დ) საწარმო – ენერგეტიკული საწარმო, აგრეთვე, წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომლის საქმიანობაც რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით და ექვემდებარება კომისიის მარეგულირებელ კომპეტენციას;

ე) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (მათ შორის, საწარმო), აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანო,  რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს საწარმოს აქტი ან ქმედება და რომელიც, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადასაწყვეტად მიმართავს კომისიას;

ვ) მხარდაჭერის მიმღები − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები;

ზ) მტკიცებულება – ყველა ნივთიერი და წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) დოკუმენტი, ფოტო- ან/და ვიდეომასალა, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა წერილობითი ან/და ზეპირი ჩვენება, სპეციალისტისა და საექსპერტო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რითაც მხარეები ასაბუთებენ მათ მიერ საქმეში მოყვანილ გარემოებებს (ფაქტებს);

თ) დადგენილება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ან ადმინისტრაციული საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ;

ი) საზოგადოებრივი დამცველი – „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის აპარატისაგან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონით.

მუხლი 4. თანასწორობა და შეჯიბრებითობა

1. კომისიაში სადავო საკითხების განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით.

2. სადავო საკითხის განხილვაში მონაწილე ყველა პირი თანასწორია და დაუშვებელია რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომის მიღება.

3. კომისიაში სადავო საკითხი განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეებს უფლება აქვთ, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები განსაზღვრავენ,  თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები  უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი. შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, სადავო საკითხთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად და დასაზუსტებლად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები, აგრეთვე, განახორციელოს ამ წესებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები და მიმართოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებებს.

მუხლი 5. სადავო საკითხების განხილვის ენა

1. კომისიის სხდომაზე სადავო საკითხები იხილება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი.

2. თუ დაინტერესებული პირის განცხადება/ადმინისტრაციული საჩივარი ან მის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, დაინტერესებული პირი ვალდებულია, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის ან დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. თარგმნისთვის დადგენილი ვადა არ შეიძლება იყოს 3 დღეზე ნაკლები, რომლის გაშვება შეიძლება გახდეს წარმოდგენილი განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.

მუხლი 6. ვადების ათვლა

ამ წესებში დღეებით განსაზღვრული ვადების ათვლისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მუხლი 7. განცხადება/ადმინისტრაციული საჩივარი

1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მომართოს კომისიას განცხადებით/ადმინისტრაციული საჩივრით სადავო საკითხის განხილვის მოთხოვნით.

2. განცხადება/ადმინისტრაციული საჩივარი  შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:

ა) კომისიის სახელწოდებას;

ბ) განმცხადებლის/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობას, პირად ნომერს (იურიდიული პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომერს), მისამართს და სხვა საკონტაქტო მონაცემებს (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა – ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) მოთხოვნას;

დ) გარემოებებს, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა და მტკიცებულებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის  ხელმოწერას;

ვ) განცხადებაზე/ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, ადმინისტრაციული საჩივარი ასევე უნდა შეიცავდეს იმ საწარმოს დასახელებას, რომლის დადგენილებაც საჩივრდება.

4. განცხადებას/ადმინისტრაციულ საჩივარს თან უნდა ერთოდეს მასში მითითებული და განმცხადებლის/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი და მტკიცებულება.

5. განცხადება/ადმინისტრაციული საჩივარი მიღებისთანავე რეგისტრირდება კომისიაში და ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი. განმცხადებელს/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს გადაეცემა მისი განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციაში გატარების დადასტურება ან გაეგზავნება განცხადებაში/ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ მისამართზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. განცხადებით/ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნის ბუნდოვანების ან მოთხოვნის ფორმულირების დაზუსტების საჭიროების თაობაზე ეცნობება განმცხადებელს/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს, ამ წესის მე-8 მუხლში აღნიშნული პროცედურების გათვალისწინებით. კომისიის აპარატი დახმარებას უწევს განმცხადებელს/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში.

7. კომისიაში განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან ადმინისტრაციული წარმოება ითვლება დაწყებულად.

მუხლი 8. დამატებითი ინფორმაციის წარდგენა

1. კომისია 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის შესაბამისობას კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესების მოთხოვნებთან.

2. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირი კომისიაში არ წარმოადგენს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესებით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, მას განესაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა არ უნდა იყოს  5 დღეზე ნაკლები. კომისია უფლებამოსილია, განმცხადებლის/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის  თხოვნით, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 დღისა, გააგრძელოს ეს ვადა. ამ ვადაში  სადავო საკითხის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

4. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, განცხადება/ადმინისტრაციული საჩივარი დარჩება განუხილველად, რის თაობაზეც განმცხადებელს/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ეცნობება წერილობით და განემარტება გასაჩივრების წესი.

მუხლი 9. განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვება

1. კომისია არ განიხილავს განცხადებას/ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ:

ა) მასში მითითებული მოთხოვნის განხილვა არ განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას;

ბ) იგი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

გ) არსებობს კომისიის გადაწყვეტილება იმავე საკითხზე;

დ) ამ წესების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით, აგრეთვე, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში შეჩერების საფუძვლი არ აღმოიფხვრა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებულ პირს განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის შეტანიდან 5 დღის ვადაში ეცნობება მისი განუხილველად დატოვების თაობაზე და წერილობით განემარტება გასაჩივრების წესი.

მუხლი 10. ერთგვაროვან საქმეთა გაერთიანება

კომისია უფლებამოსილია, საკუთარი ან დაინტერესებული პირის ინიციატივით, ერთად განხილვისა და ერთი საერთო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ერთ ადმინისტრაციულ წარმოებად გააერთიანოს რამდენიმე ერთგვაროვანი, ფაქტობრივად და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული ან მსგავსი განცხადება/ადმინისტრაციული საჩივარი, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა პირი მონაწილეობს, თუ ასეთ გაერთიანებას  შედეგად  მოჰყვება  სადავო საკითხების უფრო სწრაფი და სწორი განხილვა.

მუხლი 11. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების შეჩერება

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან ჩერდება საწარმოს გასაჩივრებული დადგენილების ან/და დარიცხვის მოქმედება სადავო საკითხის  საბოლოო გადაწყვეტამდე. ამ დროის განმავლობაში, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე კომისიის შესაბამისი წერილობითი ინფორმაციის საწარმოსთვის ჩაბარების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) მომენტიდან, მომხმარებელს არ შეიძლება შეუწყდეს მომსახურება მიმდინარე დავალიანების გადახდის პირობით, ხოლო თუ იგი შეწყვეტილია – უნდა აღუდგეს არაუგვიანეს 1 დღის ვადაში.

მუხლი 12. კომისიის მოქმედება მხარეთა მორიგების მიზნით

1. კომისია ხელს უწყობს დავის მორიგებით დამთავრებას.

2. საქმის მორიგებით დამთავრებისას, მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, დავაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება  წყდება.

3. კომისიას შეუძლია, არ დაეთანხმოს მორიგების შესახებ მხარეთა მოთხოვნას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, საწარმოს კანონმდებლობით დადგენილ  ვალდებულებებს, ან არღვევს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს, ან თუ, მორიგების შინაარსიდან გამომდინარე, მისი აღსრულება შეუძლებელია.

მუხლი 13. განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის გადაგზავნა საწარმოსთვის

1. კომისიის აპარატი განცხადებას/ადმინისტრაციულ საჩივარს თანდართულ მასალებთან ერთად გადაუგზავნის შესაბამის საწარმოს დავასთან დაკავშირებით სრული დოკუმენტაციისა და საწარმოს წერილობითი მოსაზრების მიღების მიზნით.

2. საწარმო ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოსაზრება და დავასთან დაკავშირებული დოკუმენტები სრულად წარუდგინოს კომისიასა და განმცხადებელს/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, თუ კომისიის აპარატის წერილობით მოთხოვნაში სხვა ვადა არ არის მითითებული.

მუხლი 14. საზოგადოებრივი დამცველის მონაწილეობა სადავო საკითხის განხილვაში

1. საწარმოს წერილობითი მოსაზრებისა და თანდართული დოკუმენტების მიღებიდან 1 დღის ვადაში, კომისიის აპარატი ადმინისტრაციული წარმოების მასალას სრულად გადაუგზავნის საზოგადოებრივ დამცველს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელი წერილობით განაცხადებს უარს აღნიშნულის თაობაზე.

2. საზოგადოებრივი დამცველი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების მასალის მიღებიდან 10 დღის ვადაში,  სადავო საკითხთან დაკავშირებით, კომისიას წარუდგინოს წერილობითი მოსაზრება.

3. საზოგადოებრივი დამცველის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოსაზრებას კომისიის აპარატი დაუყოვნებლივ უგზავნის მხარეებს. მხარეებს უფლება აქვთ, კომისიას წარუდგინონ დამატებითი მოსაზრებები საზოგადოებრივი დამცველის მოსაზრების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში, თუ კომისიის აპარატის წერილობით მოთხოვნაში სხვა ვადა არ არის მითითებული.

მუხლი 15. ადმინისტრაციული საჩივრის/განცხადების განხილვამდე განსახორციელებელი დამატებითი პროცედურები

1. სადავო საკითხის განსახილველად მომზადების მიზნით, კომისია/კომისიის აპარატი უფლებამოსილია, შეაგროვოს ცნობები, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი და გადაიღოს შესაბამისი ფოტო ან ვიდეო მასალა, დამატებით გამოითხოვოს მხარეებისაგან დოკუმენტები, აგრეთვე, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით.

2. კომისია/კომისიის აპარატი უფლებამოსილია, სადავო საკითხთან დაკავშირებული გარემოებების დამატებითი შესწავლის მიზნით, დაინტერესებული პირების მონაწილეობით გამართოს  სამუშაო შეხვედრა. კომისიის აპარატი  ადგენს სამუშაო შეხვედრის ოქმს, რომელსაც ხელს აწერენ მონაწილე მხარეები. თუ მხარე უარს აცხადებს სამუშაო შეხვედრის ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ მიეთითება ოქმში.

3. ამ წესების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, ხოლო, შესაბამის შემთხვევებში – მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალა, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით,  წარედგინება კომისიას.

მუხლი 16. სადავო საკითხის განხილვის ვადა

1. კომისია განცხადებას/ადმინისტრაციულ საჩივარს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საკითხთან დაკავშირებული სრული დოკუმენტებისა და ინფორმაციის მიღებიდან 2 თვის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 2 თვით, თუ კომისიას ესაჭიროება დამატებითი დრო ინფორმაციის მოძიების მიზნით. კომისია ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ორთვიანი ვადის ამოწურვამდე, ზეპირი მოსმენის გარეშე და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს.

მუხლი 17. სადავო საკითხის განხილვა

1. კომისია განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას შებოჭილი არ არის განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის  ფორმულირებით და სადავო საკითხის დროულად გადაწყვეტის მიზნით, შეუძლია, დაინტერესებულ პირს განუმარტოს მისი უფლებები, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ და დაეხმაროს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა  გამოკვლევასთან დაკავშირებით განაცხადოს შუამდგომლობა. კომისია არ აკმაყოფილებს შუამდგომლობას, თუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს მას.

3. კომისია უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება დავასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოდგენის ან გამოთხოვის, ცნობების შეგროვების, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

4. კომისია სადავო საკითხს განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა ამ წესების მე-18 მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.

5. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენის გარეშე კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომის ჩატარების გარეშე, კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით. კომისიის წევრი ხმას აძლევს საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ხმის მიცემაში მონაწილეობს კომისიის არანაკლებ 3 წევრი.

მუხლი 18. კომისიის სხდომა

1. კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, განცხადება/ადმინისტრაციული საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენით.

2. სხდომა ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით საჯაროა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისა.

3. დაინტერესებულ პირებს სადავო საკითხის ზეპირი მოსმენით კომისიის საჯარო სხდომაზე განხილვის თაობაზე უნდა ეცნობოთ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც. შეტყობინებაში მიეთითება, რომ კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას.

4. დაინტერესებული პირისთვის შეტყობინების ჩაბარება შეიძლება განხორციელდეს მატერიალური  ფორმით (ფოსტა, კურიერი და სხვა) ან/და ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. შეტყობინების ჩაბარება დასტურდება:

ა) მატერიალური ფორმით გზავნილის შემთხვევაში – ჩაბარების დასტურით;

ბ) ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით შეტყობინების გაგზავნის დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით შეტყობინების გაგზავნის/კომუნიკაციის შესახებ შედგენილი აქტით/ჩანაწერით.

5. კომისიის სხდომის შესახებ წერილობითი მატერიალური შეტყობინება დაინტერესებულ პირს ბარდება მის მიერ მითითებულ მისამართზე. თუ ის არ იმყოფება აღნიშნულ მისამართზე, შეტყობინება ბარდება მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ შეტყობინება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ჩაბარება აღინიშნება შეტყობინებაზე მიმღების ხელმოწერით.

6. კომისია უფლებამოსილია, სხდომაზე დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, განცხადება/ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს მის გარეშე.

7. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომა დახურულად გამოაცხადოს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე.

8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრი.

9. კომისიის სხდომას ხსნის და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

10. სხდომის თავმჯდომარე დამსწრე პირებს აცნობს კომისიის სხდომის დღის წესრიგს. საჭიროების შემთხვევაში კომისიას დღის წესრიგში შეაქვს კომისიის სხდომაზე განსახილველად დამატებით წარმოდგენილი საკითხი. კომისია განსაზღვრავს საკითხის განხილვის რიგითობას, აგრეთვე, საჭიროებისამებრ, გადააქვს საკითხის  განხილვა  სხვა დროისთვის.  კომისია კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს წარმოდგენილ დღის წესრიგს.

11.  სხდომის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა და მტკიცებულებათა გამოკვლევას ზეპირ მოსმენაზე და დამსწრე დაინტერესებულ პირებს აძლევს განცხადებასთან/ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას. კომისიის წევრებს უფლება აქვთ, ზეპირი მოსმენის ნებისმიერ სტადიაზე კომენტარი გააკეთონ გამომსვლელის განმარტებებზე და შეკითხვით მიმართონ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს.

12. სხდომის თავმჯდომარე განსაზღვრავს სხდომაზე გამომსვლელთა თანმიმდევრობას, აძლევს და ჩამოართმევს მათ სიტყვას, უფლებამოსილია განუსაზღვროს მათ ახსნა-განმარტების ან პასუხის ხანგრძლივობა, შეწყვიტოს სხდომა ან/და გამოაცხადოს შესვენება.

13. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, გამომსვლელ პირს სიტყვა ჩამოართვას, თუ იგი:

ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;

ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ სადავო საკითხზე;  

გ) აჭარბებს იმ დროს, რომელიც მას მიეცა სხდომის თავმჯდომარის მიერ სადავო საკითხზე ახსნა-განმარტებისთვის;

დ) სხვა შემთხვევებში, სხდომის თავმჯდომარის შეხედულებისამებრ.

14. სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია, გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო, განსაკუთრებულ შემთხვევებში – გააძევოს იგი დარბაზიდან. სხდომა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან გაძევებული პირის მონაწილეობის გარეშე.

15. განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და მასზე ზეპირი მოსმენის დასრულების შემდგომ, მაგრამ არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, ცხადდება კომისიის გადაწყვეტილება.

16. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე  კომისიისთვის ცნობილი  გახდა  საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე  ახალი გარემოების  შესახებ,  ამის თაობაზე  უნდა ეცნობოთ მხარეებს  და  მიეცეთ მათ საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.

მუხლი 19. კომისიის გადაწყვეტილება

1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს თავისი შინაგანი რწმენით, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, ფაქტებისა და მტკიცებულებების ობიექტური და სრულყოფილი გამოკვლევის, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს მისი გასაჩივრების წესი, ვადა და ადგილი. ამ წესების მე-20 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, გადაწყვეტილებაში ასევე მიეთითება მისი აღსრულების მექანიზმი.

3. გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, კომისიის წევრი ვალდებულია, კომისიის გადაწყვეტილებას წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

4. კომისიის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეკვიზიტებს და შედგება აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. აღწერილობით ნაწილში აღინიშნება დავის საგნის შინაარსი (დავის საგანი და მისი მოთხოვნის საფუძვლები), სამოტივაციო ნაწილში – კომისიის დასაბუთება დავის საგანთან მიმართებით (დავის გადაწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება), ხოლო სარეზოლუციო ნაწილში – კომისიის გადაწყვეტილება.

5. განცხადების განხილვის შედეგად, კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) განცხადების სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

6. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად, კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) დადგენილების  გაუქმებისა და საწარმოსთვის საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შესახებ;

გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ;

ე) მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საწარმოს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმება საქმის შეწყვეტით გამოიწვევს მის საფუძველზე დაკისრებული და გადახდილი ფულადი თანხების დაბრუნებას.

8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საწარმოს გასაჩივრებული დადგენილების კომისიის მიერ ძალაში უცვლელად დატოვება, გაუქმება ან განუხილველად დატოვება არ უზღუდავს კომისიას უფლებას, დადგენილებისგან დამოუკიდებლად განიხილოს და გადაწყვიტოს საწარმოს მიერ მომხმარებლის მიმართ განხორციელებული დარიცხვის საფუძვლიანობის საკითხი.

9. კომისია უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ერთობლივად განიხილოს განცხადება/ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილებისა და დარიცხვის თაობაზე.

10. იმ შემთხვევაში, თუ სადავო საკითხის განხილვისას გამოვლინდა საწარმოს მიერ სალიცენზიო პირობის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევა, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, შესაძლოა, მიეცეს დავალება კონკრეტული გარემოებების შესწავლის თაობაზე, კანონმდებლობის შესაბამისად საკითხის განხილვის მიზნით.

მუხლი 20. გადაწყვეტილების აღსრულება

1. კომისია უფლებამოსილია, მიღებული გადაწყვეტილება მიაქციოს მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2. კომისია უფლებამოსილია, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მიმართოს კანონმდებლობით დადგენილ აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებებს.

3. სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილება აღსრულდება იძულებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კომისიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

მუხლი 21. ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება, შეჩერების ვადები და განახლება

1. კომისია უფლებამოსილია, მხარეთა მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება შემდეგ შემთხვევებში:

ა) სადავო საკითხის ერთ-ერთ მხარედ მყოფი ფიზიკური პირის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, თუ ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას;

ბ) თუ კომისია დაადგენს, რომ მხარე არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა, მაგრამ მხარდაჭერა არ მიუღია;

გ) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ;

დ) თუ მხარეები ითხოვენ ვადას დავის მორიგებით დასრულების მიზნით და კომისია დაეთანხმა მხარეთა მოთხოვნას;

ე) სხვა შემთხვევებში, კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

2. კომისია ადმინისტრაციულ წარმოებას შეაჩერებს ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მხარის მიერ ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ, გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მხარის მიერ ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ, შესაბამისი მხარდაჭერის (მათ შორის დროებითი) მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა;

გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების  კანონიერ ძალაში შესვლამდე;

დ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კომისიის მიერ განსაზღვრული ვადით.

3. ადმინისტრაციული წარმოების შეჩერებისა და განახლების თაობაზე მხარეებს ეცნობებათ წერილობით. ადმინისტრაციული წარმოების შეჩერებისა და განახლების თაობაზე კომისიის  ცალკე გადაწყვეტილება არ მიიღება.

4. ადმინისტრაციული საქმის წარმოება განახლდება მხარის მიერ ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ.

მუხლი 22. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა

1. კომისია, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას, თუ:

ა) არ არსებობს დავის საგანი;

ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

გ)  სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

დ) გარდაიცვალა დაინტერესებული პირი ან განხორციელდა იმ იურიდიული პირის ლიკვიდაცია, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს და სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა;

ე) განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენმა პირმა უარი თქვა  განცხადებაზე/ადმინისტრაციულ საჩივარზე;

ვ) დავა მორიგებით დასრულდა.

2. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე მხარეებს ეცნობებათ წერილობით.

მუხლი 23. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება

სადავო საკითხზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საერთო სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.