„ტექნიკური რეგლამენტი − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტი − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 348
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022062
348
03/06/2020
ვებგვერდი, 05/06/2020
300160070.10.003.022062
„ტექნიკური რეგლამენტი − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №348

2020 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტი − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017684)  შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2014 წლის 1 იანვრამდე მოქმედი დიდი ზომის ბავშვთა 24-საათიანი მომსახურებები (15-ზე მეტი ბავშვით), რომლებიც სრულად ვერ აკმაყოფილებენ ამ დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“, „გ.ბ.გ“, „გ.ბ.დ“, „გ.დ“ ქვეპუნქტებითა და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, 2020  წლის 1 სექტემბრამდე გავრცელდეს შემდეგი სტანდარტები:

ა) ბენეფიციართა/აღმზრდელთა თანაფარდობა განისაზღვროს ყოველ 9 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთი აღმზრდელით;

ბ)  ყოველ საძინებელ ოთახში:

ბ.ა)  უნდა განთავსდეს არაუმეტეს 9 ბენეფიციარისა;

ბ.ბ)  თითოეული ბენეფიციარისთვის უნდა იყოს ლოგინი და საწოლი;  

გ) საპირფარეშო (ვენტილაციით), საშხაპე, პირსაბანი (ცივი/ცხელი წყლით) 10 ბენეფიციარზე უნდა იყოს არანაკლებ ერთისა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციართა შემთხვევაში, აღნიშნული გარემო მორგებული უნდა იყოს ამ კატეგორიის ბენეფიციართა საჭიროებებზე;   

დ) ბენეფიციართა კვებისათვის იყოს საკმარისი სასადილო ფართობი, სასადილო მაგიდასთან (მაგიდებთან) ბენეფიციარის ინდივიდუალური ადგილი და სკამი, იქონიოს და გამოიყენოს სათანადო რაოდენობის ჩაისა და სადილის ჭურჭელი (მაგ.: თეფშები, ფინჯნები, ლანგრები და სხვა), უჟანგავი ლითონის კოვზები, დანები და ჩანგლები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების“  №1 დანართის:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავების პროცესში, სოციალურ მუშაკთან ერთად, ჩართულნი არიან მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდი (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და პედიატრი) და აღმზრდელები. საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება იწვევს სხვადასხვა სპეციალისტს (მეტყველების თერაპევტი, ფიზიოთერაპევტი, ფსიქიატრი, სმენის სპეციალისტი, ორიენტაციისა და მობილობის სპეციალისტი და სხვა);“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში, შეიმუშაოს მომსახურების ინდივიდუალური გეგმა, ბენეფიციარისთვის მომსახურების გაწევის დაწყებიდან 30 დღის განმავლობაში;“;

ბ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელების დადასტურების მიზნით, პირად საქმეში განათავსოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა, წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ).“;

გ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის:

გ.ა) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა საერთო რაოდენობა არ აღემატება  7-ს, რომელთაც დღის განმავლობაში ემსახურება მინიმუმ 3 აღმზრდელი, ხოლო ღამის განმავლობაში მინიმუმ 2 აღმზრდელი. მომსახურება ითვალისწინებს აღმზრდელების ცვლებში მონაცვლეობასაც. ბენეფიციარების საჭიროებიდან გამომდინარე, თითოეული ცვლის ფარგლებში  აღმზრდელებიდან ერთ-ერთი არის ექთანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ბავშვების საექთნო მოვლას;“;

გ.ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.დ“ ქვეპუნქტი:

„დ.დ) იმ 24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებებში, სადაც მომსახურებას იღებენ  შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე  ბავშვები,  შესაძლებელია, ბენეფიციართა რაოდენობა განისაზღვროს   10-ით, რომელთაც დღის განმავლობაში ემსახურება მინიმუმ 4 აღმზრდელი, ხოლო ღამის განმავლობაში − მინიმუმ 2 აღმზრდელი;“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის  1 ივნისიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.