ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 05/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 080090020.19.012.016074
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
05/06/2020
ვებგვერდი, 08/06/2020
080090020.19.012.016074
ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/06/2020 - 17/08/2020)

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №1

2020 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“ (შემდგომში – „წესი“) ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. სადაზღვევო ბროკერმა, გადაზღვევის ბროკერმა, სესხის გამცემმა სუბიექტმა, ადვოკატმა, საადვოკატო ბიურომ, რომელსაც საქმიანობა დაწყებული აქვს ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარუდგინონ აღრიცხვის შევსებული ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.

3. ანგარიშვალდებულმა პირმა, რომელიც ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ დაიწყებს საქმიანობას, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა საზედამხედველო ორგანოში ლიცენზიის აღებიდან, რეგისტრაციიდან ან ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს  10 სამუშაო დღისა.

4. ამ ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული აღრიცხვის ფორმა ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა წარადგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

 


სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსივალერიან ხასაშვილი




ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებზე.

2. ამ წესის მოქმედება ადვოკატს, საადვოკატო ბიუროსა და ნოტარიუსზე ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. ამ წესით განისაზღვრება გარიგებასთან (ოპერაციასთან) დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა აღრიცხოს და შეინახოს, აგრეთვე საეჭვო გარიგების და გარიგებათა (ოპერაციების) ცალკეული სახეობების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი და პირობები.

4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანქციადაკისრებული პირის და დაკავშირებული პირის ქონებაზე დადებული ყადაღის აღსრულებაზე.

5. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, განსაზღვროს თანხობრივი ლიმიტი, რომელიც გამორიცხავს ამ წესის მე-5–მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ თანხობრივ ზღვარს ზემოთ შესაბამისი გარიგების დადებას ან ოპერაციის შესრულებას.

6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტით შეზღუდული არ იქნება 1 კალენდარული დღის განმავლობაში ერთგვაროვანი გარიგებების დადება და ოპერაციების შესრულება, სამსახურს უნდა წარედგინოს ანგარიშგება ამ წესის მე-5–მე-7 მუხლებით გათვალისწინებული ისეთი დაკავშირებული გარიგებების (ოპერაციების) თაობაზე, რომელთა ჯამური თანხა აღემატება შესაბამის თანხობრივ ზღვარს.

7. ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოური ვალუტის ეკვივალენტი ლარში უნდა განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გარიგების დადების ან ოპერაციის შესრულების დღეს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის საფუძველზე.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანგარიში – კომერციულ ბანკში, საბროკერო კომპანიასთან ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან კლიენტის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან ელექტრონული ფულის აღრიცხვის უნიკალური საშუალება;

ბ) არარეზიდენტი პირი – სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებული იურიდიულ­ი პირი ან სხვა იურისდიქციაში რეგისტრაციის ადგილის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მქონე ფიზიკური პირი (გარდა საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელისა);

გ) გაეროს უშიშროების საბჭოს მონაცემთა ბაზა – იმ პირთა სია, რომლებზეც ვრცელდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული მიზნობრივი ფინანსური სანქციები ტერორიზმის დაფინანსების ან მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის მიზნით;

დ) განსაკუთრებული გარემოებები – ანგარიშვალდებული პირის მიერ ფულადი სახსრების გადარიცხვის ან ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანის თაობაზე კლიენტის დავალების მიღება, კლიენტისთვის ანგარიშის დახურვის ან გადამხდელისთვის ფულადი სახსრების დაბრუნების განზრახვა ან სხვა ისეთი გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გაართულოს სავარაუდო უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების იდენტიფიცირება და მოძიება;

ე) დაკავშირებული პირი – პირი, რომელიც სანქციადაკისრებული პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს ან/და პირი, რომელსაც სანქციადაკისრებული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან აკონტროლებს;

ვ) დაკავშირებული გარიგებები (ოპერაციები) – დროის გონივრულ პერიოდში დადებული ან/და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ერთჯერადი გარიგებები (მათ შორის, ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვები), რომლებიც ერთსა და იმავე კლიენტს უკავშირდება და შესაძლოა ხორციელდებოდეს გარიგების დანაწევრების მიზნით;

ზ) ინფორმაციის მიწოდების ონლაინსისტემა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალი, რომლის გამოყენებით ელექტრონულად ხდება სამსახურისთვის ამ წესით გათვალისწინებული ანგარიშგების და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) წარდგენა და სამსახურის მიერ სათანადო ინფორმაციის (დოკუმენტის) ანგარიშვალდებული პირისგან გამოთხოვა;

თ) მაღალი რისკის იურისდიქცია – ქვეყანა ან ტერიტორია, რომელშიც ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემას სერიოზული ნაკლოვანებები აქვს. მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხას სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს ეროვნული ბანკი და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს მასში ცვლილება;

ი) მომხმარებლის ინსტრუქცია – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციის მიწოდების ონლაინსისტემით სარგებლობის ინსტრუქცია;

კ) პასუხისმგებელი თანამშრომელი – ანგარიშვალდებული პირის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირი ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან/და თანამშრომელი;

ლ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი – „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სიის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №198 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები;

მ) საეჭვო გარიგება – გარიგება, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა, დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე, ან/და ფულის გათეთრების მიზნით, ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას;

ნ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ანგარიშვალდებული პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია ფულის გათეთრების სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;

ო) სამსახური – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური;

პ) სანქციადაკისრებული პირი – ის ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებზედაც ვრცელდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული სანქციები ტერორიზმის დაფინანსების ან მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის მიზნით;

ჟ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

რ) საქველმოქმედო ორგანიზაცია – არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ს) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

მუხლი 3. საეჭვო გარიგების გამოვლენა და სამსახურისთვის შეტყობინება

1. ანგარიშვალდებულმა პირმა (შემოსავლების სამსახურის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდა) უნდა დანერგოს საეჭვო გარიგების გამოვლენისა და სამსახურისთვის წარდგენის პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებული პირის საქმიანობის ხასიათის, მოცულობის და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პროპორციულია.

2. საეჭვო გარიგების გამოსავლენად ანგარიშვალდებულმა პირმა მხედველობაში უნდა მიიღოს სამსახურის და საზედამხედველო ორგანოს მიერ შემუშავებული საყურადღებო ნიშნები და რეკომენდაციები.

3. ანგარიშვალდებული პირი (შემოსავლების სამსახურის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდა) ვალდებულია, სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება საეჭვო გარიგების ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობის შესახებ. ანგარიშგება სამსახურს უნდა წარედგონოს გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად.

4. პასუხისმგებელმა თანამშრომელმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების სამსახურისთვის წარდგენის გადაწყვეტილება. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს პასუხისმგებელი თანამშრომლის დაცვა მუქარისგან, დისკრიმინაციული მოპყრობისგან და სხვა უკანონო ზემოქმედებისგან.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების სამსახურისთვის წარსადგენად ქონების უკანონო/დაუსაბუთებელი წარმოშობის, კანონდარღვევის კონკრეტული სახის ან/და კანონსაწინააღმდეგო მიზნის დანამდვილებით ცოდნა არ არის აუცილებელი პირობა. ანგარიშგება უნდა წარედგინოს სამსახურს იმ შემთხვევაშიც, თუ ანგარიშვალდებული პირის ეჭვი კონკრეტულ გარიგებას (ოპერაციას) არ უკავშირდება.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება უნდა აღწერდეს ეჭვის საფუძვლებს (არსებით გარემოებებს) და შეიცავდეს კლიენტის და გარიგების მონაწილე სხვა პირების იდენტიფიკაციისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციას. ანგარიშგებას აგრეთვე უნდა დაერთოს პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია საეჭვო გარიგების ანალიზისთვის.

7. ანგარიშვალდებულმა პირმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშგებაში, თუ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც საჭიროებს სამსახურის დაუყოვნებლივ რეაგირებას. ამ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სამსახურთან წინასწარი სატელეფონო ან ელექტრონული კომუნიკაციაც. 

8. ანგარიშვალდებულმა პირმა დამატებით უნდა აცნობოს სამსახურს საეჭვო გარიგებასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების სამსახურში წარდგენის შემდეგ, მისთვის ამგვარი ინფორმაციის მოპოვებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში.

9. ანგარიშვალდებულმა პირმა, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მიღებული სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, სამსახურს მოთხოვნის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარუდგინოს ნებისმიერი ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც სამსახურს ესაჭიროება საეჭვო გარიგებების გამოვლენისა და ანალიზისთვის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია).

10. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მიიღოს ზომები რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგების (ოპერაციის) და გარიგებათა (ოპერაციათა) უჩვეულო ერთობლიობის, აგრეთვე გარიგების (ოპერაციის) თანხის დანაწევრების და დაკავშირებული გარიგებების გამოსავლენად. ამ შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი.

 

მუხლი 4. გაეროს უშიშროების საბჭოს მიზნობრივი ფინანსური სანქციები

1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, წარუდგინოს სამსახურს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კლიენტი ან გარიგების მონაწილე პირი სანქციადაკისრებული ან დაკავშირებული პირია.

2. ანგარიშვალდებულმა პირმა, სანქციადაკისრებული პირის და დაკავშირებული პირის გამოვლენის მიზნით, გაეროს უშიშროების საბჭოს მონაცემთა ბაზაში უნდა განახორციელოს შემდეგი პირების შემოწმება:

ა) კლიენტი, კლიენტის სახელით მოქმედი პირი და ბენეფიციარი მესაკუთრე;

ბ) კლიენტის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი;

გ) გარიგების მონაწილე სხვა პირი (კონტრაჰენტი), სიცოცხლის დაზღვევის ბენეფიციარი და პირი, რომლის სასარგებლოდაც იდება ან სრულდება გარიგება (ოპერაცია);

დ) ფულადი სახსრების გადარიცხვის შემთხვევაში – გადამხდელი, მიმღები, გადამხდელის და მიმღების პროვაიდერი, აგრეთვე, შუამავალი პროვაიდერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, გაეროს უშიშროების საბჭოს მონაცემთა ბაზაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების შემოწმება განახორციელოს:

ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე და ერთჯერადი გარიგების დადებამდე;

ბ) გაეროს უშიშროების საბჭოს მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანიდან რაც შეიძლება სწრაფად.

4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, გაეროს უშიშროების საბჭოს მონაცემთა ბაზაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების შემოწმება განახორციელის პირის იდენტიფიკაციიდან რაც შეიძლება სწრაფად, გარიგების დადებამდე ან ოპერაციის შესრულებამდე. ანგარიშვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების დამთხვევა გაეროს უშიშროების საბჭოს მონაცემთა ბაზაში შეყვანილ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემებთან.

 

მუხლი 5. კომერციული ბანკის მიერ გარიგების თაობაზე ანგარიშგების წარდგენა სამსახურში

ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კომერციულმა ბანკმა უნდა წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგება შემდეგი გარიგების (ოპერაციის) თაობაზე:

ა) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ნაღდი ფულით (გარდა უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სპოტური, ფიუჩერსული, ფორვარდული ან სვოპური გარიგების საფუძველზე შესრულებული ოპერაციისა), თუ ოპერაციის თანხა 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

ბ) ფიზიკური პირის ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანა, თუ ოპერაციის თანხა 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

გ) იურიდიული პირის ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანა, თუ ოპერაციის თანხა 100 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 100 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

დ) ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა მაღალი რისკის იურისდიქციიდან ან ანგარიშიდან ფულადი სახსრების გადარიცხვა მაღალი რისკის იურისდიქციაში, თუ ოპერაციის თანხა 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

ე) ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა საეჭვო ზონიდან ან ანგარიშიდან ფულადი სახსრების გადარიცხვა საეჭვო ზონაში, თუ ოპერაციის თანხა 300 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 300 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

ვ) ფულადი გზავნილის მიღება მაღალი რისკის იურისდიქციიდან ან საეჭვო ზონიდან ან გაგზავნა მაღალი რისკის იურისდიქციაში ან საეჭვო ზონაში, თუ ოპერაციის თანხა 10 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 10 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

ზ) არასამეწარმეო იურიდიული პირის (საქველმოქმედო ორგანიზაციის გარდა) ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა სხვა იურისდიქციიდან, თუ ოპერაციის თანხა 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

თ) საქველმოქმედო ორგანიზაციის ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა სხვა იურისდიქციიდან, თუ ოპერაციის თანხა 10 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 10 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება.

 

მუხლი 6. არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გარიგების თაობაზე ანგარიშგების წარდგენა სამსახურში

1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგება შემდეგი გარიგების (ოპერაციის) თაობაზე:

 ა) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ნაღდი ფულით, თუ ოპერაციის თანხა 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

ბ) სესხის მიღება არარეზიდენტი პირისგან (გარდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა), თუ გარიგების თანხა 100 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 100 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

გ) თამასუქის გაცემა არარეზიდენტ პირზე, თუ გარიგების თანხა 100 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 100 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

დ) ფულადი გზავნილის მიღება მაღალი რისკის იურისდიქციიდან ან საეჭვო ზონიდან ან გაგზავნა მაღალი რისკის იურისდიქციაში ან საეჭვო ზონაში, თუ ოპერაციის თანხა 10 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 10 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება.

2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგება შემდეგი გარიგების (ოპერაციის) თაობაზე:

ა) ელექტრონულ ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა (შეტანა) ან გადარიცხვა, თუ ოპერაციის თანხა 30 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

ბ) ფულადი გზავნილის მიღება მაღალი რისკის იურისდიქციიდან ან საეჭვო ზონიდან ან გაგზავნა მაღალი რისკის იურისდიქციაში ან საეჭვო ზონაში, თუ ოპერაციის თანხა 10 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 10 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული/მომგებიანი თამაშობის მონაწილის ელექტრონულ ანგარიშზე (დეპოზიტზე) ნაღდი ფულის განთავსება, თუ ოპერაციის თანხა 10 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 10 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება.

3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, საბროკერო კომპანიამ უნდა წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგება შემდეგი გარიგების (ოპერაციის) თაობაზე:

ა) საბროკერო კომპანიის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ნაღდი ფულის განთავსება, თუ ოპერაციის თანხა 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

ბ) არარეზიდენტი პირის დავალებით ფასიანი ქაღალდების ყიდვა/გაყიდვა, თუ გარიგების თანხა 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება.

4. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგება ნაღდი ფულით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში, თუ ოპერაციის თანხა 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება.

 

მუხლი 7. არასაფინანსო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ გარიგების თაობაზე ანგარიშგების წარდგენა სამსახურში

1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, ნოტარიუსმა უნდა წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგება 50 000 ლარზე ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი ფულადი სახსრების ან ფასიანი ქაღალდების ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების თაობაზე იმ შემთხვევაში, როდესაც ფულადი სახსრების ან ფასიანი ქაღალდების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება  ხორციელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების ფარგლებში.

2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, ლატარიის ორგანიზატორმა, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორმა უნდა წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგება ფულადი სახსრების მიღების, მოგების ან ფულადი სახსრების გაცემის თაობაზე, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა/ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება.

3. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგება შემდეგი გარიგების თაობაზე:

 ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, თუ გარიგების თანხა 300 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 300 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

ბ) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ან ჩუქება, თუ გარიგების მხარე გაეროს უშიშროების საბჭოს მონაცემთა ბაზაშია შეყვანილი;

გ) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ან ჩუქება, თუ გარიგების მხარე მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალია;

დ) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ან ჩუქება, თუ გარიგების მხარე მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მქონე ფიზიკური პირია;

ე) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, თუ გარიგების თანხა საბაზრო ფასზე გაცილებით მეტი ან ნაკლებია.

4. შემოსავლების სამსახურმა უნდა წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგება:

ა) 30 000 ლარზე ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების თაობაზე;

ბ) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადაადგილების თაობაზე.

 

მუხლი 8. ინფორმაციის წარდგენის წესი და პირობები

1. ანგარიშგებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) სამსახურისთვის წარდგენა უნდა განხორციელდეს ამ წესის შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდების ონლაინსისტემის მეშვეობით, მომხმარებლის ინსტრუქციის შესაბამისად.

2. ანგარიშგებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) სამსახურისთვის ნაბეჭდი ფორმით წარდგენა დასაშვებია, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ანგარიშგებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) ელექტრონულად წარდგენა ტექნიკურად შეუძლებელია.

3. ნაბეჭდი ფორმით ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) სამსახურს უნდა წარედგინოს დალუქული კონვერტით, რომელზეც აღინიშნება კონფიდენციალობის გრიფი, ანგარიშვალდებული პირის და ადრესატის სახელწოდება და მისამართი.

4. ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) სამსახურისთვის წარდგენილად ჩაითვლება სამსახურისგან დადასტურების მიღების შემთხვევაში:

ა) ანგარიშგებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში – ინფორმაციის მიწოდების პროგრამულ-ელექტრონულ სისტემაში „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებით;

ბ) ანგარიშგებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) ნაბეჭდი ფორმით წარდგენის შემთხვევაში – სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით.

5. ადვოკატი, საადვოკატო ბიურო უფლებამოსილია, ამ წესის მე-3 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) სამსახურის ნაცვლად წარუდგინოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ამ წესით გათვალისწინებული ფორმით, უცვლელი სახით წარუდგენს სამსახურს შესაბამის ანგარიშგებას ან სხვა ინფორმაციას (დოკუმენტს).

 

მუხლი 9. ინფორმაციის წარდგენის ვადა

1. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა წარუდგინოს სამსახურს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება დაუყონებლივ, საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის დღესვე.

2. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა წარუდგინოს სამსახურს ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით და მე-7 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგება გარიგების დადებიდან ან ოპერაციის შესრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

3. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა წარუდგინოს სამსახურს ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

4. შემოსავლების სამსახურმა უნდა წარუდგინოს სამსახურს ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადაადგილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

 

მუხლი 10. კონფიდენციალობის დაცვა

1. ანგარიშვალდებულ პირს, მის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს ეკრძალებათ, აცნობონ კლიენტს ან სხვა პირს, რომ განხორციელდება ან ხორციელდება ღონისძიებები უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით ან სამსახურს წარედგინება ან წარედგინა ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით აკრძალულ ქმედებად არ ჩაითვლება ინფორმაციის გამჟღავნება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

3. ანგარიშვალდებული პირის მიერ დანერგილი საეჭვო გარიგების გამოვლენისა და სამსახურისთვის წარდგენის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ ანგარიშვალდებული პირის უფლებამოსილ თანამშრომლებს ჰქონდეთ.

4. დაუშვებელია ანგარიშვალდებულ პირს, მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა ნორმატიული აქტით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევისთვის ამ წესით გათვალისწინებული ანგარიშგების ან სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) სამსახურისთვის წარდგენის ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში.

 

მუხლი 11. ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა

1. ანგარიშვალდებულმა პირმა (გარდა შემოსავლების სამსახურისა) ელექტრონული ან/და დოკუმენტური ფორმით უნდა აღრიცხოს და შეინახოს გარიგებასთან (ოპერაციასთან) დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:

ა) გარიგების (ოპერაციის) სახე და შინაარსი (მიზანი და საგანი);

ბ) გარიგების (ოპერაციის) დადების/შესრულების ადგილი და თარიღი;

გ) გარიგების ფორმა და მოქმედების ვადა;

დ) გარიგების (ოპერაციის) თანხა/ღირებულება და ვალუტა;

ე) კლიენტის და კლიენტის სახელით მოქმედი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ვ) გარიგების (ოპერაციის) მონაწილე სხვა პირის (კონტრაჰენტის) და მისი სახელით მოქმედი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ზ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის სასარგებლოდაც იდება/სრულდება გარიგება (ოპერაცია);

თ) ანგარიშის სახე, ნომერი, გახსნის/დახურვის თარიღი, რომლის მეშვეობით შესრულდა გარიგება (ოპერაცია) (ასეთის არსებობისას).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა უნდა განხორციელდეს როგორც კლიენტთან დადებული გარიგების, ისე კლიენტის დავალებით მომზადებული, დადებული და შესრულებული გარიგების (ოპერაციის) თაობაზე.

3. უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, ანგარიშვალდებულმა პირმა დამატებით უნდა აღრიცხოს და შეინახოს  ოპერაციის განხორციელების დღისთვის არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია.

4. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, დამატებით უნდა აღრიცხოს და შეინახოს ფასიანი ქაღალდების რეესტრში ცვლილების შეტანის თარიღი და  გარიგების საფუძველი.

5. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც გამოვლენილი რისკების შესაბამისად მოიპოვებს, აღრიცხავს და შეინახავს დამატებით ინფორმაციას და დოკუმენტს გარიგების (ოპერაციის) საფუძვლის თაობაზე.

6. შემოსავლების სამსახურმა, ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უნდა აღრიცხოს და შეინახოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ნაღდი ფულის და ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი და გამგზავნი/მიმღები პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები, გადაადგილების თარიღი და მიზანი;

ბ) გადაადგილებული ნაღდი ფულის ვალუტა, ოდენობა, წარმომავლობა და მიზნობრიობა;

გ) გადაადგილებული ფასიანი ქაღალდების სახეობა, ღირებულება, წარმომავლობა და მიზნობრიობა;

დ) ქვეყანა, საიდანაც შემოვიდა ან/და ქვეყანა, სადაც მიემგზავრება ნაღდი ფულის და ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირი.

7. ანგარიშვალდებულმა პირმა კანონმდებლობის შესაბამისად უნდა შექმნას ინფორმაციის აღრიცხვის და შენახვის ისეთი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებული პირის საქმიანობის ხასიათის და მოცულობის პროპორციულია და უზრუნველყოფს გარიგებების (ოპერაციების) თაობაზე აღრიცხული ინფორმაციის დაცულობას და სწრაფი მოძიების შესაძლებლობას.