ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე

ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 05/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 080090020.19.012.016075
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
05/06/2020
ვებგვერდი, 08/06/2020
080090020.19.012.016075
ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/06/2020 - 17/08/2020)

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №2

2020 წლის 5 ივნისი

ქ.თბილისი

 

ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
1. დამტკიცდეს „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“ (შემდგომ – „წესი“) ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ანგარიშვალდებულმა პირმა უზრუნველყოს სათანადო ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 1 ნოემბრისა, ისეთი კლიენტების იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემების, ინფორმაციის და დოკუმენტების შესაბამისობა ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, რომლებთან საქმიანი ურთიერთობა ამ წესის ამოქმედებამდე დაამყარა.

3. ანგარიშვალებულმა პირმა, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სათანადო ვადის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღოს კლიენტის რისკის დონე და მნიშვნელობა (მატერიალურობა).

4. ამ წესის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანება „ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე;

ბ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანება „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე;

გ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 თებერვლის №2 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე;

დ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანება „შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

ე) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

ვ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის  №2 ბრძანება „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

ზ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №3 ბრძანება „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

თ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანება „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

ი) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანება „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

კ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №6 ბრძანება „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

ლ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

მ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №8 ბრძანება „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

ნ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 იანვრის №12 ბრძანება „საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

ო) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2013 წლის 27 ივნისის №1 ბრძანება „კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

პ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2013 წლის 5 სექტემბრის №2 ბრძანება „სალიზინგო კომპანიების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

ჟ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2014 წლის 2 ოქტომბრის №2 ბრძანება „ადვოკატის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის წარდგენილი ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

რ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 11 მარტის №12 ბრძანება „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსივალერიან ხასაშვილი




ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებზე.

2. ამ წესის მოქმედება ადვოკატს, საადვოკატო ბიუროსა და ნოტარიუსზე ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. ამ წესით განისაზღვრება ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტისა და კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით მოსაპოვებელი საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე ამ მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტების დამოწმების, აღრიცხვის, შენახვისა და განახლების წესი.

4. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) ანგარიშვალდებული პირის მიერ ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციაზე;

ბ) ანგარიშვალდებული პირის მიერ ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციაზე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალიწინებულ შემთხვევებში პირის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესით ხორციელდება.

6. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემები ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ვერიფიკაციის მიზნით.

7. ამ წესის მოქმედება ვრცელდება დაბალი რისკის მომსახურებასა და პროდუქტზე იმ მოცულობით, რომელიც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე განისაზღვრება სამსახურის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

8. ტრასტის და ტრასტის მსგავსი სამართლებრივი წარმონაქმნის შემთხვევაში, ამ წესით დადგენილი კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ღონისძიებები უნდა გატარდეს ტრასტის რწმუნებულის და ტრასტის მსგავს სამართლებრივ წარმონაქმნში ეკვივალენტური პოზიციის მქონე პირის მიმართ, რომელიც ანგარიშვალდებულ პირთან ამყარებს საქმიან ურთიერთობას ან დებს ერთჯერად გარიგებას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) აგენტი/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი – პირი, რომელიც ახორციელებს ამ წესით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ანგარიშვალდებული პირის სახელით, მაგრამ არ არის ანგარიშვალდებული პირის თანამშრომელი ან სტრუქტურული ქვედანაყოფი;

გ) დაკავშირებული გარიგებები – დროის გონივრულ პერიოდში დადებული ან/და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ერთჯერადი გარიგებები (მათ შორის, ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვები), რომლებიც ერთსა და იმავე კლიენტს უკავშირდება და შესაძლოა ხორციელდებოდეს გარიგების დანაწევრების მიზნით;

დ) ვერიფიკაცია − ამ წესით განსაზღვრული ინფორმაციის (დოკუმენტის) მოპოვება, რომელიც პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტის გადამოწმების საშუალებას იძლევა;

ე) იდენტიფიკაცია − პირის ამ წესით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვება, რომლებიც ამ პირის მოკვლევისა და სხვა პირისგან გამორჩევის საშუალებას იძლევა;

ვ) იურიდიულ პირთა შესაბამისი რეესტრი – სხვა იურისდიქციის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოებული იურიდიული პირების ოფიციალური რეესტრი;

ზ) კლიენტის სახელით მოქმედი პირი – ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი;

თ) მონაცემთა გაცვლის სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მონაცემთა გაცვლის სააგენტო;

ი) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი – „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სიის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №198 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები.

კ) სამსახური – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური;

ლ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

მ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

ნ) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის საფუძვლები

1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია შემდეგ შემთხვევებში განახორციელოს:

ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარება;

ბ) ერთჯერადი გარიგების დადება.

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ან ჩუქების გარიგების მხარეთა იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია განახორციელოს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში.

3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის ან/და ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირების იდენტიფიკაცია განახორციელოს, თუ ნაღდი ფულის ოდენობა ან/და ფასიანი ქაღალდების ღირებულება 30 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება.

მუხლი 4. ფიზიკური პირის იდენტიფიკაცია

1. ანგარიშვალდებულმა პირმა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კლიენტი ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის მიზნით უნდა მოიპოვოს შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები:

ა) სახელი და გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პირადი  ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

ე) სქესი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) დაბადების ადგილი (ქალაქი, ქვეყანა);

თ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის და რეგისტრაციის მისამართი.

2. თუ კლიენტი ფიზიკური პირი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემების გარდა, ანგარიშვალდებულმა პირმა დამატებით უნდა მოიპოვოს შემდეგი მონაცემები:

ა) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) იურიდიული მისამართი;

გ) რეგისტრაციის თარიღი.

3. ანგარიშვალდებულმა პირმა, კლიენტი ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის მიზნით, უნდა მოიპოვოს მისი სახელი და გვარი, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემი, თუ:

ა) ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 15 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 15 000 ლარის ეკვივალენტს არ აღემატება; ან

ბ) ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვის თანხა ან დაკავშირებული ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვების ჯამური თანხა 3 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 3 000 ლარის ეკვივალენტს არ აღემატება.

მუხლი 5. ფიზიკური პირის ვერიფიკაცია

1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, კლიენტი ფიზიკური პირის ვერიფიკაცია განახორციელოს შემდეგი დოკუმენტის საფუძველზე:

ა) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა ან მართვის მოწმობა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა;

ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრები პირის შემთხვევაში – პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობა, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, პასპორტი, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთისთვის ნებადართული სხვა დოკუმენტი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა;

დ) მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობა, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა ან სამგზავრო პასპორტი;

ე) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ვ) 14 წელს მიუღწეველი პირის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა.

2. კლიენტი ფიზიკური პირის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ფოტოსურათს (გარდა, დაბადების მოწმობისა და  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერისა) და იყოს მოქმედი. თუ დოკუმენტი ვერ უზრუნველყოფს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სიზუსტის გადამოწმებას, ანგარიშვალდებულმა პირმა დამატებით უნდა გამოიყენოს სხვა სანდო და დამოუკიდებელი წყარო.

3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, გადაამოწმოს კლიენტი ფიზიკური პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის სიზუსტე სანდო და დამოუკიდებელი წყაროს გამოყენებით, თუ გაჩნდა ეჭვი ამ საიდენტიფიკაციო მონაცემის სიზუსტეში.

4. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, კლიენტი ფიზიკური პირის ვერიფიკაციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ზ“, მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ და მე-3 პუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მოპოვებულ მონაცემებს უნდა ახლდეს კლიენტი ფიზიკური პირის ფოტოსურათი.

მუხლი 6. იურიდიული პირის იდენტიფიკაცია

1. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები კლიენტი იურიდიული პირის იდენტიფიკაციის მიზნით:

ა) სახელწოდება;

ბ) რეგისტრაციის თარიღი;

გ) იურიდიული მისამართი;

დ) საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) რეგისტრაციის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ)  სამართლებრივი ფორმა;

ზ) ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მისამართი.

2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, მოიპოვოს კლიენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემი.

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ან რეგისტრაციის ნომერი (ასეთი არსებობის შემთხვევაში). საიდენტიფიკაციო ან რეგისტრაციის ნომრის არ არსებობის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემი.

3. თუ კლიენტი იურიდიული პირის ფილიალია, ანგარიშვალდებულმა პირმა დამატებით უნდა მოიპოვოს კლიენტის სათავო საწარმოს (ორგანიზაციის) და მისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემები.

4. თუ კლიენტი ადმინისტრაციული ორგანო, საერთაშორისო  ორგანიზაცია (სააგენტო) ან დიპლომატიური წარმომადგენლობაა (საელჩო), ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს კლიენტის სახელწოდება, იურიდიული მისამართი და ხელმძღვანელის საიდენტიფიკაციო მონაცემები ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 7. იურიდიული პირის ვერიფიკაცია

1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, კლიენტი იურიდიული პირის და მისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაცია განახორციელოს შემდეგი დოკუმენტის საფუძველზე:

ა) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ბ) სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი იურიდიულ პირთა შესაბამისი რეესტრიდან ან/და იურიდიული პირის რეგისტრაციისა და არსებობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი გაცემული მარეგისტრირებული ორგანოს მიერ.

2. იურიდიული პირის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ვერიფიკაციის დროისთვის არსებულ ამ წესით გათვალისწინებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს და თარიღდებოდეს (დოკუმენტის გაცემის ან/და დამოწმების (ლეგალიზების) თარიღი) ვერიფიკაციამდე არაუგვიანეს 6 თვისა.

3. თუ იურიდიული პირის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი ვერ უზრუნველყოფს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სიზუსტის გადამოწმებას, ანგარიშვალდებულმა პირმა დამატებით უნდა გამოიყენოს სხვა სანდო და დამოუკიდებელი წყარო.

4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, გადაამოწმოს კლიენტი იურიდიული პირის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მისამართის სიზუსტე სანდო და დამოუკიდებელი წყაროს გამოყენებით, თუ არსებობის ეჭვი ამ საიდენტიფიკაციო მონაცემის სიზუსტეში.

5. თუ კლიენტი იურიდიული პირის ფილიალია, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით უნდა განხორციელდეს სათავო საწარმოს (ორგანიზაციის) და მისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის  ვერიფიკაციაც.

6. ანგარიშვალდებულმა პირმა კლიენტი ადმინისტრაციული ორგანოს, საერთაშორისო  ორგანიზაციის (სააგენტოს), მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და დიპლომატიური წარმომადგენლობის (საელჩოს) ვერიფიკაცია უნდა განახორციელოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ან სხვა სანდო წყაროს გამოყენებით.

7. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, კლიენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

მუხლი 8. არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის იდენტიფიკაცია

1. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები  კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის იდენტიფიკაციის მიზნით:

ა) სახელწოდება;

ბ) შექმნის თარიღი;

გ) იურიდიული მისამართი;

დ) ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მისამართი;

ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, მოიპოვოს კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ან რეგისტრაციის ნომერი (ასეთი არსებობის შემთხევაში), საიდენტიფიკაციო ან რეგისტრაციის ნომრის არ არსებობის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემი.

მუხლი 9. არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ვერიფიკაცია

1. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განახორციელოს კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის და მისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაცია შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) სადამფუძნებლო დოკუმენტი (ხელშეკრულება, საერთო კრების ოქმი);

ბ) საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ვერიფიკაციის დროისთვის არსებულ ამ წესით გათვალისწინებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს.

3. თუ კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი ვერ უზრუნველყოფს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტის გადამოწმებას, ანგარიშვალდებულმა პირმა დამატებით უნდა გამოიყენოს სხვა სანდო და დამოუკიდებელი წყარო.

4. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა გადაამოწმოს კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მისამართის სიზუსტე სანდო და დამოუკიდებელი წყაროს გამოყენებით, თუ არსებობის ეჭვი ამ საიდენტიფიკაციო მონაცემის სიზუსტეში.

5. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

მუხლი 10. კლიენტის სახელით მოქმედი პირი

1. ამ წესის მიზნებისთვის კლიენტის სახელით მოქმედი პირი არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც კლიენტის სახელით დებს ერთჯერად გარიგებას ან ამყარებს საქმიან ურთიერთობას ანგარიშვალდებულ პირთან ან/და კლინეტის  დავალებით საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში ამზადებს, დებს ან ასრულებს გარიგებას.

2. ანგარიშვალდებულმა პირმა, ამ წესით კლიენტისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უნდა განახორციელოს კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, აგრეთვე დაამოწმოს, აღრიცხოს, შეინახოს და განაახლოს მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები.

3. ანგარიშვალდებულმა პირმა, კლიენტის სახელით მოქმედი პირის ვერიფიკაციის მიზნით, დამატებით უნდა მოიპოვოს კლიენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება კომერციულ ბანკში საჯარო მოსამსახურეთათვის განკუთვნილი სახელფასო პროგრამით მოსარგებლე ფიზიკური პირისთვის ანგარიშის გახსნისას. ამ შემთხვევაში, კლიენტის სახელით მოქმედი პირის ვერიფიკაციის მიზნით, კომერციულმა ბანკმა დამატებით უნდა მოიპოვოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, კლიენტის სახელით მოქმედი პირის ვერიფიკაციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ზ“, მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ და მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მოპოვებულ მონაცემებს უნდა ახლდეს კლიენტის სახელით მოქმედი პირის ფოტოსურათი.

მუხლი 11. იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის დრო

1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, ამ წესის შესაბამისად კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია განახორციელოს:

ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე;

ბ) ერთჯერადი გარიგების დადებამდე.

2. ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკების არსებობისას, კლიენტის ვერიფიკაცია შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში ვერიფიკაცია უნდა დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

3. კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები პერიოდულად უნდა განახლდეს საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას. ანგარიშვალდებულმა პირმა აღნიშნული პერიოდულობა კლიენტის რისკის დონის შესაბამისად უნდა განსაზღვროს.

4. ანგარიშვალდებულმა პირმა, საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას, დროულად უნდა განაახლოს კლიენტის შესაბამისი საიდენტიფიკაციო მონაცემები შემდეგ შემთხვევაში:

ა) არსებობს ეჭვი კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში; ან

ბ) ცნობილი გახდა კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების თაობაზე.

5. კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა განისაზღვროს კლიენტის რისკის დონის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოიცავდეს კლიენტის ვერიფიკაციისთვის ამ წესით გათვალისწინებული განახლებული დოკუმენტების მოპოვების ვალდებულებას.

6. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებულისა, შიდა კონტროლის პოლიტიკით დამატებით განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც ამ წესით გათვალისწინებულ მონაცემებს მოიპოვებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, არსებული კლიენტის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის და ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაციის ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების მიზნით.

მუხლი 12. მესამე პირი/შუამავალი

1. კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია ნებადართულია მესამე პირზე/შუამავალზე დაყრდნობით, რომელიც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს აკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებლივ უნდა მოიპოვოს ამ წესით განსაზღვრული კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

2. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა უზრუნველყოფს მესამე პირისგან/შუამავლისგან კლიენტის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტების ასლების, მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივი მიღება.

3. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობა დააკმაყოფილოს:

ა) მესამე პირთან/შუამავალთან დადებული ხელშეკრულებით;

ბ) მესამე პირის/შუამავლის მიერ წერილობით ნაკისრი ვალდებულებით; ან

გ) ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფარგლებში განსაზღვრული დოკუმენტების გაცვლის წესებით.

4. მესამე პირის/შუამავლის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე საბოლოო პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება.

მუხლი 13. აგენტი/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი

1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით განახორციელოს კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, თუ ყველა შემდეგ პირობას დააკმაყოფილებს:

ა) ხელშეკრულებით მკაფიოდ განსაზღვრავს აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებებს;

ბ) შეაფასებს აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის რეპუტაციასა და შესაბამისობის კონტროლის სისტემას;

გ) სათანადო მონიტორინგს განახორციელებს აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მიერ, კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით, ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე.

2. აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე საბოლოო პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება.

3. აგენტი/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ წესის მე-11 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესით გათვალისწინებული მონაცემები ანგარიშვალდებული პირის კლიენტის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის და ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაციის ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების მიზნით.

 

მუხლი 14. გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია

1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, გაზარდოს მაღალი რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე.

2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია გამოვლენილი რისკების შესაბამისად, მაღალი რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის გაძლიერებული იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის ღონისძიებები განახორციელოს, მათ შორის:

ა) მოიპოვოს კლიენტის დამატებითი საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) კლიენტის ვერიფიკაციის მიზნით, ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა, დამატებით გამოიყენოს სხვა სანდო და დამოუკიდებელი წყარო.

3. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, გამოვლენილი რისკების შესაბამისად, დაბალი რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის გამარტივებული იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის ღონისძიებები განახორციელოს, მათ შორის:

ა) კლიენტის ვერიფიკაცია დაასრულოს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ბ) კლიენტი იურიდიული პირის ვერიფიკაციის მიზნით ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტებისგან განსხვავებული სანდო წყარო გამოიყენოს;

გ) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები განაახლოს ამ წესის მხოლოდ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. დაუშვებელია კლიენტის გამარტივებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ღონისძიებების განხორციელება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობისას.

 

მუხლი 15. კლიენტის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის შეუძლებლობა

1. დაუშვებელია ანგარიშვალდებული პირის მიერ საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ ვერ ხერხდება კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლება.

2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კლიენტის ან სხვა პირისთვის ფულადი სახსრების და სხვა ქონების დაბრუნების წესი, რომელიც ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვას უზრუნველყოფს.

3. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნდა შეისწავლოს, არსებობს თუ არა, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საეჭვო გარიგების თაობაზე ანგარიშგების სამსახურში წარდგენის საფუძველი.

 

მუხლი 16. ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა

1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, შეინახოს კლიენტის იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის მიზნით ამ წესის მიხედვით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია ან/და დოკუმენტები, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან ან ერთჯერადი გარიგების დადებიდან 5 წლის განმავლობაში. სამსახურის ან ზედამხედველი ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს არაუმეტეს 5 წლით.

2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, დააფიქსიროს  კლიენტის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტის გამცემი ქვეყანა, მოქმედების ვადა და გაცემის ან/და დამოწმების (ლეგალიზების) თარიღი. ანგარიშვალდებულმა პირმა აგრეთვე უნდა დააფიქსიროს კლიენტის სახელით მოქმედი პირის უფლებამოსილების ფარგლები.

3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, აღრიცხოს და შეინახოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ან კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისას – აგრეთვე მტკიცებულებად გამოყენება.

4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია კანონმდებლობის შესაბამისად, შექმნას ინფორმაციის აღრიცხვის და შენახვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებული პირის საქმიანობის ხასიათის და მოცულობის პროპორციულია და უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების, ინფორმაციის და დოკუმენტების დაცულობას და სწრაფი მოძიების შესაძლებლობას.

 

მუხლი 17. დოკუმენტის დამოწმება

1. კლიენტი ფიზიკური პირის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტის ასლის შესაბამისობა დედანთან უნდა იყოს დამოწმებული ნოტარი­­უსის ან ანგარიშვალდებული პირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ (მათ შორის, ელექტრონულად) დამოწმების თარიღის მითითებით.

2. კლიენტი იურიდიული პირის და კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებულ დოკუმენტზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა ) ხელმოწერის ნამდვილობა და ხელმომწერი პირის უფლებამოსილება უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

3. სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებული კლიენტი იურიდიული პირის ან სხვა იურისდიქციის კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იურიდიულ პირთა შესაბამისი რეესტრის ან საგადასახადო ორგანოს მიერ (გარდა იურიდიულ პირთა შესაბამის რეესტრზე პირდაპირი წვდომით მოპოვებული დოკუმენტისა) უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, თუ საერთაშორისო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. კლიენტის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობა უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

5. კლიენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა და ხელმომწერი პირის უფლებამოსილება უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედება, რომელიც სხვა იურისდიქციაში შესრულდა, უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, თუ საერთაშორისო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული დამოწმების წესები არ ვრცელდება, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის გამოყენებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებულ ინფორმაციაზე,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ ამონაწერზე, საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტსა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებზე.