საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 325
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.022038
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
325
25/05/2020
ვებგვერდი, 27/05/2020
340170000.10.003.022038
საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/05/2020 - 18/05/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №325

2020 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
ნარჩენების მართვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ“.
მუხლი 2
ეს დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა,  ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

 

მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ტექნიკური რეგლამენტი

 

საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ

 


მუხლი 1. მიზანი

საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მიზანია:

ა) „ნარჩენების მართვის კოდექსის“ (შემდგომში – კოდექსი) მე-9 მუხლის შესაბამისად, სპეციფიკური ნარჩენების – საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებებისა და აღნიშნული ნარჩენების მართვის წესების განსაზღვრა;

ბ) საბურავების ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია, ხელახალი გამოყენების, რეციკლირების ან სხვაგვარად აღდგენისა და ასეთი ნარჩენის განთავსების შემცირების უზრუნველყოფა.

მუხლი 2. რეგულირების სფერო                                                    

1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით განმარტებულ ყველა სახის საბურავებზე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება:

ა)  ველოსიპედების საბურავებზე და ისეთ საბურავებზე, რომელთა გარე დიამეტრი 1400 მმ-ს აღემატება;

ბ) ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საბურავებზე, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები არ ცვლის საბურავებთან დაკავშირებული კანონმდებლობის სხვა, მათ შორის, პროდუქტის უსაფრთხოებასთან, ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებთან, ხმაურის ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან, აგრეთვე, ზოგადად, გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს; აგრეთვე ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მიმართ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება  ძრავზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამოუკიდებლად გადაადგილდება, აქვს სულ მცირე ოთხი თვალი და მისი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე  25 კმ/სთ-ს აღემატება;

ბ) მისაბმელი – სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი მოიცავს ნახევარმისაბმელსა და მისაბმელ-სახსნელს;

გ) სატრანსპორტო საშუალება  ავტოსატრანსპორტო საშუალება  ან მისი მისაბმელი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მოცემული განმარტებით, ძრავიანი ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით;

დ) ძრავიანი ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება – ძრავზე მომუშავე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, ძრავიანი ორთვლიანი ველოსიპედების, ორთვლიანი მოპედებისა და ორთვლიანი მოტოციკლების ჩათვლით;

ე) საბურავი – ამ მუხლის შესაბამისად განმარტებული სატრანსპორტო საშუალების საბურავი;

ვ) საბურავის ნარჩენი – საბურავი, რომელიც წარმოადგენს ნარჩენს  კოდექსის მე-3 მუხლის მნიშვნელობით;

ზ) საბურავის ნარჩენის ხელახალი გამოყენება – ნებისმიერი ოპერაცია, პროტექტორის აღდგენის ჩათვლით, რომლის შედეგადაც საბურავი თავდაპირველი დანიშნულებით გამოიყენება; 

თ) საბურავის ნარჩენის დამუშავება – კოდექსის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ოპერაციები საბურავების ნარჩენებთან მიმართებით;

ი) მწარმოებელი – პირი, რომელიც ახორციელებს საბურავების (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში არსებულის), აგრეთვე, გამოყენებული საბურავების საქართველოს ბაზარზე პირველად განთავსებას, მათი გაყიდვის ფორმის მიუხედავად;

კ) ბაზარზე განთავსება –  ქვეყნის ტერიტორიაზე მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდება ან მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ, რაც ასევე მოიცავს პროდუქტის იმპორტს ქვეყნის ტერიტორიაზე. ბაზარზე განთავსებად არ ითვლება იმპორტირებული პროდუქტის ექსპორტი, თუ ექსპორტი დასტურდება საბაჟო დეკლარაციით;

ლ)  დისტრიბუტორი  იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც უზრუნველყოფს საბურავების ბაზარზე ხელმისაწვდომობას. დისტრიბუტორი შეიძლება ამავე დროს მწარმოებელიც იყოს;  

მ) ოპერატორი – პირი, რომელიც ჩართულია საბურავების და გამოყენებული საბურავების სასიცოცხლო ციკლში: მწარმოებელი, დისტრიბუტორი, შეგროვების პუნქტები და ცენტრები, შემგროვებელი, რეციკლირების ან სხვა სახის დამუშავების განმახორციელებელი;

ნ) შეგროვების პუნქტი – საბურავების ნარჩენების განსათავსებლად ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად შერჩეული პუნქტი;

ო) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (შემდგომში – მგვ)  გარემოსდაცვითი  მიდგომა, რომელიც მოიცავს  მწარმოებლის პასუხისმგებლობას საკუთარ პროდუქტზე ამ პროდუქტის მოხმარების შემდგომ ეტაპზეც სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, კოდექსის მე-9 მუხლის  პირველი-მე-4 ნაწილების შესაბამისად;

პ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაბამისობის სქემა (შემდგოში – მგვ-ის შესაბამისობის სქემა) – ღონისძიებების სისტემა, რომელიც ხორციელდება მწარმოებლების მიერ ბაზარზე განთავსებული საკუთარი პროდუქტის ნარჩენად გადაქცევის შემდეგ მასზე ფინანსური ან ფინანსური და ორგანიზაციული პასუხისმგებლობის აღების უზრუნველსაყოფად. არსებობს მგვ-ის შესაბამისობის ინდივიდუალური და კოლექტიური სქემა:

პ.ა) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებლების შესაბამისობის ინდივიდუალური სქემა (შემდგომში – მგვ-ის ინდივიდუალური სქემა) – ღონისძიებების სისტემა, როცა ცალკეული მწარმოებლი, ინდივიდუალურად, საკუთარი რესურსებით,  ქმნის მგვ-ის ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და ტრანსპორტირებას, შესაბამის ავტორიზებულ ობიექტზე, აღდგენის (მათ შორის, რეციკლირების) მიზნით;

პ.ბ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებლების შესაბამისობის კოლექტიური სქემა – (შემდგომში – მგვ-ის კოლექტიური სქემა) ღონისძიებების სისტემა, როცა ერთზე მეტი მწარმოებლი ქმნის მგვ-ის ორგანიზაციას, რომელიც მისი წევრი მწარმოებლების რესურსებით, წილობრივი შენატანებით (რეციკლირების წინასწარი შენატანი) უზრუნველყოფს მწარმოებლების მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტებისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და ტრანსპორტირებას შესაბამის ავტორიზებულ ობიექტზე აღდგენის (მათ შორის, რეციკლირების) მიზნით;

ჟ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია (შემდგომში – მგვ-ის ორგანიზაცია) – მწარმოებლების მიერ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია მწარმოებლების გაფართოებული ვალდებულებების შესრულებაზე;

რ) რეციკლირების წინასწარი შენატანი  წილობრივი შენატანი, რომელსაც მგვ-ის ორგანიზაციის წევრი უხდის მგვ-ის ორგანიზაციას, მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად მართვისთვის;

ს) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. 

მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები

ოპერატორები ვალდებულნი არიან გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს გამოყენებული საბურავების მართვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე, კერძოდ:

ა) წყლის, ჰაერის, ნიადაგის,  ბიომრავალფეროვნებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე;

ბ) ხმაურით, სუნით, ემისიებით გამოწვეული ზიანის გარეშე; 

გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ან კანონმდებლობით განსაზღვრული, განსაკუთრებული სტატუსი მქონე ტერიტორიებზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე.

მუხლი 5. შეგროვება და დამუშავება

1. გამოყენებული საბურავების ნარჩენების მომხმარებლისგან მიღება ხორციელდება  შეგროვების პუნქტებში, რომლებიც ძირითადად, ეწყობა ისეთ ადგილებში ან ობიექტებზე, სადაც ხდება საბურავების გამოცვლა, შეკეთება ან/და ტექნიკური მომსახურება.

2. შეგროვების პუნქტებში დაცული უნდა იქნეს სახანძრო  უსაფრთხოების ნორმები.

3. შეგროვების პუნქტებში ან შეგროვების ცენტრებში შეგროვებული საბურავების ნარჩენები გადაეცემა აღდგენის, ხელახალი გამოყენების და რეციკლირების ობიექტებზე.

4. სამრეწველო ობიექტებში საბურავების ნარჩენების საწვავად გამოყენება ენერგიის აღდგენით უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. საბურავების ნარჩენების დამუშავება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის,  კოდექსის მე-7 თავის მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 6. საბურავების ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების მიზნობრივი მაჩვენებლები

1. საბურავების მწარმოებელმა, მგვ-ის შესაბამისობის კოლექტიური ან ინდივიდუალური სქემის მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს საბურავების ნარჩენის შეგროვება, აღდგენა და რეციკლირება, ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის შესაბამისად განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

2. მიზნობრივი  მაჩვენებლები განსაზღვრულია საქართველოს ბაზარზე განთავსებული საბურავების რაოდენობის გათვალისწინებით, პროცენტული მაჩვენებლების სახით.

3. მგვ-ს დაქვემდებარებული სპეციფიური ნარჩენების შეგროვების, ხელახალი გამოყენებისთვის მომზადების, აღდგენისა და რეციკლირების მიზნობრივი მაჩვენებლების გაანგარიშების წესები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 7. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების რეესტრი

1. საბურავების ყველა მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე,  დარეგისტრირდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – მგვ-ის რეესტრი), რომელსაც ადმინისტრირებას უწევს სამინისტრო. მგვ-ის რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

2. 2021 წლის 1  ივნისამდე საბურავების ყველა მწარმოებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია მგვ-ის რეესტრში და შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) საკონტაქტო ინფორმაცია;

გ) საქმიანობის სახე;

დ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის კოდი;

ე) წინა წლის განმავლობაში და რეგისტრაციის დროისთვის საქართველოს ბაზარზე განთავსებული საბურავების წონა, სახეობების  (ახალი, მეორადი, აღდგენილი) მიხედვით ტონებში;

3. რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს:

ა) ყოველთვიური ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული საბურავების შესახებ (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) მომდევნო თვის 15 რიცხვამდე;

ბ) ინფორმაცია მომავალი წლისათვის ბაზარზე განსათავსებლად გათვალისწინებული საბურავების შესახებ (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) ყოველი წლის  15 ნოემბრამდე.

4. სამინისტრო ვალდებულია შექმნას და აწარმოოს მონაცემთა ბაზა, რომელშიც აღირიცხება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია საბურავების ნარჩენების შეგროვების, მათი საქართველოში დამუშავებისა და ქვეყნიდან ექსპორტის შესახებ.

მუხლი 8.  მგვ-ის შესაბამისობის სქემები

1. მწარმოებელი ვალდებულია შექმნას მგვ ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან კოლექტიურად იმის გათვალისწინებით, რომ ინდივიდუალური მგვ ორგანიზაციის მქონე მწარმოებლის ან კოლექტიური მგვ ორგანიზაციის წევრი მწარმოებლების (ჯამურად)  ბაზრის წილი უნდა შეადგენდეს მთლიანი ბაზრის არანაკლებ 10%-ს.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულება და მე-6 მუხლით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა მწარმოებლების მიერ ხორციელდება ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, მწარმოებლების მიერ შექმნილი მგვ-ის შესაბამისობის ინდივიდუალური ან კოლექტიური სქემების საშუალებით, კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

3. ის მწარმოებელი, რომელიც არ გაწევრიანდება მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში, ვალდებულია შექმნას მგვ-ის ინდივიდუალური სქემა და სამინისტროს წარუდგინოს განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად.

4. მგვ-ის შესაბამისობის სქემამ უნდა უზრუნველყოს ნარჩენების მართვის პროცესის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და მე-6 მუხლით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა.

5. როგორც მწარმოებლის მიერ ინდივიდუალურად, ასევე მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილი თითოეული მგვ-ის ორგანიზაცია უნდა დარეგისტრირდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

მუხლი 9. მგვ-ის ორგანიზაციის წევრობა, მგვ-ის ორგანიზაციის ვალდებულებები

1. მწარმოებლის გაწევრიანება მგვ-ის ორგანიზაციაში ხდება მწარმოებელსა და მგვ-ის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადებით. აღნიშნული ხელშეკრულება  წარმოადგენს მწარმოებლის მგვ ორგანიზაციაში წევრობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც მგვ ორგანიზაციის მიერ ელექტრონულად უნდა იქნეს ატვირთული  „მგვ-ის რეესტრი“.

2. მგვ-ის ორგანიზაციის წევრი ვალდებულია:

ა) მგვ-ის ორგანიზაციაში გადაიხადოს შესაბამისი რეციკლირების წინასწარი შენატანი, მის მიერ ბაზარზე განთავსებული საბურავების წილის შესაბამისად;

ბ) ახალ მგვ-ის ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადებისას წარადგინოს წინა მგვ-ის ორგანიზაციასთან ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) მგვ-ის ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განაახლოს მგვ-ის რეესტრში შესაბამისი მონაცემები;

დ) ექვს თვეში ერთხელ   (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) წარუდგინოს სამინისტროს, სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადასტურებული ინფორმაცია მის მიერ იმპორტირებული საბურავების  რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში)  შესახებ,  მგვ რეესტრის საშუალებით (ელექტრონულად).

3. მწარმოებელი შეიძლება იყოს საბურავების მხოლოდ ერთი მგვ-ის ორგანიზაციის წევრი. მწარმოებელმა მგვ ორგანიზაციის წევრობა შესაძლებელია შეწყვიტოს მხოლოდ საანგარიშო პერიოდის დასრულებისას, ურთიერთანგარიშსწორების შემდეგ.

4. მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) ნარჩენების მართვის იერარქიის შესაბამისად, დაგეგმოს და განახორციელოს  საბურავების ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, სორტირება და დამუშავება ან დამუშავებისათვის გადაცემა, ამ ტექნიკური რეგლამენტისა და დანართ II-ში მოცემული  მოთხოვნების შესაბამისად, იმგვარად, რომ, უზრუნველყოფილ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა;

ბ) უზრუნველყოს თანამშრომლობა ოპერატორებთან, ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის მგვ-ის ორგანიზაციებთან  და შესაბამის  უფლებამოსილ პირებთან;

გ) საბურავების ნარჩენების მართვის არსებული სქემების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სქემებში საზოგადოების მონაწილეობის მაღალი დონის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოებას  სისტემატურად მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია;

დ) სამინისტროს მიაწოდოს მონაცემები, ინფორმაცია და ანგარიშები მგვ-ის შესაბამისობის სქემების მუშაობის, ბაზარზე განთავსებული საბურავების რაოდენობის, რეციკლირებული და აღდგენილი საბურავების რაოდენობისა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის შესახებ;

ე) შექმნას მდგრადი ფინანსური საფუძველი, საბურავების ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და მართვის ხარჯების ანაზღაურებისათვის;

ვ) ჰქონდეს პროდუქტისა და მასალების თვალსაზრისით მკაფიოდ განსაზღვრული  გეოგრაფიული დაფარვა და არ შემოიფარგლოს მხოლოდ იმ ტერიტორიით, სადაც ნარჩენების მართვა ყველაზე მომგებიანია;

 ზ) შექმნას თვითმონიტორინგის სრულყოფილი მექანიზმი და ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება, რათა შეაფასოს:

ზ.ა) ორგანიზაციის ფინანსური მართვა, მათ შორის, მწარმოებლების მიერ გადახდილი წილობრივი შენატანები;

ზ.ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით მგვ-ის ორგანიზაციის მიერ შეგროვებული და სამინისტროში წარდგენილი  მონაცემების სისწორე;

თ) საჯაროდ გამოაქვეყნოს ინფორმაცია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლში განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის შესახებ;

ი) მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილი მგვ-ის ორგანიზაცია დამატებით  ვალდებულია, საჯაროდ გამოაქვეყნოს ინფორმაცია:

ი.ა) ორგანიზაციის წევრების შესახებ; 

ი.ბ) ორგანიზაციის წევრების მიერ გადახდილი რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობის შესახებ; 

ი.გ) ოპერატორების შერჩევის პროცედურის შესახებ;

კ) მგვ ორგანიზაცია უფლებამოსილია შექმნას სარეზერვო ფონდი, რომლის რაოდენობა განისაზღვრება ორგანიზაციის წევრ მწარმოებლების მიერ და რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეციკლირებადი მასალების უარყოფითი საბაზრო ფასის კომპენსაციისთვის და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯის დასაფარად მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის მიზნით.

მუხლი 10. რეციკლირების წინასწარი შენატანი

1. მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილი თითოეული მგვ ორგანიზაცია თავის წევრ მწარმოებლებს განუსაზღვრავს რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობას. აღნიშნული შენატანი საკმარისი უნდა იყოს მწარმოებლის მიერ საქართველოს ბაზარზე განთავსებულ პროდუქტთან დაკავშირებული შემდეგი ხარჯების დასაფარად:

ა) ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების ხარჯები, ნარჩენების ხელახალი გამოყენებით და მეორადი ნედლეულის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით;

ბ) ნარჩენების მფლობელების ინფორმირების ხარჯები;

გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მონაცემების შეგროვებისა და ანგარიშგების ხარჯები;

დ) მგვ-ის ორგანიზაციის ადმინისტრაციული ხარჯები.

2. რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობის დადგენისას, პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ცალკეული პროდუქტის ან მსგავსი პროდუქტების ჯგუფების სპეციფიკაციები, მათ შორის პროდუქტების გამძლეობა, მათი შეკეთების, ხელახლა გამოყენებისა და რეციკლირების შესაძლებლობა და მათში სახიფათო ნივთიერებების არსებობა.

3. მგვ-ის ორგანიზაციის ხარჯები წევრებს შორის ღიად განისაზღვრება. აღნიშნული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს ნარჩენების მართვის მომსახურების ხარჯეფექტიანად შესასრულებლად საჭირო ხარჯებს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტი უნდა შესრულდეს ისე, რომ საბურავების ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის მგვ-ის ორგანიზაციების მიერ შეგროვების შემთხვევაში მწარმოებელს არ დაეკისროს ორმაგი რეციკლირების წინასწარი შენატანის გადახდის ვალდებულება.

მუხლი 11. მგვ-ის ორგანიზციის ავტორიზაცია

1. საქმიანობის დაწყებამდე მგვ-ის ორგანიზაციამ უნდა მიიღოს ავტორიზაცია სამინისტროსგან, რისთვისაც მწარმოებლები ვალდებულნი არიან შექმნან მგვ-ის ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან სხვა მწარმოებლებთან ერთობლივად და სამინისტროს წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად, როგორც მატერიალური ისე ელექტრონული ფორმით. განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი II-ით განსაზღვრულ ინფორმაციას.

2. სამინისტრო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადს და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილია 30 დღის ვადაში მოითხოვოს ხარვეზის გამოსწორება და დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა.  სამინისტრო ვალდებულია ავტორიზაციის გადაწყვეტილება მიიღოს სამი (3) თვის ვადაში განაცხადის შემოტანის დღიდან ან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის დღიდან.

3. გადაწყვეტილება მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაციის შესახებ ძალაშია ექვსი (6) წლის განმავლობაში.

4. მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, სულ მცირე, ექვსი (6) თვით ადრე, სამინისტროში შეიტანოს განაცხადი ავტორიზაციის გაგრძელების თაობაზე. ეს განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი II-ით განსაზღვრულ ინფორმაციას.

5. ავტორიზაციის მიღების შემდეგ, მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია სამინისტროს შესათანხმებლად, ყოველწლიურად, წარუდგინოს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს საბურავების ნარჩენების მართვის ღონისძიებების ბიუჯეტს და გეგმას. სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ღონისძიებებს, მათ მიზნებს, განხორციელების საშუალებებს, ვადებს და შესაბამის ხარჯებს. ასევე სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებები, მათი მიზნები, განხორციელების საშუალებები, ვადები და შესაბამისი ხარჯები. სამოქმედო გეგმის განხილვისას სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ერთობლივი კამპანიების ჩატარება მგვ-ის სხვა ორგანიზაციებთან ერთად.  სამოქმედო გეგმა სამინისტროს უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის წინა კალენდარული წლის 1 ნოემბრამდე. სამინისტრო 30 დღის ვადაში განიხილავს და შეითანხმებს სამოქმედო გეგმას, ან დაუბრუნებს წარმდგენს შენიშვნებით.

6. ავტორიზაციის მიღებისა და საქმიანობის დაწყებიდან  ყოველი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ, მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, სამინისტროს შესაფასებლად წარუდგინოს საქმიანობის დეტალური წლიური ანგარიში სამინისტროსთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. ანგარიშს უნდა ერთვოდეს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა. ანგარიში სამინისტროს უნდა წარედგინოს საანგარიშო  წლის მომდევნო წლის 30 აპრილამდე.

7. სამინისტრო უფლებამოსილია გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მგვ-ის ორგანიზაციამ მიმართა სამინისტროს ატორიზაციის გაუქმების მოთხოვნით;

ბ) არ სრულდება ავტორიზაციის გადაწყვეტილებაში განსაზღვრული პირობები;

გ) ავტორიზაციის მიღებიდან მე-3 წელს არ იქნა მიღწეული ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების მიზნობრივი მაჩვენებლები;

დ) ადგილი აქვს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობას;

ე) სამინისტროს აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ:

ე.ა) ავტორიზაცია მოხდა ყალბი/არასწორი მონაცემების/დოკუმენტაციის საფუძველზე;

ე.ბ) მგვ-ის შესაბამისობის სქემა გაუმართავია და ვერ უზრუნველყოფს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.

მუხლი 12.  სამინისტროს უფლებამოსილება

სამინისტრო უფლებამოსილია, მგვ-ის შესაბამისობის სქემების ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით:

ა) შექმნას და აწარმოოს ელექტრონული რეესტრი, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად;

ბ) შექმნას და აწარმოოს საბურავების ნარჩენების მონაცემთა ბაზები, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ქვეყანაში საბურავების ნარჩენების რაოდენობის, მახასიათებლებისა და დინამიკის შესახებ (საბურავების დამზადების დროს გამოყენებული კომპონენტების სახიფათოობის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით). ამ თვალსაზრისით სამინისტრო უფლებამოსილია:

ბ.ა) შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემების სისწორე;

ბ.ბ) შეაგროვოს და დაამუშაოს დამატებითი ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) მიანიჭოს და გაუგრძელოს ავტორიზაცია მგვ-ის ორგანიზაციებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად;

დ) ითანამშომლოს მგვ-ის ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების  განხორციელების მიზნით;

ე) განახორციელოს კონტროლი, ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისა  და დავალდებულებების შესრულებაზე კანონმდებლობის შესაბამისად; შემოწმების ჩასატარებლად სამინისტრო უფლებამოსილია, ითანამშრომლოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან. სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გაუწიონ შესაბამისი დახმარება შემოწმებების ჩატარებაში;

ვ) გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;

ზ) ყოველი წლის 31 მაისამდე მოამზადოს და სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში/ანგარიშები წინა წელს საბურავის  ნარჩენების მართვაში მიღწეული შედეგების შესახებ.

მუხლი 13. დისტრიბუტორების ვალდებულებები

1. საბურავების დისტრიბუტორები ვალდებული არიან ბაზარზე არ განათავსონ ისეთი მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები (ან არ აქვთ შექმნილი ინდივიდუალური მგვ ორგანიზაცია).

2. მწარმოებლის მგვ რეესტრში რეგისტრაცია დასტურდება მგვ რეესტრში მინიჭებული უნიკალური კოდით, ხოლო მგვ ორგანიზაციის წევრობა – მგვ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

მუხლი 14. მომხმარებლების ვალდებულებები

1. მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს საბურავების ნარჩენების  შეგროვების სისტემა, მომხმარებლები ვალდებული არიან გამოყენებული საბურავების ნარჩენები განათავსონ შესაბამის შეგროვების პუნქტებში.

2. იურიდიული პირები და სახელმწიფო ორგანიზაციები ვალდებული არიან საბურავების ნარჩენები გადასცენ შესაბამის უფლებამოსილ ნარჩენების შემგროვებლებს.

მუხლი 15.  მომხმარებლების ინფორმირება

1. მგვ-ის ორგანიზაცია სამინისტროსთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით ატარებს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს მომხმარებლებისთვის, შემდეგ საკითხებზე:

ა) საბურავებში გამოყენებული და საბურავების ნარჩენებში არსებული ნივთიერებების შესაძლო ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;

ბ) გამოყენებული საბურავების უკონტროლოდ განთავსების დაუშვებლობა და მათ სეპარირებულ შეგროვებაში მონაწილეობის აუცილებლობა, მათი დამუშავებისა და რეციკლირების ხელშეწყობის მიზნით;

გ)  მგვ-ის ორგანიზაციები და საბურავების ნარჩენების მართვაში (შეგროვება, ტრანსპორტირება, შენახვა, აღდგენა, რეციკლირება) ჩართული კომპანიები, მათი ფუნქციები და ვალდებულებები;

დ) მომხმარებლების როლი გამოყენებული საბურავების ნარჩენების აღდგენის ხელშეწყობაში.

2.  შეგროვების პუნქტები ვალდებული არიან მომხმარებელს აცნობონ საბურავების ნარჩენების მათი შეძენის ადგილზე უსასყიდლოდ (მომხმარებელი ჩაბარებისთვის საფასურს არ იხდის) ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ.

მუხლი 16. აღრიცხვა

1. საბურავების ნარჩენების მართვაში ჩართული ოპერატორები ვალდებული არიან შეასრულონ აღრიცხვასა და დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებული შემდეგი მოთხოვნები:

ა) ის ობიექტები, სადაც განთავსებულია შეგროვების პუნქტები, ვალდებული არიან აღრიცხონ:

ა.ა)  შეგროვებული გამოყენებული საბურავების რაოდენობები;

ა.ბ) შეგროვების პუნქტიდან შეგროვების ცენტრებში ან დამუშავების ობიექტებზე გადაცემული გამოყენებული საბურავების რაოდენობები, შეგროვების თარიღების, რაოდენობების, დანიშნულების ადგილის (შეგროვების ცენტრი ან დამუშავების ობიექტი) და შემგროვებლის შესახებ ინფორმაციის მითითებით;

ბ) შეგროვების ცენტრები ვალდებული არიან აღრიცხონ:

ბ.ა) შეგროვების ცენტრში შეგროვებული გამოყენებული საბურავების რაოდენობები, მიღების თარიღების, მათი წარმოშობის, გადაცემული საბურავების რაოდენობებისა და შემგროვებლის  შესახებ ინფორმაციის მითითებით;

ბ.ბ) შეგროვების ცენტრებიდან დამუშავების ობიექტებზე მიტანილი გამოყენებული საბურავების რაოდენობები შეგროვების თარიღების, დანიშნულების ადგილის, შეგროვებული საბურავების რაოდენობისა და შემგროვებლის შესახებ ინფორმაციის მითითებით.

გ) შემგროვებლები ვალდებული არიან აღრიცხონ შეგროვებული გამოყენებული საბურავების რაოდენობები, წარმომავლობისა და დანიშნულების ადგილის მითითებით.

დ) დამუშავების ობიექტები ვალდებული არიან, აღრიცხონ:

დ.ა) დამუშავების ობიექტებზე მიტანილი გამოყენებული საბურავების რაოდენობები, მიღების თარიღების, მათი წარმომავლობის, რაოდენობებისა და გადამზიდავის  შესახებ ინფორმაციის მითითებით;

დ.ბ) აღდგენილი გამოყენებული საბურავების რაოდენობები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შემოწმების მიზნით, ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამინისტროსთვის.

მუხლი 17. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის

ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კოდექსის  მე-10 თავით.

დანართი I

 

ბაზარზე განთავსებული საბურავების აღდგენისა და რეციკლირების მიზნობრივი მარჩვენებლები წლების მიხედვით

 

 

2022

2023

2024

2025

2026

2027

2028

2029

2030

2031

აღდგენა

20%

25%

30%

35%

40%

45%

50%

55%

60%

65%

ენერგიის აღდგენა

10%

12%

15%

18%

20%

23%

25%

27%

30%

32%

 რეციკლირება პროტექტორის აღდგენა

10%

13%

15%

17%

20%

22%

25%

28%

30%

33%

 

დანართი II

მგვ ორგანიზაციის ავტორიზაციისთვის წარსადგენი განაცხადის შინაარსი

1. განაცხადის წარმდგენი:

განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წარმდგენის შესახებ:

ა) სახელი, იურიდიული მისამართი, ეკონომიკური საქმიანობის კოდი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ბ) საბურავების მწარმოებლის, ხოლო მგვ-ის კოლექტიური სქემის შემთხვევაში – მწარმოებლების მონაცემები (სახელი/სახელწოდება, იურიდული მისამართი, ეკონომიკური საქმიანობის კოდი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გ) ინფორმაციას ინდივიდუალური და კოლექტიური სქემის მგვ ორგანიზაციაში მწარმოებელთა ბაზრის წილის შესახებ (მთლიანი ბაზრის არანაკლებ 10%-ისა);

დ) გასული ერთი წლის განმავლობაში მწარმოებლის (მწარმოებლების) მიერ ბაზარზე განთავსებული საბურავების სახეობა და წლიური რაოდენობა.

2. არსებული მდგომარების აღწერა (ეს მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ მწარმოებელთა გაერთიანების შედეგად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციებზე):

განცხადებაში წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოში საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, რომელიც უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგს:

ა) საქართველოს ბაზარზე ამჟამად განთავსებული საბურავების წლიური რაოდენობის შეფასება;

ბ) საბურავების ნარჩენების მართვის არსებული პრაქტიკის შეფასება,  და სამიზნე მასალების აღდგენისა და რეციკლირების პროცენტული მაჩვენებლის მითითებით;

გ) საბურავების ნარჩენების მართვის არსებული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, შეგროვების, დახარისხების ცენტრების, საბურავების ნარჩენების აღდგენის ან რეციკლირების ობიექტების, და სხვ. ანალიზი;

დ) საქართველოში არსებული ბაზრის შეფასება რეციკლირებული მასალების ათვისების თვალსაზრისით.

3. მგვ-ის ორგანიზაციის (მგვ-ის შესაბამისობის სქემის) მიზნები და ამოცანები:

განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს, ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლისა და დანართების შესაბამისად და მათ მისაღწევად  გამოყენებული მეთოდების მოკლე აღწერას. ამასთან, უნდა შეფასდეს ის წვლილი, რომელსაც შემოთავაზებული სქემა შეიტანს  საბურავების ნარჩენების  აღდგენისა და რეციკლირების ეროვნული მიზნების  შესრულებაში.

4. გეოგრაფიული დაფარვის არეალი:

მითითებული უნდა იყოს მგვ-ს შესაბამისობის სქემის გეოგრაფიული დაფარვის არეალი, სამიზნე მოსახლეობა და მისი სიმჭიდროვე, და სხვ. 

5. საბურავების ნარჩენების მართვის მეთოდების აღწერა:

მგვ-ის შესაბამისობის სქემის მეთოდოლოგია დეტალურად უნდა იქნეს აღწერილი, ხოლო მართვის მეთოდის/მეთოდების (საბურავების ნარჩენების სეპარირებული  შეგროვება, ტრანსპორტირება, დროებითი შენახვა, დამუშავება და რეციკლირება-აღდგენა) აღწერა  დასაბუთებული  ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და სოციალური კრიტერიუმების საფუძველზე.

6.  მგვ-ის შესაბამისობის სქემის ტექნიკური და ეკონომიკური შეფასება მოიცავს:

ა) სქემის (საბურავების ნარჩენების მართვის ღონისძიებები) ტექნიკურ-ეკონომიკურ მიზანშეწონილობას;

ბ) მოსალოდნელ შედეგებს;

გ) განხორციელების მეთოდოლოგიას;

დ) სქემის განხორციელებისთვის და გაფართოებისათვის საჭირო  ტექნიკური ინფრასტრუქტურის აღწერას;

ე) სქემის მუშაობისთვის შესაბამისი პერსონალის შესახებ ინფორმაციას;

ვ) ინფორმაციას ახალი სამუშაო ადგილების შესახებ;

ზ) გარემოსდაცვით სარგებელს, რომელიც განპირობებულია მართვის ღონისძიებებით, მეთოდებითა და ისეთი პრობლემების გადაჭრით, როგორიცაა დამუშავების შედეგად მიღებული მონარჩენის განთავსება;

თ) ფინანსურ მონაცემებს.

7. ბიუჯეტი, რომელიც უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, შემდეგი ელემენტებისაგან:

ა) საბურავების ნარჩენებიდან და რეციკლირებული ნარჩენებიდან  მიღებული შემოსავალი – მასალების შესაბამისად;

ბ) ხარჯები და მათი განაწილება;

გ) შესაძლო ზიანის ანაზღაურება.

8. მგვ-ის ორგანიზაციის წინასწარი ხელშეკრულებები სუბიექტებთან:

მგვ ორგანიზაციების ხელშეკრულებები პირებთან, რომლებიც მონაწილეობენ ნარჩენების მართვაში (დისტრიბუტორები, შემგროვებლები, დამუშავების, აღდგენისა და რეციკლირების  უფლებამოსილი ობიექტები და ა.შ.).

9. საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები:

კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა ჩატარებასაც მგვ-ის ორგანიზაცია გეგმავს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების მიზნით.