დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 324 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 25/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.022037 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (27/05/2020 - 18/05/2021)
|
ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
ნარჩენების მართვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლისა, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-17 მუხლისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
|
მუხლი 3 |
დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.
|
მუხლი 4 |
დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
|
მუხლი 5 |
დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი
|
ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ
|
მუხლი 1. მიზანი
ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში „ტექნიკური რეგლამენტი“) მიზანია: ა) საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ (შემდგომში – კოდექსი) მე-9 მუხლის შესაბამისად, სპეციფიკური ნარჩენების – ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებებისა და აღნიშნული ნარჩენების მართვის წესების განსაზღვრა; ბ) ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია, ხელახალი გამოყენების, რეციკლირების ან სხვაგვარად აღდგენისა და ასეთი ნარჩენის განთავსების შემცირების უზრუნველყოფა.
მუხლი 2. რეგულირების სფერო 1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება საქართველოს ბაზარზე განთავსებულ ყველა სახის ბატარეებსა და აკუმულატორებზე, მათი ფორმის, ზომის, წონის, შემადგენლობისა და დანიშნულების მიუხედავად, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 2. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება: ა) ისეთ ბატარეებსა და აკუმულატორებზე, რომლებიც გამოიყენება: ა.ა) ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ სამხედრო დანიშნულების მოწყობილოებებში, იარაღში, საშუალებებსა და მასალებში; ა.ბ) კოსმოსში გასაშვებად განკუთვნილ მოწყობილობებში; ბ) ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის ბატარეებსა და აკუმულატორებზე, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის. 3. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ცვლის ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მიმართ კანონმდებლობით დადგენილ სხვა, მათ შორის, სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავებისადმი დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ტექნიკურ რეგლამენტში მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბატარეა, აკუმულატორი – ელექტროენერგიის წყარო, რომელიც წარმოიქმნება ქიმიური ენერგიის გარდაქმნით და შედგება ერთი ან ერთზე მეტი პირველადი ბატარეის ელემენტისგან (ერთჯერადი დატენვის) ან ერთი და ერთზე მეტი მეორადი ბატარეის ელემენტისგან (მრავალჯერადი დატენვის); ბ) ბატარეების ბლოკი – ერთმანეთთან დაკავშირებული ან/და ერთ გარსში მოქცეული ბატარეების ან/და აკუმულატორების ნაკრები, რომლებიც ერთ მთლიანობას წარმოადგენს და მომხმარებელს არ უწევს მათი დაშლა ან განცალკევება; გ) პორტატული ბატარეა, პორტატული აკუმულატორი – ბატარეა, ე.წ. „ღილის ზომის ელემენტი“, ბატარეების ბლოკი ან აკუმულატორი, რომელიც დალუქულია, შესაძლებელია მისი ხელით ტარება და არ არის სამრეწველო ბატარეა ან სამრეწველო აკუმულატორი, ან საავტომობილო ბატარეა ან საავტომობილო აკუმულატორი; დ) ღილის ზომის ელემენტი – მცირე ზომის მრგვალი ბატარეა ან აკუმულატორი, რომლის დიამეტრი მის სიმაღლეზე მეტია და რომელიც გამოიყენება ისეთი კონკრეტული დანიშნულების მოწყობილობებში, როგორიცაა ყურსასმენი აპარატები, საათები, მცირე ზომის პორტატული და სარეზერვო კვების მოწყობილობები; ე) საავტომობილო ბატარეა ან საავტომობილო აკუმულატორი – ისეთი ბატარეა ან აკუმულატორი, რომელიც გამოიყენება ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისი კომპონენტების ექსპლუატაციისათვის; ვ) სამრეწველო ბატარეა ან სამრეწველო აკუმულატორი – ისეთი ბატარეა ან აკუმულატორი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სამრეწველო ან პროფესიული მიზნებისთვის გამოსაყენებლად, ან გამოიყენება ნებისმიერი სახის ელექტრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებში; ზ) ბატარეის ნარჩენი ან აკუმულატორის ნარჩენი – ბატარეა ან აკუმულატორი, რომელიც კოდექსის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს ნარჩენს; თ) მოწყობილობა – „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოწყობილობა, რომლის ენერგიის წყარო, მთლიანად ან ნაწილობრივ, არის ან შესაძლოა იყოს ბატარეები ან აკუმულატორები; ი) მწარმოებელი – პირი, რომელიც ახორციელებს ბატარეების და/ან აკუმულატორების, მათ შორის მოწყობილობებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ჩამონტაჟებული ბატარეების და/ან აკუმულატორების საქართველოს ბაზარზე პირველად განთავსებას, მათი გაყიდვის ფორმის მიუხედავად; კ) დისტრიბუტორი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც უზრუნველყოფს ბატარეების და/ან აკუმულატორების ხელმისაწვდომობას ბაზარზე. დისტრიბუტორი შეიძლება ამავე დროს მწარმოებელიც იყოს; ლ) ბაზარზე განთავსება – ქვეყნის ტერიტორიაზე მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდება ან მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ, რაც ასევე მოიცავს პროდუქტის იმპორტს ქვეყნის ტერიტორიაზე. ბაზარზე განთავსებად არ ითვლება იმპორტირებული პროდუქტის ექსპორტი, თუ ექსპორტი დასტურდება საბაჟო დეკლარაციით; მ) ოპერატორი – პირი, რომელიც ჩართულია ბატარეების და აკუმულატორების სასიცოცხლო ციკლში: მწარმოებელი, დისტრიბუტორი, შემგროვებელი, რეციკლირების ან სხვა სახის დამუშავების განმახორციელებელი; ნ) შეგროვების მიზნობრივი მაჩვენებელი – კონკრეტული კალენდარული წლისთვის დადგენილი ნარჩენების შეგროვების პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის შესაბამისად, ამავე კონკრეტულ წელს შეგროვებული პორტატული ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენის წონის შეფარდებით, ამავე და გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს ბაზარზე განთავსებული პორტატული ბატარეებისა და აკუმულატორების საშუალო წონასთან; ო) შეგროვების პუნქტი – ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების განსათავსებლად ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად შერჩეული ადგილი; პ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (შემდგომში – მგვ) – გარემოსდაცვითი მიდგომა, რომელიც მოიცავს მწარმოებლის პასუხისმგებლობას საკუთარ პროდუქტზე, ამ პროდუქტის მოხმარების შემდგომ ეტაპზეც, პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, კოდექსის მე-9 მუხლის პირველი – მე-4 ნაწილების შესაბამისად; ჟ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია (შემდგომში – მგვ-ის ორგანიზაცია) – მწარმოებლების მიერ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია მწარმოებლების გაფართოებული ვალდებულებების შესრულებაზე; რ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაბამისობის სქემა (შემდგოში – მგვ-ის შესაბამისობის სქემა) ღონისძიებების სისტემა, რომელიც ხორციელდება მწარმოებლების მიერ, ბაზარზე განთავსებული საკუთარი პროდუქტის ნარჩენად გადაქცევის შემდეგ მასზე ფინანსური ან ფინანსური და ორგანიზაციული პასუხისმგებლობის აღების უზრუნველსაყოფად. არსებობს მგვ-ის შესაბამისობის ინდივიდუალური და კოლექტიური სქემა: რ.ა) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებლების შესაბამისობის ინდივიდუალური სქემა (შემდგომში – მგვ-ის ინდივიდუალური სქემა) – ღონისძიებების სისტემა, როცა ცალკეული მწარმოებელი, ინდივიდუალურად, საკუთარი რესურსებით, ქმნის მგვ-ის ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და ტრანსპორტირებას, შესაბამის ავტორიზებულ ობიექტზე, აღდგენის (მათ შორის რეციკლირების) მიზნით; რ.ბ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებლების შესაბამისობის კოლექტიური სქემა – (შემდგომში – მგვ-ის კოლექტიური სქემა) ღონისძიებების სისტემა, როცა ერთზე მეტი მწარმოებლი ქმნის მგვ-ის ორგანიზაციას, რომელიც მისი წევრი მწარმოებლების რესურსებით, წილობრივი შენატანებით (რეციკლირების წინასწარი შენატანი) უზრუნველყოფს მწარმოებლების მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტებისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და ტრანსპორტირებას შესაბამის ავტორიზებულ ობიექტზე აღდგენის (მათ შორის რეციკლირების) მიზნით; ს) რეციკლირების წინასწარი შენატანი – წილობრივი შენატანი, რომელსაც მგვ-ის ორგანიზაციის წევრი უხდის მგვ-ის ორგანიზაციას, მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად მართვისთვის; ტ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 4. ბატარეების და აკუმულატორების ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებული აკრძალვები 1. აკრძალულია შემდეგი სახის ბატარეების ან აკუმულატორების ბაზარზე განთავსება: ა) ყველა სახის ბატარეები და აკუმულატორები, რომლებიც შეიცავენ მათი წონის 0,0005 %-ზე მეტი ოდენობის ვერცხლისწყალს; ბ) პორტატული ბატარეები და აკუმულატორები, რომლებიც შეიცავენ მათი წონის 0,002 %-ზე მეტი ოდენობის კადმიუმს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული აკრძალვა არ ეხება ისეთ პორტატულ ბატარეებსა და აკუმულატორებს, რომლებიც განკუთვნილია: ა) ავარიული და საგანგაშო სისტემებისთვის, ავარიული განათების სისტემების ჩათვლით; ბ) სამედიცინო მოწყობილობებისთვის. 3. ბატარეები და აკუმულატორები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, მაგრამ კანონიერად იქნენ განთავსებული ბაზარზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აკრძალვების ძალაში შესვლამდე, შეიძლება დატოვებულ იქნეს ბაზარზე, მათი მარაგების ამოწურვამდე. 4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ხმარებიდან ამოღებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში დამონტაჟებულ ბატარეებსა და აკუმულატორებზე.
მუხლი 5. ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენის შეგროვების მიზნობრივი მაჩვენებლები 1. ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებელმა, მგვ-ის შესაბამისობის კოლექტიური ან ინდივიდუალური სქემის მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენის სეპარირებული შეგროვება, აღდგენა და რეციკლირება, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი I -ის შესაბამისად განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიხედვით. 2. მიზნობრივი მაჩვენებლები განსაზღვრულია საქართველოს ბაზარზე განთავსებული სხვადასხვა კატეგორიის ბატარეებისა და აკუმულატორების რაოდენობის გათვალისწინებით, პროცენტული მაჩვენებლის სახით. 3. მგვ-ს დაქვემდებარებული სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების, ხელახალი გამოყენებისთვის მომზადების, აღდგენისა და რეციკლირების მიზნობრივი მაჩვენებლების გაანგარიშების წესები და მიღწევის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 6. პორტატული ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. პორტატული ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებული მოთხოვნები: ა) პორტატული ბატარეებისა და აკუმულატორების შეგროვებას უზრუნველყოფს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის შესაბამისად შექმნილი მგვ-ის ორგანიზაცია; ბ) პორტატული ბატარეებისა და აკუმულატორების შეგროვების პუნქტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხმარებლებისთვის და უნდა მოეწყოს მომხმარებლებთან ახლოს, მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით. პორტატული ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების სეპარირებული შეგროვება უნდა მოხდეს სათანადოდ ეტიკეტირებულ სპეციალურ კონტეინერებში. შეგროვების პუნქტები, ძირითადად, უნდა მოეწყოს მაღაზიებში, სუპერმარკეტებში, სკოლებში, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებსა და საწარმოებში და სხვ. შეგროვების პუნქტების ადგილმდებარეობის შერჩევას და მოწყობას უზრუნველყოფს მგვ-ის ორგანიზაცია; გ) დისტრიბუტორები ვალდებული არიან პორტატული ბატარეების და აკუმულატორების რეალიზაციის პროცესში უზრუნველყონ მომხმარებლებისგან პორტატული ბატარეების და აკუმულატორების ნარჩენების უსასყიდლოდ (მომხმარებელი ჩაბარებისთვის საფასურს არ იხდის) ჩაბარება; დ) პორტატული ბატარეების და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვების პროცესში დაუშვებელია მომხმარებლისთვის პორტატული ბატარეების და აკუმულატორების ნარჩენების მოშორების საფასურის გადახდის ან ახალი ბატარეის ან/და აკუმულატორის შეძენის მოთხოვნა; ე) პორტატული ბატარეების და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვება შეიძლება განხორციელდეს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების პარალელურად, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად შექმნილი შესაბამისი მგვ-ის ორგანიზაციის მიერ; ვ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებიდან ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების ამოღების შემდგომ მათი მართვა შესაძლებელია განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად და მათი რაოდენობა გათვალისწინებული უნდა იქნეს შეგროვების მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევასთან დაკავშირებულ გაანგარიშებებში. 2. საავტომობილო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებული მოთხოვნები: ა) საავტომობილო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვება უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად შექმნილი ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის მგვ-ის ორგანიზაციების მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეგროვება ხორციელდება ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის მგვ-ის ორგანიზაციების მიერ; ბ) ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ჩამონტაჟებული ბატარეებისა და აკუმულატორების წონის გათვალისწინება უნდა მოხდეს ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხელახალი გამოყენების, აღდგენისა და რეციკლირების მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის გაანგარიშებისას; გ) ის ობიექტები, სადაც ხორციელდება საავტომობილო ბატარეებისა და აკუმულატორების რეალიზაცია ან/და შეცვლა და სადაც შექმნილია საავტომობილო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვების პუნქტები, ვალდებული არიან: გ.ა) ჩაიბარონ ნარჩენები მომხმარებლებისაგან; გ.ბ) აწარმოონ შემოსული/გასული საავტომობილო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების აღრიცხვა. დ) საავტომობილო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების სეპარირებული შეგროვება უნდა მოხდეს სათანადოდ ეტიკეტირებულ სპეციალურ კონტეინერებში; ე) საავტომობილო ბატარეების ან აკუმულატორების ნარჩენების შეგროვების პროცესში დაუშვებელია მომხმარებლისთვის საავტომობილო ბატარეების ან აკუმულატორების ნარჩენების მოშორების საფასურის გადახდის ან/და ახალი ბატარეის ან/და აკუმულატორის შეძენის მოთხოვნა. 3. სამრეწველო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებული მოთხოვნები: ა) სამრეწველო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვება უნდა განხორციელდეს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის მგვ-ის ორგანიზაციების მიერ; ბ) სამრეწველო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვებაზე ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები: ბ.ა) შეგროვება ხდება უსასყიდლოდ (მომხმარებელი ჩაბარებისთვის საფასურს არ იხდის), ამ ნარჩენების ქიმიური შედგენილობისა და წარმომავლობის მიუხედავად; ბ.ბ) შეგროვება ხდება მომხმარებლებისაგან ან მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი და მათთან ახლომდებარე შეგროვების პუნქტებიდან. ამასთან, შეგროვების პუნქტების შერჩევა ხდება ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის მგვ-ის ორგანიზაციების მიერ. გ) სამრეწველო ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვების პუნქტები უნდა განთავსდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, ამ საქმიანობისათვის უფლებამოსილ ობიექტებში.
მუხლი 7. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების რეესტრი 1. ბატარეებისა და აკუმულატორების ყველა მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე, დარეგისტრირდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – „მგვ-ის რეესტრი“), რომელსაც ადმინისტრირებას უწევს სამინისტრო. მგვ-ის რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. 2. 2021 წლის 1 ივნისამდე ბატარეებისა და აკუმულატორების ყველა მწარმოებელი ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია მგვ-ის რეესტრში და შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) საქმიანობის სახე; გ) საკონტაქტო ინფორმაცია; დ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის კოდი; ე) წინა წლის განმავლობაში და რეგისტრაციის დროისთვის საქართველოს ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების წონა, სახეობების მიხედვით ტონებში. 3. რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს: ა) ყოველთვიური ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების შესახებ (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) მომდევნო თვის 15 რიცხვამდე; ბ) ინფორმაცია მომავალი წლისათვის ბაზარზე განსათავსებლად გათვალისწინებული ბატარეებისა და აკუმულატორების შესახებ (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) ყოველი წლის 15 ნოემბრამდე. 4. სამინისტრო ვალდებულია შექმნას და აწარმოოს მონაცემთა ბაზა, რომელშიც აღირიცხება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვების, მათი საქართველოში დამუშავებისა და ქვეყნიდან ექსპორტის შესახებ.
მუხლი 8. მგვ-ის შესაბამისობის სქემები 1.მწარმოებელი ვალდებულია შექმნას მგვ ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან კოლექტიურად იმის გათვალისწინებით, რომ ინდივიდუალური მგვ ორგანიზაციის მქონე მწარმოებლის ან კოლექტიური მგვ ორგანიზაციის წევრი მწარმოებლების (ჯამურად) ბაზრის წილი უნდა შეადგენდეს მთლიანი ბაზრის არანაკლებ 10%-ს. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულება და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა მწარმოებლების მიერ ხორციელდება ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, მწარმოებლების მიერ შექმნილი მგვ-ის შესაბამისობის ინდივიდუალური ან კოლექტიური სქემების საშუალებით, კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. 3. ის მწარმოებელი, რომელიც არ გაწევრიანდება მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში, ვალდებულია შექმნას მგვ-ის ინდივიდუალური სქემა და სამინისტროს წარუდგინოს განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად. 4. მგვ-ის შესაბამისობის სქემამ უნდა უზრუნველყოს ნარჩენების მართვის პროცესის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა. 5. როგორც მწარმოებლის მიერ ინდივიდუალურად, ასევე მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილი თითოეული მგვ-ის ორგანიზაცია უნდა დარეგისტრირდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
მუხლი 9. მგვ-ის ორგანიზაციის წევრობა, მგვ-ის ორგანიზაციის ვალდებულებები 1. მწარმოებლის გაწევრება მგვ-ის ორგანიზაციაში ხდება მწარმოებელსა და მგვ-ის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადებით. აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს მწარმოებლის მგვ ორგანიზაციაში წევრობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც მგვ ორგანიზაციის მიერ ელექტრონულად უნდა იქნეს ატვირთული „მგვ-ის რეესტრში“. 2. მგვ-ის ორგანიზაციის წევრი ვალდებულია: ა) მგვ-ის ორგანიზაციაში გადაიხადოს შესაბამისი რეციკლირების წინასწარი შენატანი, მის მიერ ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების წილის შესაბამისად; ბ) ახალ მგვ-ის ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადებისას წარადგინოს წინა მგვ-ის ორგანიზაციასთან ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) მგვ-ის ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განაახლოს მგვ-ის რეესტრში შესაბამისი მონაცემები; დ) ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) წარუდგინოს სამინისტროს, სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადასტურებული ინფორმაცია მის მიერ იმპორტირებული ბატარეებისა და აკუმულატორების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) შესახებ, მგვ რეესტრის საშუალებით (ელექტრონულად). 3. მწარმოებელი შეიძლება იყოს ბატარეებისა და აკუმულატორების მხოლოდ ერთი მგვ-ის ორგანიზაციის წევრი. მწარმოებელმა მგვ ორგანიზაციის წევრობა შესაძლებელია შეწყვიტოს მხოლოდ საანგარიშო პერიოდის დასრულებისას, ურთიერთანგარიშსწორების შემდეგ. 4. მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია: ა) ნარჩენების მართვის იერარქიის შესაბამისად დაგეგმოს და განახორციელოს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, სორტირება და დამუშავება ან დამუშავებისათვის გადაცემა, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლის და დანართი I-ის მოთხოვნების შესაბამისად, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა; ბ) უზრუნველყოს თანამშრომლობა ოპერატორებთან, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებისა და ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის მგვ-ის ორგანიზაციებთან და შესაბამის უფლებამოსილ პირებთან; გ) ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის არსებული სქემების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სქემებში საზოგადოების მონაწილეობის მაღალი დონის უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებას სისტემატურად მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია; დ) სამინისტროს მიაწოდოს მონაცემები, ინფორმაცია და ანგარიშები მგვ-ის ორგანიზაციის მუშაობის, ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების რაოდენობის, რეციკლირებული და აღდგენილი ბატარეებისა და აკუმულატორების რაოდენობისა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის შესახებ; ე) შექმნას მდგრადი ფინანსური საფუძველი ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და მართვის ხარჯების ანაზღაურებისათვის; ვ) ჰქონდეს პროდუქტისა და მასალების თვალსაზრისით მკაფიოდ განსაზღვრული გეოგრაფიული დაფარვა და არ შემოიფარგლოს მხოლოდ იმ ტერიტორიით, სადაც ნარჩენების მართვა ყველაზე მომგებიანია; ზ) შექმნას თვითმონიტორინგის სრულყოფილი მექანიზმი და ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება, რათა შეაფასოს: ზ.ა) ორგანიზაციის ფინანსური მართვა, მათ შორის, მწარმოებლების მიერ გადახდილი წილობრივი შენატანები; ზ.ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით მგვ-ის ორგანიზაციის მიერ შეგროვებული და სამინისტროში წარდგენილი მონაცემების სისწორე; თ) საჯაროდ გამოაქვეყნოს ინფორმაცია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის შესახებ; ი) მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილი მგვ-ის ორგანიზაცია დამატებით ვალდებულია, საჯაროდ გამოაქვეყნოს ინფორმაცია: ი.ა) ორგანიზაციის წევრების შესახებ; ი.ბ) ორგანიზაციის წევრების მიერ გადახდილი რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობის შესახებ; ი.გ) ოპერატორების შერჩევის პროცედურის შესახებ. კ) მგვ ორგანიზაცია უფლებამოსილია შექმნას სარეზერვო ფონდი, რომლის რაოდენობა განისაზღვრება ორგანიზაციის წევრ მწარმოებლების მიერ და რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეციკლირებადი მასალების უარყოფითი საბაზრო ფასის კომპენსაციისთვის და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯის დასაფარად მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის მიზნით.
მუხლი 10. რეციკლირების წინასწარი შენატანი 1. მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილი თითოეული მგვ-ის ორგანიზაცია თავის წევრ მწარმოებლებს განუსაზღვრავს რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობას. აღნიშნული შენატანი საკმარისი უნდა იყოს მწარმოებლის მიერ საქართველოს ბაზარზე განთავსებულ პროდუქტთან დაკავშირებული შემდეგი ხარჯების დასაფარად: ა) ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების ხარჯები, ნარჩენების ხელახალი გამოყენებით და მეორადი ნედლეულის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით; ბ) ნარჩენების მფლობელების ინფორმირების ხარჯები; გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მონაცემების შეგროვებისა და ანგარიშგების ხარჯები; დ) მგვ-ის ორგანიზაციის ადმინისტრაციული ხარჯები. 2. რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობის დადგენისას, პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ცალკეული პროდუქტის ან მსგავსი პროდუქტების ჯგუფების სპეციფიკაციები, მათ შორის, პროდუქტების გამძლეობა, მათი შეკეთების, ხელახლა გამოყენებისა და რეციკლირების შესაძლებლობა და მათში სახიფათო ნივთიერებების არსებობა. 3. მგვ-ის ორგანიზაციის ხარჯები წევრებს შორის ღიად განისაზღვრება. აღნიშნული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს ნარჩენების მართვის მომსახურების ხარჯეფექტიანად შესასრულებლად საჭირო ხარჯებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები უნდა შესრულდეს ისე, რომ ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენებისა და ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის მგვ-ის ორგანიზაციების მიერ ბატარეებისა და აკუმულატორების შეგროვების შემთხვევაში მწარმოებელს არ დაეკისროს ორმაგი რეციკლირების წინასწარი შენატანის გადახდის ვალდებულება, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით. 5. ეს მუხლი ვრცელდება ყველა ბატარეასა და აკუმულატორზე, ბაზარზე მათი განთავსების თარიღის მიუხედავად.
მუხლი 11. მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია 1. საქმიანობის დაწყებამდე მგვ-ის ორგანიზაციამ უნდა მიიღოს ავტორიზაცია სამინისტროსგან, რისთვისაც მწარმოებლები ვალდებულნი არიან შექმნან მგვ-ის ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან სხვა მწარმოებლებთან ერთობლივად და სამინისტროს წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი III-ით განსაზღვრულ ინფორმაციას. 2. სამინისტრო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადს და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილია 30 დღის ვადაში მოითხოვოს ხარვეზის გამოსწორება და დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა. სამინისტრო ვალდებულია ავტორიზაციის გადაწყვეტილება მიიღოს სამი (3) თვის ვადაში განაცხადის შემოტანის დღიდან ან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის დღიდან. 3. გადაწყვეტილება მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაციის შესახებ ძალაშია ექვსი (6) წლის განმავლობაში. 4. მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, სულ მცირე, ექვსი (6) თვით ადრე, სამინისტროში შეიტანოს განაცხადი ავტორიზაციის გაგრძელების თაობაზე. ეს განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი III-ით განსაზღვრულ ინფორმაციას. 5. ავტორიზაციის მიღების შემდეგ, მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია სამინისტროს შესათანხმებლად, ყოველწლიურად, წარუდგინოს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ღონისძიებების ბიუჯეტს და გეგმას. სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ღონისძიებებს, მათ მიზნებს, განხორციელების საშუალებებს, ვადებს და შესაბამის ხარჯებს. ასევე სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებები, მათი მიზნები, განხორციელების საშუალებები, ვადები და შესაბამისი ხარჯები. სამოქმედო გეგმის განხილვისას სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ერთობლივი კამპანიების ჩატარება მგვ-ის სხვა ორგანიზაციებთან ერთად. სამოქმედო გეგმა სამინისტროს უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის წინა კალენდარული წლის პირველ ნოემბრამდე. სამინისტრო 30 დღის ვადაში განიხილავს და შეითანხმებს სამოქმედო გეგმას, ან დაუბრუნებს წარმდგენს შენიშვნებით. 6. ავტორიზაციის მიღებისა და საქმიანობის დაწყებიდან ყოველი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ, მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, სამინისტროს შესაფასებლად წარუდგინოს საქმიანობის დეტალური წლიური ანგარიში სამინისტროსთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. ანგარიშს უნდა ერთოდეს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა. ანგარიში სამინისტროს უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 30 აპრილამდე. 7. სამინისტრო უფლებამოსილია გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ: ა) მგვ-ის ორგანიზაციამ მიმართა სამინისტროს ატორიზაციის გაუქმების მოთხოვნით; ბ) არ სრულდება ავტორიზაციის გადაწყვეტილებაში განსაზღვრული პირობები; გ) ავტორიზაციის მიღებიდან მე-3 წელს არ იქნა მიღწეული ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების მიზნობრივი მაჩვენებლები; დ) ადგილი აქვს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობას; ე) სამინისტროს აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ: ე.ა) ავტორიზაცია მოხდა ყალბი/არასწორი მონაცემების/დოკუმენტაციის საფუძველზე; ე.ბ) მგვ-ის შესაბამისობის სქემა გაუმართავია და ვერ უზრუნველყოფს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.
მუხლი 12. სამინისტროს უფლებამოსილება სამინისტრო უფლებამოსილია, მგვ-ის შესაბამისობის სქემების ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით: ა) შექმნას და აწარმოოს ელექტრონული რეესტრი, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად; ბ) შექმნას და აწარმოოს შესაბამისი ნარჩენების მონაცემთა ბაზები, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ქვეყანაში ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენის რაოდენობის, მახასიათებლებისა და დინამიკის შესახებ (ბატარეებისა და აკუმულატორების დამზადების დროს გამოყენებული კომპონენტების სახიფათოობის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით). ამ თვალსაზრისით სამინისტრო უფლებამოსილია: ბ.ა) შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემების სისწორე; ბ.ბ) შეაგროვოს და დაამუშაოს დამატებითი ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) მიანიჭოს და გაუგრძელოს ავტორიზაცია მგვ-ის ორგანიზაციებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად; დ) ითანამშომლოს მგვ-ის ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების განსახორციელების მიზნით; ე) განახორციელოს კონტროლი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისა და დავალდებულებების შესრულებაზე კანონმდებლობის შესაბამისად; შემოწმების ჩასატარებლად სამინისტრო უფლებამოსილია, ითანამშრომლოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან. სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გაუწიონ შესაბამისი დახმარება შემოწმებების ჩატარებაში; ვ) გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად; ზ) ყოველი წლის 31 მაისამდე მოამზადოს და სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში/ანგარიშები წინა წელს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვაში მიღწეული შედეგების შესახებ; თ) მოამზადოს ან დაუკვეთოს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებული კვლევები და ანგარიშები, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო პროგრამებსა და კვლევებში.
მუხლი 13. დისტრიბუტორების ვალდებულებები 1. ბატარეებისა და აკუმულატორების დისტრიბუტორები ვალდებული არიან, ბაზარზე არ განათავსონ იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ-ის რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები (ან არ აქვთ შექმნილი ინდივიდუალური მგვ ორგანიზაცია). 2. მწარმოებლის მგვ რეესტრში რეგისტრაცია დასტურდება მგვ რეესტრში მინიჭებული უნიკალური კოდით, ხოლო მგვ ორგანიზაციის წევრობა – მგვ ორგანიზასციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
მუხლი 14. მოწყობილობების დამამზადებლების ვალდებულებები 1. მოწყობილობების დამამზადებლებმა უნდა უზრუნველყონ მოწყობილობების ისე დამზადება, რომ ტექნიკურად ადვილი იყოს ამ მოწყობილობებიდან ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების ამოღება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლების მიერ მათი ამოღება შეუძლებელია, მოწყობილობები ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ ბატარეებისა და აკუმულატორების ადვილად ამოღება დამამზადებლისგან დამოუკიდებელმა კვალიფიციურმა პროფესიონალებმა შეძლონ. 2. იმ მოწყობილობებს, რომლებშიც ჩამონტაჟებულია ბატარეები და აკუმულატორები, თან უნდა ახლდეს მათი უსაფრთხოდ ამოღების ინსტრუქცია. ინსტრუქციებში მომხმარებლებისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია მოწყობილობებში ჩამონტაჟებული ბატარეებისა და აკუმულატორების სახეობის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები არ ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უსაფრთხოების, ექსპლუატაციის, სამედიცინო ან მონაცემთა უწყვეტობის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია ელექტროენეგიის მუდმივი მიწოდება, რისთვისაც საჭიროა უწყვეტი კავშირი მოწყობილობასა და ბატარეას ან აკუმულატორს შორის.
მუხლი 15. მომხმარებლების ვალდებულებები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვების სისტემა, მომხმარებლები ვალდებული არიან, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენები განათავსონ შესაბამის შეგროვების პუნქტებში.
მუხლი 16. მომხმარებლების ინფორმირება 1. მგვ-ის ორგანიზაცია სამინისტროსთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, ატარებს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს მომხმარებლებისთვის, შემდეგ საკითხებზე: ა) ბატარეებსა და აკუმულატორებში გამოყენებული ნივთიერებების შესაძლო ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე; ბ) ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაში მონაწილეობის აუცილებლობა მათი დამუშავებისა და რეციკლირების ხელშეწყობის მიზნით; გ) მგვ-ის ორგანიზაციები და ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვაში (შეგროვება, ტრანსპორტირება, შენახვა, რეციკლირება) ჩართული კომპანიები, მათი ფუნქციები და ვალდებულებები; დ) მომხმარებლების როლი ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების რეციკლირების ხელშეწყობაში; ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ II-ში განსაზღვრული სიმბოლოს და ქიმიური სახელწოდებების Hg, Cd და Pb-ის მნიშვნელობა. 2. დისტრიბუტორები ვალდებული არიან მომხმარებელს მიაწოდონ ინფორმაცია ნარჩენი პორტატული ბატარეების ან აკუმულატორების მათი შეძენის ადგილზე უსასყიდლოდ (მომხმარებელი ჩაბარებისთვის საფასურს არ იხდის) ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ.
მუხლი 17. ეტიკეტირება 1. ბატარეებისა და აკუმულატორების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ეტიკეტირებით, კერძოდ: ა) ბატარეების, აკუმულატორების და ბატარეების ბლოკების მწარმოებლები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ყველა ბატარეის, აკუმულატორის და ბატარეების ბლოკის ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი II-ში მოცემული სიმბოლოთი ეტიკეტირება; ბ) ყველა პორტატულ, საავტომობილო ბატარეასა და აკუმულატორზე მკაფიო, ადვილად გასარჩევი და მყარად გაკეთებული წარწერით მითითებულია მათი სიმძლავრე. 2. იმ ბატარეებზე, აკუმულატორებზე და ბატარეების ბლოკებზე, რომლებიც შეიცავენ 0,0005 %-ზე მეტ ვერცხლისწყალს, 0,002 %-ზე მეტ კადმიუმს ან 0,004 %-ზე მეტ ტყვიას, დატანილი უნდა იყოს შესაბამისი ნივთიერების ქიმიური სახელწოდება: Hg, Cd ან Pb. მძიმე ლითონის აღმნიშვნელი სიმბოლო უნდა განთავსდეს დანართი II-ში განსაზღვრული სიმბოლოს ქვემოთ და დაიკავოს ამ სიმბოლოს, სულ მცირე, ერთი მეოთხედის ტოლი ფართობი. 3. დანართი II-ში განსაზღვრულმა სიმბოლომ უნდა დაიკავოს ბატარეის, აკუმულატორის ან ბატარეების ბლოკის უდიდესი მხარის ფართობის სულ მცირე 3%, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 5 სმ2-ს. ცილინდრის ფორმის ელემენტების შემთხვევაში, დანართ II-ში განსაზღვრულმა სიმბოლომ უნდა დაიკავოს ბატარეის ან აკუმულატორის ზედაპირის ფართობის, სულ მცირე, 1,5 %, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 5 სმ2-ს. 4. იმ შემთხვევებში, როდესაც ბატარეის, აკუმულატორის ან ბატარეების ბლოკის ზომა ისეთია, რომ სიმბოლო 0,5 სმ2-ზე მცირე ზომის გამოდის, აუცილებელი არ არის ასეთ ბატარეაზე, აკუმულატორზე ან ბატარეების ბლოკზე სიმბოლოს დატანა. ასეთ შემთხვევებში, სულ მცირე, 1 სმ2-ის ზომის სიმბოლო მათ შეფუთვაზე იბეჭდება. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ცვლის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ სხვა მოთხოვნებს.
მუხლი 18. დამუშავება და რეციკლირება 1. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს: ა) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით საუკეთესო ხელმისაწვდომი მეთოდების გამოყენებით, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების დამუშავებისა და რეციკლირების სქემების შექმნა; ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის ან/და ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების, ან/და ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად შეგროვებული, იდენტიფიცირებადი ბატარეა და აკუმულატორი უნდა დაექვემდებაროს დამუშავებას და რეციკლირებას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სქემების საშუალებით. 2. ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების დამუშავების პროცესში სავალდებულოა ყველა სახის სითხისა და მჟავის ამოღება. ამასთან, დამუშავების ობიექტებზე დამუშავება და შენახვა უნდა განხორციელდეს წყალგაუმტარ ფენებზე ან შესაბამის კონტეინერებში. 3. ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების რეციკლირების პროცესებმა უნდა დააკმაყოფილოს რეციკლირების მოთხოვნები დანართი I-ის შესაბამისად. 4. დამუშავებისა და რეციკლირების მიზნით ექსპორტირებული ბატარეების და აკუმულატორების ნარჩენები ჩაითვლება ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების და ეფექტიანობის მოთხოვნების შესრულების ანგარიშში, თუ არსებობს დასაბუთებული მტკიცებულება იმისა, რომ რეციკლირება განხორციელდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების ეკვივალენტურ პირობებში.
მუხლი 19. ნაგავსაყრელზე განთავსება და ინსინერაცია 1. აკრძალულია ნარჩენი სამრეწველო და საავტომობილო ბატარეების და აკუმულატორების ნაგავსაყრელზე განთავსება და ინსინერაცია. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლის შესაბამისად, ნარჩენი ბატარეების და აკუმულატორების დამუშავებისა და რეციკლირების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი შეიძლება განთავსებულ იქნეს ნაგავსაყრელზე ან დაექვემდებაროს ინსინერაციას.
მუხლი 20. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კოდექსის მე-10 თავით.
დანართი I ბატარეებისა და აკუმულატორების შეგროვების მიზნობრივი მაჩვენებლები წლების მიხედვით
ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების რეციკლირების მაჩვენებლები წლების მიხედვით
დანართი II სეპარირებული შეგროვების აღმნიშვნელი სიმბოლო ბატარეებზე, აკუმულატორებსა და ბატარეების ბლოკებზე სეპარირებული შეგროვების აღმნიშვნელი სიმბოლო ბატარეებზე, აკუმულატორებსა და ბატარეების ბლოკებზე – გადახაზული ბორბლებიანი კონტეინერი
დანართი IIΙ მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაციისთვის წარსადგენი განაცხადის შინაარსი
1. განაცხადის წარმდგენი – განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წარმდგენის შესახებ: ა) სახელი, იურიდიული მისამართი, ეკონომიკური საქმიანობის კოდი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; ბ) ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებლის, ხოლო მგვ-ის კოლექტიური სქემის შემთხვევაში – მწარმოებლების მონაცემები (სახელი/სახელწოდება, იურიდული მისამართი, ეკონომიკური საქმიანობის კოდი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან); გ) ინფორმაცია ინდივიდუალური და კოლექტიური სქემის მგვ ორგანიზაციაში მწარმოებელთა ბაზრის წილის შესახებ (მთლიანი ბაზრის არანაკლებ 10%-ისა); დ) გასული ერთი წლის განმავლობაში მწარმოებლის (მწარმოებლების) მიერ ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების სახეობა და წლიური რაოდენობა. პორტატული ბატარეებისათვის ხელმისაწვდომობის შემთხვავაში გასული 2 წლის და მიმდინარე წლის მონაცემები. 2. არსებული მდგომარების აღწერა (ეს მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ მწარმოებელთა გაერთიანების შედეგად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციებზე): განცხადებაში წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოში ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) საქართველოს ბაზარზე ამჟამად განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების წლიური რაოდენობის შეფასება, სათანადო მტკიცებულებებითა და მომავალი ტენდენციების ჩვენებით; ბ) ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის არსებული პრაქტიკის შეფასება, მონაცემებისა და სამიზნე მასალების აღდგენისა და რეციკლირების პროცენტული მაჩვენებლის მითითებით; გ) ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის არსებული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, შეგროვების, დახარისხების ცენტრების ან რეციკლირების ობიექტების და სხვ. ანალიზი; დ) საქართველოში არსებული ბაზრის შეფასება რეციკლირებული მასალების ათვისების თვალსაზრისით. 3. მგვ-ის ორგანიზაციის (მგვ-ის შესაბამისობის სქემის) მიზნები და ამოცანები: განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს, ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლისა და დანართი I-ის შესაბამისად და მათ მისაღწევად გამოყენებული მეთოდების მოკლე აღწერას. ამასთან, უნდა შეფასდეს ის წვლილი, რომელსაც შემოთავაზებული შესაბამისობის სქემა შეიტანს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების ეროვნული მიზნების შესრულებაში. 4. გეოგრაფიული დაფარვის არეალი: მითითებული უნდა იყოს მგვ-ის შესაბამისობის სქემის გეოგრაფიული დაფარვის არეალი, სამიზნე მოსახლეობა და მისი სიმჭიდროვე, და სხვ. 5. ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის მეთოდების აღწერა: მგვ-ის შესაბამისობის სქემის მეთოდოლოგია დეტალურად უნდა იქნეს აღწერილი, ხოლო მართვის მეთოდის/მეთოდების (ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, დროებითი შენახვა, დამუშავება და რეციკლირება-აღდგენა) აღწერა დასაბუთებული ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და სოციალური კრიტერიუმების საფუძველზე. ასევე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი ტექნიკური ასპექტები და საქმიანობის თავისებურებები. 6. მგვ-ის შესაბამისობის სქემის ტექნიკური და ეკონომიკური შეფასება მოიცავს: ა) სქემის (ბატარეების და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ღონისძიებები) ტექნიკურ-ეკონომიკურ მიზანშეწონილობას; ბ) მოსალოდნელ შედეგებს; გ) განხორციელების მეთოდოლოგიას; დ) ალტერნატიული მოწყობილობების მართვისთვის საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურის აღწერას; ე) სქემის განხორციელებისთვის და გაფართოებისათვის საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურის აღწერას; ვ) სქემის მუშაობისთვის შესაბამისი პერსონალის შესახებ ინფორმაციას; ზ) ინფორმაციას ახალი სამუშაო ადგილების შესახებ; თ) გარემოსდაცვით სარგებელს, რომელიც განპირობებულია მართვის ღონისძიებებით, მეთოდებითა და ისეთი პრობლემების გადაჭრით, როგორიცაა დამუშავების შედეგად მიღებული მონარჩენის განთავსება; ი) საგარანტიო სქემის აღწერას; კ) ფინანსურ მონაცემებს. 7. ბიუჯეტი, რომელიც, სულ მცირე, უნდა შედგებოდეს შემდეგი ელემენტებისაგან: ა) ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენებიდან და რეციკლირებული ნარჩენებიდან მიღებული შემოსავალი – მასალების შესაბამისად; ბ) ხარჯები და მათი განაწილება; გ) შესაძლო ზიანის ანაზღაურება. 8. მგვ-ის ორგანიზაციის წინასწარი ხელშეკრულებები მხარეებთან: მგვ-ის ორგანიზაციების ხელშეკრულებები პირებთან, რომლებიც მონაწილეობენ ნარჩენების მართვაში (დისტრიბუტორები,შემგროვებლები, დამუშავების, აღდგენისა და რეციკლირების უფლებამოსილი ობიექტები და ა.შ.). 9. საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები: კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა ჩატარებასაც მგვ-ის ორგანიზაცია გეგმავს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების მიზნით. |
დოკუმენტის კომენტარები