ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 543
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 15/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017038
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
543
25/05/2020
ვებგვერდი, 25/05/2020
040030000.22.027.017038
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (25/05/2020 - 17/06/2020)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №543

2020 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების მიწოდების პირობები
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით, რაც, თავის მხრივ, ხორციელდება წინასწარ დაჯავშნის გზით მოქალაქის პორტალის – my.gov.ge-ს მეშვეობით.

2. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სააგენტო უფლებამოსილია, ასევე, ელექტრონულად მიიღოს განცხადებები ამ პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებაზე, როდესაც ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით. ეს მომსახურებებია:

ა)  საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემა, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტი და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება;

ბ) პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია ელექტრონული მოწმობა/ბიომეტრიული პასპორტი და ახალი პირადობის მოწმობის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის პირადი ხელმოწერის/მონაცემების ხელმეორედ გამოყენება;

გ) დაბადებისა და გარდაცვალების პირველადი მოწმობის და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემა;

დ) პირის მიერ სააგენტოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული მოქმედების განხორციელებისათვის საჭირო თანხმობის გამოხატვის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება;

ე) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;

ვ) სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის (მათ შორის, გვარის კანონიერად აღიარების), ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის (გვარის კანონიერად აღიარების) შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის, ასევე ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა;

ზ) დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სახელის ცვლილების კანონიერად აღიარება;

თ) დაბადებისა და გარდაცვალების პირველადი მოწმობის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ცნობის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია;

ი) დაბადებისა და გარდაცვალების პირველადი მოწმობის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ცნობის ლეგალიზაციისთვის ან აპოსტილით დასამოწმებლად თარგმნა;

კ)  საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა  რეგისტრაცია.

3. სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა.

4. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ორგანოებში მომსახურების მისაღებად (გარდა მზა დოკუმენტების მიღებისა) განმცხადებელი ვალდებულია მოქალაქის პორტალის – my.gov.ge-ს მეშვეობით განახორციელოს მომსახურების მიღების დროისა და ადგილის წინასწარ შეთანხმება (დაჯავშნა). სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება მოქალაქის პორტალზე – my.gov.ge – განხორციელებული ჯავშნის კოდის წარმოდგენის შემდეგ. 

5. დამზადებული დოკუმენტები განმცხადებელს ეგზავნება ფოსტის მეშვეობით, რა დროსაც შესაბამისი მომსახურების ღირებულებას ემატება საფოსტო მომსახურების საფასური 5 ლარის ოდენობით. მომსახურებისთვის დადგენილი ვადების გამოთვლის მიზნებისათვის, დამზადებული დოკუმენტის ფოსტისთვის გადაცემა უთანაბრდება განმცხადებლისთვის მის გადაცემას.

6. ამ მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევა ხორციელდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

7. იმ პირებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან კარანტინში, სააგენტო უფლებამოსილია არ გაუწიოს ადგილზე მომსახურება. სააგენტო უფლებამოსილია გაუწიოს მომსახურება თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ პირებს საამისოდ მნიშვნელოვანი გადაუდებელი ინტერესის არსებობის შემთხვევებში, რისთვისაც გამოიყენებს ყველა შესაძლო ღონეს მომსახურების უსაფრთხოდ მისაწოდებლად.


მუხლი 2. ადგილზე მომსახურება
1. სააგენტო, დაინტერესებული პირის მხრიდან სატელეფონო კომუნიკაციის (ცხელი ხაზი: (032) 2401010) საშუალებით უფლებამოსილია, განცხადების წარმოდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ მისამართზე მომსახურება (ადგილზე მომსახურება), მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირზე პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობის პირველად გაცემა;

ბ) პირზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის პირველად გაცემა, რომელიც ასევე შესაძლებელია განხორციელდეს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ელექტრონული მატარებლის გარეშე) გაცემა;

დ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის გარეშე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის განმეორებით გაცემასთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების განმეორებით გაცემა;

ე) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა  რეგისტრაცია:

ე.ა) როდესაც ეს საჭიროა პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისთვის ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემისთვის;

ე.ბ) როდესაც პირი ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას და არ აქვს აქტიური რეგისტრაცია;

ე.გ) სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საგამონაკლისო შემთხვევებში.

2. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიღებისას ადგილზე მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია, თუ:

ა) განმცხადებელი 70 წლის და მეტი ასაკის პირია;

ბ)  განმცხადებელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს მიერ ადგილზე მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.


მუხლი 3. დამატებით გასატარებელი ღონისძიებები
1. სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ტარდება ზეპირი მოსმენის გარეშე ან, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, ზეპირი მოსმენით, რომელიც გაიმართება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

2. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის სხდომები გაიმართება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.


მუხლი 4. ქორწინების რეგისტრაციის დროებითი წესი
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედებამდე სააგენტო ქორწინების რეგისტრაციას ახორციელებს სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და ადგილზე მომსახურების (შენობის გარეთ მომსახურება) გარეშე.

მუხლი 5. ბრძანების ამოქმედება
1. ეს ბრძანება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა, მოქმედებს 2020 წლის 15 ივლისამდე  და ვრცელდება 2020 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს:

ა) თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ – 2020 წლის 29 მაისიდან;

ბ) ქ. თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ – 2020 წლის 31 მაისიდან.



საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი