ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 26/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017005
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
74
23/05/2020
ვებგვერდი, 23/05/2020
140130000.22.034.017005
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (23/07/2020 - 20/08/2020)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №74

2020 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე და 25-ე მუხლების, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45​3 მუხლის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების, „ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის № 529 განკარგულების მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-7 პუნქტის,  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესები თანდართული სახით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №21 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 24/03/2020, 040030000.22.034.016954);

ბ) „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 აპრილის №26 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 02/04/2020, 140130000.22.034.016958).

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური




ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესები

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1

1. საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ამ ბრძანების შესაბამისად, დადგინდეს საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფასა და საერთაშორისო დაცვისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

2. ამ ბრძანების შესაბამისად, თავშესაფრის პროცედურის საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესებით აღსრულების მიუხედავად გარანტირებულ იქნება საქართველოში მყოფი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა და ამ საფუძველზე, არგაძევების პრინციპი საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

თავი II. მომსახურების უზრუნველყოფა

მუხლი 2. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 ივნისის ბრძანება №76 - ვებგვერდი, 02.06.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივლისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 24.07.2020წ.
 

მუხლი 3

1. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი (სამმართველო) შესაბამისი განცხადებების მიღებას/სერვისების მიწოდებას განახორციელებს:

ა) სატელეფონო ნომერზე – 2 41 42 42 მიღებული ზარების მეშვეობით;

ბ) ელექტრონულ ფოსტაზე – patrolinfo@mia.gov.ge მიღებული წერილების/განცხადებების მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით შეტყობინების მიღების შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სერვისის მიწოდების მიზნით, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის (სამმართველო) შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია პირთან კომუნიკაცია განახორციელოს ვიდეო ზარის მეშვეობით.

მუხლი 4

1. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) მიერ:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის განაცხადის მიღება განხორციელდეს დეპარტამენტის ცხელ ხაზზე – „125“  მიღებული ზარების მეშვეობით;

ბ) შემოსულ განაცხადებზე სათანადო რეაგირება განხორციელდეს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების აღკვეთასა და პრევენციასთან დაკავშირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით.

2. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის  დაცვითი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ’’ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 3 ოქტომბრის N2481030 ბრძანების შესაბამისად, დამკვეთის სათანადო მომართვის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს დაცვითი-ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობით დადებული, დაცვითი-ტექნიკური საშუალებებით მომსახურების ხელშეკრულების მოქმედება. აღნიშნული წესი აგრეთვე ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ხელშეკრულების გაფორმებიდან არ არის გასული ერთი წელი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამკვეთი თავისუფლდება შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან.

მუხლი 5

1. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ 2020 წლის 23 მაისიდან, 2020 წლის 25 მაისამდე, შეჩერებულ იქნას „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27​​​1 მუხლით გათვალისწინებული გამოცდების მიღება და ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია და ხელახალი რეგისტრაცია (შეძენის ნებართვების გაცემა), გარდა იარაღის ჯილდოდ გადაცემის ან/და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილების მე-3 მუხლის მე-5, მე-15, მე-16 პუნქტებით და „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის  №164 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციისა.

2. 2020 წლის 23 მაისიდან, 2020 წლის 25 მაისამდე, იარაღის შეძენის ნებართვის მქონე პირის მიერ, იარაღის შენახვის ადგილად სარეგისტრაციო ჩანაწერებში მითითებული პირად საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის გასხვისების შემთხვევაში, იარაღის მესაკუთრე უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაიტანოს იარაღი რეგისტრაციის ადგილიდან ახალ საცხოვრებელ ადგილამდე შემდეგი წესის  დაცვით: 

ა) დაინტერესებული პირი აგზავნის სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე:  chancellery@sa.gov.ge განცხადებას (განცხადებაში ასახული უნდა იქნეს: განმცხადებლის/დაინტერესებული პირის მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი; გადასატანი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი, გადასატანი იარაღის მოდელი, იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერი, გადატანის ზუსტი თარიღი/საათი; გადატანის მარშრუტი (მარშრუტის დაწყების და დანიშნულების ადგილის ზუსტი მისამართი); იმ სატრანსპორტო საშუალების მონაცემები – მარკა/მოდელი/რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) რომლითაც განხორციელდება იარაღის გადატანა) და თანდართულ დოკუმენტებს (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი, ახალი საცხოვრებელი/რეგისტრაციის ადგილის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);

ბ) სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე უფლებამოსილია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტების გადამოწმების/შესწავლის შემდგომ, დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მითითებულ ან/და სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე. სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ატყობინებს დაინტერესებულ პირს იარაღის გადატანის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილებას;

გ) იარაღის გადატანის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების შესახებ სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: ushba@mia.gov.ge; და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე: 8451 ან/და 577773033.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით და „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის № 21 ბრძანების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით სარგებლობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი ვალდებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის მიზნით (იარაღის რეგისტრაციისთვის) მიმართოს სააგენტოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვების მოხსნიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულის განუხორციელებლობა ჩაითვლება იარაღის რეგისტრაციის წესების დარღვევად.

მუხლი 6

1. სააგენტოს მიერ 2020 წლის პირველ ივნისამდე შეჩერებული იქნას სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება, გარდა საბაჟო კონტროლის ზონაში და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე მომსახურების გაწევისა.

2. სააგენტოში 2020 წლის 27 მარტის მდგომარეობით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე9“ და „ე10“ ქვეპუნქტებით, ასევე ამავე მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა და „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შენახულ/დაჯავშნილ სარეგისტრაციო ნომრებზე (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) აღდგენილ იქნას მომსახურების დარჩენილი ვადა/დღეები 2020 წლის 23 მაისიდან. პირი უფლებამოსილია ისარგებლოს აღდგენილი დარჩენილი მომსახურების დღეებით და დამატებით 7 კალენდარული დღით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული:

ა) მომსახურება გათავისუფლებულ იქნას „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებული მომსახურების საფასურისაგან.

ბ) სააგენტოს მიერ დადგენილი საშეღავათო მომსახურების დღეებით სარგებლობისას პირები, თავისუფლდებიან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფასურისგან 2020 წლის 27 მარტიდან 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით.

გ) მომსახურების დროს პირის მიერ გადახდილი მომსახურების თანხა არ ბრუნდება.

დ) საგამონაკლისო წესის გარდა სხვა შემთხვევები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-6 პუნქტით დადგენილი შიდა ტრანზიტით სარგებლობისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო ვადაგადაცილებულ დღეებზე გადასახდელი მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლდეს დაინტერესებული პირი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე გაცემული შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრამდე. აღნიშნული საგამონაკლისო დათქმა არ ეხება შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში განსაზღვრულ საფასურის გადახდის წესს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისას, თუ დაინტერესებულმა პირმა შიდა ტრანზიტის სარგებლობის თავდაპირველი მოთხოვნის ვადისგან განსხვავებული ვადით ისარგებლა, დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს შიდა ტრანზიტის სარგებლობის ყოველ სრულ დღეზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასური მაგრამ არა უმეტეს 90 ლარისა.

მუხლი 7

1. სააგენტოში 2020 წლის 25 მაისიდან განახლდეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდების მიღება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონულად ჯავშნის რიგში  რეგისტრირებული პირებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგში ადგილის ხელახალი დაჯავშნის გარეშე ერთჯერადად.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდების მიღება განხორციელდეს 2020 წლის 31 მაისიდან.

3. 2020 წლის 18 მაისიდან 2020 წლის 22 ივნისამდე სააგენტო უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მომსახურების გაწევას იმ მძღოლობის კანდიდატებისთვის, რომელთაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა ჩააბარეს და დადებითი შეფასების მოქმედების პერიოდი 2020 წლის 19 მარტისთვის არ იყო გასული, შემდეგი წესით:

ა) მძღოლობის კანდიდატი, ვალდებულია მიმართოს სააგენტოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების მიზნით 2020 წლის 18 მაისიდან, არაუგვიანეს 2020 წლის 22 ივნისისა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების დარჩენილი აღდგენილი პერიოდის/დღეების ფარგლებში;

ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების მოქმედების პერიოდი/დღეები აღდგება მძღოლობის კანდიდატის სააგენტოსთვის მიმართვისთანავე. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების დაჩენილი აღდგენილი  პერიოდი/დღეები 2020 წლის 22 ივნისის შემდგომ უქმდება და პირი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვების მიზნით ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით, მძღოლობის კანდიდატის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთ დაშვებას, რომელიც მოიცავს ამავე კანდიდატის 2020 წლის 19 მარტამდე დაშვების ოდენობასაც, გარდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. ამ მუხლის  პირველ და მე-2 პუნქტით განსაზღვრულ წესზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი.

5. მძღოლობის კანდიდატს, რომელსაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდაზე გასვლისთვის  არ ესაჭიროება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარება 2020 წლის 25 მაისიდან უფლებამოსილია გამოცხადდეს სააგენტოში  სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდაზე გასვლის მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 ივნისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 11.06.2020წ.

მუხლი 8

1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკების შემცირებამდე, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირს ან საქართველოს მოქალაქეს,  რომელსაც  2020 წლის 1 მარტიდან ეწურება „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებული წესის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის ერთწლიანი ვადა, მიეცეთ უფლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში მიუხედავად ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე  პირი ან საქართველოს მოქალაქე სარგებლობს იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობას აქვს მოქმედების ვადა.

3. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს ვებგვერდზე დაინტერესებული პირის (ავტორიზებული პირი) რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია სააგენტოს ცხელი ხაზის  12 72 ან 2 41 91 91 მეშვეობით. აღნიშნული მიზნისათვის, სააგენტოს უფლებამოსილ მოსამსახურეს დაინტერესებული პირი აწვდის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, მართვის მოწმობის ნომერი ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი ასეთის არსებობის შემთხვევაში. სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე უზრუნველყოფს პირის შესახებ არსებული მონაცემების გადამოწმებას, რომლის შესაბამისობის შემთხვევაში უქმდება სააგენტოს ვებგვერდზე რეგისტრაცია.

მუხლი 9

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაავალოს სააგენტოს გაუწიოს დაინტერესებულ პირს ამ ბრძანებით შეჩერებული მომსახურებები.

თავი III. საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა

მუხლი 10

სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ თავშესაფრის პროცედურის აღსრულებისას:

ა) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და ცნობის მოქმედების ვადის გაგრძელება უზრუნველყოფილ იქნას დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული ფოსტის − dipi@mia.gov.ge მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ან თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და ცნობის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია განხორციელდეს არადისტანციურად, ვიზიტის წინასწარ, ელექტრონულ ფოსტაზე − dipi@mia.gov.ge, დაჯავშნის მეშვეობით;

ბ) ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების აღკვეთასა და პრევენციასთან დაკავშირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და სხვა საამისოდ უფლებამოსილი უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მოთხოვნათა დაცვით განხორციელდეს კანონის:

ბ.ა) 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ანკეტირების გასაუბრების პროცედურა;

ბ.ბ) 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გასაუბრების პროცედურა;

ბ.გ) 53-ე მუხლით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურები;

ბ.დ) 55-ე მუხლით განსაზღვრული წარმოებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურები;

ბ.ე) 42-ე მუხლით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერების, შეწყვეტისა და განახლების პროცედურები;

გ) კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი თითის ანაბეჭდების აღების პროცედურა და „თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №33 ბრძანებით დამტკიცებული თავშესაფრის პროცედურის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი ფოტოსურათის გადაღების პროცედურა განხორციელდეს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ანკეტირების გასაუბრების პროცედურის დაწყებამდე;

დ) უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საერთაშორისო დაცვის საკითხებზე კონსულტაცია განხორციელდეს სატელეფონო ნომერზე 598 08 00 97 მიღებული ზარების მეშვეობით;

ე) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებელს გაეგზავნოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, საქართველოს ფოსტის მეშვეობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 8 ივნისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 09.06.2020წ.

მუხლი 11

1. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ შეჩერდეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის:

ა) 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმავე კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების მიზნით სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა;

ბ) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვის ვადები. აღნიშნული ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს 1 აგვისტოდან;

გ) 53-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით საქართველოდან გასაძევებელი უცხოელისათვის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების წარდგენა;

დ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადის დინება;

ე) (ამოღებულია - 23.07.2020, №101).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოდან გაძევების მიზნით სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსებულ უცხოელებზე. აგრეთვე, იმ ქვეყნის მოქალაქეზე რომელთანაც საქართველოს აქვს სახელმწიფო სახმელეთო საზღვარი და არსებობს სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტირების შესაძლებლობა.

3. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უცხოელის დაკავება განხორციელდეს მხოლოდ 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, ასევე 61 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

31. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უცხოელის დაკავება 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის მიმღებ სახელმწიფოსთან არსებობს საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო ან/და საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა.

4. (ამოღებულია - 23.07.2020, №101).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 16.07.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივლისის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 24.07.2020წ.

მუხლი 12

1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე, შეიზღუდოს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრსა (სამმართველო) და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ განყოფილებაში (ცენტრი) (შემდგომში - ცენტრი) მოთავსებულ უცხოელთან ვიზიტორთა დაშვება.

2. ცენტრებში მოთავსებულ უცხოელთან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, დიპლომატიური მისიისა და უფლებამოსილი საერთაშორისო/არასამთავრობო  ორგანიზაციების წარმომადგენელთა და კანონიერი წარმომადგენლის/ინტერესების დამცველის დაშვება განხორციელდეს ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების აღკვეთასა და პრევენციასთან დაკავშირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და სხვა საამისოდ უფლებამოსილი უწყების/უწყებების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მოთხოვნათა დაცვით.

3. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, უზრუნველყოს დამატებითი ღონისძიებების გატარება ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით.

მუხლი 13

1. იმ უცხოელს, რომლის მიმართაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე და 2020 წლის 14 მარტამდე არ ამოწურვია იმავე კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის გადაწყვეტილების ფარგლებში მინიჭებული ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული ნებაყოფლობითი ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს 2020 წლის 1 აგვისტოდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც, 2020 წლის 14 მარტისთვის ამოწურული ჰქონდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობითი დატოვების ვადა და არ დატოვა საქართველოს ტერიტორია, იმავე კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს 2020 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივლისის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 24.07.2020წ.

თავი IV. სამუშაო რეჟიმი

მუხლი 14

სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, უფლებამოსილია კურატორი მინისტრის მოადგილესთან (არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამუშაო დღეები, სამუშაო დრო და მოსამსახურეთა სამუშაო გრაფიკი.


15. 25/07/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 49 - ვებგვერდი, 26/07/2023 14. 18/03/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 19 - ვებგვერდი, 19/03/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 11/02/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 6 - ვებგვერდი, 11/02/2021 12. 05/02/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 5 - ვებგვერდი, 08/02/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 30/12/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 182 - ვებგვერდი, 30/12/2020 10. 16/12/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 175 - ვებგვერდი, 18/12/2020 9. 11/12/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 172 - ვებგვერდი, 14/12/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 18/09/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 132 - ვებგვერდი, 18/09/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 20/08/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 122 - ვებგვერდი, 21/08/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 23/07/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 102 - ვებგვერდი, 24/07/2020 5. 23/07/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 101 - ვებგვერდი, 24/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 16/07/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 98 - ვებგვერდი, 16/07/2020 3. 11/06/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 83 - ვებგვერდი, 11/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 08/06/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 81 - ვებგვერდი, 09/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 02/06/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 76 - ვებგვერდი, 02/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას