საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 321
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2020
ძალაში შესვლის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 430090000.10.003.022033
321
22/05/2020
ვებგვერდი, 22/05/2020
430090000.10.003.022033
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №321 

2020 წლის 22 მაისი

   ქ. თბილისი

 

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესი განხორციელდეს შემდეგი წესით:

ა) სასწავლო პროცესი წარიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის – განათლების მიერ შექმნილი „ტელესკოლის“ (შემდგომში – „ტელესკოლა“), დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით;

ბ) თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური/ელექტრონული ფორმით მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდება „ტელესკოლის“ ან/და ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის  შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, დამრიგებელი, საგნის მასწავლებელი ვალდებულნი არიან, მოსწავლეს/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდონ ინფორმაცია  „ტელესკოლის“, ასევე ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის  შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების შესახებ;

დ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე „ტელესკოლაში“ ტექნიკური პრობლემების გამო არ/ვერ შეძლებს ჩართვას ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინსწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს  მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება. ამ მიზნის მისაღწევად საგნის მასწავლებელი იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას,  მათ შორის,  სატელეფონო კომუნიკაციას. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელთან, საგნის მასწავლებელსა და სკოლის სხვა სპეციალისტებთან;

ე) სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულნი არიან,  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, სისტემატური კომუნიკაციის ფარგლებში, რეკომენდაცია გაუწიონ სახლის პირობებში მეცადინეობის, საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების გამოყენების შესახებ და მიიღონ უკუკავშირი;

ვ) სამინისტროს სისტემაში არსებული რესურსსკოლები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახორციელებენ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესს, ვალდებულნი არიან, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მისცენ სახლის პირობებში მოსწავლესთან მუშაობის რეკომენდაციები და მიიღონ უკუკავშირი;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი/ექთანი, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს  კომუნიკაციას დამრიგებლებთან. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში,  უკავშირდება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს მკურნალობის პროცესის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან მოსწავლის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებაზე და ამის შესახებ აცნობებს სკოლის დირექტორს;

თ) სსიპ − ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლაში:

თ.ა) სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

თ.ბ) სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს აუცილებელი პერსონალის მონაწილეობით, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სპეციალური განრიგითა და პირობებით აგრძელებს მუშაობას. სააღმზრდელო პროცესში დამატებით გამოიყენება დისტანციური მომსახურებები;

ი) პენიტენციურ დაწესებულებებში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება დისტანციურად, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ განსაზღვრული პირობებით;

კ)  თავშესაფრის მაძიებლებისთვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება განხორციელდეს დისტანციური ფორმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ჩართულობით;

ლ) მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელსა და საგნის/სპეციალურ მასწავლებელთან;   

მ) სსიპ − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს:

მ.ა) საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროსთან შეთანხმებით,  მანდატურების საქმიანობის განსაზღვრას;

მ.ბ) ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგების ჩართულობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის 24-საათიან ფსიქოლოგიურ მომსახურებას;

ნ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ხორციელდება ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით.  ამ მიზნით:

ნ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების (სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა) საქმიანობა განხორციელდეს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა);

ნ.ბ) სკოლის არჩევითი ორგანოების დაკომპლექტების ან გამოკლებული წევრის შევსების მიზნით არჩევნების ჩატარება განხორციელდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით იმ შემთხვევაში, თუ კოლეგიური ორგანოს დაკომპლექტება/წევრის არჩევა 2020 წლის 23 მაისიდან მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე არსებითია საგანმანათლებლო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის;

ო) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულმა სხვა პირებმა გააგრძელონ  საქმიანობა დისტანციურ რეჟიმში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით;

პ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომელიც დისტანციური სწავლების პერიოდში სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმით წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს;

ჟ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს დაევალოთ სამინისტროს მიერ გაცემული დავალების/რეკომენდაციის გავრცელება და შესრულება, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება;

რ) ამ პუნქტით გათვალისწინებული ფორმით სასწავლო პროცესის წარმართვის პერიოდში მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2. 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესი განხორციელდეს შემდეგი წესით:

ა) სასწავლო პროცესი წარიმართოს დისტანციურ რეჟიმში, ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).

შენიშვნა: დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით განხორციელებული სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდებულია, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა იხელმძღვანელონ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით, თითოეულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უზრუნველყოს ელექტრონული სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევა და გამართულად გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა;

გ) უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ  უზრუნველყოს დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობა, ელექტრონული სწავლების შერჩეული აპლიკაციის/პლატფორმის გამოყენების გზით;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმების საფუძველზე შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებული გამოცდები წარმართოს არადისტანციური ფორმით;

ე) ამ პუნქტით დადგენილი წესით სწავლის წარმართვის პროცესში სტუდენტებთან კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს მათი საჭიროებების გათვალისწინებითა და მათი პირადი სივრცის პატივისცემის პრინციპის დაცვით;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით განხორციელების მიზნით,  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების საქმიანობა (მათ შორის, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს, სტუდენტთა თვითმმართველობების, სადისერტაციო საბჭოებისა და სხვა) განხორციელდეს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა);

ზ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ყველა პირი აგრძელებს მუშაობას დისტანციურ რეჟიმში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით;

თ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი;

ი) ამ პუნქტით გათვალისწინებული ფორმით სწავლის წარმართვის პერიოდში სტუდენტთა პერსონალური მონაცემების დაცვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 23 მაისიდან. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია