„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016361
11
22/04/2020
ვებგვერდი, 29/04/2020
300280020.16.009.016361
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება   №11

2020 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების  საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი  ეროვნული კომისიის   2014 წლის 17 აპრილის №10  დადგენილებით  დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ჰ36 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ36) მიერთების მოდიფიკაცია – მოსარგებლის მიერ  გადამცემ ქსელთან მიერთების სიმძლავრის გაზრდა, სარეზერვო კვების მოთხოვნა, მიერთების წერტილის შეცვლა, ქსელის ელემენტის ან კონფიგურაციის ცვლილება, ქვესადგურის სქემის ცვლილება, რაც იწვევს (ან შეიძლება გამოიწვიოს) გადამცემ ქსელზე ისეთ ზეგავლენას, რომლისთვისაც აუცილებელია ახალი ტექნიკური პირობის დადგენა ქსელის მფლობელის მიერ;“

ბ) ჰ43 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ43) ტექნიკური პირობა – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს განმცხადებლის ელექტრულ ქსელთან მიერთების ან მიერთების მოდიფიკაციისთვის საჭირო სამუშაოებსა და პირობებს;“

გ) „ჰ56“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ57“ ქვეპუნქტი:

„ჰ57) გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენა – გადამცემ ქსელთან 1998 წლის შემდეგ მიერთებული ობიექტის ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ინტეგრირებისთვის აუცილებელი გადამცემი ქსელის ელემენტების, მათ შორის, ელექტრომოწყობილობა-დანადგარების იმავე პარამეტრებითა და პირობებით აღდგენა, რაც შესაბამისი ობიექტის მიერთების ტექნიკურ დოკუმენტშია (ტექნიკური პირობა, ტექნიკური გეგმა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრა მიერთებისთვის საჭირო სამუშაოები და პირობები) ასახული.

2. მე-7 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების წესები და მოთხოვნები, გარდა ამ წესების 272 მუხლის მე-4 პუნქტისა და 278 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ვრცელდება მხოლოდ იმ ობიექტის  გადამცემ ქსელთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობებით არ ხდებოდა მისი ელექტროენერგიით მომარაგება, ხოლო ელექტროსადგურის შემთხვევაში არ ხდებოდა ელექტროენერგიის ქსელში მიწოდება.“.

3.  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განმცხადებელი ვალდებულია, მიერთების განაცხადი შევსებული სახით წარუდგინოს იმ გადაცემის ლიცენზიატს, რომლის კუთვნილ გადამცემ ქსელთანაც უნდა მოხდეს მიერთება.“.

4.  27-ე მუხლის შემდეგ დაემატოს თავი II1 შემდეგი შინაარსით:

„თავი II1. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის წესი

მუხლი 271. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის ზოგადი პირობები

1. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის წესი (შემდგომში – მიერთების მოდიფიკაციის წესი) განსაზღვრავს გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციისა და ქსელით სარგებლობის ძირითად ტექნიკურ-ორგანიზაციულ პირობებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის, გადაცემის ლიცენზიატისთვის და განმცხადებლისთვის.

2. მიერთების მოდიფიკაციის წესის მიზანია, უზრუნველყოს გადამცემი ქსელისა და ამ ქსელთან მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების საიმედო და უსაფრთხო ექსპლუატაცია და ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილური მუშაობა მისი შეცვლილი გარემოებებისადმი, მიერთების ტექნიკური პირობის მოთხოვნებისა და პარამეტრებისადმი ცვლილება/მისადაგების გზით;

3.  მიერთების მოდიფიკაციის წესის ამოცანებია:

ა) განმცხადებლის   გადამცემ     ქსელთან     მიერთების მოდიფიკაციის  სამართლიანი და არადისკრიმინაციული წესებისა და სტანდარტების განსაზღვრა;

ბ) მიერთების მოდიფიკაციის წერტილებში გადამცემი ქსელის ნორმალური ფუნქციონირების პირობებისა და პარამეტრების განსაზღვრა;

გ) გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის ტექნიკური გადაწყვეტისა და ექსპლუატაციის კრიტერიუმების განსაზღვრა ეკონომიკური მიზანშეწონილობის (უმცირესი ღირებულების პრინციპის) გათვალისწინებით.

მუხლი 272. ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის ძირითადი  მოთხოვნები

1. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის წესები და მოთხოვნები ვრცელდება იმ ობიექტის გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციაზე, რომელიც უკვე არის მიერთებული ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან და ხდება ქსელთან მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ტექნიკური მახასიათებლების შეცვლა (გაუმჯობესება) ან ახლის დამატება, კერძოდ:

ა) ქვესადგურის სქემის ცვლილება;

ბ) გადამცემ ქსელთან მიერთების სიმძლავრის გაზრდა;

გ) სარეზერვო კვების მოთხოვნა ან მიერთების წერტილის შეცვლა;

დ) ქსელის ელემენტის ან კონფიგურაციის ცვლილება.

2. განმცხადებელმა, რომელსაც სურს გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაცია, ამ წესების 273 მუხლით გათვალისწინებული განაცხადით უნდა მიმართოს გადაცემის შესაბამის ლიცენზიატს (რომლის ქსელთან არსებული მიერთების მოდიფიკაციაც სურს განმცხადებელს) და გააფორმოს მიერთების მოდიფიკაციის ხელშეკრულება დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებთან.

3. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაცია ხორციელდება ორ ეტაპად:

ა) გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის პირველი ეტაპი მოიცავს განმცხადებლის მხრიდან ამ წესების 273 მუხლის შესაბამისად, გადაცემის ლიცენზიატისთვის განაცხადისა და წინამდებარე წესებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენას, გადაცემის ლიცენზიატის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან აღნიშნული დოკუმენტაციის შეთანხმებასა და განმცხადებლისათვის მიერთების მოდიფიკაციის შეთავაზების წარდგენას;

ბ) გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის მეორე ეტაპი მოიცავს გადაცემის ლიცენზიატს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და განმცხადებელს შორის მიერთების მოდიფიკაციის ხელშეკრულების ხელმოწერას, მიერთების მოდიფიკაციის ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას შესაბამისი მხარეების მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანადგარების ტესტირების წარმატებით დასრულებასა და საექსპლუატაციოდ მომზადებას.

4. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაცია ხორციელდება მაშინ, როდესაც ობიექტი გადამცემ ქსელთან მიერთებულია გადაცემის ლიცენზიატის ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის ან გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურში უჯრედის მოწყობის გზით. გადაცემის ლიცენზიატის ელექტროგადამცემ ხაზზე განშტოებით მიერთების მოდიფიკაციის აუცილებლობის შემთხვევაში, მოდიფიკაციის მსურველი ვალდებულია, წარუდგინოს გადაცემის ლიცენზიატს ახალი მიერთების განაცხადი და მიერთება განახორციელოს ამ წესების მე-7 მუხლით დადგენილი ერთ-ერთი სტანდარტული ვარიანტისა  და პირობების მიხედვით.

5. განმცხადებლის ელექტროგადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაცია უნდა განხორციელდეს მიერთების მოდიფიკაციის ხელშეკრულებაში მითითებულ მიერთების მოდიფიკაციის უზრუნველყოფის ვადაში, რომელიც განისაზღვრება მხარეთა მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე.

მუხლი 273. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის განაცხადი

1. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის (შემდგომში – მიერთების მოდიფიკაციის განაცხადი) ფორმას შეიმუშავებს დისპეტჩერიზაციის ლიცნზიატი და წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დასამტკიცებლად. მიერთების მოდიფიკაციის განაცხადში მოცემული უნდა იყოს შემდეგი გაინფორმაცია:

ა) განმცხადებლის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საბანკო რეკვიზიტები, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) ტექნიკური ინფორმაციის მისაღებად განმცხადებლის მიერ გამოყოფილი პირის საკონტაქტო მონაცემები;

გ)  გადამცემ  ქსელთან მიერთებული  ობიექტის  (რომლის  მიერთების მოდიფიკაციაც ხორციელდება) დასახელება, გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) კოორდინატები;

დ) ობიექტის საქმიანობის ტიპი (სფერო);

ე) მიერთების მოდიფიკაციის არსი;

ვ) მოთხოვნილი სრული (არსებულის გათვალისწინებით) აქტიური სიმძლავრე - სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში;

ზ) განმცხადებლის ობიექტის მიერთების მოდიფიკაციის უზრუნველყოფის

სავარაუდო თარიღი;

თ) ობიექტის მისაერთებელი ნომინალური ძაბვის სავარაუდო საფეხური;

ი) სამოდიფიკაციო ობიექტის:

ი.ა) მაქსიმალური არსებული აქტიური დატვირთვა;

ი.ბ) სიმძლავრის კოეფიციენტის მნიშვნელობა.

კ) განმცხადებლის ობიექტზე მოწყობილობა/დანადგარების მოდიფიკაციის შემთხვევაში:

კ.ა) ელემენტის დასახელება;

კ.ბ) ელემენტის მახასიათებელი ნომინალური პარამეტრები;

ლ) დამატებითი ინფორმაციის გრაფა.

მ) განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში – ასევე ალტერნატიული ელექტრომომარაგების აუცილებლობა, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის პრევენციისთვის.

2. მიერთების მოდიფიკაციის განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.

3. მიერთების მოდიფიკაციის განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში ობიექტის დღე-ღამური (საათობრივი) ან/და სახასიათო დატვირთვის გრაფიკი;

ბ) ელექტრული ცალხაზოვანი სქემა, ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ელექტრული პარამეტრების მითითებით.

4. განმცხადებელი ვალდებულია, სრულყოფილად შეავსოს მიერთების მოდიფიკაციის განაცხადი დამტკიცებული ფორმის შესაბამისად და წარუდგინოს იმ გადაცემის ლიცენზიატს, რომლის კუთვნილ გადამცემ ქსელთან უნდა მოხდეს არსებული მიერთების მოდიფიკაცია.

5. ამ წესების 276 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოდიფიკაციის პირველი ეტაპის საფასურს განმცხადებელი იხდის მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის შეტანისას.

მუხლი 274. მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის განხილვა

1. მიერთების მოდიფიკაციის პირველი ეტაპი იწყება განმცხადებლის მიერ გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის ელექტროენერგიის გადაცემის შესაბამის ლიცენზიატთან რეგისტრაციით.

2. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გადაამოწმოს წარმოდგენილი განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობა ამ წესების მოთხოვნებთან (მათ შორის, მოიცავს თუ არა განაცხადი ამ წესების 273 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, გადახდილია თუ არა მიერთების მოდიფიკაციის პირველი ეტაპის საფასური და ა.შ.). ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი წერილობით აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ და უსაზღვრავს 5 (ხუთი) სამუშაო დღეს ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ ხარვეზი მითითებულ ვადაში არ გამოსწორდა, გადაცემის ლიცენზიატი განმცხადებელს უბრუნებს მიერთების მოდიფიკაციის განაცხადს, თანდართულ დოკუმენტაციას და მიერთების მოდიფიკაციის პირველი ეტაპის საფასურს (თუ იგი გადახდილია განმცხადებლის მიერ). განმცხადებლის მიერ გადაცემის ლიცენზიატისთვის განაცხადის  განმეორებით წარდგენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი ხელახალი რეგისტრაცია. შესაბამისად, მიერთების მოდიფიკაციის უზრუნველყოფის პერიოდის ათვლა იწყება თავიდან.

3. განმცხადებლის მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოსწორების შემთხვევაში, მიერთების მოდიფიკაციის უზრუნველყოფის პერიოდში არ ჩაითვლება როგორც გადაცემის ლიცენზიატის მიერ განმცხადებლისათვის მიცემული ხარვეზის გამოსწორების ვადა, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიერთების მოდიფიკაციის განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შემოწმების ვადა.

4. თუ მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში განმცხადებელს არ ეცნობება ხარვეზის თაობაზე, მიერთების მოდიფიკაციის განაცხადი მიღებულად ითვლება.

5. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიერთების მოდიფიკაციის განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის ვადა (მიერთების მოდიფიკაციის პირველი ეტაპი) განისაზღვრება 35 სამუშაო დღით.

6. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის წარმოებაში მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში არსებითად განიხილოს იგი და შესაბამისი ტექნიკური პირობის პროექტი გადაუგზავნოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. გადაცემის ლიცენზიატის მიერ მომზადებული ტექნიკური პირობის პროექტში ასახული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:

ა) მიერთების მოდიფიკაციის წერტილი და ძაბვის საფეხური;

ბ) მიერთების მოდიფიკაციის სქემა, არსებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციით ან ახლის დამატებით;

გ)  აღრიცხვის უჯრედ(ებ)ის მოწყობის პირობები;

დ) ძალოვანი მოწყობილობების მოწყობის პირობები.

7. მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის განხილვისას, თუ გამოიკვეთება, რომ მოთხოვნილი ცვლილებები არ საჭიროებს ქსელთან მიერთების მოდიფიკაციას, მოდიფიკაციის პროცედურა წყდება, გადახდილი პირველი ეტაპის საფასური განმცხადებელს სრულად უბრუნდება უკან (10 სამუშაო დღის ვადაში), ხოლო მოთხოვნილი ცვლილებების განხორციელებაზე თანხმობა წარედგინება განმცხადებელს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წერილით.

8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, 20 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს მიერთების მოდიფიკაციის განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე გადაცემის ლიცენზიატის მიერ მომზადებული ტექნიკური პირობის პროექტი და ტექნიკური პირობის საბოლოო რედაქცია (დადებითი გადაწყვეტილება) ან უარი მიერთების მოდიფიკაციაზე (უარყოფითი გადაწყვეტილება). მიერთების მოდიფიკაციაზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ამ წესების 91  მუხლით განსაზღვრულ გადამცემ ქსელთან მიერთების მოთხოვნაზე უარის თქმის ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს.

9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისგან გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატმა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში განმცხადებელს უნდა გაუგზავნოს მიერთების მოდიფიკაციის შეთავაზება ან დასაბუთებული უარი მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის დაკმაყოფილებაზე.

10. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის პირველი ეტაპი სრულდება გადაცემის ლიცენზიატის მიერ განმცხადებლისათვის გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის შეთავაზების წარდგენით (რომელიც მოიცავს ამ წესების 274 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს) ან დასაბუთებული უარით მიერთების მოდიფიკაციაზე.

11. მიერთების მოდიფიკაციის უზრუნველყოფის პირველი ეტაპის ვადის გაშვება არ ათავისუფლებს ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს მიერთების მოდიფიკაციის შეთავაზების ან დასაბუთებული უარის წარდგენის ვალდებულებისგან.

12. მიუხედავად იმისა, დაეთანხმება თუ არა განმცხადებელი გადაცემის ლიცენზიატის მიერ წარდგენილ მიერთების მოდიფიკაციის შეთავაზებას ან უარს, გადახდილი პირველი ეტაპის მიერთების საფასური განმცხადებელს უკან არ უბრუნდება.

13. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის უარის შესახებ შეტყობინება ყველა თანდართული დოკუმენტით ასევე გაუგზავნოს კომისიას, რომელიც თავის მხრივ, ამოწმებს უარის  დასაბუთებულობას და, შემოწმების შედეგების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ატყობინებს გადაცემის ლიცენზიატსა და განმცხადებელს.

მუხლი 275. შეთავაზება მიერთების მოდიფიკაციის შესახებ

1.  შეთავაზება მიერთების მოდიფიკაციის შესახებ უნდა მოიცავდეს:

ა) ტექნიკურ პირობას, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ წესების 111 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს;

ბ) მიერთების მოდიფიკაციის სავარაუდო თარიღს;

გ) მიერთების მოდიფიკაციის ხელშეკრულების პროექტს;

2. მიერთების მოდიფიკაციის თაობაზე ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ შეთავაზებიდან 1 თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთავაზება (ასევე - ტექნიკური პირობა) ავტომატურად უქმდება. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.

3. გადაცემის ლიცენზიატის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი დგინდება მხარეთა შორის გაფორმებული მიერთების მოდიფიკაციის ხელშეკრულებით, რომელიც დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.

მუხლი 276. მიერთების მოდიფიკაციის საფასური

1. გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის პირველი ეტაპის საფასური განისაზღვრება 2500 ლარით დღგ-ის ჩათვლით და გადაიხდება ამ წესების 273 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

2. მიერთების მოდიფიკაციის მეორე ეტაპის საფასურის გადახდა ხდება შესაბამისი ლიცენზიატის მიერ 275 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიერთების მოდიფიკაციის სამუშაოების შესრულების შემდეგ, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მიერთების მეორე ეტაპის საფასური განისაზღვრება ლიცენზიატის მიერ მიერთების მოდიფიკაციის მიზნით გაწეული მომსახურების ღირებულებით, რაც დადასტურებულ უნდა იქნეს აუდიტორული დასკვნით.  აუდიტორულ დასკვნას ამზადებს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შერჩეული აუდიტორი.

მუხლი 277. მიერთების მოდიფიკაციის ტექნიკური პროექტის შეთანხმება და ობიექტის საექსპლუატაციოდ მომზადება

1. ობიექტის გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციისას, საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება და ობიექტის საექსპლუატაციოდ მომზადება ხორციელდება იმავე პროცედურებისა და პირობების შესაბამისად, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი მიერთებისას, ამ წესების II თავით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. ელექტროენერგიის  გადამცემ  ქსელთან  მიერთების მოდიფიკაცია, დანადგარების ტესტირებისა და საექსპლუატაციოდ მომზადების ჩათვლით, უნდა განხორციელდეს მიერთების მოდიფიკაციის ხელშეკრულებით განსაზღვრული მიერთების უზურნველყოფის ვადაში.

3. მოდიფიკაციის ფარგლებში შეძენილი/გადაცემული/შექმნილი ქონების საკუთრება განისაზღვრება საბალანსო გაყოფის წერტილის პრინციპით - იმ ელექტრომოწყობილობა-დანადგარის საკუთრებასთან ან/და მფლობელობასთან (მათ შორის ოპერირება, მოვლა-პატრონობა) დაკავშირებული საკითხები, რომელიც მოდიფიკაციის მსურველის მიერ მონტაჟდება გადაცემის ლიცენზიატის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, წესრიგდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

მუხლი 278. გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის პროცედურები და ხელშეკრულება

1. გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის მსურველმა (შემდგომში - მიერთების აღდგენის მსურველი), რომელსაც სურს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენა, აღდგენის მოთხოვნის შესახებ წერილობით უნდა მიმართოს გადაცემის შესაბამის ლიცენზიატს და გააფორმოს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის ხელშეკრულება.

2. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ამ მუხლის შესაბამისად მიერთების აღდგენის შესაძლებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მიერთების  აღდგენის მსურველს.

3. მიერთების აღდგენის მსურველი ვალდებულია, გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის მოთხოვნა წარუდგინოს გადაცემის იმ ლიცენზიატს, რომლის კუთვნილი გადამცემი ქსელის ელემენტები/მოწყობილობები უნდა აღდგეს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან მიერთების აღდგენის მიზნით.

4. გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენა არ ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი ქსელის კონფიგურაცია იმდენად არის შეცვლილი, რომ ობიექტის მიერთების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია ან/და იწვევს ქვესადგურის გაფართოებასთან ან/და გაძლიერებასთან დაკავშირებულ დამატებით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს (დანახარჯებს) ან/და ხელს უშლის/ზღუდავს ქსელთან მიერთებული ობიექტების სრულფასოვან, საიმედო, უსაფრთხო და ხარისხიან ელექტრომომარაგებას. გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატი ვალდებულია, წარუდგინოს მიერთების აღდგენის მსურველს შესაბამისი დასაბუთება. ასეთ შემთხვევაში, მიერთების აღდგენის მსურველი უფლებამოსილია, წარუდგინოს გადაცემის ლიცენზიატს ახალი მიერთების განაცხადი და მიერთება განახორციელოს ამ წესების მე-7 მუხლით დადგენილი პირობებისა და მიერთების შეთავაზების ერთ-ერთი სტანდარტული ვარიანტის შესაბამისად.

5. გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენა ხორციელდება ორ ეტაპად:

ა) პირველი ეტაპი მოიცავს მიერთების აღდგენის მსურველის მხრიდან გადაცემის ლიცენზიატისათვის ქსელთან მიერთების აღდგენის მოთხოვნისა და წინამდებარე წესით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენას, აღნიშნული მოთხოვნის ელექტროენერგიის გადაცემის შესაბამის ლიცენზიატთან რეგისტრაციას, გადაცემის ლიცენზიატის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებას და გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის ხელშეკრულების გაფორმებას;

ბ) მეორე ეტაპი მოიცავს მხარეების მიერ სამუშაოების შესრულებას აღდგენის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

6. გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის მოთხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მიერთების აღდგენის მსურველის დასახელება, მისი სამართლებრივი ფორმა, მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

ბ) აღსადგენი ობიექტის სახელწოდება, მდებარეობა, გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) კოორდინატები; საქმიანობის სფერო, პარამეტრები, ტექნიკური მახასიათებლები.

7. გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის მოთხოვნას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საკადასტრო ნახაზი ან სქემატური გეგმა;

ბ) ხაზის ქსელთან მიერთების და ამ მიერთების პარამეტრების დამადასტურებელი სათანადო ტექნიკური დოკუმენტაცია (მიერთების ტექნიკური პირობა, მიერთების პროექტი, პროექტის შეთანხმების დოკუმენტი), რაც ადასტურებს გადამცემ ქსელთან მიერთების გამართულ ფუნქციონირებას 1998 წლის შემდეგ;

გ) მიერთების ტექნიკური პარამეტრები და სპეციფიკაცია;

დ) შესაძლებლობა, აღდგენილ იქნეს იგივე პარამეტრებით, რომლებიც თანხვედრაშია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

8. გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის მოთხოვნას გადაცემის ლიცენზიატი არსებითად განიხილავს რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში, რის შემდეგაც დაინტერესებულ მხარეს აცნობებს გადაწყვეტილებას. შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატი უზრუნველყოფს მოცემულ ვადაში გადაწყვეტილების შეთანხმებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ან/და მისგან დასაბუთებული მოსაზრებების მიღებას აღდგენის შეუძლებლობის შესახებ.

9. გადაცემის ლიცენზიატის გადაწყვეტილება გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის თაობაზე შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი:

ა) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის საფუძვლები და აუცილებლობა, ამასთანავე არსებული ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, განხორციელდეს გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენა თავდაპირველი სახით, იმავე პარამეტრებითა და პირობებით, გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატი იღებს დადებით გადაწყვეტილებას გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის თაობაზე, ამზადებს გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის ხელშეკრულების პროექტს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და ხელმოსაწერად წარუდგენს მხარეებს. ხელშეკრულებას ხელს აწერენ როგორც შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატი, ასევე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის მსურველი;

ბ)  გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენაზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი დაინტერესებულ მხარეს წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ყველა იმ გარემოებაზე მითითებით, რაც გახდა გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის უარის საფუძველი. გადაწყვეტილებას თან უნდა დაერთოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებსაც განხილვისას დაეყრდნო გადაცემის ლიცენზიატი.

10.  გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის უარის შესახებ შეტყობინება ყველა თანდართული დოკუმენტით ასევე გაუგზავნოს კომისიას, რომელიც, თავის მხრივ, ამოწმებს უარის  დასაბუთებულობას და შემოწმების შედეგების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, ატყობინებს გადაცემის ლიცენზიატსა და მიერთების აღდგენის მსურველს.

11. აღდგენისას სამუშაოები ანაზღაურდება საბალანსო გაყოფის წერტილის შესაბამისად.

12. გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად საკითხებს:

ა) იმ სამუშაოების დეტალურ ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებელია გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის განხორციელებისათვის;

ბ) გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის ხელშეკრულების მოქმედების ვადასა და მისი მოქმედების გაგრძელების შესაძლებლობას;

გ) გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენასთან დაკავშირებულ მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს;

დ) ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების შესაძლებლობას;

ე) მხარეთა პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში;

ვ) ინფორმაციას გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ;

ზ) აღდგენილ ინფრასტრუქტურაზე საკუთრების უფლების საკითხებს (მათ შორის, შესაბამის ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის პროცედურასა და წესს).

13. გადამცემ ქსელთან მიერთების ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ ხელშეკრულების პროექტის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთავაზება ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.

14. იმ ელექტრომოწყობილობა-დანადგარის საკუთრებასთან ან/და მფლობელობასთან (მათ შორის ოპერირება, მოვლა-პატრონობა) დაკავშირებული საკითხები, რომელიც მიერთების აღდგენის მსურველის მიერ მონტაჟდება გადაცემის ლიცენზიატის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, წესრიგდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

მუხლი 2
დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში შეიმუშაოს გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის განაცხადის ფორმა და წარადგინოს კომისიაში მისი დამტკიცების მიზნით.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია