ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020030.10.003.021966
254
17/04/2020
ვებგვერდი, 17/04/2020
190020030.10.003.021966
ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №254

2020 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა“. 

 

მუხლი 2
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების პროგრამიდან   (პროგრამული კოდი: 31 05 18) განხორციელდეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება და აღნიშნული მიზნებისათვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების პროგრამისთვის (პროგრამული კოდი: 31 05 18) გამოყოფილი ასიგნებებიდან   მიიმართოს  5 200 000 ლარი.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა

 


მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანა
1. ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის  (შემდგომში – პროგრამა) მიზანია არასაფურაჟე ხორბლის (შემდგომში – ხორბალი) და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება.

2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს ქვეყანაში ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის  ფქვილის მარაგების შექმნის სტიმულირება.


მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი  
1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო)  და სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.


მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ა) პოტენციური ბენეფიციარი – საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში შეძენილი ან/და იმპორტირებული აქვს არანაკლებ 5 000 ტონა ხორბალი და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება სუბსიდირების შესახებ;

ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია სუბსიდირების ხელშეკრულება;

გ) სუბსიდირების ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული  ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს; 

დ) სუბსიდია – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი  ფულადი სახსრები;

ე) მიმწოდებელი კომპანია – საქართველოს არარეზიდენტი კომპანია, რომლისგანაც პოტენციური ბენეფიციარი წარმოადგენს ხორბლის შესყიდვის შესახებ ინვოისს ან/და ხელშეკრულებას ან/და კომპანია (საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი), რომელიც მოახდენს საქართველოში საბაჟო საწყობში დასაწყობებული ან დროებით შენახული ხორბლის (რომელიც არ არის გაშვებული თავისუფალ მიმოქცევაში) რეალიზაციას (იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო საწყობის პროცედურის განხორციელებისას წარდგენილი საბაჟო  დეკლარაციის/დროებითი შენახვის დეკლარაციის თარიღი წინ არ უსწრებს ამ დადგენილების ამოქმედების თარიღს) და რომლისგანაც პოტენციური ბენეფიციარი წარმოადგენს ხორბლის შესყიდვის შესახებ ინვოისს ან/და ხელშეკრულებას;

ვ) იმპორტი – საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 4. პროგრამის პირობები და შეზღუდვები
1. პროგრამა ითვალისწინებს  პოტენციური ბენეფიციარებისათვის საქართველოში ხორბლის იმპორტის მიზნით სუბსიდირებას, შემდეგი პირობებით:

ა) სააგენტოს მიერ გამოცხადდება მოწვევა   ინტერესთა  გამოხატვის შესახებ, რომლის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარები მოახდენენ განაცხადის გაკეთებას სააგენტოს მიერ განსაზღვრული  პირობების  შესაბამისად;

ბ) სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ ტონა ხორბალზე არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში;

გ)  პროგრამის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია განხორციელდება  არანაკლებ 2000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალზე;

დ) პოტენციური ბენეფიციარები დააფიქსირებენ ყოველ ერთ ტონა იმპორტირებულ ხორბალზე გადაანგარიშებით მისაღები სუბსიდიის ოდენობას და ხორბლის იმ მოცულობას, რომლის იმპორტსაც ისინი განახორციელებენ პროგრამის ფარგლებში;

ე) სააგენტო, პროგრამის პირობების გათვალისწინებით,  პოტენციურ ბენეფიციარ(ებ)თან სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმებას განახორციელებს შემდეგი პრინციპით: უპირველესად ხელშეკრულება გაფორმდება იმ პოტენციურ ბენეფიციართან,  რომელსაც განაცხადში დაფიქსირებული ექნება სუბსიდიის უმცირესი თანხა ყოველ ერთ ტონა ხორბალზე გადაანგარიშებით. იმ შემთხვევაში, თუ უმცირესი თანხით შემოთავაზებული მოცულობა ვერ აკმაყოფილებს პროგრამის ფარგლებში საიმპორტო რაოდენობას,  ხელშეკრულება გაუფორმდება შემდეგი უმცირესი ფასის მქონე პოტენციურ ბენეფიციარს და გაგრძელდება ამავე პრინციპით, სანამ არ იქნება შევსებული პროგრამით დადგენილი ხორბლის რაოდენობა. ამასთან, ბენეფიციარის მიერ სუბსიდიის თანხა უნდა დაფიქსირდეს უცხოურ ვალუტაში და შესაბამისი კურსით ლარში განაცხადის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით;

ვ) სუბსიდია გაიცემა ეროვნულ ვალუტაში ბენეფიციარის მიერ მიმწოდებელ კომპანიასთან საბანკო გადარიცხვ(ებ)ით განხორციელებული ანგარიშსწორების დღეს დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით;

ზ) იმ შემთხვევაში, თუ ხორბლის იმპორტის შემდგომ,  საქართველოს არარეზიდენტი მიმწოდებელი კომპანიისგან ხორბლის შეძენის შემთხვევაში,  საბაჟო დეკლარაციით და საბანკო  გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით, ხოლო საქართველოს რეზიდენტი მიმწოდებელი კომპანიისგან ხორბლის შეძენის შემთხვევაში ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურით და საბანკო  გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით  დადგინდება, რომ ბენეფიციარის მიერ, ხორბლის მიმწოდებელი კომპანიისთვის გადახდილია იმაზე ნაკლები ფასი, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო სააგენტოში განაცხადთან ერთად წარმოდგენილ ინვოისში/ხელშეკრულებაში, სუბსიდიის თანხა შემცირდება შესაბამისი ოდენობით;

თ) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჯამში არაუმეტეს 40 000 ტონა ხორბლის  იმპორტის სუბსიდირება.

2. სუბსიდირება განხორციელდება ამ დადგენილების  ამოქმედების თარიღიდან 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ ხორბალზე.

3. სუბსიდირება არ განხორციელდება „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №185 დადგენილების ფარგლებში იმპორტირებულ ხორბალზე.   


მუხლი 5. პოტენციური ბენეფიციარის მიერ  პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა  
1. პროგრამაში მონაწილეობის მიზნით  პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) ბენეფიციარის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) ინვოისი ან/და ხელშეკრულება საქონლის შესყიდვის შესახებ, რომელზეც გაიცემა სუბსიდია;

დ) ცნობა ან/და შედარების აქტი სამსახურიდან დავალიანების არქონის შესახებ;

ე) ცნობა სამსახურიდან პოტენციური ბენეფიციარის მიერ ცნობის გაცემის თვის წინა უწყვეტი 12 თვის განმავლობაში ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით შესყიდული ან/და იმპორტირებული ხორბლის მოცულობის შესახებ;

ვ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

2. დოკუმენტაციის წარდგენის რიგითობას განსაზღვრავს სააგენტო.


მუხლი 6. ბენეფიციარის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
1. ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში იმპორტირებული ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული/მისაღები შესაბამისი მოცულობის პირველი ხარისხის ფქვილის რეალიზაცია განახორციელოს ერთ 50 კგ-იან ტომარაზე არაუმეტეს 51 ლარად სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 თვის განმავლობაში, პროგრამის პირობების და სუბსიდირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით.

2. ამ  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრება  მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 50 000 ლარისა.


მუხლი 7. განაცხადების მიღებისა და სუბსიდირების გაცემის პროცედურა
1. ინფორმაციას განაცხადების მიღების დაწყებისა  და დასრულების ვადების შესახებ სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე www.arda.gov.ge.

2.  პროგრამის ბენეფიციარის გამოვლენის, განაცხადების მიღების ვადებსა და სუბსიდიის გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.


მუხლი 8. მონიტორინგი
1. ბენეფიციარის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სამსახური.

2. ბენეფიციარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური აღნიშნულის შესახებ აცნობებს სააგენტოს შემდგომი რეაგირებისთვის.