ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ

ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 246
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.021958
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
246
16/04/2020
ვებგვერდი, 21/04/2020
300280000.10.003.021958
ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/04/2020 - 31/05/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება  №246

2020 წლის 16 აპრილი

   ქ. თბილისი

 

ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ელექტროენერგიის  ბაზრის მოდელის კონცეფცია

 


თავი I. ზოგადი დებულებები

  მუხლი 1. ბაზრის კონცეფციის მიზნები

1. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია (შემდგომში – „კონცეფცია“) აყალიბებს საქართველოში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს, რაც მიზნად ისახავს:

ა) ელექტროენერგიის ბაზრის ისეთი მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნასა და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას, გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრების განვითარების გზით, როგორც საბითუმო, ისე საცალო დონეზე;

ბ) ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების, მათ შორის, დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების, ასევე, ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ჩამოყალიბებას;

გ) ბაზრის სუბიექტებს შორის უფლება-მოვალეობების გამიჯვნასა და ფუნქციების გადანაწილებას;

დ) ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე ლიკვიდურობასა და კონკურენტული ფასის ფორმირებას, ასევე, ბაზრის ეფექტიანი და მდგრადი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური მექანიზმების დანერგვას;

ე) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის მექანიზმების (სქემა) დანერგვის ხელშეწყობას;

ვ) სამიზნე მოდელზე გადასასვლელად განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრას;

ზ) „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

2. ბაზრის კონცეფცია ასევე ადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ელექტროენერგეტიკულ საწარმოებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მექანიზმს, საჯარო მომსახურების ორგანიზებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგიის მიწოდების სპეციალურ მოთხოვნებს.

3. ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელი გულისხმობს თავისუფალ ბაზარს, სადაც მონაწილეები სარგებლობენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით და გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს აძლევს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას.

4. ბაზრის კონცეფციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

მუხლი 2. ბაზრის კონცეფციის სახელმძღვანელო პრინციპები

ბაზრის კონცეფციის სახელმძღვანელო პრინციპებია:

ა) ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენტული, თავისუფალი და გამჭვირვალე ვაჭრობა;

ბ) ინტერესთა კონფლიქტისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილება;

გ) საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა კონკურენტული საბაზრო მექანიზმების მეშვეობით, კერძოდ, ორმხრივი ხელშეკრულებებით ან/და ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე, დღით ადრე, დღიური და საბალანსო ბაზრების ჩათვლით;

დ) საჯარო მომსახურების გამწევი ენერგეტიკული საწარმოებისა და მხარდაჭერის მექანიზმით/სქემით მოსარგებლე მწარმოებლების მიერ წარმოებული ელექტროენერგიით ვაჭრობა მხოლოდ ორგანიზებულ ბაზრებზე;

ე)  წარმოებისა და მოხმარების საათობრივი გრაფიკების, ასევე ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების საშუალებებისა და მათი დატვირთვის განსაზღვრა მათ დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ (თვითდისპეტჩირება);

ვ) ორგანიზებულ ბაზრებზე საათობრივი ვაჭრობა და, შესაბამისად, ბაზრის მონაწილეთა პასუხისმგებლობა მათ მიერ თითოეულ საათში გამოწვეულ უბალანსობაზე;

ზ) სისტემის ოპერატორების მიერ დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვა მხოლოდ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე;

თ) ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილება გამჭვირვალე და სამართლიანი წესების შესაბამისად.

 

თავი II. ბაზრის სეგმენტები და ოპერირება

 

მუხლი 3. საბითუმო ბაზრის სეგმენტები

საბითუმო ბაზრის სეგმენტებია:

ა) დღით ადრე ბაზარი;

ბ) დღიური ბაზარი;

გ) ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი;

დ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი.

 

მუხლი 4. საბითუმო ბაზრის სუბიექტები

საბითუმო ბაზრის სუბიექტები არიან:

ა) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი;

ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი;

გ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი;

დ) ელექტროენერგიის მწარმოებელი;

ე) ტრეიდერი;

ვ) მიმწოდებელი;

ზ) მსხვილი მომხმარებელი;

თ) საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია.

 

მუხლი 5. საბითუმო ბაზრების ოპერირება

1. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი (შემდგომში – ბირჟის ოპერატორი)უზრუნველყოფს:

ა) დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერირებას;

ბ) დღით ადრე და დღიური ბაზრების მონაწილეთა რეესტრის წარმოებას;

გ) ერთიანი ფინანსური ანგარიშსწორების გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბებას, ორგანიზებული ბაზრის ყველა სეგმენტისათვის, კერძოდ, დღით ადრე, დღიური და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრებისთვის, აგრეთვე უბალანსობის ფინანსური ანგარიშსწორებისთვის.

2. ბირჟის ოპერატორს უფლება აქვს, რომ ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული მომსახურება შეასრულოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით.

3. საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი (შემდგომში – საბალანსო ბაზრის ოპერატორი) უზრუნველყოფს:

ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას;

ბ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის პროდუქტების განსაზღვრას;

გ) უბალანსობის საფასურის გაანგარიშებას;

დ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის პროდუქტებისა და უბალანსობის საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრას, ასევე ამ ბაზარზე შესყიდულ პროდუქტებზე ფინანსურ პასუხისმგებლობას.

4. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონის 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგიის დერივატივების ბაზრის ოპერირების უფლება აქვთ სხვა სუბიექტებსაც.

 

მუხლი 6. გადამცემი სისტემის ოპერატორის როლი ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებაში

გადამცემი სისტემის ოპერატორი, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად, უზრუნველყოფს:

ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრებზე პროდუქტების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრას;

ბ) თვითდისპეტჩირების პრინციპით ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვას, ასევე, დაბალანსებისთვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარებას, მათ შორის, საბალანსო ბაზრის შედეგების საფუძველზე შესაბამისი სიმძლავრის გააქტიურებას;

გ) ტრანსსასაზღვრო დაბალანსების მექანიზმის ორგანიზებას, რაც, მათ შორის, მოიცავს ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის ავარიული დახმარების მიწოდების მართვას;

დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციას და შესაბამისი კოდების მინიჭებას;

ე) საბითუმო ბაზრების ოპერირებისათვის საჭირო ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის მართვას და განვითარებას, საათური აღრიცხვის მონაცემების ხელმისაწვდომობას.

 

მუხლი 7. საცალო ბაზარზე ვაჭრობა

ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე საბოლოო მომხმარებელი, მათ შორის მსხვილი მომხმარებელი, ელექტროენერგიას შეისყიდის მიმწოდებლისგან, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. მომხმარებელი თავად ირჩევს მიმწოდებელს.

 

მუხლი 8. ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილების წესი

მეზობელ სახელმწიფოსთან  ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილებასთან ერთად ელექტროენერგიის განუცხადებელი ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ტრანსსასაზღვრო სიმძლავრე განაწილდება დღით ადრე ბაზრის ოპერატორთან კონსულტაციის საფუძველზე შემუშავებული და კომისიის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად, ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით.

 

თავი III. საჯარო მომსახურების ორგანიზება

 

მუხლი 9. საჯარო მომსახურების ვალდებულებები

1. საერთო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხითა და ფასით ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფის, აგრეთვე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება ეკისრება:

ა) საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას;

ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს;

გ) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს;

დ) საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელს, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს.

2. ბაზრის ლიბერალიზაციისკენ გადასვლის პირობებში, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრება ხდება დროებით, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან, სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებთან და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ.

3. საჯარო მომსახურების ვალდებულება არის დროებითი ღონისძიება, რომელიც, სულ მცირე, 2 წელიწადში ერთხელ, უნდა დაექვემდებაროს რეგულარულ გადახედვას, მისი საჭიროებისა და ზემოქმედების შედეგების განსაზღვრის მიზნით.

 

მუხლი 10. საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებები

1. საბითუმო საჯარო მომსახურების მიზნებია: განახლებადი ენერგიისა და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლების მხარდაჭერა და მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მხარდაჭერა, შესასყიდი ელექტროენერგიის სტაბილური ფასით უზრუნველყოფითა და ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობით; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) არსებული მომხმარებლების მიწოდების უსაფრთხოება, ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებები მოიცავს:

ა) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის შესყიდვას და ორგანიზებულ ბაზრებზე გაყიდვას, შესაბამისი ფინანსური მექანიზმების გამოყენებას ხელშეკრულებების პირობების შესრულების მიზნით და ფინანსურ ანგარიშსწორებას;

ბ) განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემის მონაწილე მწარმოებლებთან მხარდაჭერის შესაბამისი სქემის ფარგლებში ფინანსურ ანგარიშსწორებას;

გ) საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებლებთან ფასთა სხვაობის ხელშეკრულების ფარგლებში ორგანიზებული ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ კანონის შესაბამისად დადგენილ ფასს შორის სხვაობაზე ფინანსურ ანგარიშსწორებას;

დ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებისათვის ელექტროენერგიის შესყიდვას ორგანიზებულ ბაზარზე, ასევე, მასთან დაკავშირებულ უბალანსობაზე პასუხისმგებლობას;

ე) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ფასთა სხვაობის ხელშეკრულების ფარგლებში ორგანიზებული ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ კანონის შესაბამისად დადგენილ ფასს შორის სხვაობაზე ფინანსურ ანგარიშსწორებას.

3. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციამ საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავალი უნდა გამოიყენოს მხოლოდ იმ მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მწარმოებელს დაეკისრა საჯარო მომსახურების ვალდებულება.

4. საბითუმო საჯარო მომსახურება ხორციელდება საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ, ამ კონცეფციის მე-11-მე-13 მუხლებისა და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას კანონმდებლობით შეიძლება დაეკისროს სხვა ვალდებულებებიც.

5. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კომისია ადგენს საბითუმო საჯარო მომსახურების საფასურს.

6. საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევის, ასევე, ამ მიზნით შექმნილი ფონდის ფორმირებისა და განკარგვის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია განცალკევებულად აღრიცხავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული მომსახურების ფარგლებში მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს.

 

მუხლი 11. ორგანიზებულ ბაზარზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების ინტეგრირება და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლებთან ანგარიშსწორება

1. ელექტროენერგიის ბაზარზე გამჭვირვალობის, ლიკვიდურობისა და კონკურენტული ფასის ფორმირებისათვის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის რეალიზაცია ხდება ორგანიზებულ ბაზარზე, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის ან თავად მწარმოებლის მიერ.

2. ორგანიზებულ ბაზრებზე ელექტროენერგიის მწარმოებლების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მწარმოებელსა და საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას შორის შეიძლება გაფორმდეს ხელშეკრულება საბაზრო და არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასებს შორის უარყოფითი სხვაობის კომპენსირების ან/და სხვა ხელშემწყობი ღონისძიების შესახებ.

3. იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებელი არ იყენებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ორგანიზებულ ბაზარზე ამ ელექტროენერგიის შეთავაზებაზე პასუხისმგებელია საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია.

4. განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლები თავად (ან შეთანხმებით გათვალისწინებული პირის მეშვეობით) უზრუნველყოფენ მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გაყიდვას ორგანიზებულ ბაზარზე. მათთვის მხარდაჭერის სქემით გათვალისწინებული საფასური ანაზღაურდება საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ.

5. განახლებადი ენერგიის მხარდაჭერისათვის საჭირო ფონდის ფორმირების წესი განისაზღვრება ამ კონცეფციის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

მუხლი 12. ელექტროენერგიის მწარმოებლებისთვის საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრება და მათი მონაწილეობა ორგანიზებულ ბაზარზე

1. ელექტროენერგიის ბაზარზე გამჭვირვალობის, ლიკვიდურობისა და კონკურენტული ფასის ფორმირებისათვის, საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლები (მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროები) ვაჭრობენ ორგანიზებულ ბაზარზე.

2. ელექტროენერგიის ინდივიდუალურ მწარმოებლებს საჯარო მომსახურების ვალდებულება დაეკისრება შეზღუდული დროით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, კომისიასთან და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ეტაპობრივად შემცირდება მწარმოებლებზე დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება, ამ კონცეფციის დანართ №1-ით განსაზღვრული „ბაზრის გახნის ეტაპების“ შესაბამისად.

3. ელექტროენერგიის მწარმოებელზე ენერგიის ფასის გამო დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება გამოიხატება საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასთან ფასთა სხვაობის ხელშეკრულების გაფორმებაში, რის შედეგადაც, დღით ადრე ბაზრისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასებს შორის:

ა) დადებითი სხვაობის შემთხვევაში, მწარმოებელი სხვაობას უხდის საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას;

ბ) უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია სხვაობას უნაზღაურებს მწარმოებელს.

4. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კომისია ადგენს საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლის ენერგიის ტარიფს, რომელზეც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასთან გაფორმდება ფასთა სხვაობის ხელშეკრულება.

5. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს შემთხვევაში, გარანტირებული სიმძლავრის საფასურს ან/და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს განსაზღვრავს კომისია, დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

6. საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებელი პასუხისმგებელია უბალანსობაზე.

 

მუხლი 13. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის შესყიდვის წესი

1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებისთვის, ელექტროენერგიას შეისყიდის საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია, დღით ადრე/დღიურ ბაზარზე.

2. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების, აგრეთვე უბალანსობით გამოწვეული ხარჯების დასაფარად გამოიყენება საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ საჯარო მომსახურების გამწევ მწარმოებლებთან ფასთა სხვაობის ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული შემოსავლები და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური წყაროები.

3. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვა შესაძლებელია ასევე საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის გამოყენებით.

 

მუხლი 14. უნივერსალური მომსახურება

1. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას რეგულირებული პირობებით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისათვის, რომელთაც არ აურჩევიათ მიმწოდებელი,  განაწილების იმ არეალის მიხედვით, რომელშიც იგი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, როგორც უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი.

2. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ელექტროენერგიას შეისყიდის მხოლოდ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე.

3. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მიერ დგინდება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის ტარიფი, რომელზეც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასთან გაფორმდება ფასთა სხვაობის ხელშეკრულება. შედეგად, საბაზრო და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასებს შორის:

ა) დადებითი სხვაობის შემთხვევაში, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია სხვაობას უნაზღაურებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს;

ბ) უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი  სხვაობას უხდის საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას.

4. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი პასუხისმგებელია უბალანსობაზე.

 

მუხლი 15. ბოლო ალტერნატივის მიწოდება

1. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას იმ საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელიც კარგავს ელექტროენერგიის მიღების საშუალებას მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის გეგმურად ან არაგეგმურად შეწყვეტის, ან ვალდებულებების უხეშად დარღვევის გამო, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.

2. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ელექტროენერგიას შეისყიდის მხოლოდ დღით ადრე/დღიურ ბაზარზე.

3. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი პასუხისმგებელია უბალანსობაზე.

 

თავი IV. გარდამავალი დებულებები

 

მუხლი 16. 2021 წლიდან სამიზნე მოდელზე ეტაპობრივი გადასვლის მოსამზადებელი ღონისძიებები

1. 2021 წლის პირველ ივლისამდე:

ა) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს:

ა.ა) დღით ადრე ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;

ა.ბ) ფიზიკური ორმხრივი ხელშეკრულებების (ფორვარდული) ბაზრის ჩამოყალიბება;

ა.გ) დღით ადრე და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრების ოპერატორის ლიცენზიის მისაღებად კომისიისათვის შესაბამისი განაცხადის წარდგენა;

ბ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელდეს:

ბ.ა) საბალანსო ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;

ბ.ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, საბალანსო მომსახურების მომწოდებელი პირების რეგისტრაციის სისტემის ფორმირება და სათანადო რეესტრის ჩამოყალიბება;

ბ.გ) აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება;

ბ.დ) საბალანსო ბაზრის ოპერატორის ლიცენზიის მისაღებად კომისიისათვის შესაბამისი განაცხადის წარდგენა;

გ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განხორციელდეს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზებისათვის საჭირო სისტემის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა.

2. 2021 წლის პირველი ივლისიდან განხორციელდეს:

ა) ბირჟის ოპერატორის მიერ:

ა.ა) დღით ადრე და ფიზიკური ორმხრივი ხელშეკრულებების (ფორვარდული)ბაზრების ოპერირება;

ა.ბ) დღით ადრე და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრების მონაწილეების რეგისტრაცია;

ა.გ) ორგანიზებული ბაზრების ერთიანი ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;

ბ) საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ:

ბ.ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება;

ბ.ბ) საბალანსო ბაზარზე საბალანსო ენერგიისა და საბალანსო რეზერვების საჭიროების პროგნოზირება და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირისგან შესყიდვა;

ბ.გ) დაბალანსებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

ბ.დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის დაბალანსების მომსახურების გამწევი პირების, რეესტრის მართვა;

გ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ -  აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოება და განხორციელება კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის, მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევა.

3. 2022 წლის პირველ ივლისამდე სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს:

ა) დღიური ბაზრის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;

ბ) დღიური ბაზრის ოპერატორის ლიცენზიის მისაღებად კომისიისათვის შესაბამისი განაცხადის წარდგენა.

4. არა უგვიანეს 2022 წლის პირველი ივლისისა, ბირჟის ოპერატორი ასევე უზრუნველყოფს დღიური ბაზრის პლატფორმის ოპერირებას.

 

მუხლი 17. ბაზრის ფუნქციონირება გარდამავალ პერიოდში - 2021 წლის პირველ ივლისამდე

1. 2021 წლის პირველ ივლისამდე:

ა) ესკო ახორციელებს:

ა.ა) საბითუმო ბაზრის მონაწილეების რეგისტრაციას;

ა.ბ) აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოებას;

ა.გ) საბალანსო ენერგიით ვაჭრობას;

ა.დ) გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობას;

ა.ე) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი:

ბ.ა) ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში გასაყიდი ელექტროენერგიის დისპეტჩირებას და მოხმარება/მიწოდების ტექნიკურ დაბალანსებას;

ბ.ბ) პირდაპირი ორმხრივი ხელშეკრულებების რეგისტრაციას;

ბ.გ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

2. 2021 წლის პირველ ივლისამდე არ გამოიყენება ამ კონცეფციის მე-2 მუხლის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, ასევე, მე-5, მე-8 და მე-10-მე-15 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობასთან დაკავშირებით.

 

მუხლი 18. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებით წესი

2021 წლის პირველ ივლისამდე, აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურები თავიანთი გამომუშავებიდან იკლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად და აწარმოებენ მის აღრიცხვას წინამდებარე წესებითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ესკოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე, ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ვალდებულნი არიან მომდევნო საანგარიშო პერიოდებში მიაწოდონ ესკოს ეკვივალენტური რაოდენობის ელექტროენერგია. ესკო უფლებამოსილია აღნიშნული ელექტროენერგია გაყიდოს მის მიერ ნაყიდი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ფასად. ამ ელექტროენერგიის ესკოს მიერ ექსპორტირებისას ფასის ფორმირება ხდება ელექტროენერგიის ექსპორტსა ან/და გაცვლაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

 

მუხლი 19. კონკურენტული ბაზრის განვითარების ეტაპები

1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 166-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ამ კონცეფციის N1 დანართის პირველი პუნქტით განისაზღვრება საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულება სხვა კატეგორიის საბოლოო მომხმარებლებისთვისაც (რომლებზეც არ ვრცელდება უნივერსალური მომსახურება). ასეთმა მომხმარებლებმა, დანართში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო წესით უნდა აირჩიონ მიმწოდებელი (ბაზრის გახსნა).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, საქართველოს მთვრობის დადგენილებით, შეიძლება,  დაეკისროს იმავე საწარმოს, რომელიც ასრულებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლების  მომსახურებისა და დაცვის პირობები (მათ შორის, ფასი) უნდა განსხვავდებოდეს უნივერსალური მიმწოდებლის მომხმარებლებისგან.

3. ამ კონცეფციის №1 დანართის მე-2 პუნქტით განისაზღვრება საჯარო მომსახურების ვალდებულებისაგან ელექტროენერგიის შესაბამისი მწარმოებლების გათავისუფლების ვადები.

 

 

დანართი №1

 

1. ბაზრის გახსნის ეტაპები:

 

პერიოდი

ბაზრის გახსნა

2021 წლის პირველ ივლისამდე

35-110 ძაბვის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც თვეში მოიხმარს არანაკლებ 0.4 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგიას

2022 წლის პირველ ივლისამდე

35-110 კვ ძაბვის ყველა საბოლოო მომხმარებელი, ასევე, 6-10 კვ ძაბვის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც თვეში მოიხმარს არანაკლებ 1 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგიას

2026 წლის პირველ ივლისამდე

ყველა სხვა მომხმარებელი (გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოსი)

 

2. მწარმოებლების გათავისუფლება საჯარო მომსახურების ვალდებულებისაგან:

პერიოდი

ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომელიც გათავისუფლდება საჯარო მომსახურების ვალდებულებისგან

01.01.2021-დან

2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 50 მეგავატს არ აღემატება

01.05.2022-დან

2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 65 მეგავატს არ აღემატება

01.05.2024-დან

2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 75 მეგავატს არ აღემატება

01.05.2026-დან

2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 90 მეგავატს არ აღემატება

01.01.2027-დან

2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 120 მეგავატს არ აღემატება

 


9. 29/06/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 239 - ვებგვერდი, 29/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 26/06/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 236 - ვებგვერდი, 27/06/2023 7. 28/03/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 126 - ვებგვერდი, 29/03/2023 6. 30/12/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 622 - ვებგვერდი, 31/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 29/08/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 438 - ვებგვერდი, 29/08/2022 4. 29/08/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 436 - ვებგვერდი, 29/08/2022 3. 28/02/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 89 - ვებგვერდი, 28/02/2022 2. 24/11/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 547 - ვებგვერდი, 26/11/2021 1. 31/05/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 244 - ვებგვერდი, 02/06/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას