დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 236 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 290040000.10.003.021951 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (13/04/2020 - 02/08/2021)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „აგროდაზღვევის პროგრამა“.
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „აგროდაზღვევის პროგრამის“ დაფინანსება და „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დაფარვა განხორციელდეს შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამული კოდის ასიგნებებიდან.
|
მუხლი 3 |
„აგროდაზღვევის პროგრამის“ განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო.
|
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
აგროდაზღვევის პროგრამა
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „აგროდაზღვევის პროგრამა“ (შემდგომში – პროგრამა) არეგულირებს ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშობა საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის დაზღვევასთან დაკავშირებით (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა), მზღვეველს, დამზღვევს/მოსარგებლეს და ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) შორის. 2. პროგრამის მიზანია: ა) სოფლის მეურნეობის სექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება; ბ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა; გ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება. 3. პროგრამის განმახორციელებელია სააგენტო. 4. პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტო აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ შესაბამის სადაზღვევო ორგანიზაციებთან, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. 5. მზღვეველს, დამზღვევსა და სააგენტოს შორის ურთიერთობები განისაზღვრება პროგრამით, სააგენტოსა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებითა და მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო პოლისით, რომელიც ამ დადგენილებასთან ერთად წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულებას. 6. პროგრამის ფარგლებში, ერთწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, დაიშვება ისეთი სადაზღვევო პოლისების გაცემა, რომლის ფარგლებში დაზღვეულია შესაბამისი კალენდარული წლის მოსავალი. მრავალწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, დაიშვება ისეთი სადაზღვევო პოლისის გაცემა, რომლის ფარგლებში დაზღვეულია არა უმეტეს სამი კალენდარული წლის მოსავალი, ამასთან, პროგრამისა და გაცემული სადაზღვევო პოლისის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები ძალაში რჩება მათ სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე. 7. პროგრამის ფარგლებში გაცემული სადაზღვევო პოლის(ებ)ის მოქმედების ვადა განისაზღვროს არანაკლებ ერთი თვის ვადით და არა უმეტეს კონკრეტული წლის მოსავლის ციკლის გათვალისწინებით. ამასთან, პოლისის მოქმედება იწყება მომდევნო კალენდარული წლის მოსავლის პერიოდზე, მას შემდეგ, რაც დასრულდება კონკრეტული კულტურის მოსავლის აღების/ტექნიკური სიმწიფის პერიოდი. 8. მრავალწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, მრავალწლიან სადაზღვევო პოლისზე დაზღვევა დაიწყება დამზღვევის მიერ სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული კონკრეტული წლის სადაზღვევო პრემიის საკუთარი წილის მზღვევლისთვის გადახადისთანავე, ამასთან, დამზღვევმა მომდევნო კალენდარული წლის მოსავლის პერიოდზე სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის თანხა უნდა გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დასრულდება კონკრეტული კულტურის მოსავლის აღების/ტექნიკური სიმწიფის პერიოდი, მაგრამ არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მზღვეველი − იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზია; ბ) დამზღვევი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, საიდანაც პროგრამის ფარგლებში დაზღვევას ექვემდებარება არა უმეტეს 5 ჰა (მარცვლეული კულტურის დაზღვევის შემთხვევაში − არა უმეტეს 30 ჰა-ისა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ისა და დადებული აქვს დაზღვევის ხელშეკრულება. ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია, დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად, ამ ქვეპუნქტის შესაბამისად. შენიშვნა: თუ დამზღვევი არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, მასზე არ გავრცელდება პროგრამით გათვალისწინებული მიწის ფართობის ოდენობის შეზღუდვა. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიმართ გამოიყენება დანართ №1-ით განსაზღვრული ტარიფები; გ) მოსარგებლე − დამზღვევი ან/და დამზღვევის მიერ განსაზღვრული ბანკი ან/და, მიკროსაფინანსო ინსტიტუტი, რომელიც იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას ან მის ნაწილს; დ) სადაზღვევო პოლისი − მზღვევლის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი, რომელიც ამ დადგენილებასთან ერთად წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულებას; ე) დაზღვევის ობიექტი − სადაზღვევო პოლისში მითითებული სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავალი, რომელიც მოიყვანება პოლისში მითითებულ მიწის ნაკვეთზე; ვ) დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურა – სასოფლო-სამეურნეო კულტურა, რომელიც მითითებულია სადაზღვევო პოლისის − „სასოფლო-სამეურნეო კულტურის“ გრაფაში; ზ) დაზღვევის პერიოდი − სადაზღვევო პოლისში მითითებული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დაზღვევა ძალაშია პროგრამით განსაზღვრული პირობების/შეზღუდვების და მოცდის პერიოდის გათვალისწინებით; თ) მოცდის პერიოდი − სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4-დღიანი უწყვეტი კალენდარული პერიოდი, რომლის განმავლობაში მომხდარი სადაზღვევო რისკის შედეგად მიყენებული ზიანი არ ექვემდებარება ანაზღაურებას; ი) სადაზღვევო ლიმიტი − სადაზღვევო პოლისით დადგენილი მზღვევლის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა, მაგრამ არა უმეტეს პროგრამის დანართ №1-ით განსაზღვრული შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის განსაზღვრული ნორმატიული მოსავლიანობისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნორმატიული ფასის ერთმანეთზე ნამრავლის ოდენობისა; კ) დაზღვეული ტერიტორიის ნაწილის სადაზღვევო ლიმიტი − სადაზღვევო ლიმიტის პროცენტი, რომელიც განისაზღვრება დაზღვეული ტერიტორიის ნაწილის ფართობის შეფარდებით დაზღვეული ტერიტორიის ფართობთან; ლ) დაზღვეული ტერიტორია (ნაკვეთი) − მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ან განთავსდება დაზღვევის ობიექტი და რომლის საკადასტრო კოდი მითითებულია სადაზღვევო პოლისში; მ) სადაზღვევო ტარიფი − პროგრამის დანართ №1-ით განსაზღვრული პროცენტული განაკვეთი, რომელიც იანგარიშება სადაზღვევო ლიმიტიდან სადაზღვევო პრემიის განსაზღვრის მიზნით; ნ) სადაზღვევო პრემია − თანხა, რომელიც გადაიხდება სადაზღვევო მომსახურების გაწევისათვის. ამასთან, დამზღვევმა მისი წილი პრემია ერთწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში სრულად და ერთჯერადად უნდა გადაიხადოს სადაზღვევო პოლისის გაცემის მომენტისათვის, ხოლო მრავალწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში დამზღვევი უფლებამოსილია, მომდევნო კალენდარული წლის მოსავლის პერიოდზე სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის თანხა გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დასრულდება კონკრეტული კულტურის მოსავლის აღების/ტექნიკური სიმწიფის პერიოდი. ამასთან, პრემიის სუბსიდირებული ნაწილი სააგენტოს მიერ გადაიხდება პროგრამით განსაზღვრული წესით. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს ყოველ კალენდარულ წელს; ო) ფრანშიზა – არაანაზღაურებადი მინიმუმი, რომლის გამოქვითვა ხორციელდება თითოეული სადაზღვევო შემთხვევისათვის. ფრანშიზა გამოითვლება როგორც სადაზღვევო ლიმიტის 10% (დანართ №1-ით განსაზღვრული ციტრუსის შემთხვევაში, სადაზღვევო ლიმიტის 15%) ან მისაღები მოსავლის ოდენობის სადაზღვევო ანაზღაურების გაანგარიშებისას გამოყენებულ ფასზე გამრავლებით მიღებული ღირებულების 10% (დანართ №1-ით განსაზღვრული ციტრუსის შემთხვევაში 15%). მითითებული 2 სიდიდიდან გამოიქვითება ის ოდენობა, რომელიც უფრო მცირე იქნება. ამასთან, ერთისა და იმავე რისკის ხდომილებისას, იმ შემთხვევაში, თუ მეორე სადაზღვევო შემთხვევა მოხდება წინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენამდე, ფრანშიზა გამოიქვითება ერთჯერადად, მხოლოდ იმ პირობით, რომ მზღვეველს ორივე სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინება მიღებული აქვს პროგრამით განსაზღვრული წესით; პ) სადაზღვევო რისკი − ამ ქვეპუნქტში მითითებული მოვლენა, რომლის დადგომის შედეგად მიყენებული ზიანი ექვემდებარება მზღვევლის მიერ ანაზღაურებას, პროგრამით გათვალისწინებული წესით: პ.ა) სეტყვა − ატმოსფერული ნალექები, ყინულის წარმონაქმნების სახით (მცირე მარცვლიდან მსხვილი კვერცხისოდენა ზომის წარმონაქმნამდე), რომლებიც, როგორც წესი, ზაფხულში თან ახლავს კოკისპირულ წვიმას ან ჭექა-ქუხილს. სეტყვა იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებას ან განადგურებას მცენარეთა მიწისზედა ორგანოებზე უშუალო მექანიკური ზემოქმედების შედეგად; პ.ბ) წყალდიდობა − დაზღვეული კულტურის მიწისზედა და მიწისქვეშა ორგანოებზე მექანიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანება/განადგურება, კერძოდ, გადარეცხვა, მოხსნა/მოგლეჯა სახნავი ფენიდან, რომელიც გამოწვეულია უხვი ნალექების შედეგად, წყალმოვარდნის ან/და ღვარცოფული ნაკადის მიერ; პ.გ) ქარიშხალი − ქარი, სიჩქარით 15 მ/წმ ან მეტი, რომელიც იწვევს მცენარეების გაძლიერებულ ტრანსპირაციას, ნიადაგის ზედა ფენების გამოშრობას, მცენარეების მექანიკურ დაზიანებებს; პ.დ) საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) – პირველი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, რომელსაც შედეგად მოჰყვება დაზღვეული ციტრუსოვანი კულტურის თბური დაზიანება ან განადგურება; ჟ) სადაზღვევო შემთხვევა − სადაზღვევო რისკ(ებ)ის ხდომილების შედეგად დაზღვევის ობიექტისათვის ზიანის მიყენება, რომლის საფუძველზეც, პროგრამის თანახმად, წარმოიშობა მზღვევლის პასუხისმგებლობა, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება; რ) მისაღები მოსავალი − მოსავალი, რომელიც მითითებულია დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტში როგორც მოსავალი, რომელსაც დამზღვევი/მოსარგებლე მიიღებდა, ადგილი რომ არ ჰქონოდა სადაზღვევო რისკ(ებ)ის ხდომილებას; ს) სადაზღვევო შემთხვევის შესახებ წერილობითი განაცხადი – დამზღვევის მიერ მზღვევლისათვის პროგრამით დადგენილი წესით წარდგენილი ხელმოწერილი განაცხადი, რომლითაც დამზღვევის მიერ აღწერილია სადაზღვევო შემთხვევის ნიშნების მატარებელ მოვლენასთან დაკავშირებული გარემოებები და მოთხოვნილია სადაზღვევო ანაზღაურება. სადაზღვევო შემთხვევის შესახებ წერილობითი განაცხადი წარმოადგენს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენისათვის აუცილებელ დოკუმენტს; ტ) დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტი – დოკუმენტი, რომელიც დგება მზღვევლის (ან მზღვევლის მიერ მიწვეული ექსპერტის) მიერ და რომელსაც ხელს აწერენ მზღვეველი და დამზღვევი/მოსარგებლე და რომლითაც დასტურდება დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) მზღვევლის მიერ დათვალიერებისა და კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ოდენობა. დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტი დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა დამზღვევს/მოსარგებლეს, ხოლო მეორე რჩება მზღვეველთან. დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტში აუცილებელი წესით უნდა აისახოს შემდეგი ინფორმაცია: მისაღები მოსავლის ოდენობა; სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის პროცენტი; უ) სადაზღვევო ანაზღაურების აქტი − დოკუმენტი, რომელიც დგება მზღვევლის მიერ და ხელს აწერენ მზღვეველი და დამზღვევი/მოსარგებლე და რომელიც დგება დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტ(ებ)ისა და ასეთი აქტ(ებ)ით დადგენილი ზიანის ოდენობისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე და განსაზღვრავს მზღვევლის მიერ სადაზღვევო შემთხვევის ხდომილების გამო გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების თანხის ოდენობას. სადაზღვევო ანაზღაურების აქტი დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა დამზღვევს/მოსარგებლეს, ხოლო მეორე რჩება მზღვეველთან. სადაზღვევო ანაზღაურების აქტი წარმოადგენს მზღვევლის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველს, პროგრამის პირობებისა და სადაზღვევო პოლისის შესაბამისად; ფ) ნორმატიული მოსავლიანობა, ნორმატიული ფასი − პროგრამის მიზნებისათვის, თითოეული სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის პროგრამის დანართ №1-ით განსაზღვრული ნორმატიული მოსავლიანობა და ნორმატიული ფასი, რომლის ლიმიტს ზემოთ არ ხორციელდება დაზღვევა და არ გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება; ქ) სადაზღვევო ანაზღაურება − თანხა, რომელსაც მზღვეველი უხდის მოსარგებლეს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად. მუხლი 3. სადაზღვევო ანაზღაურების პირობები 1. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, მზღვეველი ვალდებულია, სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში და ფრანშიზის გამოკლებით გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება, დაზღვევის მოქმედების პერიოდში სადაზღვევო რისკის დადგომის შედეგად დაზღვევის ობიექტის დაზიანების შემთხვევაში, პროგრამით დადგენილი წესებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით. 2. სადაზღვევო შემთხვევა რეგულირდება შემდეგი სახით: ა) მოვლენის დადგომისას, რომელიც ატარებს სადაზღვევო შემთხვევის ნიშნებს, დამზღვევი/მოსარგებლე ვალდებულია, შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე მზღვეველს 24 საათის განმავლობაში სატელეფონო ზარით. ამავდროულად, 5 სამუშაო დღეში ტელეფონით ან ელექტრონულად მზღვეველთან დააზუსტოს შემდეგი ინფორმაცია: დამზღვევის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, სადაზღვევო პოლისის ნომერი, დამზღვევის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, დაზღვეული დაზიანებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და განხორციელებული რისკი. დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 15 სამუშაო დღეში დამზღვევი წერილობითი განცხადებით მიმართავს მზღვეველს. მზღვეველი დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში, 21 კალენდარული დღის ვადაში მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში და 30 კალენდარული დღის ვადაში ციტრუსოვანი კულტურების შემთხვევაში ადგენს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტს. ამასთან, ერთი დაზღვეული რისკის ხდომილების შედეგად კონცენტრირებულ გეოგრაფიულ ერთეულზე (მუნიციპალიტეტი) მზღვევლის მოცულობითი პორტფელის 51% და მეტი ნაკვეთების დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია, დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენის ვადა გაგრძელდეს არა უმეტეს 30 კალენდარულ დღემდე. თუ ამ ვადაში მზღვეველი არ შეადგენს დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტს, იგი გადაუხდის სააგენტოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 (ორმოცდაათი) ლარს. იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლოს თანხა აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, მზღვეველი ვალდებულია, გააფორმოს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტი დაუყოვნებლივ. პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მზღვეველს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენისგან. ამასთან, მზღვეველი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან სრულად იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი წერილობითი განცხადებით არ მიმართავს მზღვეველს დამზღვევის იდენტიფიცირებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში; ბ) სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა ხდება სადაზღვევო ანაზღაურების აქტის ხელმოწერიდან 15 სამუშაო დღეში; გ) სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დამზღვევის/მოსარგებლის მიმართ; დ) იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლოს თანხა გადააჭარბებს ზიანის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხის 10%-ს, დამზღვევი/მოსარგებლე უფლებამოსილია, მოსთხოვოს მზღვეველს ზიანის ანაზღაურება და შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდა დაუყოვნებლივ. 3. ზიანის დარეგულირების პროცესში გასაფორმებელი დოკუმენტაციაა: ა) დამზღვევის მიერ შედგენილი და მზღვეველთან წარდგენილი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ წერილობითი განაცხადი; ბ) დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტი, რომელიც შედგება სააგენტოსა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად; გ) სადაზღვევო ანაზღაურების აქტი, რომელიც შედგება სააგენტოსა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმისა და ვადების შესაბამისად. 4. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის შეფასება თითოეული კულტურის მიხედვით მოხდება სააგენტოს მიერ შემუშავებული ზიანის შეფასების საერთო წესის დაცვით, რომელიც განისაზღვრება სააგენტოსა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. 5. ანაზღაურებას არ ექვემდებარება დაზღვევის ობიექტისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია: ა) საყოველთაოდ აღიარებული სასოფლო-სამეურნეო და მოსავლის აღების პრაქტიკის (რომელიც სრულად შეესაბამება კონკრეტულ მიკროზონასა და აგროკულტურას) დაუცველობით; ბ) დაუზღვეველი რისკებით, მაშინაც კი, თუ ასეთი ზიანი დადგა სადაზღვევო რისკთან ერთად ან მასთან კავშირში. მიყენებული ზიანი ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიყენებულია უშუალოდ სადაზღვევო რისკ(ებ)ის შედეგად; გ) დამზღვევის/მოსარგებლის განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით, მათ შორის, დამზღვევის/მოსარგებლის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მოსავლის გადარჩენისა და შენარჩუნების მიზნით, ყველა გონივრული ზომის გამოუყენებლობა ზიანის დადგომისას ან მის შემდეგ. 6. მზღვევლის მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარება ასევე: ა) ზიანი, რომელიც დადგა შემდეგი გარემოებების დროს, ასეთი გარემოებების ფონზე ან მათთან კავშირში: ა.ა) დაავადებათა, მწერთა და მღრღნელთა გავრცელება, დაგვიანებული მწიფობა და სხვა; ა.ბ) ზიანი, რომელიც არ აღემატება სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებულ ფრანშიზას; ა.გ) სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის მიყენებული დაზიანებები, თუ ასეთი დაზიანებები არ იწვევს ასეთი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლის დაღუპვას/განადგურებას/დანაკარგს; ბ) ზიანი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია საომარი მოქმედებებით, სამოქალაქო ომით, მასობრივი არეულობით, საგანგებო ან საომარი მდგომარეობით, ტერორიზმით ან მისი ნებისმიერი გამოვლინებით, ისეთი სტიქიური/ბუნებრივი მოვლენებით, რომლებიც არ წარმოადგენს პროგრამით დაზღვეულ რისკებს, ასევე ამ გარემოებების დროს დამდგარი სადაზღვევო რისკებით გამოწვეული ზიანი. მუხლი 4. სადაზღვევო პოლისის გაცემის წესი და პირობები 1. პროგრამის ფარგლებში გაიცემა სადაზღვევო პოლისი მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთ(ებ)ის დასაზღვევად, რომელზეც განთავსებულია დაზღვევის ობიექტი და რომელიც რეგისტრირებულია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამ მონაცემების წარდგენა ევალება დამზღვევს. 2. დამზღვევი ან/და იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც განთავსებულია დაზღვევის ობიექტი, რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. მუხლი 5. მზღვევლის ანგარიშგება, სადაზღვევო პრემიის სუბსიდირება, მზღვევლის პასუხისმგებლობა და სადაზღვევო პოლისების გაყიდვისთვის გასაცემი საკომისიოს ოდენობა 1. მზღვეველი ვალდებულია, სააგენტოს ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან მომდევნო თვის 25 რიცხვამდე ელექტრონულად წარუდგინოს ანგარიშგება (შემდგომში − ანგარიშგება) შესაბამის თვეში განხორციელებული დაზღვევის შესახებ. 2. მზღვევლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ასეთი პოლისების საფუძველზე სადაზღვევო პრემიის მზღვევლისათვის გადახდაზე. 3. ანგარიშგება სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) დამზღვევის სახელი, გვარი, პირადი ნომერი/იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) გაცემული სადაზღვევო პოლისის ნომერი; გ) სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღი; დ) დაზღვეული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი; ე) დაზღვეული მიწის ნაკვეთის ფართობი; ვ) დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურა და სადაზღვევო თანხა; ზ) დაზღვევის პერიოდი; თ) დამზღვევის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემია; ი) სააგენტოს მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა; კ) სადაზღვევო პოლისის ინდივიდუალური შტრიხკოდი. 4. მზღვეველი ვალდებულია, ანგარიშგებით წარდგენილი სადაზღვევო პოლისები და შესაბამისი დოკუმენტაცია (დამზღვევის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, დამზღვევის მიერ თავისი წილი პრემიის გადახდის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს იმ სადაზღვევო პოლისის შტრიხკოდი, რომლის საფუძველზეც იქნა გადახდილი სადაზღვევო პრემია) ელექტრონული ფორმით წარუდგინოს სააგენტოს არა უგვიანეს ანგარიშგების წარდგენის თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. 5. სააგენტოს მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემია (დანართ №1-ის შესაბამისად) გადახდას ექვემდებარება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, პროგრამით განსაზღვრული სუბსიდირების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პოლისი გაყიდულია პროგრამის დანართ №1-ით განსაზღვრულ სადაზღვევო ტარიფში. 6. იმ შემთხვევაში, თუ მზღვევლის მიერ წარდგენილი ანგარიშგება ან/და ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია შეიცავს მცდარ/არაზუსტ, არასრულყოფილ ინფორმაციას, მზღვეველი დაჯარიმდება შემდეგი წესის მიხედვით: ა) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის ან გადახდის ფაქტის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში − თითოეულ ასეთ პოლისზე 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) ელექტრონულად წარდგენილ დოკუმენტაციასთან და/ან ანგარიშგებაში სადაზღვევო პოლისთან შეუსაბამო დამზღვევის სახელის, გვარის/დასახელების, პირადი ნომრის/საიდენტიფიკაციო კოდის, დაზღვეული კულტურის მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობის, სადაზღვევო პოლისის ინდივიდუალური შტრიხკოდის, მისი გაცემის თარიღისა და დაზღვევის პერიოდის ან/და დამზღვევისა და სააგენტოს პრემიის ოდენობის შესახებ ინფორმაციის მითითების/არ წარდგენის/არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში − თითოეულ ასეთ პოლისზე, ხოლო ანგარიშგების შემთხვევაში, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე − 100 (ასი) ლარით; გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდისა და მისამართის მიუთითებლობის/არაზუსტად მითითების შემთხვევაში − თითოეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 7. მზღვეველი დაჯარიმდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, თუ შესაბამისი თვის ანგარიშგებით წარდგენილი პოლისების 5% შეიცავს ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ხარვეზებს. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად მზღვეველს მიეცემა 10 კალენდარული დღე ხარვეზის გამოსწორების შესახებ წერილის მიღებიდან. აღნიშნულ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააგენტო თავისუფლდება თავისი წილი პრემიის გადახდისგან, რასთან დაკავშირებითაც სააგენტო აცნობებს მზღვეველს, თითოეულ ასეთ პოლისზე თავისი წილი პრემიის გადახდაზე უარის საფუძვლის მითითებით. 9. სააგენტოს მიერ დაკისრებული ჯარიმა მზღვევლის მიერ გადახდილ უნდა იქნეს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 10. სააგენტოს მიერ ამ მუხლით განსაზღვრული საფუძვლებით სუბსიდირებული სადაზღვევო პრემიის გადახდაზე უარის თქმა არ ათავისუფლებს მზღვეველს, შეასრულოს დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დამზღვევის/მოსარგებლის წინაშე სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. 11. პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისების გაყიდვისთვის გასაცემი საკომისიოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული სადაზღვევო ტარიფის 20%-ს. 12. ჯარიმის თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მზღვეველს ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევების გამოსწორებისგან. მუხლი 6. სადაზღვევო პრემიის გადახდის წესი დამზღვევი ვალდებულია, სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის დამზღვევისათვის განსაზღვრული წილი გადაიხადოს სადაზღვევო პოლისის გაცემისთანავე სრულად და ერთჯერადად. სადაზღვევო პრემიის დარჩენილი ნაწილის გადახდას უზრუნველყოფს სააგენტო დანართ №1-ის შესაბამისად. მუხლი 7. დაზღვევის მოქმედების პირობები დაზღვევის მოქმედების პერიოდში ცალკეულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მიმართ მზღვევლის ვალდებულება ძალაში შედის: ა) ერთწლიან კულტურებთან მიმართებით − თუ სადაზღვევო რისკი მომხდარია მას შემდეგ, რაც ნაკვეთზე ჩატარებულია შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურის აგროწესებითა და აგროვადებით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება, სასოფლო-სამეურნეო კულტურის 90% თანაბრად აღმოცენებულია და იმყოფება სავეგეტაციო პერიოდის მიწისზედა ორგანოების (მინიმუმ 10 სმ) განვითარების ფაზაში და მოქმედებს მოსავლის აღებამდე, სანერგე მასალის (ჩითილის) დარგვის შემთხვევაში − სანერგე მასალის (ჩითილის) ღია გრუნტში გადარგვიდან არა უადრეს 10 კალენდარული დღისა; ბ) მრავალწლიან კულტურებთან მიმართებით − თუ სადაზღვევო რისკი მომხდარია მას შემდეგ, რაც: ბ.ა) ხილი − დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50% მიაღწევს 0.8 სმ-ს დიამეტრში, გარდა ბლის, ალუბლისა და თხილისა, რომელთა შემთხვევაშიც დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი მიაღწევს 0.4 სმ-ს დიამეტრში; ბ.ბ) კენკრა − მცენარეს გავლილი აქვს ყვავილობის ფაზა, ნაყოფი ხდება მკვეთრადგარჩევადი და ფორმირებულია ბუჩქზე; ბ.გ) ყურძენი − გამოტანილია მტევანი (როდესაც მტევანი გაშლილი და ვიზუალურად გარჩევადია). მუხლი 8. დაზღვევის მოქმედების შეწყვეტა დაზღვევის მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) მზღვევლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება; ბ) სადაზღვევო პოლისის ვადის გასვლა; გ) მოსავლის სრულად აღება დაზღვეული ტერიტორიიდან; დ) მოსავლის ტექნიკური სიმწიფის დასრულება; ე) მოსავლის ან სარგავი მასალის (ჩითილის) სრული განადგურება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და პროგრამით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. მუხლი 9. ზიანის ანაზღაურება 1. მზღვევლის მიერ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანისათვის გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა (ფრანშიზის გათვალისწინებამდე) გამოიანგარიშება შემდეგნაირად: ა) მისაღები მოსავლის ნამრავლით ზიანის პროცენტზე და ნორმატიულ ფასსა და საბაზრო ფასს შორის უმცირესზე; ბ) თუ დაზღვეული ტერიტორიიდან მისაღები მოსავალი ნაკლებია ნორმატიულ მოსავლიანობაზე − მისაღები მოსავლის ნამრავლით ზიანის პროცენტზე და ნორმატიულ ფასსა და საბაზრო ფასს შორის უმცირესზე; გ) თუ დაზღვეული ტერიტორიიდან მისაღები მოსავალი მეტია სადაზღვევო ლიმიტზე − ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა (ფრანშიზის გათვალისწინებამდე) გამოიანგარიშება შემდეგი წესით: სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა = რეალური ზარალი × სადაზღვევო ლიმიტი მისაღები მოსავალის ღირებულება
რეალური ზარალი = მისაღები მოსავალი × სასოფლო-სამეურნეო კულტურის ნორმატიულ ფასსა და საბაზრო ფასს შორის უმცირესზე (ლარი/კგ) × ზიანის პროცენტზე. 3. მზღვევლის პასუხისმგებლობა მცირდება მზღვევლის მიერ გადახდილი/გადასახდელი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობით. 4. განადგურებული მოსავლის რეალური ღირებულების გამოანგარიშებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი ფაქტორები: ა) მიმდებარე ტერიტორიებიდან ანალოგიური სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლის აღების პერიოდში მისი საშუალო საბაზრო ფასი. საშუალო საბაზრო ფასის შესახებ ინფორმაცია დადგენილ უნდა იქნეს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი დასკვნით, რომლის დაკვეთის პირობები განისაზღვრება სააგენტოსა და პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებებით. ვაზის (ყურძნის) შემთხვევაში, საბაზრო ფასის შესახებ ინფორმაცია შეიძლება, მოძიებულ იქნეს სსიპ − ღვინის ეროვნულ სააგენტოში არსებულ რთვლის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე დაყრნობით; ბ) სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის განსაზღვრული მისაღები მოსავლის ოდენობა. 5. როდესაც დაზღვეული ტერიტორია ან ტერიტორიის ნაწილი დაზიანებულია დაზღვეული რისკის შედეგად იმდენად, რომ მიკროკლიმატური ფაქტორებისა და დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით მიზანშეწონილია გადათესვა/გადარგვა, მზღვეველი აანაზღაურებს გადარგვის/გადათესვის დადასტურებულ ხარჯებს, მაგრამ არა უმეტეს დაზღვეული ტერიტორიის ნაწილის სადაზღვევო ლიმიტის 20%-ისა. 6. თუ გადათესვა/გადარგვა მიზანშეწონილია, მაგრამ დამზღვევი გადაწყვეტს, არ განახორციელოს გადათესვა/გადარგვა, მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას დაზღვეული ტერიტორიის ნაწილის სადაზღვევო ლიმიტის 15%-ის ოდენობით. ასეთ შემთხვევაში, ტერიტორიის ამ ნაწილთან მიმართებით დაზღვევა წყდება. დარჩენილ დაზღვეულ ტერიტორიასთან მიმართებით სადაზღვევო ლიმიტი მცირდება პროპორციულად. 7. დამზღვევი უფლებამოსილია, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიიდან აიღოს მოსავალი მზღვეველთან ზიანის ოდენობაზე დადებული წერილობითი შეთანხმების გაფორმების შემდეგ. 8. თუ ერთი დაზღვევის ობიექტი დაზღვეულია რამდენიმე მზღვევლის მიერ, კონკრეტული მზღვევლის მიერ გადასახდელი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა გამოითვლება სადაზღვევო დაფარვის მთლიან მოცულობაში მისი წილის პროპორციულად. 9. თუ სადაზღვევო შემთხვევის მომენტისთვის ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთის დაზიანების პროცენტზე შეთანხმება, შეჩერდება ზიანის დარეგულირება ამ მაჩვენებლის დადგენამდე. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, დაინიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა/მიწვეულ იქნეს დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელთან დაკავშირებული ხარჯი თანაბრად იქნება გადანაწილებული დავაში მონაწილე პირებზე. მუხლი 10. სააგენტოს, მზღვევლისა და დამზღვევის უფლება-მოვალეობები 1. სააგენტო უფლებამოსილია: ა) მოსთხოვოს მზღვეველს ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რაც დაკავშირებულია სააგენტოს თანადაფინანსებასთან ან პროგრამის მიმდინარეობასთან; ბ) ნებისმიერ დროს, მზღვეველთან ან დამზღვევთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, განახორციელოს დამზღვევის/მოსარგებლის, დაზღვევის ობიექტისა და მზღვევლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგი პირადად ან დამოუკიდებელი სპეციალისტების/ექსპერტების და/ან აუდიტორების მეშვეობით, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს. 2. სააგენტო ვალდებულია, გადაიხადოს სადაზღვევო პრემიის დანართ №1-ით განსაზღვრული მისი წილი, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 3. მზღვეველი უფლებამოსილია: ა) მოსთხოვოს სააგენტოს ანგარიშგებით წარდგენილ პოლის(ებ)ზე სააგენტოს წილი სადაზღვევო პრემიის გადახდა; ბ) დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ნებისმიერ დროს, თავად ან დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით მოახდინოს დაზღვეული ტერიტორიის შემოწმება. შემოწმების შედეგად შეადგინოს დათვალიერების აქტი (დამატებით შედგენილი დათვალიერების აქტი), რომელსაც ხელს აწერენ მზღვეველი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი და დამზღვევი/მოსარგებლე. დამატებით შედგენილი დათვალიერების აქტის სადაზღვევო ანაზღაურების შემცირების მიზნით გამოყენების შემთხვევაში, მზღვეველი დაჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დამატებით შედგენილი დათვალიერების აქტით გამოვლინდება, რომ დაზღვეულ მიწის ნაკვეთზე მცდარი ინფორმაცია მიეწოდა მზღვეველს; გ) მოსთხოვოს დამზღვევს ყველა იმ დოკუმენტის წარდგენა, რომელიც აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის, სადაზღვევო ინტერესის დადგენისა და სადაზღვევო ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრისათვის; დ) არ აანაზღაუროს ზიანი, თუკი სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დადგინდება, რომ დამზღვევი/მოსარგებლე არ იყო უფლებამოსილი, მიეღო პროგრამით განსაზღვრული სუბსიდირება; ე) განახორციელოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებები. 4. მზღვეველი ვალდებულია: ა) პროგრამით გათვალისწინებული წესით დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში, 21 კალენდარული დღის ვადაში მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში და 30 კალენდარული დღის ვადაში ციტრუსოვანი კულტურების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზღვეული ტერიტორიის დათვალიერება და დაზღვეული დაზიანებული მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტის შედგენა. ამასთან, ერთი დაზღვეული რისკის ხდომილების შედეგად კონცენტრირებულ გეოგრაფიულ ერთეულზე (მუნიციპალიტეტი) მზღვევლის მოცულობითი პორტფელის 51% და მეტი ნაკვეთების დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია, დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენის ვადა გაგრძელდეს არა უმეტეს 30 კალენდარულ დღემდე; ბ) დამზღვევს შესთავაზოს მხოლოდ პროგრამით განსაზღვრული სადაზღვევო პირობები; გ) შექმნას პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს დამზღვევის/მოსარგებლის უფლებას, შეუფერხებლად დაუკავშირდეს ან შეხვდეს მზღვევლის წარმომადგენელს, სადაზღვევო მომსახურებაში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით; დ) 30 კალენდარული დღით ადრე აცნობოს სააგენტოს სადაზღვევო პოლისების გაცემის შეწყვეტის შესახებ; ე) დაზღვევა განახორციელოს (გასცეს სადაზღვევო პოლისი) თითოეული კულტურისათვის სააგენტოსა და მზღვეველს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; ვ) შეასრულოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები; ზ) პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო მომსახურების შეძენის სანაცვლოდ, დამზღვევს უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით პირდაპირ ან არაპირდაპირ არ შესთავაზოს ან/და არ შეუქმნას რაიმე დამატებითი სარგებელი (მათ შორის, საქონლის გადაცემის ან/და მომსახურების გაწევის გზით), რომლის მიზანია დამზღვევის მიერ პროგრამის ფარგლებში გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობის შემცირება ან სრულად კომპენსირება. თითოეულ ასეთ შემთხვევაში მზღვეველი დაჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; თ) მოახდინოს მხოლოდ ისეთი სადაზღვევო პოლისის გაცემა, რომელიც სრულად შევსებულია ელექტრონულ პროგრამაში. 5. დამზღვევი უფლებამოსილია: ა) მოსთხოვოს სააგენტოს თავის სადაზღვევო პოლისზე სააგენტოს წილი სადაზღვევო პრემიის გადახდა, თუ იგი აკმაყოფილებს პროგრამით დამზღვევისათვის დადგენილ კრიტერიუმებს; ბ) მოსთხოვოს მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა დაზღვევის ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით; გ) განახორციელოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებები. 6. დამზღვევი ვალდებულია: ა) გადაიხადოს მისი წილი სადაზღვევო პრემია პროგრამით გათვალისწინებული პირობების დაცვით; ბ) მიაწოდოს მზღვეველს დაზღვევის ობიექტისა და პროგრამაში მონაწილეობის უფლებამოსილების შესახებ სრული და უტყუარი ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულებისაგან; გ) შეასრულოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. მუხლი 11. სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლის დაზღვევა იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლის დაზღვევა, რომელიც აღნიშნული არ არის დანართ №1-ში, მოხდება პროგრამაში მონაწილე ყველა მზღვევლისა და სააგენტოს შეთანხმებით.
დანართი №1
|
დოკუმენტის კომენტარები