ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 619
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025819
619
31/03/2020
ვებგვერდი, 02/04/2020
000000000.00.003.025819
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 619 

 2020  წლის 31 მარტი
ქ. თბილისი  
 

 

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „ჰ3“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ახალი კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიის ან/და მის შემდგომ პერიოდში სამშენებლო მასალებზე მიმწოდებლების ხარჯების შესაძლო გაზრდის გათვალისწინებითა და ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უზრუნველყოფილ იქნეს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული/გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ, კერძოდ, სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოყენებულ სამშენებლო მასალებზე, გარდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდული/შესასყიდი სამუშაოების ხელშეკრულებისა, გამოყენებულ იქნეს შემდეგი პრინციპები:

ა) გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ხელშეკრულების ღირებულების 10%-იანი ზრდის შესაძლებლობისა, მხოლოდ სამშენებლო მასალების ხარჯის ზრდის დაფინანსების მიზნით დასაშვებია:

ა.ა) დამატებით 10%-ის ფარგლებში ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, მიმდინარე სამუშაოების ხელშეკრულებების ფარგლებში, თუ 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით დარჩენილი ასანაზღაურებელი ხელშეკრულების ღირებულება 20%-ია ან ნაკლებია;

ა.ბ) დამატებით 20%-ის ფარგლებში ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, მიმდინარე სამუშაოების ხელშეკრულებების ფარგლებში, თუ 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით დარჩენილი ასანაზღაურებელი ხელშეკრულების ღირებულება 20%-ზე მეტია;

ა.გ) დამატებით 20%-ის ფარგლებში ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, მიმდინარე/2020 წლის 30 ივნისამდე სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებში;

ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასკვნა უნდა მომზადდეს 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ შესრულებულ სამუშაოებზე;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების ღირებულების ზრდა შეიძლება შესაბამისი პერიოდის სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გათვალისწინებით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დიდი ათეულის აუდიტორული კომპანი(ებ)ის (Deloitte, PwC, EY, KPMG, BDO, Grant Thornton, RSM, Crowe Horwath, Nexia International, Baker Tilly) დასკვნის წარდგენის საფუძველზე. სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დიდი ათეულის აუდიტორული კომპანი(ებ)ის (Deloitte, PwC, EY, KPMG, BDO, Grant Thornton, RSM, Crowe Horwath, Nexia International, Baker Tilly) დასკვნით უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ხელშეკრულების შესრულებისას სამუშაოების შესრულების მიზნით გამოყენებულ სამშენებლო მასალებზე მიმწოდებლის ხარჯის გაზრდა, კონკრეტული პერიოდისათვის, შესაბამისი სხვაობის თანხის მითითებით;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დასკვნის საფუძველზე, ხელშეკრულების ღირებულების ზრდა:

დ.ა) თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა 18 თვეა ან მეტია, შეიძლება, განხორციელდეს ორჯერ პირველად, სამუშაოების შესრულების ვადის 12 თვის გასვლის შემდეგ და მეორედ − სამუშაოების დასრულების შემდეგ;

დ.ბ) თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა 18 თვეზე ნაკლებია − სამუშაოების დასრულების შემდეგ;

ე) ამ განკარგულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულების შესაძლო გაზრდა შეიძლება, განხორციელდეს მხოლოდ მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე;

ვ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები შესაძლოა, განხორციელდეს მხარეთა მიერ შეთანხმებულ სამუშაოების ვადებში შესრულებული სამუშაოების მოცულობაზე. მიმწოდებლის მიერ სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, დაუშვებელია ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გამოყენება ვადაგადაცილებულ პერიოდზე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების შესრულების მიზნით:

ა) სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პრინციპების სახელშეკრულებო ვალდებულებად განსაზღვრის მიზნით, ამავე განკარგულების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტ(ებ)ში შესაბამისი ცვლილებ(ებ)ის განხორციელება;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, დამატებითი ვალდებულებების ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი, მისი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტ(ებ)ში შესაბამისი ცვლილებების ასახვის შემდეგ შემსყიდველებმა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ ამ განკარგულების ძალაში შესვლის დროს მოქმედ ხელშეკრულებებში (მოქმედ ხელშეკრულებებში იგულისხმება მხოლოდ ის ხელშეკრულებები, რომლის სამუშაოების დასრულების ვადა არ ამოწურულა) მიმწოდებლის ხარჯის გაზრდასთან დაკავშირებით შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინება.

3. ეთხოვოს ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინება.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 გიორგი გახარია