საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 511
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017006
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
511
31/03/2020
ვებგვერდი, 31/03/2020
040030000.22.027.017006
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/03/2020 - 05/04/2020)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №511

2020 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის   საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ

 


„ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენლებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-11 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
1. ამ ბრძანების მოქმედების პერიოდში ნოტარიუსებს ეკრძალებათ ამ ბრძანებით დადგენილი წესით გაუთვალისწინებელი ყოველგვარი სანოტარო საქმიანობა.

2. ნებადართულია ნოტარიუსის მიერ დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის არხებით სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა.

3. სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი პირობებით:

ა) სანოტარო მომსახურების მიწოდებისთვის იქმნება დროებითი სანოტარო ბიუროები (შემდგომ –დროებითი ბიურო) შემდეგ მისამართებზე:

ა.ა) თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №1 (სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური შესასვლელი);

ა.ბ) თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2 (თბილისის იუსტიციის სახლის შენობის უკან მხარეს მდებარე ქორწინების სახლი);

ბ) დროებითი ბიუროების გამართულ ფუნქციონირებას, ასევე უსაფრთხოების ზომების დაცვას უზრუნველყოფს სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა (შემდგომ – პალატა);

გ) დროებით ბიუროში ნოტარიუსები ახორციელებენ სანოტარო მომსახურებას წინასწარ განსაზღვრული მორიგეობის განრიგის მიხედვით. მორიგეობის განრიგს ადგენს პალატის გამგეობა თბილისში მცხოვრები ნოტარიუსების გვარის ანბანური თანმიმდევრობის პრინციპით. მორიგეობაში ჩართული იქნებიან მხოლოდ ის ნოტარიუსები, რომლებიც წინასწარ გამოხატავენ თანხმობას დროებით ბიუროებში სერვისის მიწოდებაზე;

დ) ნოტარიუსი, რომელიც დროებით ბიუროში ახორციელებს სანოტარო მომსახურებას, ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი დამხმარე პერსონალის ადგილზე მობილიზება მისი სამუშაო დღის განმავლობაში. პერსონალის სიმცირის შემთხვევაში პალატა უზრუნველყოფს დამატებითი პერსონალის მობილიზებას ნოტარიუსის დახმარების მიზნით;

ე) დროებით ბიუროში სანოტარო მომსახურებას არ შეიძლება ახორციელებდეს ნოტარიუსი ან პერსონალის ისეთი თანამშრომელი, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში, ან აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი (ტემპერატურა 37 გრადუსზე ზემოთ, ხველება და სხვა);

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა ვრცელდება ასევე სანოტარო მომსახურების მომხმარებელზეც. პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ასეთ პირობებს, არ დაიშვებიან დროებით ბიუროში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გარემოებები გამოვლინდა პირის ბიუროში ყოფნის მომენტში, ნოტარიუსი/პალატა უფლებამოსილია მოსთხოვოს პირს  ბიუროს დაუყოვნებლივ დატოვება და ამ ვალდებულების შესასრულებლად გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები;

ზ) პალატა უზრუნველყოფს ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების შემოწმებას;

თ) პალატა ასევე უზრუნველყოფს სამუშაო პროცესში ნოტარიუსის, მისი პერსონალის და მომხმარებლების მაქსიმალურ დაცულობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად (მათ შორის, დროებითი ბიუროების დეზინფექციას რეკომენდებული პერიოდულობით);

ი) სანოტარო მოქმედებები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც დადგენილია ამ ბრძანებით;

კ) იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო ნოტარიუსი ვერ ასრულებს დროებით ბიუროში მომსახურებას, პალატა ვალდებულია უზრუნველყოს მისი ჩანაცვლება განრიგის მიხედვით სხვა ნოტარიუსით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომსახურების შეფერხება;

ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნებართვით დასაშვებია დროებით ბიუროში სხვა რომელიმე ნოტარიუსის მონაწილეობით ცალკეული სანოტარო მოქმედებების შესრულება, თუ კონკრეტულ ნოტარიუსთან სანოტარო მომსახურების მიღება წარმოადგენს მხარეთა სურვილს და ისინი შეუთანხმდებიან ნოტარიუსს ამის შესახებ. ასეთი მომსახურების გაწევამ ხელი არ უნდა შეუშალოს დროებითი ბიუროს ძირითად საქმიანობას ან რაიმე ფორმით შეაფერხოს იგი;

მ) ნოტარიუსი, ასევე მისი პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი დამცავი ნიღბითა და ხელთათმანებით. ნოტარიუსმა არ უნდა დაუშვას სანოტარო მომსახურების გაწევის პროცესში დროებით ბიუროში ერთ დამხმარე თანამშრომელზე მეტის ყოფნა დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში.

4. მხოლოდ პალატის გამგეობის წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი დაინტერესებული პირებისთვის შემდეგი სანოტარო მომსახურების გაწევა:

ა) დოკუმენტის შენახვა (ცვლილება/გაუქმება);

ბ) საზღვაო პროტესტის შესრულება (ცვლილება/გაუქმება);

გ) მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

დ) მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან (ცვლილება/გაუქმება);

ე) დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ვ) იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ზ) განცხადების ან უწყების ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

თ) სამკვიდრო მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

ი) უმკვიდრო ქონების სახელმწიფოს ან სხვა უფლებამოსილი სუბიექტისათვის გადაცემის შესახებ მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

კ) გასანაღდებლად ჩეკის წარდგენა და ჩეკის გაუნაღდებლობის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ლ) თამასუქის პროტესტის შესრულება (ცვლილება/გაუქმება);

მ) საარქივო დოკუმენტის ასლის დამოწმება და გაცემა, გარდა იმ სანოტარო აქტისა, რომელიც შედგენილია (რეგისტრირებულია) სხვა ნოტარიუსის მიერ და ხელმისაწვდომია ელექტრონული წესით;

ნ) გარიგების დამოწმება რამდენიმე ნოტარიუსის მონაწილეობით;

ო) სანოტარო მედიაცია.

5. ამ ბრძანების მე-4 პუნქტით დადგენილი მომსახურების მისაღებად დაინტერესებული პირი წინასწარ მიმართავს პალატას შესაბამისი მოთხოვნით მომსახურების გაწევაზე, სადაც ვალდებულია დაასაბუთოს, რომ მომსახურების მიღება მისთვის გადაუდებლად აუცილებელია. გადაუდებელ აუცილებლობად ჩაითვლება ისეთი ვითარება, როდესაც მომსახურების მიუღებლობის შემთხვევაში:

ა) დაინტერესებულ პირს შეიძლება ხელი შეეშალოს მნიშვნელოვანი სამართლებრივი ვალდებულების შესრულებაში;

ბ) გავიდეს ვადები, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირს აქვს ვალდებულება შეასრულოს განსაზღვრული სამართლებრივი მოქმედება და ეს იწვევს შეუქცევად შედეგებს დაინტერესებული პირისთვის;

გ) დაინტერესებულ პირს მიადგება მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და არ არის ხელმისაწვდომი ზიანის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი მექანიზმი.

6. დაევალოს პალატას, გაავრცელოს ინფორმაცია ამ ბრძანებით დადგენილი წესების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, ასევე საზოგადოებასთან კომუნიკაციის იმ არხების გამოყენებით, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის ინფორმაცია სანოტარო მომსახურების შესახებ. პალატამ უზრუნველყოს ამ ბრძანებით დადგენილი პროცედურების შესახებ ინფორმაციის ამ ბრძანების გამოცემის დროისთვის მოქმედი ნოტარიუსის სამუშაო ადგილზე, მომხმარებლისთვის თვალსაჩინოდ განთავსება.

7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია შეამოწმოს ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ნოტარიუსს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და მას ეკრძალება ხელმეორედ დროებით ბიუროში სანოტარო მომსახურების განხორციელება.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 აპრილიდან და მოქმედებს „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მოქმედების ვადით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.