საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 205
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 120160030.10.003.021917
205
31/03/2020
ვებგვერდი, 31/03/2020
120160030.10.003.021917
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №205

2020 წლის 31 მარტი

 ქ. თბილისი

 

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

 


მუხლი 1
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესი განხორციელდეს შემდეგი წესით:

1. სასწავლო პროცესი წარიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის  განათლების მიერ შექმნილი „ტელესკოლის“ (შემდგომში  „ტელესკოლა“), დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით.

2. თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური/ელექტრონული ფორმით მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდება „ტელესკოლის“ ან/და ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის  შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, დამრიგებელი, საგნის მასწავლებელი ვალდებულნი არიან, მოსწავლეს/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდონ ინფორმაცია  „ტელესკოლის“, ასევე ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის  შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე „ტელესკოლაში“ ტექნიკური პრობლემების გამო არ/ვერ შეძლებს ჩართვას ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინსწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს  მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება. ამ მიზნის მისაღწევად საგნის მასწავლებელი იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას,  მათ შორის,  სატელეფონო კომუნიკაციას. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელთან, საგნის მასწავლებელსა და სკოლის სხვა სპეციალისტებთან.

5. სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულნი არიან,  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, სისტემატური კომუნიკაციის ფარგლებში, რეკომენდაცია გაუწიონ სახლის პირობებში მეცადინეობის, საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების გამოყენების შესახებ და მიიღონ უკუკავშირი.

6. სამინისტროს სისტემაში არსებული რესურსსკოლები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახორციელებენ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესს, ვალდებულნი არიან, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მისცენ სახლის პირობებში მოსწავლესთან მუშაობის რეკომენდაციები და მიიღონ უკუკავშირი.

7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი/ექთანი, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს  კომუნიკაციას დამრიგებლებთან. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში,  უკავშირდება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს მკურნალობის პროცესის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან მოსწავლის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებაზე და ამის შესახებ აცნობებს სკოლის დირექტორს.

8. სსიპ − ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლაში:

ა) სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

ბ) სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს აუცილებელი პერსონალის მონაწილეობით, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სპეციალური განრიგითა და პირობებით აგრძელებს მუშაობას. სააღმზრდელო პროცესში დამატებით გამოიყენება დისტანციური მომსახურებები.

9. პენიტენციურ დაწესებულებებში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება დისტანციურად, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ განსაზღვრული პირობებით.

10.  თავშესაფრის მაძიებლებისთვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება განხორციელდეს დისტანციური ფორმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ჩართულობით.

11. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელსა და საგნის/სპეციალურ მასწავლებელთან.    

12. სსიპ − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროსთან შეთანხმებით,  მანდატურების საქმიანობის განსაზღვრას;

ბ) ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგების ჩართულობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის 24-საათიან ფსიქოლოგიურ მომსახურებას.

13. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ხორციელდება ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით.  ამ მიზნით:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების (სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა) საქმიანობა განხორციელდეს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა);

ბ) სკოლის არჩევითი ორგანოების დაკომპლექტების ან გამოკლებული წევრის შევსების მიზნით არჩევნების ჩატარება განხორციელდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით, იმ შემთხვევაში, თუ კოლეგიური ორგანოს დაკომპლექტება/წევრის არჩევა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში არსებითია საგანმანათლებლო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის.

14. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პირები გადაყვანილ იქნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით.

15. ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომელიც დისტანციური სწავლების პერიოდში სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმით წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

16. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს დაევალოთ სამინისტროს მიერ გაცემული დავალების/რეკომენდაციის გავრცელება და შესრულება, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება.

17. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმით სასწავლო პროცესის წარმართვის პერიოდში მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესი განხორციელდეს შემდეგი წესით:

1. სასწავლო პროცესი წარიმართოს დისტანციურ რეჟიმში, ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).

შენიშვნა: დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით განხორციელებული სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდებულია, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა იხელმძღვანელონ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით, თითოეულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უზრუნველყოს ელექტრონული სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევა და გამართულად გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა.

3. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შეიმუშაოს  ელექტრონული სწავლების შერჩეული აპლიკაციის/პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული ინსტრუქცია/ვიდეოგზამკვლევი და უზრუნველყოს სტუდენტებისა და პერსონალისთვის გაცნობა.  

4. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ლექტორის მიერ შერჩეული ფორმით, სრულად უზრუნველყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილი სტუდენტებისთვის. 

5. ამ მუხლით დადგენილი წესით სწავლის წარმართვის პროცესში სტუდენტებთან კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს მათი საჭიროებების გათვალისწინებითა და მათი პირადი სივრცის პატივისცემის პრინციპის დაცვით.

6. დადგენილების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, სსიპ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში  ცენტრი) წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელების, მათ შორის, კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის საჭირო მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების თაობაზე.

7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით განხორციელების მიზნით,  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების საქმიანობა (მათ შორის, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს, სტუდენტთა თვითმმართველობების, სადისერტაციო საბჭოებისა და სხვა) განხორციელდეს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა).

8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ყველა პირი გადაყვანილ იქნეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმით სწავლის წარმართვის პერიოდში სტუდენტთა პერსონალური მონაცემების დაცვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 3
საგანმანათლებლო დაწესებულებების შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით:

1. საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა ეწურებათ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში, მიმდინარე ავტორიზაციის ვადა გაუხანგრძლივდეთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაცია არ ვრცელდება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელთა მიმართებითაც ზოგადსაგანმანათლებლო პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოებს მიღებული აქვთ ავტორიზაციასთან დაკავშირებული რომელიმე გადაწყვეტილება ან რომლებსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე უკვე ამოეწურათ მიმდინარე ავტორიზაციის ვადა და ამ ვადის ამოწურვისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებას ცენტრში არ ჰქონდა წარდგენილი საავტორიზაციო განაცხადი.

3. საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა ეწურებათ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და რომელთა შეფასებაც აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით ცენტრის დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციის საფუძველზე შეუძლებელია, განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების  გამოყენებით ან/და საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრში წარდგენილი დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციით დააფიქსირებს უარყოფით პოზიციას საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეფასების თაობაზე და აღნიშნულ არგუმენტირებულ პოზიციას გაიზიარებს ცენტრი, მიმდინარე აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდეთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაცია არ ვრცელდება იმ საგანმანათლებლო  პროგრამებზე, რომელთა მიმართებითაც საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიღებული აქვს აკრედიტაციასთან დაკავშირებული რომელიმე გადაწყვეტილება ან რომლებსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე უკვე ამოეწურათ მიმდინარე აკრედიტაციის ვადა და ამ ვადის ამოწურვისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებას ცენტრში აღნიშნულ პროგრამაზე არ ჰქონდა წარდგენილი სააკრედიტაციო განაცხადი.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვროს უმაღლესი განათლების სწავლის დეტალური სფეროები, რომლის ფარგლებში შემავალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებაც, აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით, ცენტრის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციის საფუძველზე, შეუძლებელია, განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

6.  ავტორიზაციისა  და  აკრედიტაციის  (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა), ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული წარმოებების, საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების უფლების მოპოვების/დადასტურების ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში ცენტრში ამ დადგენილების ამოქმედებამდე ან საგანგებო მდგომარეობის დროს  წარდგენილ განაცხადებზე  კანონმდებლობით დადგენილი ვადები შეჩერებულად ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, თუკი ცენტრის დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციის საფუძველზე შეუძლებელია, განხორციელდეს შესაბამისი წარმოების ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობები/ღონისძიებები დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ან/და დაწესებულება ცენტრში წარდგენილი დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციით დააფიქსირებს უარყოფით პოზიციას აღნიშნული აქტივობების/ღონისძიებების დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების განხორციელების თაობაზე და მის პოზიციას გაიზიარებს ცენტრი.

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 30 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია