„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 204
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 120160030.10.003.021916
204
30/03/2020
ვებგვერდი, 30/03/2020
120160030.10.003.021916
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №204

2020 წლის 30 მარტი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 120160030.10.003.021892) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში“:

1. მე-2 მუხლში:

ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგანგებო მდგომარეობის ვადით, ამ დანართის მე-7 მუხლით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის უზრუნველყოფისა და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საგანგებო მდგომარეობის მართვის ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში  ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით, თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით, ენიჭებათ იურიდიული პირის მოთხოვნით მარშრუტების განსაზღვრის უფლებამოსილება. სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებულია, ყოველი გადაყვანის განხორციელებამდე არაუმეტეს 10 საათით ადრე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია.

6. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება:

ა) სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით;

ბ) საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

გ) საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;

დ) რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 − მე-12 პუნქტები:

„7. საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, თუ სატრანსპორტო საშუალების სალონის მოწყობა აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა. სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა არ ეხება ამ დადგენილების შესაბამისად დაშვებულ M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალურ რეგულარულ გადაყვანას. ამ წესის დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე.

9. საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

12. საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ფიზიკური პირი ვალდებულია, გადაადგილებისას თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. შეკრებებისა და მანიფესტაციების, აგრეთვე საჯარო სივრცეში თავშეყრის შეზღუდვა

1. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია.

2. იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 3 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

3. იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ.: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები).

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება:

ა) სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;

ბ) ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

5. 3-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა დასაშვებია მე-7 მუხლით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებისას, მათ შორის, სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული საქონლის/პროდუქტის რეალიზაციისას, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, აგრეთვე მუნიციპალიტეტები.“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

მუხლი 51. გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა

1. აეკრძალოთ 70 წლისა და მეტი ასაკის პირებს ფაქტობრივი/რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის დატოვება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს დაევალოთ, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ პირთა საჭიროებებით უზრუნველყოფის ორგანიზება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აკრძალვა არ ეხება პირის მიერ ისეთი სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის საცხოვრებელი ადგილის დატოვებას, რომელსაც ვერ მიიღებს საცხოვრებელ ადგილზე, აგრეთვე სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული პროდუქტის შეძენის მიზნით საცხოვრებელი ადგილის დატოვებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხებათ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა

1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

ს) პრესის ჯიხურებისა.

2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს იმ ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

3. ამ  მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობას წარმოუდგენენ საქართველოს სამინისტროები ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით.

4. საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება.

5. საგანგებო მდგომარეობის ვადით რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე. წ. „დრაივის“) მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე.

6. ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობა, მიუხედავად ფორმისა და სახისა, უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.“.

5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. აღსრულების ეროვნული ბიუროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ნოტარიუსთა პალატის, ეროვნული არქივის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის სახლის საქმიანობების შეზღუდვა

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ნოტარიუსთა პალატის, ეროვნული არქივის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის სახლის საქმიანობების ადმინისტრირების განსხვავებული წესი, საგანგებო მდგომარეობის ვადით, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია, განსაზღვროს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე ნოტარიუსებისა და კერძო აღმასრულებლების მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული წესები და პირობები.“.

6. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. შეჩერდეს კონკურსის ჩატარების ვადები იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელშიც საგანგებო მდგომარეობის გამო შეუძლებელია კონკურსის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარება.“.

8. დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

„მუხლი 131. საკონტროლო პუნქტების მოწყობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ საკონტროლო პუნქტების მოწყობა ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდისა და ქ. გორის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით.“.

9. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვა და მისი კონტროლი

1. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, ამ დადგენილებითა და საქართველოს კანონმდებლობით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების დაცვას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, აგრეთვე შესაბამისი მუნიციპალიტეტები, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს დამხმარე ფუნქცია.

2. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირებას ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყებების უფლებამოსილი პირები. თუ შესაბამისი სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, აღნიშნული უწყებების უფლებამოსილი პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავენ და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. 16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები განისაზღვრება ამ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე უწყების ნორმატიული აქტებით.“.

10. დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. ოპერაციული შტაბი

1. ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი შეირჩევა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა მოადგილეებიდან.

3. ოპერაციული შტაბის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით.

4. ოპერაციული შტაბი უფლებამოსილია, მის დაქვემდებარებაში შექმნას ადგილობრივი ოპერაციული შტაბები.

5. ოპერაციული შტაბის ადმინისტრაციულ და სამართლებრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი.“.

 

მუხლი 2
საქართველოს სამინისტროებს დაევალოთ, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებული ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი საქართველოს მთავრობას წარმოუდგინონ არაუგვიანეს ამ დადგენილების ამოქმედებიდან 24 საათისა.

 

მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-10 პუნქტისა, ამოქმედდეს 2020 წლის 31 მარტის 08:00 საათიდან.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია