დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეულ საფასურების დადგენის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016954 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (24/03/2020 - 31/03/2020)
|
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-10 მუხლის, „ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის № 529 განკარგულების მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, დადგინდეს საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფასა და მომსახურების ცალკეულ საფასურებთან დაკავშირებით ამ ბრძანების შესაბამისად. |
მუხლი 2 |
1. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ დროებით შეჩერდეს:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების მიღება; ბ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული გამოცდების მიღება და ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია და ხელახალი რეგისტრაცია (შეძენის ნებართვების გაცემა), გარდა იარაღის ჯილდოდ გადაცემის ან/და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილების მე-3 მუხლის მე-5, მე-15, მე-16 პუნქტებით და „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციისას; გ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება, გარდა საბაჟო კონტროლის ზონაში მომსახურების გაწევისა; დ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, თუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მესაკუთრის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლა. 2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-6 პუნქტით დადგენილი შიდა ტრანზიტით სარგებლობისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო ვადაგადაცილებულ დღეებზე გადასახდელი მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლდეს 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი 2020 წლის 1 სექტემბრამდე. აღნიშნული საგამონაკლისო დათქმა არ ეხება შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში განსაზღვრულ საფასურის გადახდის წესს. 3. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკების შემცირებამდე, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირს ან საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2020 წლის 1 მარტიდან ეწურება „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებული წესის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის ერთწლიანი ვადა, მიეცეთ უფლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში მიუხედავად ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვისა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი ან საქართველოს მოქალაქე სარგებლობს იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობას აქვს მოქმედების ვადა. |
მუხლი 3 |
1. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) მიერ:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის განაცხადის მიღება განხორციელდეს დეპარტამენტის ცხელ ხაზზე – „125“ მიღებული ზარების მეშვეობით; ბ) შემოსულ განაცხადებზე სათანადო რეაგირება განხორციელდეს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების აღკვეთასა და პრევენციასთან დაკავშირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით. 2. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვითი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ’’ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 3 ოქტომბრის N2481030 ბრძანების შესაბამისად, დამკვეთის სათანადო მომართვის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს დაცვითი-ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობით დადებული, დაცვითი-ტექნიკური საშუალებებით მომსახურების ხელშეკრულების მოქმედება. აღნიშნული წესი აგრეთვე ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ხელშეკრულების გაფორმებიდან არ არის გასული ერთი წელი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამკვეთი თავისუფლდება შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. |
მუხლი 4 |
1. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი (სამმართველო) შესაბამისი განცხადებების მიღებას/სერვისების მიწოდებას განახორციელებს:
ა) სატელეფონო ნომერზე – 2 41 42 42 მიღებული ზარების მეშვეობით; ბ) ელექტრონულ ფოსტაზე – patrolinfo@mia.gov.ge მიღებული წერილების/განცხადებების მეშვეობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით შეტყობინების მიღების შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სერვისის მიწოდების მიზნით, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის (სამმართველო) შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია პირთან კომუნიკაცია განახორციელოს ვიდეო ზარის მეშვეობით. |
მუხლი 5 |
1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომ − სერვისების სააგენტო) მიერ დროებით შეჩერდეს შემდეგი მომსახურებების მიწოდება:
ა) სახანძრო უსაფრთხოების ზომების შემუშავება; ბ) საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შემუშავება; გ) ობიექტის (გარდა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტებისა) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა სათანადო აქტის გაფორმებით; დ) სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება; ე) საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების სწავლება; ვ) შენობა-ნაგებობების საევაკუაციო გეგმის შემუშავება. 2. დისტანციურად, ელექტრონული ფორმით განხორციელდეს შემდეგი მომსახურებების მიწოდება: ა) სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალისტის ტექნიკური კონსულტაცია; ბ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის საკითხებზე სპეციალისტის ტექნიკური კონსულტაცია; გ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების (ტექნიკური პირობები) შემუშავება; დ) საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება; ე) შენობა-ნაგებობის (გარდა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტებისა) სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ვ) ობიექტისა (გარდა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტებისა) და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი წინადადებების მომზადება. 3. სერვისების სააგენტო შესაბამისი განცხადებების მიღებას/სერვისების მიწოდებას განახორციელებს ელექტრონულ ფოსტაზე –service@es.gov.ge მიღებული წერილების/განცხადებების მეშვეობით. |
მუხლი 6 |
სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, უფლებამოსილია კურატორი მინისტრის მოადგილესთან (არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამუშაო დღეები, სამუშაო დრო და მოსამსახურეთა სამუშაო გრაფიკი. |
მუხლი 7 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ზოგიერთი მომსახურების დროებით შეჩერებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 19 მარტის №17 ბრძანება. |
მუხლი 8 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები