პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 340140000.10.003.021897
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
185
23/03/2020
ვებგვერდი, 23/03/2020
340140000.10.003.021897
პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/03/2020 - 24/04/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №185

2020 წლის 23 მარტი

   ქ. თბილისი

 

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“. 

 

მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს   „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამული კოდის (31 05 – ერთიანი აგროპროექტი)  ფარგლებში შესაბამისი პროგრამული კლასიფიკაციის კოდის დამატება.  

 

მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსებისათვის „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან გამოიყოს 10 000 000  ლარი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2020 წლის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

 

მუხლი 4
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს დაევალოს, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში მისცეს უფლება ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, საქართველოში  რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებში გახსნას  საბანკო ანგარიშები.

 

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების

სახელმწიფო პროგრამა

 

 


მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები

1. პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა)  მიზანია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე (შემდგომში – პროდუქტ(ებ)ი) არსებული საცალო სარეალიზაციო ფასების შენარჩუნება სავალუტო კურსის ცვალებადობის მიუხედავად.

2. პროგრამის ამოცანებს წარმოადგენს:

ა) პროდუქტებზე სავალუტო კურსის ცვალებადობით  გამოწვეული ფასის ზრდის შეჩერება სუბსიდირების გზით;

ბ) ქვეყანაში პროდუქტების საჭირო მარაგების შექმნის სტიმულირება.

მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი  

1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ა) პოტენციური ბენეფიციარი – საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში  ახორციელებს პროდუქტების იმპორტს და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება სუბსიდირების შესახებ;

ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია სუბსიდირების ხელშეკრულება;

გ) სუბსიდირების ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული  ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს; 

დ) სუბსიდია – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი  ფულადი სახსრები;

ე) პროდუქტი – ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

მუხლი 4. პროგრამის პირობები

პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველოში პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული/გასაწევი ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას, შემდეგი პირობებით:

ა) პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირება განხორციელდება  თანხის იმ ოდენობაზე, რომელიც მოიცავს პროდუქციის შესყიდვისა და საქართველომდე ტრანსპორტირების ღირებულებას, ხოლო შერეული საქონლის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ღირებულება გაითვალისწინება შესაბამისი პროპორციით (შემდგომში – თანხის ლიმიტი);

ბ) სუბსიდიით ბენეფიციარი ისარგებლებს იმ შემთხვევაში, თუ  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, კონვერტაციის დღეს  1 აშშ დოლარის  ღირებულება აღემატება 3 ლარს, ხოლო ევროს შემთხვევაში – 1 ევროს ღირებულება – 3.3 ლარს;

გ) ბენეფიციარი მიიღებს სუბსიდიას ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის კონვერტაციისას;  

დ) დაფინანსდება კონვერტაციის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსსა და ამავე მუხლის  „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ კურსთა  შორის სხვაობა;

ე) თუ პოტენციურ ბენეფიციარს არ უფიქსირდება პროდუქციის რეალიზაცია 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით, მას შეუძლია, მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოახდენს/მოახდინა პროდუქტის იმპორტს/იმპორტი  საქართველოში  2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით და  განახორციელებს/განახორციელა პროდუქტის რეალიზაციას/რეალიზაცია არა უმეტეს 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით სამსახურში დაფიქსირებულ შესაბამისი პროდუქტის უმცირეს სარეალიზაციო ფასად;

ვ) სუბსიდია განხორციელდება პროდუქტის იმ ჯამური მოცულობის თანხის ლიმიტზე, რომელიც საქართველოში იმპორტირებული იყო 2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებული საქონლის ჯამურ მოცულობას დაადგენს სამსახური და აცნობებს სააგენტოს;

ზ) სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

მუხლი 5. პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის მიერ  პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით სააგენტოსა და საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

1. პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, პროგრამის პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) ბენეფიციარის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

გ) ცნობა სამსახურიდან, 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით, პოტენციური ბენეფიციარის მიერ პროდუქტ(ებ)ის რეალიზაციისას დაფიქსირებული უკანასკნელი ფას(ებ)ის შესახებ;

დ) ცნობა სამსახურიდან 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით  შესაბამის პროდუქტებზე დაფიქსირებული უმცირესი სარეალიზაციო ფასის შესახებ, თუ პოტენციურ ბენეფიციარს 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით პროდუქტ(ებ)ის რეალიზაცია არ განუხორციელებია;

ე) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან თანხის ლიმიტის შესახებ, რომელიც ექვემდებარება პროგრამით გათვალისწინებულ სუბსიდირებას;

ვ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

2. პროგრამაში მონაწილეობის მიზნით პროგრამის პოტენციურმა ბენეფიციარმა საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკში (შემდგომში – ბანკი)  უნდა წარადგინოს:

ა) სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულება სუბსიდირების შესახებ;

ბ) სხვა დოკუმენტაცია ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში.

მუხლი 6. სუბსიდირება

1. სააგენტო ბენეფიციარის მომსახურე ბანკში საკუთარ სპეციალურ ანგარიშზე განათავსებს გასაცემი სუბსიდირების თანხას.

2. ბენეფიციარის მიერ სამსახურიდან მიღებული ცნობის საფუძველზე სააგენტო ბანკს აწოდებს ინფორმაციას თითოეული ბენეფიციარის თანხის ლიმიტის შესახებ.

3. ბანკი, ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე, კონვერტაციის განხორციელების მიზნით, სააგენტოს სპეციალური ანგარიშიდან ახდენს სუბსიდიის თანხის გადატანას ბენეფიციარის ანგარიშზე თანხის ლიმიტის შესაბამისად.

4. ბენეფიციარისა და სუბსიდირების თანხის ბენეფიციარის  ანგარიშზე კონვერტირების მიზნით თანხების აკუმულირების შემდეგ ბანკი ახორციელებს კონვერტირების ოპერაციას შესაბამის ვალუტაში.

მუხლი 7. ბენეფიციარის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

1. ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციისას შეასრულოს პროგრამის პირობები, სუბსიდირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ გაზარდოს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „დ“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფასი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა.

მუხლი 8.  სუბსიდირების გაცემის პროცედურა

სუბსიდიის გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

მუხლი 9. მონიტორინგი

1. ბენეფიციარის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სამსახური.

2. ბენეფიციარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური აღნიშნულის შესახებ აცნობებს სააგენტოს შემდგომი რეაგირებისთვის.

3. კომერციული ბანკების მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის წესს შეიმუშავებს სააგენტო.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.