დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 181 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 120160030.10.003.021892 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (23/03/2020 - 23/03/2020)
|
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის № 1 დეკრეტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“.
|
მუხლი 2 |
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით გათვალისწინებული რეგულაციები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, გარდა იმ ნორმებისა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ დადგენილებით დამტკიცებულ წესებს.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 23 მარტიდან.
|
|
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ამ დადგენილების მიზანია, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის № 1 დეკრეტის (შემდგომში – საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი) აღსრულების მიზნით, სახელმწიფოს მიერ თავისი კონსტიტუციური ვალდებულების – დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა. მუხლი 2. მიმოსვლის შეზღუდვა 1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა. 2. ჩერდება პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც უცხო ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით. შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება სატვირთო, სამთავრობო, სამხედრო, ამბულატორიული, ავარიული, ტექნიკური დაჯდომის მიზნით განსახორციელებელ, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ და ძებნა-შველის ფრენებზე, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის მცურავი საშუალების ორგანული ვერტმფრენის მიერ საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებში სასწავლო მიზნებით განხორციელებულ ფრენებზე. 3. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება საერთაშორისო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნაოსნობისათვის ღია ნავსადგურებში შემოსვლას. 5. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. მუხლი 3. საგანმანათლებლო პროცესის შეზღუდვა 1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განხორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში). 2. 2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა). 3. იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა. 4. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების, ასევე პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების და პროფესიული საჯარო მოხელის პრიფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ადმინიტრაციული წარმოების დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე. მუხლი 4. კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვა 1. იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა. 2. იკრძალება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა. მუხლი 5. შეკრებების და მანიფესტაციების, აგრეთვე საჯარო სივრცეში თავშეყრის შეზღუდვა 1. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია. 2. იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. 3. იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები). 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება: ა) სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით; ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა; გ) სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას. 5. 10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. მუხლი 6. ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების წესები ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, იზოლაციისა და კარანტინის წესები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. აღნიშნული წესების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისად. მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა 1. საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდება ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა: ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა; ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა; გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა; დ) საქონლის/პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციისა, თუ საცალო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე; ე) პრესის ჯიხურებისა. 2. საგანგებო მდგომარეობის ვადით რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე.წ. „დრაივის“) მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე. 3. საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდება საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონებისა და ღამის კლუბების საქმიანობა. საგანგებო მდგომარეობის ვადით დასაშვებია აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით. 4. ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობა, მიუხედავად ფორმისა და სახისა, უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. მუხლი 8. კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული რეგულაციები იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ფლობენ ან/და შეუძლიათ განახორციელონ სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობა, ასევე, შეუძლიათ განახორციელონ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან/და საავტომობილო ტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე, ვალდებული არიან: ა) უზრუნველყონ მოთხოვნილი მიმართულებით ჩარტერული ფრენის განხორციელება საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში ჩამოყვანის ან/და შესაბამისი ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით; ბ) უზრუნველყონ მოთხოვნილი მიმართულებებით (საქართველოს მასშტაბით) შესაბამისი პირების საკარანტინო ზონებში განთავსების მიზნით საავტომობილო ტრანსპორტით გადაყვანა, ან/და შესაბამისი ტვირთის გადაზიდვა დანიშნულების ადგილამდე; გ) გამოყონ სასტუმრო ან/და განთავსების მსგავსი საშუალებები (უზრუნველყონ ყველა თანმდევი სერვისები) კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებისა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნის მიზნით. მუხლი 9. ცალკეული ობიექტების ვალდებულებები 1.ობიექტები, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები: ა) სურსათის გაციების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს მკაცრად იქნეს დაცული ტემპერატურული რეჟიმები; ბ) პერსონალის მიერ გამოყენებულ იქნეს პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი; გ) პერსონალის მიერ ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით; დ) გაზრდილი სიხშირით მოხდეს ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით; ე) სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა). 2.ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის ე.წ. მიტანის სერვისით სურსათის მიწოდებას, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები: ა) პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ან მონაწილეობს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს პირბადითა და ხელთათმანით; ბ) სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით; გ) სურსათის ტრანსპორტირებისას დაცულ უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი. 3. ობიექტები, რომლებიც ახორციელებენ საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებას, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები: ა) პერსონალი, რომელიც მონაწილეობს პროდუქციის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს პირბადითა და ხელთათმანით; ბ) რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირითა და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით; გ) უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრისა) დაცვის გაკონტროლება. მუხლი 10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სერვისები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიენიჭოს უფლებამოსილება, ბრძანებით დააწესოს საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფასა და მომსახურების ცალკეულ საფასურებთან დაკავშირებით. მუხლი 11. პენიტენციური სამსახურის, ნოტარიუსთა პალატისა და ეროვნული არქივის საქმიანობების შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ნოტარიუსთა პალატისა და ეროვნული არქივის საქმიანობების ადმინისტრირების წესი, საგანგებო მდგომარეობის ვადით, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 12. აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შეზღუდვა 1. შეჩერდეს/გადაიდოს სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებები. 2. შეჩერდეს/გადაიდოს შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებები. 3. შეჩერდეს/გადაიდოს ფაქტების კონსტატაციის მიზნით დაწყებული წარმოებები. 4. შეჩერდეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აღმასრულებლის/კერძო აღმასრულებლის უფლებამოსილებები. შეზღუდვა არ გავრცელდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების/გაუქმების თაობაზე სასამართლოს განჩინების აღსრულებაზე; ასევე იმ სააღსრულებო მოქმედებებზე, რომლის განხორციელებასაც ითხოვს კრედიტორი და იმავდროულად ამსუბუქებს მოვალის უფლებრივ ტვირთს; ასევე თუ მოვალე მოითხოვს მის ქონებაზე გადახდევინების მიქცევას. 5. საქმეებზე, რომლებზეც მოვალეა ფიზიკური პირი, ახალი სააღსრულებო წარმოებები შემოიფარგლოს მოვალისათვის „მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ“ წინადადების გაგზავნითა და მისი მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით. იმ საქმეებზე, სადაც მოვალეა იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, ახალი სააღსრულებო წარმოებები შემოიფარგლოს მოვალისათვის „მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ“ წინადადების გაგზავნით, მისი მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით და ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციით. ამასთან, იმ საქმეებზე, სადაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მოვალეთა რეესტრის გამოყენებას, ასევე განხორციელდეს აღსრულების ნივთზე/საგანზე ყადაღის რეგისტრაცია (ნივთის გადაცემა, საზიარო უფლების გაუქმება და სხვა). 6. შეჩერდეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი, აღმასრულებლის/კერძო აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულების სავალდებულო ეფექტი, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიცემულ დავალებას ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და პირის ძებნა-დაკავების თაობაზე. 7. შეჩერდეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება და რესპონდენტისთვის კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყოს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე. მუხლი 13. ელექტრონული საქმისწარმოების, ადმინისტრაციული წარმოებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის განსხვავებული წესები 1. ჩერდება კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები. 2. ჩერდება საჯარო ინფორმაციისა და პერსონალური ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადები. 3. ჩერდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების მოქმედება. 4. სახელმწიფო ინსპექტორს მიეცეს უფლება შეაჩეროს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და განხილვის, ადმინისტრაციული სახდელის დადების ხანდაზმულობის ვადები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების ან გაგზავნის, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებების აღსრულების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა. მუხლი 14. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვა და მისი კონტროლი 1. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, ამ დადგენილებით და საქართველოს კანონმდებლობით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების დაცვას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. 2. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყებების უფლებამოსილი პირები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავენ ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები განისაზღვრება ამ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე უწყების ნორმატიული აქტებით. მუხლი 15. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებსა და ეთნიკურ უმცირესობებთან კოორდინაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ცალკეულ უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის გზით მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო ზომების გატარების შესახებ მათთვის გასაგებ ენაზე და ხელმისაწვდომი კომუნიკაციის საშუალებებით. ასევე ზემოაღნიშნულ უწყებებსა და ორგანიზაციებთან მჭიდრო კოორდინაციის გზით ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ ძალისხმევას. |
დოკუმენტის კომენტარები