საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 120160030.10.003.021892
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
181
23/03/2020
ვებგვერდი, 23/03/2020
120160030.10.003.021892
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №181

2020 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის  № 1 დეკრეტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში ახალი  კორონავირუსის   (COVID-19)  გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“.

 

მუხლი 11
დამტკიცდეს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებსაც არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, დანართ 1-ის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 აპრილის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 01.04.2020წ.

მუხლი 12
დამტკიცდეს თანდართული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დანართ №2-ის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1  აპრილის დადგენილება №21 1  – ვებგვერდი , 02.04 .2020 .

მუხლი 13
ეკონომიკური საქმიანობები და ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომლებიც არ იზღუდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში და რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ დადგენილებით დამტკიცებულ №1 და №2 დანართებში, დამტკიცდეს ამ დადგენილების №3 დანართის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 აპრილის დადგენილება №211 – ვებგვერდი, 02.04.2020წ.

მუხლი 14
დანართ 4-ის შესაბამისად, დამტკიცდეს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იმ სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებსაც მხოლოდ ამავე დანართით განსაზღვრული პროექტების განხორციელების მიზნით არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის დადგენილება №216 – ვებგვერდი, 03.04.2020წ.

მუხლი 2
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით გათვალისწინებული რეგულაციები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, გარდა იმ ნორმებისა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ დადგენილებით დამტკიცებულ წესებს.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 23 მარტიდან. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



საქართველოში ახალი კორონავირუსის  (COVID-19)  გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ამ დადგენილების მიზანია, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის  № 1 დეკრეტის (შემდგომში  საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი) აღსრულების მიზნით, სახელმწიფოს მიერ თავისი კონსტიტუციური ვალდებულების – დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა.

მუხლი 2. მიმოსვლის შეზღუდვა

1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა.

2. ჩერდება პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც უცხო ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით.  შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება სატვირთო, სამთავრობო, სამხედრო, ამბულატორიული, ავარიული, ტექნიკური დაჯდომის მიზნით განსახორციელებელ, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ და ძებნა-შველის ფრენებზე, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის მცურავი საშუალების ორგანული ვერტმფრენის მიერ საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებში სასწავლო მიზნებით განხორციელებულ ფრენებზე.

3. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება საერთაშორისო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნაოსნობისათვის ღია ნავსადგურებში შემოსვლას.

5. საგანგებო მდგომარეობის ვადით, ამ დანართის მე-7 მუხლით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის უზრუნველყოფისა და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საგანგებო მდგომარეობის მართვის ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით, თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით, ენიჭებათ იურიდიული პირის მოთხოვნით მარშრუტების განსაზღვრის უფლებამოსილება. სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებულია, ყოველი გადაყვანის განხორციელებამდე არა უმეტეს 10 საათით ადრე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია.

6. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება:

ა) სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით;

ბ) საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

გ) საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;

დ) რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

7. საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, თუ სატრანსპორტო საშუალების სალონის მოწყობა აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა. სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა არ ეხება ამ დადგენილების შესაბამისად დაშვებულ M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალურ რეგულარულ გადაყვანას. ამ წესის დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე.

9. საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

12. საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ფიზიკური პირი ვალდებულია, გადაადგილებისას თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28  მარტის დადგენილება №202 – ვებგვერდი , 28.03.2020 .

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის დადგენილება №204 – ვებგვერდი, 30.03.2020წ.

მუხლი 3. საგანმანათლებლო პროცესის შეზღუდვა

1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განხორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).

2. 2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა).

3. იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა.

4. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების, ასევე პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების და პროფესიული საჯარო მოხელის პრიფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ადმინიტრაციული წარმოების დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.

მუხლი 4. კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვა

1. იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა.

2. იკრძალება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის,  შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.

მუხლი 5. შეკრებებისა და მანიფესტაციების, აგრეთვე საჯარო სივრცეში თავშეყრის შეზღუდვა

1. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია.

2. იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 3 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

3. იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ.: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები).

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება:

ა) სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;

ბ) ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

5. 3-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა დასაშვებია მე-7 მუხლით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებისას, მათ შორის, სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული საქონლის/პროდუქტის რეალიზაციისას, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, აგრეთვე მუნიციპალიტეტები.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის დადგენილება №204 – ვებგვერდი, 30.03.2020წ.

მუხლი 51. გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა

1. აეკრძალოთ 70 წლისა და მეტი ასაკის პირებს ფაქტობრივი/რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის დატოვება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს დაევალოთ, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ პირთა საჭიროებებით უზრუნველყოფის ორგანიზება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აკრძალვა არ ეხება პირის მიერ ისეთი სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის საცხოვრებელი ადგილის დატოვებას, რომელსაც ვერ მიიღებს საცხოვრებელ ადგილზე, აგრეთვე სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული პროდუქტის შეძენის მიზნით საცხოვრებელი ადგილის დატოვებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხებათ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის დადგენილება №204 – ვებგვერდი, 30.03.2020წ.

მუხლი 6. ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების წესები

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, იზოლაციისა და კარანტინის წესები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. აღნიშნული წესების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას  საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისად.

მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა

1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

ო) საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

ს) პრესის ჯიხურებისა;

ტ) ნავთობის და გაზის მოპოვებისა, გადამუშავებისა;

უ) ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად).

11. დაშვებული  ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს  სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა).

2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს იმ ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

3. ამ  მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობას წარმოუდგენენ საქართველოს სამინისტროები ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით.

4. საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება.

5. საგანგებო მდგომარეობის ვადით რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე. წ. „დრაივის“) მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე.

6. ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობა, მიუხედავად ფორმისა და სახისა, უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის დადგენილება №204 – ვებგვერდი, 30.03.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1  აპრილის დადგენილება №21 1  – ვებგვერდი , 02.04 .2020 .

მუხლი 8. კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული რეგულაციები

იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ფლობენ ან/და შეუძლიათ განახორციელონ სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობა, ასევე, შეუძლიათ განახორციელონ  საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან/და საავტომობილო ტრანსპორტით  გადაყვანა-გადაზიდვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე, ვალდებული არიან:

ა) უზრუნველყონ მოთხოვნილი მიმართულებით ჩარტერული ფრენის განხორციელება საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში ჩამოყვანის ან/და შესაბამისი ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით; 

ბ) უზრუნველყონ მოთხოვნილი მიმართულებებით (საქართველოს მასშტაბით)  შესაბამისი პირების საკარანტინო ზონებში განთავსების მიზნით საავტომობილო ტრანსპორტით გადაყვანა, ან/და შესაბამისი ტვირთის გადაზიდვა დანიშნულების ადგილამდე;

გ) გამოყონ  სასტუმრო ან/და განთავსების მსგავსი საშუალებები (უზრუნველყონ ყველა თანმდევი  სერვისები) კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში  განთავსებისა და საკარანტინო პერიოდში სათანადო  პირობების შექმნის მიზნით.

მუხლი 9. ცალკეული ობიექტების ვალდებულებები

1.ობიექტები, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) სურსათის გაციების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს მკაცრად იქნეს დაცული ტემპერატურული რეჟიმები;

ბ) პერსონალის მიერ გამოყენებულ იქნეს პირბადე, თავსაბურავი და  ხელთათმანი;

გ) პერსონალის მიერ ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით;

დ) გაზრდილი სიხშირით მოხდეს ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

ე) სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა).

2.ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის ე.წ. მიტანის სერვისით სურსათის მიწოდებას, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ან მონაწილეობს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს პირბადითა და ხელთათმანით;

ბ) სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

გ) სურსათის ტრანსპორტირებისას დაცულ უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.

3. ობიექტები, რომლებიც ახორციელებენ საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებას, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) პერსონალი, რომელიც მონაწილეობს პროდუქციის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს პირბადითა და ხელთათმანით;

ბ) რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირითა და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

გ) უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრისა) დაცვის გაკონტროლება.

მუხლი 10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სერვისები და ადმინისტრაციული წარმოების ცალკეული საკითხები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიენიჭოს უფლებამოსილება, ბრძანებით დააწესოს საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფასა და მომსახურების ცალკეულ საფასურებთან დაკავშირებით.

2. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება საგზაო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის X თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის ან/და საურავის გადახდის ვადები. აღნიშნული ვრცელდება იმ სამართალდარღვევებზე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარეა.

3. საგანგებო მდგომარეობის ვადით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიეცეს უფლება, დაადგინოს განსხვავებული წესები უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის დადგენილება №192 – ვებგვერდი, 26.03.2020წ.

მუხლი 11. აღსრულების ეროვნული ბიუროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ნოტარიუსთა პალატის, ეროვნული არქივის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის სახლის საქმიანობების შეზღუდვა

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ნოტარიუსთა პალატის, ეროვნული არქივის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის სახლის საქმიანობების ადმინისტრირების განსხვავებული წესი, საგანგებო მდგომარეობის ვადით, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია, განსაზღვროს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე ნოტარიუსებისა და კერძო აღმასრულებლების მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული წესები და პირობები.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის დადგენილება №204 – ვებგვერდი, 30.03.2020წ.

მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის დადგენილება №204 – ვებგვერდი, 30.03.2020წ.

მუხლი 13. ელექტრონული საქმისწარმოების, ადმინისტრაციული წარმოებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის განსხვავებული წესები

1. ჩერდება კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.

2. ჩერდება საჯარო ინფორმაციისა და პერსონალური ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადები.

21. შეჩერდეს კონკურსის ჩატარების ვადები იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელშიც საგანგებო მდგომარეობის გამო შეუძლებელია კონკურსის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარება.

3. საგანგებო მდგომარეობის ვადით საჯარო დაწესებულებებს, ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს მიენიჭოთ უფლებამოსილება, გამოიყენონ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა.

4. სახელმწიფო ინსპექტორს მიეცეს უფლება შეაჩეროს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და განხილვის, ადმინისტრაციული სახდელის დადების ხანდაზმულობის ვადები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების ან გაგზავნის, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებების აღსრულების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა.

5. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით (შემდგომში – კოდექსი) გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები (რომელთა მიმდინარეობისას კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვები ვერ ჩატარდა/ჩატარდება ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით) განხორციელდეს საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე და ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილ იქნეს წერილობით ან/და  ელექტრონული საშუალებით, კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

6.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, ასევე საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

7. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭება შეიძლება განხორცილდეს უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის გარეშე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის დადგენილება №196 – ვებგვერდი, 26.03.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის დადგენილება №204 – ვებგვერდი, 30.03.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 აპრილის დადგენილება №212 – ვებგვერდი, 02.04.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის დადგენილება №214 – ვებგვერდი, 03.04.2020წ.

მუხლი 131. საკონტროლო პუნქტების მოწყობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს თავდაცვის  სამინისტრომ  უზრუნველყონ საკონტროლო პუნქტების მოწყობა ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის, ქ. გორის, ქ. ახალციხისა და ქ. თელავის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის დადგენილება №204 – ვებგვერდი, 30.03.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის დადგენილება №207 – ვებგვერდი, 31.03.2020წ.

მუხლი 14. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვა და მისი კონტროლი

1. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, ამ დადგენილებითა და საქართველოს კანონმდებლობით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების დაცვას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, აგრეთვე შესაბამისი მუნიციპალიტეტები, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს დამხმარე ფუნქცია.

2. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირებას ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყებების უფლებამოსილი პირები. თუ შესაბამისი სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, აღნიშნული უწყებების უფლებამოსილი პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავენ და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. 16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები განისაზღვრება ამ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე უწყების ნორმატიული აქტებით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის დადგენილება №204 – ვებგვერდი, 30.03.2020წ.

მუხლი 141. ოპერაციული შტაბი

1. ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი შეირჩევა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა მოადგილეებიდან.

3. ოპერაციული შტაბის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით.

4. ოპერაციული შტაბი უფლებამოსილია, მის დაქვემდებარებაში შექმნას ადგილობრივი ოპერაციული შტაბები.

5. ოპერაციული შტაბის ადმინისტრაციულ და სამართლებრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის დადგენილება №204 – ვებგვერდი, 30.03.2020წ.

მუხლი 15. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებსა და ეთნიკურ უმცირესობებთან კოორდინაცია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ცალკეულ უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის გზით მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს  ოკუპირებულ  ტერიტორიაზე  მცხოვრებ  მოსახლეობას, ასევე საქართველოს  კონტროლირებად ტერიტორიაზე  კომპაქტურად  მცხოვრებ  ეთნიკურ  უმცირესობებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო ზომების გატარების შესახებ   მათთვის გასაგებ  ენაზე და  ხელმისაწვდომი  კომუნიკაციის  საშუალებებით.  ასევე ზემოაღნიშნულ უწყებებსა და ორგანიზაციებთან მჭიდრო კოორდინაციის გზით ხელი შეუწყოს  ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ ძალისხმევას.

მუხლი 16. სახაზინო სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საგანგებო მდგომარეობის ვადით სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოებისა და მათი შვილობილი კომპანიების (შემდგომში − საწარმო) მიმართვის საფუძველზე, სახაზინო სამსახურმა საწარმოს გაუწიოს მომსახურება ვალუტის კონვერტირების მიზნით.

2.  ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მომსახურებისათვის, მოთხოვნის შემთხვევაში, საწარმოს ეხსნება:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის სადეპოზიტო ქვეანგარიში;

ბ) სახაზინო სამსახურის სავალუტო ანგარიშის სადეპოზიტო ქვეანგარიში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გახსნილ ქვეანგარიშებზე არსებული თანხები, საწარმოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სახაზინო სამსახურის მიერ კონვერტირდება შესაბამის ვალუტაში და უბრუნდება საწარმოს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 მარტის დადგენილება №187 – ვებგვერდი, 24.03.2020წ.

მუხლი 17. სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვადის შეჩერება

თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პირველადი/განმეორებითი) გავლის ვადა ემთხვევა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადას, აღნიშნული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პირველადი/განმეორებითი) გავლის ვადა შეჩერებულად ჩაითვალოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 მარტის დადგენილება №201 – ვებგვერდი, 27.03.2020წ.


13. 03/04/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 216 - ვებგვერდი, 03/04/2020 12. 03/04/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 214 - ვებგვერდი, 03/04/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 02/04/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 212 - ვებგვერდი, 02/04/2020 10. 01/04/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 211 - ვებგვერდი, 02/04/2020 9. 01/04/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 209 - ვებგვერდი, 01/04/2020 8. 31/03/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 207 - ვებგვერდი, 31/03/2020 7. 30/03/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 204 - ვებგვერდი, 30/03/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 28/03/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 202 - ვებგვერდი, 28/03/2020 5. 27/03/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 201 - ვებგვერდი, 27/03/2020 4. 26/03/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 196 - ვებგვერდი, 26/03/2020 3. 26/03/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 192 - ვებგვერდი, 26/03/2020 2. 24/03/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 187 - ვებგვერდი, 24/03/2020 1. 23/03/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 186 - ვებგვერდი, 23/03/2020
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.