„არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 თებერვლის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 თებერვლის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 507
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.017002
507
19/03/2020
ვებგვერდი, 19/03/2020
110060000.22.027.017002
„არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 თებერვლის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №507

2020 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

„არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 თებერვლის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია განსაკუთრებულ ღონისძიებათა გამოყენება არასრულწლოვანთა განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში. განსაკუთრებულ ღონისძიებათა გამოყენება მიზნად ისახავს კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვნებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 18-წლიდან 21 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომელთა მიმართ განიხილება განრიდების გამოყენების შესაძლებლობა, აგრეთვე, პროკურორის მიერ მიღებულია წინასწარი გადაწყვეტილება განრიდების შესახებ/გამოტანილია დადგენილება განრიდების პროცესის დაწყების შესახებ ან/და რომლებთანაც გაფორმებულია განრიდების/განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულება.

განსაკუთრებულ ღონისძიებათა გამოყენება მიზნად ასევე ისახავს განრიდების პროგრამებში მომუშავე პროფესიონალთა და განრიდების პროცესთან კავშირში მყოფ პირთა, მათ შორის, დაზარალებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
„არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 თებერვლის №120 ბრძანებას (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge), 02.02.2016, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.22.027.016624) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

მუხლი 21. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, არასრულწლოვანთა განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში, განსაკუთრებულ ღონისძიებათა გამოყენება

1. ამ მუხლის მოქმედების პერიოდში შეჩერდეს არასრულწლოვანთან ამ ბრძანებით დამტკიცებული „არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესი და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების“ შესაბამისად გაფორმებული ყველა განრიდების/განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების მოქმედება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეჩერება არ საჭიროებს დამატებით ხელშეკრულების ან/და სხვა დოკუმენტის გაფორმებას და ჩაითვლება შეჩერებულად ამ მუხლის ამოქმედებისთანავე.

3. თუ ამ მუხლის ამოქმედების დღისთვის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილია 30 დღე ან ნაკლები და სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის საფუძველზე დგინდება, რომ არასრულწლოვანმა კეთილსინდისიერად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასრულწლოვანს, სოციალური მუშაკის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, საპატიოდ შეიძლება ჩაეთვალოს ხელშეკრულების დარჩენილი ნაწილის შეუსრულებლობა და პროკურორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

4. ამ მუხლის მოქმედების დასრულებისთანავე განახლდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეჩერებული ყველა ხელშეკრულება იმ ვადით, რომელიც ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეჩერების დღის მდგომარეობით ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვამდე იყო დარჩენილი.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

6. თუ პროკურორის მიერ მიღებულია წინასწარი გადაწყვეტილება განრიდების გამოყენების შესახებ და არასრულწლოვანთან არ არის გაფორმებული ხელშეკრულება, შეჩერებულად ჩაითვალოს განრიდების პროცესი, მათ შორის, არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების, ასევე მედიაციის პროცესი, რაც გამოიწვევს ამ ბრძანებით დამტკიცებული „არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესი და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების“, აგრეთვე „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის ერთობლივი ბრძანების №132/№95/№23 დანართი №1-ით და მათთან დაკავშირებული აქტებით განსაზღვრული ვადების შეჩერებას. თუ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების, აგრეთვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით განსაზღვრული საპროცესო ვადების, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადების, ან სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის განრიდების პროცესის შეჩერება, სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსათვის პროკურორის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, შესაძლებელია გაგრძელდეს განრიდების პროცესი და გაფორმდეს განრიდების/განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულება.

7. ამ მუხლის მოქმედების პერიოდში არასრულწლოვნის მიმართ განრიდების გამოყენებისა და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უნდა ექვემდებარებოდეს დისტანციურად შესრულებას. დაუშვებელია არასრულწლოვანს დაეკისროს ისეთი ვალდებულებების შესრულება ან/და ისეთ სერვისებში ჩართვა, რომლებიც გულისხმობს ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრას ან/და საქმიანობას.

8. ეს მუხლი მოქმედებს 2020 წლის 15 აპრილამდე.“.  

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი