საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.021816
110
13/02/2020
ვებგვერდი, 13/02/2020
010240010.10.003.021816
საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №110

2020 წლის 13 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო − საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში − საბჭო).
მუხლი 2
საბჭოს მუდმივი წევრები არიან:

ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრის აპარატის (დეპარტამენტის) უფროსი − საბჭოს წევრი; 

გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე/საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − საბჭოს წევრი;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი;

ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი;

ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი;

ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი;  

თ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი;

ი) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი;

 კ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი;

ლ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი;

მ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი; 

ნ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი;

ო) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი;      

პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი − საბჭოს წევრი;

ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე − საბჭოს წევრი;

 რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი − საბჭოს წევრი;  

ს) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის (ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს) უფროსი − საბჭოს მდივანი, საბჭოს წევრი.

მუხლი 3
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე.

 

მუხლი 4
1. საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს ხელმძღვანელ პირს;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელ პირს;

გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელ პირს;

დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ პირს;

ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ხელმძღვანელ პირს;

 ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელ პირს;

ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელ პირს.

2. საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლების გარეშე მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

 ა)  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს;

 ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს;

გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს;

დ) ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეს;

ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს;

 ვ) საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს;

ზ) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მისი დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლებს;

თ) გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს;

 ი) ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს;

კ) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენელს;

ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელს;

მ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული, მოქმედი ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სხვა პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს.

მუხლი 5
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება“. 
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს

დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში − საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 

2. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

4. საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი −   ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო (შემდგომში − სამდივნო).

მუხლი 2. საბჭოს სტრუქტურა

1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 2. საბჭოს ადმინისტრაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სამდივნო, რომელიც მოქმედებს ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად.

 3. საბჭოს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფია ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი, რომლის ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრულია ამ დადგენილების დანართით − „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის სახელმძღვანელო წესები“.

4. საბჭოს საქმიანობაში მოწვეული სტატუსით ან/და კონკრეტული ამოცანის განხორციელების მიზნით, ხმის უფლების გარეშე შეიძლება, მონაწილეობას იღებდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, აკადემიური წრის წარმომადგენლები. 

5. „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის სახელმძღვანელო წესების“ მე-3 მუხლის საფუძველზე, მიღებული ორგანიზაციის საბჭოს შემადგენლობისთვის წევრად დამატების მიზნით, საბჭოს დებულების ცვლილებას ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს სამდივნო.

მუხლი 3. საბჭოს ამოცანები

საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ქვეყანაში ღია მმართველობის ზოგადი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;

 ბ) ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) პროექტის განხილვა, მხარდაჭერა და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა;

გ) სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი და შეფასება: სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ საბჭოს სხდომებზე როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი მოხსენებების წარდგენა; სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების შედეგების გათვალისწინებით, გამოწვევების იდენტიფიცირება და საჭირო ჩარევების განსაზღვრა;

დ)     ღია მმართველობის პრინციპებსა და სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებული პროექტების, ინიციატივებისა და საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა;

ე)       ღია მმართველობის უზრუნველყოფის, ასევე სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია.

მუხლი 4. საბჭოს უფლებამოსილება

დასახული მიზნისა და ამოცანების განსახორციელებლად საბჭო უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს საქმიანობისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები ღია მმართველობის პოლიტიკის განხორციელების მიზნით;

 გ) დაამტკიცოს სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია;

დ) ცალკეულ საკითხთა მომზადებისა და დასკვნების, წინადადებების, რეკომენდაციების, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით, შექმნას მუდმივმოქმედი ან/და დროებითი სამუშაო ჯგუფები საბჭოს წევრი უწყებების ან/და სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით.

მუხლი 5. საბჭოს ანგარიშვალდებულება

1. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.

2. საბჭო საქართველოს მთავრობასა და ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ყოველი სამოქმედო გეგმის ვადის დასრულების შემდეგ წარუდგენს სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების, აგრეთვე საკუთარი და სამუშაო ჯგუფების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობის შესახებ ანგარიშს.

მუხლი 6. საბჭოს სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი თანათავმჯდომარე.

2. საბჭოს თანათავმჯდომარეს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების დაწყებისთანავე ასახელებენ საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთობლივად, ამავე სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მოქმედების ვადით.

3. ერთი და იგივე ორგანიზაცია არ შეიძლება წარდგენილ იქნეს თანათავმჯდომარედ თანმიმდევრულად ორი სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადით.

4. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

5. საბჭოს თანათავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში,  თანათავმჯდომარე ასახელებს უფლებამოსილ პირს. 

6. საბჭოს სხდომები იმართება სამოქმედო გეგმის შემუშავების, აგრეთვე სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ანგარიშების განხილვის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა საბჭოს თავმჯდომარის ან თავმჯდომარისა და თანათავმჯდომარის ერთობლივი ინიციატივით.

7. საბჭოს სხდომა წარიმართება წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით. საბჭოს დღის წესრიგს ამტკიცებენ საბჭოს თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე.

8. საბჭოს სხდომის გამართვის თარიღის შესახებ სამდივნო საბჭოს აცნობებს სხდომამდე სულ მცირე ორი კვირით ადრე.

9. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარეს, თანათავმჯდომარეს, საბჭოს წევრებს, სამდივნოს წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწვეულ წევრსა და დამოუკიდებელ ექსპერტს, საჭიროებისამებრ.

10.  საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის შესახებ უნდა ეცნობოს სამდივნოს საბჭოს სხდომამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე.

 11. საბჭოს წევრი უწყებები საბჭოს წერილობით წარუდგენენ დასაბუთებულ უარს სამოქმედო გეგმის ფარგლებში ახალი ვალდებულების აღების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო  ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების არგათვალისწინების ან/და ნაწილობრივ გათვალისწინების შესახებ.

12. საბჭოს სხდომებს იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით − საბჭოს მდივანი.

13. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ხმის უფლების მქონე საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

14. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მუდმივ წევრ სახელმწიფო უწყებათა ხმების უმრავლესობა და მუდმივ წევრ არასამთავრობო ორგანიზაციათა ხმების უმრავლესობა. ასეთი პროცედურით ხმების გაყოფის შემთხვევაში, საკითხზე დამატებითი მოლაპარაკების წარმოების მიზნით, საბჭოს თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე განსაზღვრავენ კონკრეტულ ვადას. კონსულტაციის დასრულების შემდგომ, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად კვლავ საბჭოს წარედგინება. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საბჭოს დასაბუთებულ წერილობით პოზიციას წარუდგენს როგორც თავმჯდომარე, ასევე თანათავმჯდომარე.

15. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე.

მუხლი 7. საბჭოს სამუშაო ჯგუფები

1. საბჭოს სამუშაო ჯგუფები იქმნება საბჭოს მიერ, საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. 

 2. საბჭოს სამუშაო ჯგუფები განიხილავენ ცალკეულ საკითხებს და საბჭოსთვის წარსადგენად ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რეკომენდაციებს, წინადადებებს, სამართლებრივი აქტების პროექტებს.

3. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბჭოს წევრ უწყებებს, ღია მმართველობის პოლიტიკის განხორციელებაში ჩართულ სხვა საჯარო დაწესებულებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, კერძო სექტორის, აკადემიური წრისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

4. საბჭოს სამუშაო ჯგუფების საქმიანობას ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს  საბჭოს სამდივნო.

 5. საბჭოს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფია ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი (სახელმძღვანელო წესები − დანართი1).

მუხლი 8. საბჭოს სამდივნო

სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოსა და მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს საბჭოს საქმიანობას.

 მუხლი 9. საბჭოს სამდივნოს ფუნქციები

 საბჭოს სამდივნო:

 ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომის მომზადებასა და ჩატარებას;

ბ) განსაზღვრავს და საბჭოს თავმჯდომარესა და თანათავმჯდომარეს წარუდგენს საბჭოს სხდომის დღის წესრიგსა და საბჭოს სხდომაზე მოსაწვევ პირთა სიას; 

გ) კოორდინაციას უწევს საბჭოს სამუშაო ჯგუფების საქმიანობას;

დ) განიხილავს და საბჭოს განსახილველად წარუდგენს საბჭოს სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნებს, რეკომენდაციებს, წინადადებებსა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ე) კოორდინაციას უწევს საბჭოსა და მისი სამუშაო ჯგუფების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მიმდინარეობას;

 ვ) კოორდინაციას უწევს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს;

 ზ) გამოითხოვს ინფორმაციას შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე;

თ) ამზადებს ანგარიშებს სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე და განსაზღვრავს სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს;

 ი) ამზადებს საბჭოს საქმიანობის ანგარიშს;

კ) ამზადებს საბჭოს შეხვედრის ოქმს და შესათანხმებლად წარუდგენს საბჭოს წევრებს;

 ლ) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშების, აგრეთვე საბჭოს სხდომის ოქმებისა და საბჭოს მიერ დამტკიცებული სხვა დოკუმენტების შესაბამის ელექტრონულ რესურსზე გამოქვეყნებას;

 მ) თანამშრომლობს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) საერთაშორისო სამდივნოსთან სამოქმედო გეგმის შემუშავების,  განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.

მუხლი 10. დასკვნითი დებულება

საბჭოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

დანართი 1

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის სახელმძღვანელო წესები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი (შემდგომში − ფორუმი) შექმნილია ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში − საბჭო) ფარგლებში, როგორც საბჭოს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი. ეს სახელმძღვანელო წესები განსაზღვრავს ფორუმის მანდატსა და საქმიანობის წესს.

2. ფორუმის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის საჯარო მმართველობის სამმართველო − ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო (შემდგომში − სამდივნო).

მუხლი 2. ფორუმის შემადგენლობა

1. ფორუმი შედგება საბჭოს წევრი უწყებების, აგრეთვე სხვა უწყებების,  ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებისგან.

2. ფორუმის საქმიანობაში, ფორუმის წევრთა მოწვევით, შეიძლება, მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები.

3. ფორუმს უძღვება ორი მომხსენებელი, რომელთაგან ერთი წარმოდგენილია ფორუმის წევრი საჯარო დაწესებულებებიდან, ხოლო მეორე − არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

4. საჯარო დაწესებულებებიდან მომხსენებლის კანდიდატურას წარადგენს ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან − საბჭოს თანათავმჯდომარე.

5. ფორუმს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მომხსენებელი (შემდგომში − თანამომხსენებელი) წარედგინება ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების დასაწყისში, სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მოქმედების ვადით.

6. ერთი და იგივე ორგანიზაცია არ შეიძლება წარდგენილ იქნეს თანამომხსენებლად თანმიმდევრულად ორი სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადით.

მუხლი 3. ფორუმში გაწევრიანების წესი

1. ფორუმის წევრობის მსურველი საჯარო დაწესებულება წერილობით მიმართავს სამდივნოს.

2. ფორუმის წევრობის მსურველი არასამთავრობო ორგანიზაცია წერილობით მიმართავს ფორუმის თანამომხსენებელს.

3. ღია მმართველობა საქართველოს ფორუმში არასამთავრობო ორგანიზაციების გაწევრიანების კრიტერიუმებს, წევრობის შეწყვეტის საფუძვლებსა და გადაწყვეტილებების მიღების წესებს ადგენენ და ამტკიცებენ ფორუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები.   

4. ფორუმის თანამომხსენებელი ფორუმში ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის გაწევრიანების ან მოქმედი წევრის სტატუსის შეწყვეტის შესახებ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობით აცნობებს სამდივნოს.  

5. ფორუმის ახალი წევრი ორგანიზაციის საბჭოში გაწევრიანების შესახებ   წინადადებას წარუდგენს სამდივნოს. საბჭოს თავმჯდომარე მოქმედებს საბჭოს დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

6. ფორუმის წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაცია ავტომატურად კარგავს საბჭოს წევრობას.

მუხლი 4. ფორუმის ამოცანები

ფორუმის ძირითადი ამოცანებია:

ა) ღია მმართველობა საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის (სამოქმედო გეგმა) პროექტის შემუშავება და საბჭოსთვის წარდგენა;

ბ) სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგის წარმოება საბჭოს მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის შესაბამისად;

გ) ღია მმართველობის საკითხებზე წინადადებების, პროექტების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და საბჭოსთვის წარდგენა;

დ) სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში გამოწვევებისა და რისკების იდენტიფიცირება და ახალი ინიციატივების ხელშეწყობა;

ე) სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, ჩართულობის გზების განსაზღვრა და უზრუნველყოფა.

მუხლი 5. ფორუმის უფლებამოსილება

ფორუმი უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს საქმიანობისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და შესრულების მიზნით;

გ) განახორციელოს ღია მმართველობა საქართველოს პროცესის კოორდინაცია ეროვნულ დონეზე.

მუხლი 6. ფორუმის მომხსენებლისა და თანამომხსენებლის ფუნქციები

ფორუმის მომხსენებელი და თანამომხსენებელი სამდივნოსთან შეთანხმებით:

ა) კოორდინაციას უწევენ ფორუმის საქმიანობას;

ბ) წარმართავენ ფორუმის შეხვედრებს;

გ) განსაზღვრავენ შეხვედრის დღის წესრიგსა და განსახილველ საკითხებს;

დ) მონაწილეობას იღებენ ფორუმის წევრობის კანდიდატურის განხილვისა და საბჭოსთვის წარდგენის პროცესში.

მუხლი 7. ფორუმის ანგარიშვალდებულება

1. ფორუმი ანგარიშვალდებულია საბჭოსა და საბჭოს სამდივნოს წინაშე.

2. ფორუმი ვალდებულია, საბჭოს სამდივნოს მიაწოდოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში.

მუხლი 8. ფორუმის შეხვედრის გამართვისა და საბჭოსთვის წარსადგენი საკითხების მომზადების წესი

1. ფორუმის შეხვედრას წარმართავენ ფორუმის მომხსენებლები, მათი არყოფნის შემთხვევაში − მომხსენებლების მიერ დასახელებული პირები.

2. ფორუმის შეხვედრები იმართება, სულ მცირე, კვარტალში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია ფორუმის ვადამდე ადრე მოწვევა ფორუმის მომხსენებლის ან მომხსენებლისა და თანამომხსენებლის ერთობლივი ინიციატივით.

3. ფორუმის შეხვედრაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ მომხსენებლებსა და ფორუმის წევრებს, აგრეთვე სამდივნოს.

4. ფორუმის შეხვედრისა და დღის წესრიგის შესახებ ფორუმის წევრებს ეცნობებათ სამდივნოს მიერ ღია მმართველობა საქართველოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სულ მცირე, 1 კვირით ადრე.

5. ფორუმი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ფორუმის წევრთა ნახევარზე მეტი.

6. ფორუმი შეიმუშავებს საბჭოსთვის განსახილველად წარსადგენი საკითხების პაკეტს; აღნიშნულის საბჭოსთვის წარდგენაზე პასუხისმგებელია სამდივნო.

მუხლი 9. სამდივნოს ფუნქციები

1. ფორუმის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, კოორდინაციას, ადმინისტრაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას ახორციელებს სამდივნო.

2. ფორუმის სამდივნო:

ა) კოორდინაციას უწევს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს;

ბ) ამზადებს ანგარიშებს სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს ფორუმის მიერ შეთანხმებული საკითხების შესრულების მონიტორინგს;

დ) ადგენს ფორუმის შეხვედრების კალენდარს და აქვეყნებს შესაბამის ვებგვერდზე;

ე) იწვევს ფორუმის გეგმურ და რიგგარეშე შეხვედრებს;

ვ) ორგანიზებას უწევს ფორუმის შეხვედრებს;

ზ) მომხსენებლებთან შეთანხმებით განსაზღვრავს ფორუმის შეხვედრის დღის წესრიგს, განსახილველ საკითხებსა და მოსაწვევ პირთა სიას;

თ) ამზადებს ფორუმის შეხვედრის ოქმს;

ი) კოორდინაციას უწევს ფორუმისა და საბჭოს თანამშრომლობას;

კ) ფორუმთან შეთანხმებით შეიმუშავებს ღია მმართველობის საკითხებზე საჯარო კონსულტაციების გეგმას;

ლ) კოორდინაციას უწევს ღია მმართველობა საქართველოს შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად დაგეგმილ საქმიანობას.

მუხლი 10. დასკვნითი დებულება

ფორუმის სახელმძღვანელო წესებში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საბჭოს დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად.