ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.021808
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
99
10/02/2020
ვებგვერდი, 13/02/2020
270000000.10.003.021808
ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/02/2020 - 23/12/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №99

2020 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული №1 დანართი „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესი და პირობები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესი და პირობები

თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1.  რეგულირების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს საწარმოში/ორგანიზაციაში (შემდგომში – ინსპექტირების ობიექტი) დასაქმებულთა და სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ გარემოებებზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესსა და პირობებს (შემდგომში – ინსპექტირების წესი), ადგენს ინსპექტირების ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით სახელმწიფო კონტროლის, ასევე ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ნიშნების გამოვლენის მიზნით ინსპექტირებებს. მათ შორის, წესი განსაზღვრავს ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმისწარმოების ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს.

2. ეს წესი არის სახელმძღვანელო ყველა იმ პირისათვის, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ინსპექტირების პროცესში, პასუხისმგებელია ინსპექტირების განხორციელების პროცესის მიმდინარეობასა და ზედამხედველობაზე, ასევე ინსპექტირების პროცესში ჩართული დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის.

3. ამ წესის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანმიმდევრული, თანაზომიერი, სამართლიანი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი საქმიანობა.

მუხლი 2.  ტერმინთა განმარტება

ა) ინსპექტირების ობიექტი (შემდგომში – ობიექტი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც ექვემდებარება შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების ზედამხედველობას, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად;

ბ) შრომის ინსპექცია – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი;

გ) შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი – სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი;

დ) შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი − ყველა ის პირი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს გარკვეული ქმედებები შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში და სახელით;

ე) ინსპექტირების განმახორციელებელი პირი (შრომის ინსპექტორი) – სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში დასაქმებული პირი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნულ სამსახურს და უშუალოდ მონაწილეობს ობიექტის ინსპექტირებაში;

ვ) სახელმწიფო კონტროლი – შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რომლებიც მოიცავს ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელებას, ამ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს, ობიექტის შემოწმებასა და აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

ზ) ინსპექტირება – ობიექტზე სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;  

თ) განმეორებითი ინსპექტირება (რეინსპექტირება) – ობიექტზე,  დარღვევის/დარღვევების გამოსასწორებლად მიცემული ვადის შემდეგ, სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განმეორებით განხორციელებული ინსპექტირება;

ი) ინფორმაციის შეგროვება/დამუშავება – ობიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიზუალური დათვალიერება, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების, ისე შესაბამისი რეაგირების ზომების მისაღებად. ასევე შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მოპოვება (შეგროვება) და მისი სისტემატური ანალიზი;

კ) ნაწილობრივი ინსპექტირება – კონკრეტული დასაქმებულის ან/და დასაქმებულთა გარკვეული ჯგუფის სამუშაო ადგილის ინსპექტირების მიზნით, სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ობიექტის ნაწილობრივ (სამუშაო სივრცის ნაწილი, კონკრეტული სამუშაო ადგილი, ტექნიკური აღჭურვილობა და ა.შ.) შემოწმება.

მუხლი 3. სახელმწიფო კონტროლის მიზნებისა და მექანიზმების  განსაზღვრა

1. შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლის მიზანია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შრომის უსაფრთხოების სფეროში დადგენილი ნორმების/წესების შესრულების უზრუნველყოფა.

2. შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, კერძოდ:

ა) შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ნებაყოფლობითი შესრულების ხელშეწყობითა და ობიექტის ინფორმირებით;

ბ) შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული ნორმებისა და სტანდარტების ნებაყოფლობით შესრულების წამახალისებელი პირობების შექმნის გზით;

გ) შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე ინსპექტირების განხორციელებით;

დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ადმინისტრაციული ზომების გატარებით.

მუხლი 4. სახელმწიფო  კონტროლის  განხორციელების ძირითადი პრინციპები

შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების დროს შრომის ინსპექცია იყენებს შემდეგ პრინციპებს:

ა) ობიექტების კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) დარღვევათა გამოვლენისას პრევენციულ ღონისძიებათა უპირატესი გამოყენება;

გ) ანალოგიურ გარემოებათა არსებობისას ყველა დამრღვევის მიმართ ერთნაირი მეთოდების გამოყენება;

დ) შრომის ინსპექციის მიერ მისი საქმიანობის განხორციელებისას გამჭვირვალობა;

ე) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ობიექტებთან, საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა;

ვ) სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

მუხლი 5.  ობიექტის სამუშაო სივრცის  შემოწმების მექანიზმები, მიზნები და ამოცანები

1. შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების დროს შრომის ინსპექცია იყენებს შემდეგ მექანიზმებს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების, დასაქმებულთა/სხვა პირთა (მათ შორის, მესამე პირთა) სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოში შრომის უზრუნველსაყოფად პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ინსპექტირების გზით შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა;

გ) შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა.

2. ობიექტის ინსპექტირებისას შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ამოცანები:

ა) ინსპექტირების განხორციელების მიზნით ობიექტის შერჩევა;

ბ) ობიექტის შესახებ ინფორმაციის მოძიება, შეგროვება და დამუშავება;

გ) ობიექტზე ინსპექტირების განხორციელება;

დ) ობიექტზე წარმომადგენელი პირისაგან/პირებისგან შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა;

ე) ობიექტის დეტალური დათვალიერება;

ვ) ინსპექტირების დროს აქტებისა და ოქმების შედგენა;

ზ) ინსპექტირების საფუძველზე მოძიებული ინფორმაციის დამუშავება და მისი შემდგომი გამოყენება სამართალდარღვევათა იდენტიფიცირების მიზნით;

თ) სამართალდარღვევათა ოქმისა და მითითებების შედგენა;

ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და მითითების ჩაბარების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში ობიექტის წარმომადგენლის მიწვევა;

კ) სამართალდამრღვევისთვის დარღვევის გამოსასწორებლად გონივრული ვადის შეთანხმება;

ლ) გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ ობიექტის განმეორებითი გადამოწმება.

მუხლი 6.  ინსპექტირების სახეები და მიმართულებები

1. შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მიზნით, ობიექტზე შესაძლებელია განხორციელდეს ინსპექტირება და განმეორებითი ინსპექტირება (რეინსპექტირება).

2. ობიექტის ინსპექტირება შესაძლებელია განხორციელდეს ნაწილობრივ, კონკრეტული საკითხების შესწავლის მიზნით (ნაწილობრივი ინსპექტირება) ან სრულად, ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული დარღვევების სრულყოფილად შესწავლის მიზნით (ინსპექტირება).

3. ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ ინსპექტირების ჩატარების წესი, პირობები და ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ დადგენილი წესისა და ამ დადგენილების შესაბამისად.

4. ინსპექტირება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ა) ობიექტების შემოწმება შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების მიზნით;

ბ) უბედური შემთხვევების მოკვლევისას უბედური შემთხვევის გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიცირებასა და ასევე სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა პროფესიული დაავადებების ფაქტების გამოვლენას;

გ) ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების გამოვლენის მიზნით ინსპექტირების განხორციელებასა და შესაბამისი დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ინფორმირებას;

დ) შრომის უსაფრთხოების სფეროში გამოვლენილ დარღვევებზე პრევენციული ღონისძიებების გატარებას. ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა კონსულტირებასა და ინფორმირებას.

თავი II

ობიექტის ინსპექტირებისას განსახორციელებელი ღონისძიებანი

მუხლი  7. ობიექტის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება

1. ობიექტის შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს ობიექტიდან ინფორმაციის გამოთხოვით ან მის გარეშე.

2. იმ შემთხვევაში, თუ შრომის ინსპექციის უფლებამოსილ პირს ესაჭიროება ინფორმაცია ობიექტის შესახებ და მისი მოძიება სხვა გზით შეუძლებელია შესაძლებელია, თავად ობიექტის უფლებამოსილი პირისგან იქნეს გამოთხოვილი საჭირო ინფორმაცია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება შესაძლებელია მოიცავდეს შრომის უსაფრთხოების სფეროს ობიექტის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის (მათ შორის, ობიექტის საქმიანობის ადგილის, დასაქმებულთა რაოდენობის, მისი საწარმოების ადგილმდებარეობის, მისი ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების შიდა და გარე სივრცის, მასში დასაქმებული პირების შესახებ ინფორმაციას) მოპოვებასა და დამუშავებას.

4. ობიექტის შესახებ ინფორმაციის შეგროვების წყარო შესაძლებელია, იყოს მოქალაქის განცხადება, მასმედიის/პრესის, ონლაინსაშუალებების ან სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირისთვის.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიღებული (შეგროვებული) ინფორმაცია უნდა შეიცავდეს გონივრულ დადასტურებას მისი ნამდვილობის შესახებ.

6. შრომის ინსპექციის უფლებამოსილმა პირმა შრომის პირობების  დარღვევის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეძლებისდაგვარად უნდა გამოარკვიოს:

ა) შეტყობინების განმახორციელებელი პირის ვინაობა;

ბ) დარღვევის ნიშნები;

გ) დარღვევის ჩამდენი პირ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია, მისი (მათი) გარეგნული ნიშნები;  

დ) სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა ფიზიკური/იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია;

ე) დარღვევის ჩადენის ადგილი;

ვ)  მოწმე(ები), აგრეთვე ის გარემოებები, რომლებიც მათთვის არის ცნობილი;

ზ) სხვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს დარღვევის გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით.

7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, ინსპექტირების განხორციელების გადაწყვეტილება მიიღება შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის უშუალო გადაწყვეტილების საფუძველზე.

8. შრომის ინსპექციის მიერ მოძიებული და დამუშავებული ინფორმაცია არ არის საჯარო და არ შეიძლება გახდეს ცნობილი სხვა გარეშე პირებისთვის.

მუხლი  8. ობიექტზე შესვლისას განსახორციელებელი ღონისძიებანი

1. ინსპექტირების ჯგუფმა ინსპექტირების პროცესი უნდა განახორციელოს ჩართული ფოტო-ვიდეოგადამღები მოწყობილობით. ჯგუფის თითოეული წევრი უნდა აღიჭურვოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, რომლებიც გამოყოფილია მისთვის შრომის ინსპექციის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

2. ობიექტზე შესვლისთანავე ობიექტის უფლებამოსილი პირის მიმართ ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ უნდა განხორციელდეს ინსპექტირების ჯგუფის თითოეული წევრის წარდგენა, ინსპექტირების მიზნის გაცნობა და განსახორციელებელი ინსპექტირების პროცედურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

3. ობიექტზე ინსპექტირების დაწყებამდე ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ ობიექტის უფლებამოსილ პირს უნდა განემარტოს მისი უფლება-მოვალეობანი ინსპექტირების პროცესში და მიეწოდოს ინფორმაცია ინსპექტირების მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

4. ობიექტის წარმომადგენელისგან ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი უნდა იქნეს სრულყოფილი ინფორმაცია ობიექტზე არსებული საფრთხისშემცველი ფაქტორების (მათ შორის, საფრთხისშემცველი ადგილებისა და გარემოებების) შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტირების ჯგუფის თითოეულ წევრს უნდა ჩაუტარდეს სათანადო ინსტრუქტაჟი ობიექტზე არსებული საფრთხისშემცველი ფაქტორების შესახებ.

5. ჯგუფის ხელმძღვანელის მოთხოვნისთანავე ობიექტი ვალდებულია, გამოყოს ინსპექტირების დროს თანმხლები უფლებამოსილი პირი, რომელიც შრომის ინსპექტორებს მიაწვდის ინსპექტირების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციას, იქნება თანმხლები ობიექტზე ან/და ინსპექტირების ჯგუფს დაეხმარება სათანადო პირებთან კომუნიკაციაში.

6. ობიექტზე ინსპექტირებისას შრომის ინსპექტირების ჯგუფს შეუძლია, განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) ობიექტის მიერ შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობის შემოწმება და შეფასება;

ბ) ობიექტის მიერ განხორციელებული თვითმონიტორინგის შედეგების, მათ შორის საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმება;

გ) შრომის უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების (მათ შორის, ჟურნალების, ინსტრუქტაჟებისა და სხვა დოკუმენტაციის) გაცნობა, დასაქმებულთა ნებისმიერი სამუშაო ადგილის დათვალიერება, დასაქმებულთა მუშაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობებისა და იარაღების, სატრანსპორტო საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების, დასაქმებულთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დათვალიერება და გაცნობა. საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტაციის ასლების მოთხოვნა;

დ) ნებისმიერი იმ დოკუმენტის გამოთხოვა, რომელიც დაკავშირებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტის გამოვლენასთან;

ე) ობიექტის ტერიტორიაზე ყველა იმ შენობა-ნაგებობისა და მოწყობილობების შემოწმება, სადაც შესაძლებელია მოხვდნენ დასაქმებულები ან/და სხვა პირები (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული გამონაკლისებისა);

ვ) დასაქმებულებთან გასაუბრება, როგორც დამსაქმებლის ან/და შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანდასწრებით, ასევე მათ გარეშე (გადაწყვეტილებას, დამსაქმებლის ან/და შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანდასწრებით განახორციელოს დასაქმებულთან გასაუბრება თუ მის გარეშე, იღებს ინსპექტირების განმახორციელებელი პირი);

ზ) საჭიროების შემთხვევაში, ობიექტის ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ შესაბამისი გაზომვების წარმოება და შესაბამისი სინჯების აღება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 9. ობიექტზე შესვლისას შრომის ინსპექტორის უფლებამოსილებანი

ინსპექტირების პროცესში ინსპექტირების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) შეამოწმოს ობიექტის საწარმოო პროცესის ნებისმიერი ასპექტი ობიექტის ტერიტორიაზე, მათ შორის, ნებისმიერი შენობა-ნაგებობა და მოწყობილობა, სადაც დასაქმებულებს/სხვა პირებს (მათ შორის, მესამე პირებს) უხდებათ ყოფნა;

ბ) დასვას კითხვები შრომის უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე და ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის მიმართ;

გ) ობიექტის უფლებამოსილი პირისგან მოითხოვოს მოცემულ ობიექტზე მიმდინარე საქმიანობის შესაბამისი, შრომის უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია მის მიერ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ეფექტიანად განსახორციელებლად, აგრეთვე დოკუმენტის ასლის გადაღება ან ამონაწერის გაკეთება;

დ) მოიძიოს და გამოავლინოს ყველა ის ფაქტი და გარემოება, რომლებიც შრომის უსაფრთხოების სფეროს უკავშირდება, მათ შორის:

დ.ა) ინფორმაცია იმ საწარმოო პროცესების შესახებ, რომლებიც უკავშირდება შრომის უსაფრთხოების საკითხებს;

დ.ბ) დასაქმებული პირების შესახებ ინფორმაცია;

დ.გ) დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხისშემცველი ფაქტორების შესახებ ინფორმაცია;

დ.დ) ინფორმაცია პროფესიული დაავადებების შესახებ (მათ შორის, გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, მიიწვიოს შესაბამისი სპეციალისტი ან მოითხოვოს შესაბამისი დასკვნა, გაცემული შესაბამისი პროფილის სამედიცინო-კვლევითი დაწესებულების მიერ);

დ.ე) ინფორმაცია უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების შესახებ (მათ შორის, მოითხოვოს შესაბამისი ორგანოს – სახელმწიფო საექსპერტო ბიუროს, კერძო საექსპერტო დაწესებულების,  სხვა ორგანოს ან/და დაწესებულების მიერ გაცემული სათანადო დასკვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) მიმართოს ობიექტის ხელმძღვანელს ან უფლებამოსილ წარმომადგენელს ობიექტის ზოგიერთი საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე, თუ აღნიშნულ საქმიანობას შეუძლია, მყისიერი საფრთხე შეუქმნას დასაქმებულის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. აღნიშნულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ავარიული სიტუაციების შექმნა;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, ობიექტს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები ან მოსთხოვოს დარღვევათა აღმოსაფხვრელი სავალდებულო ღონისძიებების გატარება.

მუხლი 10. ობიექტზე განსახორციელებელი სხვა ღონისძიებანი

1. ობიექტის საქმიანობის შემოწმება შეიძლება, განხორციელდეს გეგმური ან არაგეგმური წესით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

2. ინსპექტირების პროცესი არ იწვევს ობიექტის საწარმოო პროცესის შეჩერებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით, შემოწმებები შეძლებისდაგვარად უნდა ატარებდეს კომპლექსურ ხასიათს.  ობიექტის საქმიანობის სპეციფიკისა და შემოწმების მიზნებიდან (საფუძვლებიდან) გამომდინარე, შემოწმება შესაძლებელია, ჩატარდეს მიზნობრივად, შრომის უსაფრთხოების სფეროს ცალკეული კომპონენტების ან მიმართულებების მიხედვით (ნაწილობრივი ინსპექტირება).

თავი III

ინსპექტირების განხორციელების სამართლებრივი რეგულირება

მუხლი 11. გეგმური  და  არაგეგმური  შემოწმება

1. შრომის ინსპექციის მიერ განსახორციელებელი გეგმური შემოწმებისას, პრიორიტეტული დარგები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. კონკრეტული ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელიც უნდა შემოწმდეს დადგენილი პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, განისაზღვრება აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის  შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

2. ობიექტის არაგეგმური შემოწმება ხორციელდება შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის  გადაწყვეტილების საფუძველზე:

ა) სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების, მოქალაქეების მომართვების, საჩივრების, „ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინებებისა და ა.შ. (გონივრულობის ფარგლებში, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას) საფუძველზე;

ბ) ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით ან/და ასეთი შემთხვევის მოხდენის თაობაზე ეჭვის არსებობის საფუძველზე;

გ) ობიექტზე მომხდარი ისეთი ავარიის შემთხვევაში, რომელსაც არ მოჰყოლია უბედური შემთხვევა;

დ) თუ გამოვლინდა ისეთი გარემოებები, რაც მიუთითებს ობიექტზე დასაქმებულთა პროფესიული დაავადებების თაობაზე. 

3. ობიექტის შემოწმების ჩატარების განხორციელების დროისა და ვადის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი.

მუხლი 12. ინსპექტირების  განხორციელება და მისი სამართლებრივი საფუძვლები

1. ინსპექტირება დაწყებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ობიექტზე შევა შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი და წარადგენს ინსპექტირების განმახორციელებელი პირის (პირების) სამსახურებრივ პირადობის მოწმობას.

2. ობიექტზე გეგმური შემოწმების დროს წარდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც დაიგეგმა ინსპექტირება.

3. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი იქნება შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენა, შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი შემოწმების მიმდინარეობის პროცესში ან მისი დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა უზრუნველყოფს აღნიშნული აქტის წარდგენას.

4. ობიექტის ისეთი არაგეგმური შემოწმება, რომელიც გამოწვეულია  გადაუდებელი აუცილებლობით, არ წარმოშობს შრომის ინსპექციის  უფლებამოსილი პირის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუყოვნებლივ გამოცემის ვალდებულებას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული არაგეგმური შემოწმების დროს, ინსპექტირება ხორციელდება შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი პირის სიტყვიერი დავალების საფუძველზე.  ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისი არაგეგმური შემოწმება განხორციელდება, თუ:

ა) ინსპექტირების  ობიექტზე მოხდა ავარიული სიტუაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

ბ) შრომის ინსპექციას მიეწოდა ინფორმაცია ისეთი ფაქტის ან/და შემთხვევის თაობაზე, როდესაც აუცილებელია რეაგირების ზომების დაუყოვნებლივ გატარება დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით (მიწოდებული ინფორმაციის საფრთხისშემცველობა განიხილება გონივრულობის ფარგლებში);

გ) სხვა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, რომლებიც ცნობილი გახდება შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირისთვის უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

7. თუ ინსპექტირებისას გამოვლინდება, რომ  ობიექტის საქმიანობა ხორციელდება იმგვარად, რომ შეიძლება  მყისიერი და უშუალო საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, შრომის ინსპექციის უფლებამოსილმა პირმა უნდა შეაჩეროს ობიექტის საქმიანობა (სრულად ან ნაწილობრივ) და არაუგვიანეს 24 საათისა მიმართოს შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შუამდგომლობის წარდგენისას შრომის ინსპექციამ უნდა დაასაბუთოს ობიექტის საქმიანობის შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა.

მუხლი 13.  ობიექტის  შემოწმების  ხანგრძლივობა

1. ობიექტის შემოწმების დაწყებიდან შემოწმების ხანგრძლივობა ერთ ობიექტზე შეადგენს 7 კალენდარულ დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში, თუ შემოწმების გაუგრძელებლობით შესაძლოა, საფრთხე შეექმნას დასაქმებულის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ობიექტის შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის ან მისი უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

2. ობიექტის შემოწმების მიმდინარეობა ინსპექტირების განმახორციელებელი პირის ინიციატივით შესაძლოა, შეჩერდეს იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა შრომის ინსპექციის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნისა და ამ ინფორმაციის მიღებისათვის, ობიექტის მიერ განხორციელებული სამუშაოების ან/და იმ ტექნოლოგიური ციკლის განხორციელებისთვის, რომლის ჩატარებაც აუცილებელია ობიექტის მიერ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ სრული სურათის მისაღებად, ასევე სხვა ობიექტური გარემოებების გამო, საჭირო დროის განმავლობაში. ინსპექტირების განმახორციელებელი პირის ინიციატივით ობიექტის შემოწმების შეჩერების დრო საერთო ვადებში არ აითვლება.

3. ფორსმაჟორული სიტუაციის, სხვა ბუნებრივი მოვლენების ან/და ისეთი ობიექტური გარემოების არსებობისას, როდესაც ფიზიკურად შეუძლებელი ხდება ობიექტის შემოწმების გაგრძელება, შესაძლებელია მოხდეს ობიექტის შემოწმების შეჩერება აღნიშნული გარემოებების აღმოფხვრამდე. ამ პუნქტის შესაბამისად, ობიექტის შემოწმების შეჩერების დრო საერთო ვადებში არ აითვლება.

4. შემოწმების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, რის შესახებაც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ობიექტის შემოწმების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შემდეგ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების განახლების შესახებ.

თავი IV

სამშენებლო სექტორის, როგორც განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი მიმართულების, ინსპექტირება ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის ფარგლებში

მუხლი 14. მშენებლობის სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების ერთობლივი კონტროლი

1. შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შრომის ინსპექცია.

2. მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ასევე იმ ობიექტებზე, სადაც არ არის უზრუნველყოფილი სამშენებლო/ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები, შრომის ან/და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების პრევენციის, მონიტორინგისა და მყისიერი რეაგირების მიზნით, შრომის ინსპექცია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო შეიმუშავებენ და ახორციელებენ ერთობლივ, ინტეგრირებული მონიტორინგის ღონისძიებებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მონაწილეობენ მათი კომპეტენციის შესაბამისად.

4. ინტეგრირებული მონიტორინგის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ამ მუხლით განსაზღვრული სამსახურების მონაწილეობით იქმნება ინტეგრირებული მონიტორინგისა და ინსპექტირების ჯგუფ(ებ)ი.

5. საჭიროების გათვალისწინებით, მონიტორინგის ჯგუფის მუშაობაში შესაძლებელია, ჩართულ (მიწვეულ) იქნენ სხვა პირებიც, რომლებიც ფლობენ განსაკუთრებულ ცოდნას კონკრეტული მიმართულებით (ექსპერტები), კანონმდებლობით დადგენილი წესით.     

6. შრომის ან/და მშენებლობის/ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების პრევენციის, მონიტორინგისა და მყისიერი რეაგირების მიზნით, მონიტორინგის ჯგუფი უზრუნველყოფს მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, დასაქმებულთა შრომის პირობებისა და სამუშაო ადგილების შესაბამისობის შეფასებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან, მათ შორის, ობიექტის მშენებლობის/ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დადგენასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

7. ამ მუხლში აღნიშნული უწყებები ინტეგრირებული მონიტორინგის ღონისძიებებს შეიმუშავებენ და ატარებენ ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.

8. მონიტორინგის ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოქმედებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

მუხლი 15. ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების ანგარიშგების საკითხები

1. ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების შემოწმების შედეგების შესახებ ანგარიშგების მიზნით, შესაძლებელია შეიქმნას კომისია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილი კომისია განიხილავს წინა 6 თვის განმავლობაში ერთიანი მონიტორინგის ჯგუფის ფარგლებში ჩატარებული ინსპექტირებების შედეგებს, მოახდენს განხორციელებული ინსპექტირებების დროს იდენტიფიცირებული დარღვევების ანალიზს, განსაზღვრავს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მომავალი განვითარების სტრატეგიასა და დაგეგმავს განსახორციელებელ ღონისძიებებს.

3.  კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი უწყებების წარმომადგენლებით:

ა)  სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო;

გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თავი V

ობიექტზე ინსპექტირების განხორციელების პროცესი

მუხლი 16. ობიექტის ინსპექტირების განხორციელებისათვის საჭირო აღჭურვილობა

ინსპექტირების განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, თან იქონიოს შემდეგი აღჭურვილობა ან მასალები:

ა) კავშირგაბმულობის საშუალებები;

ბ) პორტატული პერსონალური კომპიუტერი/პლანშეტი;

გ) შესაბამისი სქემები, რუკები, პარამეტრების ჩამონათვალი ან სხვა დოკუმენტები;

დ) ობიექტის საქმიანობის შესახებ ანგარიშები და სხვა მონაცემები;

ე) ლაბორატორიული სინჯის ასაღები და გამზომი ხელსაწყოები;

ვ) ფოტო და ვიდეოკამერა;

ზ) ასევე ნებისმიერი სხვა აღჭურვილობა ან მასალები, რომლებიც სჭირდება მას ინსპექტირების სრულყოფილად განხორციელებისათვის.

მუხლი 17. ობიექტის (წარმომადგენლის) მონაწილეობა შემოწმების პროცესში

1. ინსპექტირების პროცესში მონაწილეობენ შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი (პირები), ასევე შესამოწმებელი ობიექტის წარმომადგენლები, დამსაქმებელი და დასაქმებულები.

2. შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევასა და განსაზღვრულ ვადაში ობიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა ინსპექტირების პროცესში.

3. ობიექტის წარმომადგენლის უარი ინსპექტირების პროცესში მისი მონაწილეობის მიღების თაობაზე, ასევე მისი ადგილზე არყოფნა არ აჩერებს ობიექტის შემოწმების პროცესს.

4. ინსპექტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების, დასკვნების შემუშავების, შესაბამისი გაზომვების ან/და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების მიზნით, შესაძლებელია, მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები ან ექსპერტები.

5. საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტირების პროცესში შესაძლებელია, მიწვეულ იქნენ სპეციალისტები/ექსპერტები (მათ შორის, უცხოელი), ისეთი საკითხების შესასწავლად, რომლებიც სპეციალურ ცოდნასა და უნარებს საჭიროებს.

მუხლი 18. საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფიზიკური, ქიმიური ან/და ბიოლოგიური ფაქტორების გაზომვა/სინჯების აღება

1. საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფიზიკური ფაქტორების გაზომვა ხდება შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ ინსპექტირების დროს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

2. საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის მავნე ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორების გაზომვა ან/და ლაბორატორიული სინჯების აღება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევითი დაწესებულების მიერ ან/და ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ ან/და შესაბამისი სპეციალისტის ზედამხედველობით.

მუხლი 19. ფოტოები  და  ვიდეოჩანაწერი

1. ინსპექტირების პროცესში ინსპექტირების განმახორციელებელ პირ(ებ)ს უფლება აქვს/აქვთ განახორციელოს (განახორციელონ) ობიექტის საწარმოო და ტექნოლოგიური პროცესების, მისი საქმიანობის, ობიექტზე მყოფი დასაქმებულების, ასევე გამოვლენილ დარღვევათა ამსახველი ფოტო/ვიდეომასალის გადაღება სრულად, რის შესახებაც ობიექტზე შესვლისთანავე აცნობებს/აცნობებენ ობიექტის უფლებამოსილ პირს.

2. ფოტოები და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება როგორც ვიზუალური მტკიცებულებები ობიექტზე არსებული სიტუაციის ობიექტურად აღწერისათვის, ასევე როგორც მტკიცებულებები ობიექტის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად.

3. ინსპექტირების პროცესში გადაღებული ფოტოები და ვიდეოჩანაწერი ობიექტურად უნდა ასახავდეს მდგომარეობას ინსპექტირების მომენტში. ამ პროცედურების განხორციელების დროს გამოყენებულ უნდა იქნეს ფოტოაპარატი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ან ინსპექტირების განმახორციელებელი პირი აფიქსირებს ამ ინფორმაციას სხვა საშუალებებით.

4. ობიექტი უფლებამოსილია, მოითხოვოს კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული პროცესების ან ოპერაციების ამსახველი ფოტო/ვიდეოჩანაწერის გავრცელების შეზღუდვა და მოითხოვოს მისი კონფიდენციალურობა, რაც შესაბამისი დასაბუთებით ინსპექტირების დაწყებამდე ან ინსპექტირების პროცესში უნდა ეცნობოს ინსპექტირების განმახორციელებელ პირს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ობიექტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული მოთხოვნა არ აჩერებს ინსპექტირების პროცესში ფოტო/ვიდეოგადაღების განხორციელებას. ხოლო ინსპექტირების დროს მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, ფოტოსურათების, ვიდეოკადრების) კონფიდენციალურად შენახვის თაობაზე ობიექტის მიერ წარდგენილი მოთხოვნა განიხილება და შეფასდება შრომის ინსპექციის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 20. ახსნა-განმარტება

ინსპექტირების პროცესში ინსპექტირების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია, მოსთხოვოს ახსნა-განმარტება ობიექტის წარმომადგენელს, ასევე პირებს, რომლებიც ობიექტის სახელით მონაწილეობენ ინსპექტირებაში ან ობიექტის სხვა თანამშრომლებს ობიექტის განვლილი და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

მუხლი 21. მტკიცებულებები  ინსპექტირების  პროცესში

1. ინსპექტირების განმახორციელებელ პირს (პირებს) შრომის უსაფრთხოების სფეროში  დარღვევის გამოვლენის მიზნით უფლება აქვს, მოითხოვოს (მოითხოვონ), ობიექტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სათანადო ასლების წარდგენა, როგორც თავად ინსპექტირების პროცესში, ასევე ინსპექტირების დასრულების შემდგომ.

2. შრომის ინსპექციის უფლებამოსილმა პირმა დოკუმენტური მასალა უნდა მოიპოვოს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) მატერიალური (ქაღალდის) ფორმით არსებული დოკუმენტების შემთხვევაში, ინსპექტირების განხორციელების ადგილზე შემოწმებული და შესწავლილი უნდა იქნეს მათი ორიგინალები;

ბ) ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა შემთხვევაში, უნდა გაკეთდეს მათი ამონაბეჭდი ან ასლები;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისი დოკუმენტი დიდი ზომისაა და შეუძლებელია მისი ადგილზე გაცნობა, ინსპექტირების განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს მისი ასლის წარდგენა (მატერიალურად ან/და ელექტრონული ფორმით), რისთვისაც ობიექტის წარმომადგენელს განუსაზღვრავს სათანადო ვადას.

3. შრომის ინსპექციის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს დოკუმენტის ასლის დამოწმება ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. იმ შემთხვევაში, თუ შრომის ინსპექციის უფლებამოსილ პირს გაუჩნდება საფუძვლიანი ეჭვი დოკუმენტის ნამდვილობასთან დაკავშირებით, მას უფლება აქვს, მოითხოვოს დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასლი დედანთან სწორია, თარგმანის ნამდვილობა).

5. ინსპექტირების განმახორციელებელი ვალდებულია, დაიცვას მოპოვებული მტკიცებულებებია კონფიდენციალურობა, როგორც ინსპექტირების პროცესში, ასევე მის შემდგომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VI

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება,

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და მითითება

მუხლი 22. შრომის ინსპექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება

ინსპექტირების განხორციელების შემდგომ შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას:

ა) ობიექტზე არსებითი/არაარსებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და შესაბამისი სახდელის დაკისრების (პირველ შემთხვევაში – გაფრთხილება/ჯარიმა, განმეორებითი შემოწმების დროს – ჯარიმა)  შესახებ;

ბ) კრიტიკული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში – თუ ობიექტის ინსპექტირების დროს გამოვლინდა დარღვევები, რომლებმაც შესაძლოა, მყისიერი საფრთხე შეუქმნას დასაქმებულთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას – სამუშაო პროცესის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება. ობიექტის, როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი შეჩერების საკითხი უნდა შეთანხმდეს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელთან.

მუხლი 23. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და მითითება

1. ობიექტის ინსპექტირების შემდეგ შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი, საქმის მასალების შესწავლისა და ინსპექტირების დროს მოპოვებული მტკიცებულებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმი, რომელშიც აისახება ინსპექტირებისას განხორციელებული ქმედებების შედეგები (დარღვევები).

2. ობიექტის ინსპექტირებისას, როდესაც ზოგიერთი მოთხოვნის შესრულების შემოწმება დაკავშირებულია მავნე ფაქტორების გაზომვის, ლაბორატორიული ანალიზების შედეგებთან ან სხვა ობიექტურ გარემოებებთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ხორციელდება ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ საქმის ყველა მასალის შეგროვებისა და შესაბამისი დარღვევების გამოვლენის შემდეგ.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ასახულ დარღვევებზე შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ შედგება შესაბამისი მითითება გამოვლენილი დარღვევების შესახებ. გაცემული მითითება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განუყოფელი ნაწილი და გადაეცემა სამართალდამრღვევს შესაბამის ოქმთან ერთად.

4. თუ ინსპექტირების შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ გამოვლინდა, ინსპექტირების განმახორციელებელი პირი ვალდებულია, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს წარუდგინოს შემოწმების ანგარიში თანდართული დოკუმენტაციითა და ფოტო-ვიდეომასალით.

5. თუ ინსპექტირების დროს ინსპექტირების პროცესში მონაწილეობდა/მონაწილეობდნენ სხვა სუბიექტ(ებ)იც, ექსპერტის ან/და სპეციალისტის სახით, მათ მიერ გაცემული დასკვნები ასევე თან ერთვის ოქმს.

მუხლი 24. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ჩაბარება

1. ობიექტის წარმომადგენელს უნდა ჩაბარდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე ეგზემპლარი, თანდართული მასალებით.

2. ობიექტის მხრიდან სამართალდარღვევის ოქმის მიღებაზე (ხელმოწერაზე) უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ობიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს, ოქმში დააფიქსიროს ახსნა-განმარტება ან/და შენიშვნები ოქმის ან/და მითითების შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერასა და გაცნობაზე უარის თქმის მოტივები.

3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებული მხარისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის პირადად ჩაბარება ვერ ხერხდება, მოქმედებს შემდეგი წესი:

ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ მხარეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ეგზავნება ფოსტით, რეგისტრაციის ადგილის/ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით;

ბ) თუ სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი რეგისტრაციის ადგილის/ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით ვერ ჩაბარდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უბრუნდება მის გამგზავნს და მასზე კეთდება სათანადო აღნიშვნა;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ სამართალდამრღვევის რეგისტრაციის/ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მისამართზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირი ფოსტით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე;

დ) ფოსტის მეშვეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ზედამხედველი ორგანო უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

4. ინსპექტირების დროს ობიექტის წარმომადგენლის მიერ შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების გაცნობაზე ან ხელმოწერაზე უარი არ აჩერებს შემდგომი პროცედურების განხორციელებას.

5. თუ შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ ინსპექტირების განხორციელებისას ვერ ხერხდება ობიექტისთვის შემოწმების შესახებ სამართლებრივი აქტის, მითითების, შემოწმების აქტის გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით) ან იგი უარს აცხადებს მის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება ობიექტის ადგილსამყოფლის (ფაქტობრივი ან/და იურიდიული მისამართი) მიხედვით, მისი ტერიტორიის თვალსაჩინო ადგილზე გაკვრა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:

ა) ობიექტის საინფორმაციო დაფა;

ბ) ობიექტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის დროებით ან მუდმივად განთავსებული შენობა;

გ) ობიექტის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.

7. შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ, ობიექტის ადგილსამყოფლის მიხედვით, მისი ტერიტორიის თვალსაჩინო ადგილზე გაკვრის ფაქტი უნდა დაფიქსირდეს ფოტო-ვიდეომოწყობილობის მეშვეობით.

თავი VII

განმეორებითი ინსპექტირება (რეინსპექტირება)

შემოწმების აქტი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და მითითება

მუხლი 25. შემოწმების აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და მითითება

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული გონივრული ვადის გასვლის შემდგომ, უნდა განხორციელდეს ობიექტის გადამოწმება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი, განმეორებით შემოწმების დროს, საქმის მასალების შესწავლის, ინსპექტირებისას გამოთხოვილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, შეადგენს შემოწმების აქტს. შემოწმების აქტში განისაზღვრება წინა ინსპექტირების დროს გაცემული მითითებ(ებ)ის შესრულების საკითხი, შესაბამისი აღნიშვნის გაკეთებით – მითითება შესრულდა/მითითება არ შესრულდა.

3. ყველა იმ დარღვევის შესახებ, რომელიც არ იქნა გამოსწორებული ობიექტის მიერ, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმავე წესით, რომელიც დადგენილია პირველადი ინსპექტირების დროს ოქმის შედგენისას.

4. განმეორებითი ინსპექტირების დროს, სამართალდამრღვევის მიმართ ასევე შედგენილ იქნება მითითება მხოლოდ იმ დარღვევების გათვალისწინებით, რომლებიც არ იყო შესრულებული სამართალდამრღვევის მიერ პირველი ინსპექტირების შემდგომ.

5. მითითების შედგენისათვის გამოიყენება იგივე წესი, რაც გათვალისწინებულია პირველი ინსპექტირების დროს მითითების შედგენისას.

მუხლი 26. განმეორებითი და შემდგომი ინსპექტირებ(ებ)ის განხორციელების წესი

1. განმეორებითი ინსპექტირებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და მხარისათვის ჩაბარების მიმართ გამოიყენება ამ დადგენილების 22-ე – 24-ე მუხლებით დადგენილი წესები.

2. შრომის ინსპექცია მიცემული გონივრული ვადის ამოწურვის შემდგომ გადაამოწმებს ობიექტს წინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევ(ებ)ის ფარგლებში და გადაამოწმებს ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ წინა შემოწმების დროს გაცემული მითითებების სამართალდამრღვევის მიერ შესრულების საკითხს.

3. დარღვევების სრულად აღმოფხვრის შემთხვევაში, ინსპექტირების განმახორციელებელი პირი ვალდებულია, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს წარუდგინოს შემოწმების ანგარიში თანდართული დოკუმენტებითა და ფოტო-ვიდეომასალით.

4. სამართალდამრღვევისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებული დარღვევების გამოსასწორებლად გონივრული ვადის განსაზღვრა და ვადის გასვლის შემდეგ მისთვის ახალი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ მოხდება იქამდე, ვიდრე ობიექტის მიერ დარღვევების აღმოფხვრა არ მოხდება სრულად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მორიგი გადამოწმების დროს ხდება კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენა და ობიექტის სამუშაო პროცესის შეჩერება.

თავი VIII

ობიექტის უფლება-მოვალეობები ინსპექტირების პროცესში

მუხლი 27. მოთხოვნები  ობიექტის  მიმართ

1. ობიექტის უფლებამოსილ პირს, ინსპექტირების პროცესში, შრომის ინსპექციის კანონიერი ქმედებების განხორციელებისას, ეკისრება ვალდებულება:

ა) საჭიროების შემთხვევაში, აღჭურვოს ინსპექტირების განმახორციელებელი პირი დამატებითი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდოს მას ინფორმაცია უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ, გამოუყოს მას სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს მისი (მათი) საოფისე ტექნიკასთან (კომპიუტერი, ფაქსი, ქსეროქსი და სხვ.) ხელმისაწვდომობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) ხელი შეუწყოს ინსპექტირების განმახორციელებელ პირს, თავისუფლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს ინსპექტირებისთვის საჭირო ღონისძიებები;

გ) დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში წარუდგინოს შრომის ინსპექციას შრომის უსაფრთხოების სფეროში მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი (პასუხისმგებელია ასევე მათ ნამდვილობაზე), შედგენილი სახელმწიფო ენაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;

დ) ინსპექტირების განხორციელებისას, შრომის ინსპექციის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია მისი მისამართის, საწარმოს შემთხვევაში – იურიდიული მისამართის, საქმიანობის ადგილის, საქმიანობის სფეროს, შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ხელმძღვანელის) და კონტროლის განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;

ე) ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მოთხოვნით, შეაჩეროს ობიექტის საწარმოო დანადგარებისა და მოწყობილობების სამუშაო პროცესი (კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში);

ვ) წარადგინოს შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მასალები და სხვა ინფორმაცია;

ზ) არ დაუშვას ისეთი ოპერაციების შეზღუდვა, რომლებიც აუცილებელია ფიზიკური, ქიმიური ან/და ბიოლოგიური ფაქტორების გასაზომად ან/და სინჯებისა და ნიმუშების ასაღებად;

თ) ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ინსპექტირების პროცესში ობიექტის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა;

ი) შეასრულოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად გათვალისწინებული, მისი მონაწილეობით განსახორციელებელი სხვა მოვალეობები.

2. თუ ობიექტის უფლებამოსილი პირი ან/და ყველა ის პირი, რომელიც მოქმედებს ობიექტის სახელით, ხელს უშლის (აფერხებს) შრომის ინსპექციას კანონიერი მოქმედებების განხორციელებისას და არ ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, ინსპექტირების განმახორციელებელი პირი აკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას და განუსაზღვრავს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სანქციას.

მუხლი 28. ობიექტის  უფლებები  ინსპექტირების  პროცესში

ობიექტს უფლება აქვს:

ა) ინსპექტირების პროცესში ინსპექტირების განმახორციელებელ პირს მოსთხოვოს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა, ხოლო გეგმური შემოწმების ჩატარებისას – დამატებით უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გააკეთოს შესაბამისი ახსნა-განმარტება, შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ამ შემთხვევაში, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი;

გ) ინსპექტირების განმახორციელებელი პირის ქმედება ან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადგენილი წესით გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.