ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის მეთოდებისა და რისკის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ

ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის მეთოდებისა და რისკის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.021789
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
80
06/02/2020
ვებგვერდი, 10/02/2020
270000000.10.003.021789
ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის მეთოდებისა და რისკის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/02/2020 - 23/12/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №80

2020 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

 

ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის მეთოდებისა და რისკის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის მეთოდებისა და რისკის შეფასების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის მეთოდისა და რისკის შეფასების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების (შემდგომში − პრიორიტეტული დარგები) განსაზღვრის მიზანია, სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად, რისკის დონის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობის საფრთხის შემცველობის შეფასება, კონტროლის ინტენსივობის დადგენა და იმ მეთოდებისა და წესების შემუშავება, რომელთა საშუალებითაც უნდა მოხდეს დარგებზე მონიტორინგი, ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების მიზნით.  

2. შრომის უსაფრთხოების ნორმების კონტროლის მიმართულებით სახელმწიფო კონტროლის ერთიანი პოლიტიკის განხორციელების მიზნით, ამ წესის შესაბამისად, შეფასებას ექვემდებარება ასევე ყველა ის დარგი, რომელიც არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მაგრამ ექცევა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რეგულირების სფეროში.

3. ეკონომიკური საქმიანობის დარგებზე კონტროლის მიზნით, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, შრომის ინსპექციის მიერ უნდა განხორციელდეს რისკების შეფასება, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით. რისკების მეთოდოლოგიის შემუშავება მიზნად ისახავს იმ სექტორების მიმოხილვას, იდენტიფიკაციას, განსაზღვრასა და კატეგორიზაციას, რომლებიც ექვემდებარებიან ინსპექტირებას. მეთოდიკა დაფუძნებულია ბოლო 5 წლის განმავლობაში არსებულ სტატისტიკურ მონაცემებსა და ამ წესით შემუშავებულ რისკის შეფასების კრიტერიუმებზე.

4. საქმიანობების გარკვეული პრიორიტეტულობით დალაგება ხდება იმ მიზნით, რომ  თანაზომიერად დაიცვას სამუშაო სივრცეში მყოფი ყველა დასაქმებული/მესამე პირი (სხვა პირი) იმ საფრთხის შემცველი ფაქტორებისგან, რომელიც მავნეა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის და რომელიც შესაძლოა, წარმოიშვას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან/და სამუშაო ადგილებზე მათი ყოფნის პერიოდში.

5. პრიორიტეტული დარგების განსაზღვრისას და შესაბამისი მეთოდიკის შემუშავებისას, თუ რაიმე საკითხი არ არის რეგულირებული ამ წესით, გამოიყენება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესი.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინსპექტირების ობიექტი (ობიექტი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც  ექვემდებარება შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახურის ზედამხედველობას;

ბ) შრომის ინსპექცია − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი;

გ) შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი − სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი;

დ) შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი − ყველა ის პირი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს გარკვეული ქმედებები შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში და სახელით;

ე) სახელმწიფო კონტროლი − შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რომლებიც მოიცავს ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელებას, ამ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს, ინსპექტირების ობიექტის შემოწმებასა და აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

ვ) ინსპექტირება − ინსპექტირების ობიექტზე შრომის ინსპექციის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ზ) ინფორმაციის შეგროვება/დამუშავება – შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე ინფორმაციის მოპოვება (შეგროვება) და სისტემატური ანალიზი;

თ) სამუშაო სივრცე − ყველა სამუშაო ადგილისა და იმ ტერიტორიის ერთობლიობა, სადაც დასაქმებული და სხვა პირი იმყოფებიან/გადაადგილდებიან სამსახურებრივი დანიშნულებით და რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დამსაქმებელი აკონტროლებს;

ი) საფრთხე − საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის (მანქანა-დანადგარების, მასალების, ნივთიერებების, სამუშაო მეთოდების, გარემო პირობების ან შრომის ორგანიზების) თავისებურებები, რომლებმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობას, გამოიწვიოს მისი დაავადება ან მის ჯანმრთელობას სხვა პრობლემები შეუქმნას;

კ) რისკი − საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფაქტორების გავლენით დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ან მისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენების ალბათობის ხარისხი, შესაბამისი შედეგის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით;

ლ) რისკების შეფასება − ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ მეთოდოლოგიას და მოიცავს სამუშაო სივრცეში სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, ანალიზს, შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას.  

 

მუხლი 3. პრიორიტეტული დარგების განსაზღვრისა და რისკის შეფასების ძირითადი საკითხები

1. პრიორიტეტული დარგების განსაზღვრისას, კონკრეტული დარგისათვის პრიორიტეტის მინიჭება უნდა მოხდეს საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების შეფასების საფუძველზე, კონკრეტული დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე და შესაბამის სტატისტიკურ ანალიზზე დაყრდნობით.

2. კონკრეტული დარგის მიმართულებით რისკის შეფასება უნდა განხორციელდეს შემდეგი კრიტერიუმების მეშვეობით:

ა) შემთხვევის დადგომის პოტენციური მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ანალიზისა და შემთხვევის დადგომის შესაძლო სხვადასხვა კომბინაციის განხილვის საფუძველზე;

ბ) ადამიანის სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის საშიში ინციდენტის მოხდენისა და მომხდარი უბედური შემთხვევის სიმძიმის დადგომის ალბათობის საფუძველზე;

გ) სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეებიდან უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხების შეფასებითა და საშიში გარემოებების წარმოშობის ფაქტორების ანალიზის საფუძველზე;

დ) რისკების იდენტიფიცირების, მისი ანალიზისა და შეფასების საფუძველზე;

ე) მძიმე შედეგის დადგომის ალბათობისა და ასეთი შედეგის დადგომის სიხშირის შედეგების ანალიზის საფუძველზე.

3. პრიორიტეტული დარგების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული რიგი ფაქტორები, ხოლო ზოგიერთ ფაქტორს მიენიჭოს გარკვეული პრიორიტეტულობა სხვა ფაქტორებთან მიმართებით.  

4. დარგების შეფასებისას გამოიყენება შემდეგი ფაქტორები:

ა) სამუშაო სივრცეში მომხდარი მოვლენა/მოვლენები − სამუშაო სივრცეში ცალკეული გარემოებების დადგომა ან მათი ცვლილება, რომელიც შესაძლებელია იყოს:

ა.ა) ერთი ან რამდენიმე გარემოება, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე მიზეზი;

ა.ბ) შესაძლებელია შედგებოდეს იმ ელემენტისგან, რაც ჯერ არ მომხდარა;

ა.გ) განისაზღვრება როგორც ინციდენტი (თუ შესაძლებელია მისი მოხდენის მიზეზის განსაზღვრა) ან შემთხვევითობა (როდესაც მოხდენის მიზეზის განსაზღვრა შეუძლებელია);

ა.დ) შეიძლება ჰქონდეს დადებითი ან უარყოფითი გავლენა დასახულ მიზნებთან მიმართებით;

ა.ე) შეიძლება გამოიხატოს ხარისხობრივად ან რაოდენობრივად;

ბ) ალბათობა − შემთხვევის მოხდენის შესაძლებლობა დროის გარკვეულ პერიოდში, რომლის მოხდენის კრიტერიუმები შეიძლება იყოს:

ბ.ა)  ობიექტური ან სუბიექტური;

ბ.ბ) ხარისხობრივი ან რაოდენობრივი;

გ) საშიშროება − პოტენციური წყარო, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტრავმა ან დაავადება. საშიშროების წარმოშობის კრიტერიუმებია:

გ.ა) პოტენციური წყარო, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საშიში სიტუაცია;

გ.ბ) პოტენციური წყარო, რომელმაც შეიძლება, შექმნას გარემოება ადამიანისთვის ტრავმის მიყენებისათვის ან მისი დაავადების შესაძლებლობისათვის;

დ) ტრავმა და ავადმყოფობა − პიროვნების ფიზიკურ, მენტალურ და კოგნიტურ მდგომარეობაზე მავნე ზემოქმედება, მათ შორის, პროფესიული დაავადება, ავადმყოფობა და სიკვდილი.

 

მუხლი 4. პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის მიზნით საქმიანობების ჩამონათვალი

1. პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის მიზნით საქმიანობების ჩამონათვალი დგინდება ეროვნული კლასიფიკატორის (სეკ 2016-ის) შესაბამისად (შეესაბამება ევროპულ კლასიფიკატორს − NACE Rev. 2 Statistical classification of economic activities in the European Community), რომლის დაყოფა ხდება შრომის უსაფრთხოების დარგების სპეციფიკის გათვალისწინებით,  იმგვარად, რომ  შესაბამისი სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი იყოს დარგების დაყოფის გამოყენება შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მიზნებისათვის.    

2. შრომის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, პრიორიტეტული დარგები დაყოფილია შემდეგ სექტორულ მიმართულებებად:

ა) სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა;

ბ) ნახშირისა და ლიგნიტის მოპოვება; სამთომოპოვებითი მრეწველობა;

გ) ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება; ლითონის მადნების მოპოვება;  სხვა ტიპის კარიერების დამუშავება; სამთომოპოვებითი მრეწველობის დამხმარე მომსახურება;  

დ) ტექსტილის, ტყავის, რეზინის, ხისა  და კორპის, პლასტმასის, ასევე მათთან დაკავშირებული ნაწარმის წარმოება;

ე) ქიმიკატებისა და ქიმიური პროდუქტების წარმოება; კოქსისა და ნავთობპროდუქტების წარმოება; ფარმაცევტული პროდუქტებისა და  ფარმაცევტული პრეპარატების წარმოება;

ვ) ძირითადი ლითონების წარმოება, ლითონის მზა ნაწარმის წარმოება; სხვა არალითონური მინერალური პროდუქტების წარმოება; კომპიუტერების, ელექტრონული და ოპტიკური პროდუქციის წარმოება; ელექტრული მოწყობილობების წარმოება; მანქანებისა და მოწყობილობების წარმოება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელებისა და  ნახევარმისაბმელების წარმოება;

ზ) კვების პროდუქტების, სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, ტანსაცმლის, ავეჯის წარმოება, ნაკეთების წარმოება ჩალისა და წნული მასალებისგან, ბეჭდვა და მედიაჩანაწერების აღწარმოება; ქაღალდისა და ქაღალდის ნაწარმის წარმოება;  სხვა მზა ნაკეთობების წარმოება;

თ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის წარმოება და მიწოდება; წყალმომარაგება, კანალიზაცია; ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება;

ი) ნარჩენების შეგროვების, დამუშავების, მოცილების, უტილიზაციისა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები;

კ) მშენებლობა;

ლ) საბითუმო და საცალო ვაჭრობა;

მ) სახმელეთო, წყლის, საჰაერო ტრანსპორტი; ტრანსპორტირება მილსადენებით; დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობები;

ნ) დასაწყობება; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი;  სხვა სახის მომსახურება;

ო) განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები;

პ) ინფორმაცია და კომუნიკაცია; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები;  საფოსტო და საკურიერო საქმიანობები;

ჟ) სახელმწიფო მმართველობითი საქმიანობები; ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; განათლება; ექსტერიტორიული ორგანიზაციებისა და ორგანოების საქმიანობები;

რ) ხელოვნება, გართობა და დასვენება; შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლისა და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის.

 

მუხლი 5. პრიორიტეტული დარგების განსასაზღვრად ინფორმაციის მიღების წყაროები

შრომის ინსპექციისათვის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის დროს ინფორმაციის წყარო შეიძლება, გახდეს:

ა) საჯაროდ განთავსებული ინფორმაცია, ასევე ყველა ის რეესტრი და ნუსხა, რომელიც საჯარო დაწესებულებებში გროვდება და მუშავდება რაიმე კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე;

ბ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის, მაკონტროლებელ ორგანოებთან თანამშრომლობა (ინფორმაციის ურთიერთგაცვლა);

გ) სოციალურ პარტნიორებთან ურთიერთობა (მუდმივი კონსულტაციები და აზრთა მიმოცვლა);

დ) სექტორულ და პროფესიულ ასოციაციებთან კონსულტაციები;

ე) რეგულირების სფეროს მიკუთვნებული ორგანიზაციებიდან მიღებული უკუკავშირის (ფართო კონსულტაციები და ინფორმირებულობის დონის გაზრდა, მათ შორის, კითხვარების შევსების, ანგარიშების წარმოდგენისა და ა. შ.) გზით.

 

მუხლი 6. პრიორიტეტული დარგების სექტორული დაყოფა

1. შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების კონტროლის, სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების პრევენციის მიზნით, ეკონომიკური საქმიანობის დარგები იყოფა სექტორულ მიმართულებებად.

2. პირველ ეტაპზე (ვიდრე არ არსებობს ამ წესით დადგენილი მეთოდიკის შესაბამისად სექტორების დაყოფისათვის საკმარისი ინფორმაცია) სექტორების დაჯგუფება ხდება საწარმოო უბედური შემთხვევების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე, ასევე  საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული სტატისტიკისა და შრომის ინსპექციის მიერ მოძიებული და დამუშავებული მონაცემების შესაბამისად.

3. მეორე ეტაპზე (ხუთი წლის შემდეგ), მას შემდეგ, რაც მოხდება პრიორიტეტული დარგების ხელახალი გადაფასება, ამა თუ იმ დარგისთვის პრიორიტეტულობის მინიჭება მოხდება ამ წესის შესაბამისად. კერძოდ, განსაზღვრული ინდიკატორების შესახებ დაგროვილი და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე და ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური  სტატისტიკის გათვალისწინებით.  

4. პირველ ეტაპზე (ვიდრე არ არსებობს ამ წესით დადგენილი მეთოდიკის შესაბამისად სექტორების დაყოფისათვის საკმარისი ინფორმაცია) სექტორისათვის პრიორიტეტულობის მინიჭება ხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით, შემდეგნაირად:

ა) განსაკუთრებით მაღალი რისკის სექტორები:

ა.ა) სამთომოპოვებითი მრეწველობა; ნახშირისა და ლიგნიტის მოპოვება;

ა.ბ) მშენებლობა;

) ძალიან მაღალი რისკის სექტორები:

ბ.ა) ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება; ლითონის მადნების მოპოვება;  სხვა ტიპის კარიერების დამუშავება; სამთომოპოვებითი მრეწველობის დამხმარე მომსახურება;

ბ.ბ) ქიმიკატებისა და ქიმიური პროდუქტების წარმოება; კოქსისა და ნავთობპროდუქტების წარმოება; ფარმაცევტული პროდუქტებისა და  ფარმაცევტული პრეპარატების წარმოება;  

ბ.გ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის წარმოება და მიწოდება; წყალმომარაგება, კანალიზაცია; ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება;

გ) მაღალი რისკის სექტორები:

გ.ა) სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა;

გ.ბ) ტექსტილის, ტყავის, რეზინის, ხისა და კორპის, პლასტმასის, ასევე მათთან დაკავშირებული ნაწარმის წარმოება;

გ.გ) ძირითადი ლითონების წარმოება, ლითონის მზა ნაწარმის წარმოება; სხვა არალითონური მინერალური პროდუქტების წარმოება; კომპიუტერების, ელექტრონული და ოპტიკური პროდუქციის წარმოება; ელექტრული მოწყობილობების წარმოება; მანქანებისა და მოწყობილობების წარმოება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელებისა და  ნახევარმისაბმელების წარმოება;

გ.დ) ნარჩენების შეგროვების, დამუშავების, მოცილების, უტილიზაციისა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები;

გ.ე) სახმელეთო, წყლის, საჰაერო ტრანსპორტი; ტრანსპორტირება მილსადენებით; დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობები;

გ.ვ) კვების პროდუქტების, სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, ტანსაცმლის, ავეჯის წარმოება, ნაკეთების წარმოება ჩალისა და წნული მასალებისგან, ბეჭდვა და მედიაჩანაწერების აღწარმოება; ქაღალდისა და ქაღალდის ნაწარმის წარმოება;  სხვა მზა ნაკეთობების წარმოება;

გ.ზ) დასაწყობება; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი;  სხვა სახის მომსახურება;

დ) საშუალო რისკის სექტორები:

დ.ა) საბითუმო და საცალო ვაჭრობა;

დ.ბ) განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები;

დ.გ) ინფორმაცია და კომუნიკაცია; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები;  საფოსტო და საკურიერო საქმიანობები;

ე) დაბალი რისკის სექტორები:

ე.ა) სახელმწიფო მმართველობითი საქმიანობები; ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; განათლება; ექსტერიტორიული ორგანიზაციებისა და ორგანოების საქმიანობები;

ე.ბ) ხელოვნება, გართობა და დასვენება; შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლისა და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის.

 

მუხლი 7. ინსპექტირებების სიხშირე ეკონომიკური საქმიანობის დარგების სექტორული დაყოფის მიხედვით

1. კონკრეტულ სექტორზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით, შრომის ინსპექციის  მიერ ობიექტებზე შემოწმება უნდა განხორციელდეს ამ მუხლით დადგენილი პერიოდულობით:

ა) იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ სექტორში გაერთიანებული რეგისტრირებული ინსპექტირების ობიექტების საერთო ოდენობა 200 ერთეულზე მეტია, 5 წლის განმავლობაში შესამოწმებელი ობიექტების ოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 100 ობიექტი;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ სექტორში გაერთიანებული რეგისტრირებული ინსპექტირების ობიექტების საერთო ოდენობა 200 ერთეულზე ნაკლებია, 5 წლის განმავლობაში შესამოწმებელი ობიექტების ოდენობა უნდა იყოს სექტორში გაერთიანებული ობიექტების რაოდენობის მინიმუმ 50%;

გ) იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ სექტორში გაერთიანებული რეგისტრირებული ინსპექტირების ობიექტების საერთო ოდენობა არ აღემატება 30 ერთეულს, 5 წლის განმავლობაში შესამოწმებელი ობიექტების ოდენობა უნდა იყოს სექტორში გაერთიანებული ობიექტების რაოდენობის მინიმუმ 90%. 

2. შრომის ინსპექციის მიერ ინსპექტირების განხორციელების სიხშირე კონკრეტული დარგების მიხედვით დადგენილია შემდეგნაირად:

ა) განსაკუთრებით მაღალი რისკის სექტორები − 3-ჯერ წლის განმავლობაში;

ბ) ძალიან მაღალი რისკის სექტორები −  2-ჯერ წლის განმავლობაში;

გ) მაღალი რისკის სექტორები − ყოველწლიურად;

დ) საშუალო რისკის სექტორები − ყოველ 2 წელიწადში;

ე) დაბალი რისკის სექტორები − ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.

 3. შრომის ინსპექციის მიერ, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, შესაძლებელია, დადგინდეს შესამოწმებელ ობიექტთა შემცირებული ოდენობა, ასევე განისაზღვროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ინსპექტირების განხორციელების სიხშირის ნაკლები რაოდენობა, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სექტორებისა.

 

მუხლი 8. სექტორული დაყოფის ინდიკატორები და რისკების დამდგენი მეთოდოლოგია

1. პრიორიტეტული ეკონომიკური საქმიანობების შეფასება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ინდიკატორების მეშვეობით, დაგროვილი ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე. ინფორმაციის დამუშავება უნდა განხორციელდეს რისკის შეფასების მეთოდოლოგიის შესაბამისად.

2. რისკის შეფასების მეთოდოლოგია შედგება შემდეგი პარამეტრებისგან:

ა)  წარმოების პროცესი და პროდუქცია;

ბ) საწარმოო ინციდენტების ტენდენციები;

გ) დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული შრომითი ურთიერთობები;

დ) შრომის ინსპექციის ინსპექტირების შედეგები;

ე) ზედამხედველ ორგანოში შესული საჩივრებისა და განცხადებების ოდენობა და შემთხვევის  სიმძიმე.

3. რისკის შეფასების ინდიკატორები და რისკის შეფასების დონე განისაზღვრება შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:

 

 

საშუალო შეწონილობა

ინდიკატორი

 

შეფასება (რისკის დონის მიხედვით)

1 (დაბალი)

2 (საშუალო)

3 (მაღალი)

1

9

მომხდარი უბედური შემთხვევების ოდენობა ერთი წლის განმავლობაში

0 – 20 მსუბუქი უბედური შემთხვევა

 

0 − 5 საშუალო უბედური შემთხვევა

20 < მსუბუქი უბედური შემთხვევა

 

5 − 20 საშუალო უბედური შემთხვევა

20 < საშუალო უბედური შემთხვევა

 

0 < მძიმე/ფატალური/მასობრივი უბედური შემთხვევა

2

8

პროფესიული დაავადებების ოდენობა

0

1 - 2

2 <

3

7

შრომის ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევები ბოლო 5 წლის განმავლობაში

გაფრთხილება

ჯარიმა

განმეორებითი დაჯარიმება/

შეჩერება

4

6

სხვა უწყებების მიერ გამოვლენილი დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია შრომის უსაფრთხოებასთან (სამართალდარღვევა ან/და დანაშაული)

0 - 1 სამართალდარღვევა

2 − 5 სამართალდარღვევა

5 < სამართალდარღვევა

1 ≤ დანაშაული

5

5

შრომის ინსპექციაში შესული საჩივრების ოდენობა ერთი წლის განმავლობაში

0 - 1

2 − 4

4 <

 

6

4

ღამის ცვლაში მუშაობა

არ არის ღამის ცვლაში მუშაობა

მხოლოდ დარაჯი ან/და უწყვეტ საწარმოო პროცესში მონაწილე პირი

სხვა ნებისმიერი პირი, გარდა  დარაჯის ან/და უწყვეტ საწარმოო პროცესში მონაწილისა

7

3

უწყვეტი საწარმოო პროცესი

მიმდინარეობს თანამშრომლების დასწრების გარეშე

მხოლოდ ცვლაში მომუშავე დასაქმებულებისთვის

სრულად ორგანიზაციაში

8

2

დასაქმებულთა მიერ საავადმყოფო ფურცლით სარგებლობის ოდენობა

0 – 20%

21 − 50%

50% <

9

1

თანამშრომლების მაღალი დენადობა წლის განმავლობაში პროცენტებში

0 – 25%

26 – 45%

45%<.

 

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ინდიკატორების მიხედვით, რისკის დონე განისაზღვრება − თითოეული ინდიკატორის რისკის დონე გამრავლებული საშუალო შეწონილობაზე.  

5. ორგანიზაციის რისკის დონე წარმოადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თითოეული ინდიკატორის რისკის დონის ჯამს, შემდეგი გაანგარიშებით:

ა) თუ ინსპექტირების ობიექტის  ხვედრითი წილი 60 ერთეულზე ნაკლებია, იგი შეესაბამება დაბალი რისკის ობიექტს;

ბ) თუ ინსპექტირების ობიექტის ხვედრითი წილი არის 60 ერთეულზე ზევით, იგი შეესაბამება მაღალი რისკის ობიექტს.

 

მუხლი 9. სექტორისთვის პრიორიტეტის მინიჭების მეთოდიკა

1. რისკის დონის განსაზღვრა და სექტორული განაწილება ხდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაჯგუფებული სექტორების მიხედვით, შემდეგნაირად:

ა) იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული დარგობრივი მიმართულების ქვეშ გაერთიანებული ინსპექტირების ობიექტის 80% არის დაბალი რისკის ორგანიზაციათა ჩამონათვალში, ასეთი განეკუთვნება დაბალი რისკის სექტორს;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული დარგობრივი მიმართულების ქვეშ გაერთიანებული ინსპექტირების ობიექტის 21% − 40% არის მაღალი რისკის ორგანიზაციათა ჩამონათვალში, ასეთი განეკუთვნება საშუალო რისკის სექტორს;

გ) იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული დარგობრივი მიმართულების ქვეშ გაერთიანებული ინსპექტირების ობიექტის 41% − 60% არის მაღალი რისკის ორგანიზაციათა ჩამონათვალში, ასეთი განეკუთვნება მაღალი რისკის სექტორს;

დ) იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული დარგობრივი მიმართულების ქვეშ გაერთიანებული ინსპექტირების ობიექტის 61% − 85% ხვდება მაღალი რისკის ორგანიზაციათა ჩამონათვალში, ასეთი განეკუთვნება ძალიან მაღალი რისკის სექტორს;

ე) იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული დარგობრივი მიმართულების ქვეშ გაერთიანებული ინსპექტირების ობიექტის 86% და მეტი ხვდება მაღალი რისკის ორგანიზაციათა ჩამონათვალში, ასეთი განეკუთვნება განსაკუთრებით მაღალი რისკის სექტორს.

2. შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი, ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესით შეგროვებული და დამუშავებული ინფორმაციის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოვლენილი რისკის დონის გათვალისწინებითა და ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით, დაადგენს რისკის დონეს ორგანიზაციაში, რის საფუძველზეც მოხდება ორგანიზაციების გადანაწილება სექტორულად, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.