დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5749-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 080080040.05.001.019804 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (21/09/2023 - 30/11/2023)
|
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ
|
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას, მასთან ბრძოლას და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფას. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით, 1431 და 1432 მუხლებით (თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას), 1441 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 253-ე მუხლით, 254-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული; ბ) მსჯავრდებული − პირი (მათ შორის, სასჯელმოხდილი პირი), რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის, თუმცა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული არ აქვს შესაბამისი უფლება ამ კანონით დადგენილი წესით; გ) სამინისტრო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; დ) უფლებაჩამორთმეული პირი − პირი, რომელსაც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ამ კანონის შესაბამისად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა ერთი ან რამდენიმე შესაბამისი უფლება; ე) რეესტრი − სამინისტროში შექმნილი ელექტრონული ბაზა, რომელშიც შეტანილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6756 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. მუხლი 3. უფლების ჩამორთმევა 1. სასამართლო უფლებამოსილია გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პირს ჩამოართვას ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი უფლება: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება; გ) არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ აღნიშნულმა პირმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანის მიმართ, ან თუ მან ჩაიდინა იმავე კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით (თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას), 1441 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 253-ე მუხლით, 254-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული; დ) სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება; ე) საექიმო საქმიანობის უფლება; ვ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ზ) პასიური საარჩევნო უფლება; თ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ი) სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება; კ) სხვა საქმიანობის უფლება, რომლის ჩამორთმევასაც, დამნაშავის პიროვნებისა და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს. 2. სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს სავალდებულო წესით ჩამოართმევს მსჯავრდებულს, თუ მან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−139-ე, 141-ე და 2551 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანის მიმართ, ან თუ მან ჩაიდინა იმავე კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით (თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას), 1441 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. 3. სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას არ ჩამოართმევს პირს, რომელსაც დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით განუსაზღვრავს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას. 4. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევა შესაძლებელია არ გავრცელდეს პირის მიერ ოჯახის წევრების (დედა, მამა, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები) გადაყვანაზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების (გარდა ბავშვთა გასართობ ცენტრში ყოფნის უფლებისა) ჩამორთმევა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ზოგად განათლებას იღებს, და იმ პირზე, რომლის საცხოვრებელი ადგილი იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში მდებარეობს. 6. პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლება ჩამოერთმევა: ა) ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ხუთ წლამდე ვადით; ბ) მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ხუთიდან ათ წლამდე ვადით; გ) განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით. 7. სასამართლო მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მის პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ მდგომარეობას, ნასამართლობას, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი დანაშაულისადმი, ამ დანაშაულის ჩადენის ვითარებასა და ხერხს, დამდგარ შედეგს, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს, დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ურთიერთდამოკიდებულებასა და სხვა გარემოებებს. 8. პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შესახებ მიეთითება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში. 9. სასამართლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების, აგრეთვე მისთვის შესაბამისი უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს. 10. სასამართლო მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მუნიციპალიტეტს. 11. სასამართლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, თუ იგი დასაქმებულია იმ დაწესებულებაში, რომელშიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის დასაქმება აკრძალულია. 12. სასამართლო პირისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს უფლებაჩამორთმეული პირის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, თუ იგი დასაქმებულია იმ დაწესებულებაში, რომელში საქმიანობის უფლებაც მას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოერთვა. 13. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით პენიტენციური დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, იმავე კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს სამინისტროს. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6756 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. მუხლი 4. ვადის ათვლა პირისთვის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლების ჩამორთმევის ვადის ათვლა იწყება: ა) პირის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – პირის მიერ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე; ბ) პირის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებისას – გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიერ შესაბამისი დაწესებულების დატოვების მომენტიდან; დ) პირისთვის ძირითადი სასჯელის სახედ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას – სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; ე) პირის პირობით ვადამდე გათავისუფლებისას − პირის პირობით ვადამდე გათავისუფლების მომენტიდან; ვ) პირისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას − პირისთვის სასჯელის შეცვლის მომენტიდან; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისას − პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მომენტიდან. მუხლი 5. უფლების აღდგენა 1. პირისთვის ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენა ან უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირება დასაშვებია: ა) პირის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ერთი მესამედის გასვლის შემდეგ; ბ) პირის მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ; გ) პირის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ორი მესამედის გასვლის შემდეგ. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ − კომისია) უფლებამოსილია, უფლებაჩამორთმეული პირის პიროვნებისა და ყოფაქცევის გათვალისწინებით, მას ვადამდე აღუდგინოს ჩამორთმეული უფლება ან შეუმციროს უფლების ჩამორთმევის ვადა. 3. უფლებაჩამორთმეული პირის მიერ ამ კანონით მისთვის დაწესებული შეზღუდვების (უფლების ჩამორთმევის) დარღვევა (შეუსრულებლობა) იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. 4. უფლებაჩამორთმეულ პირს ამ კანონით მისთვის დაწესებულ შეზღუდვებს (უფლების ჩამორთმევას) გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისას განუმარტავს სასამართლო, ხოლო პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას − აგრეთვე პენიტენციური დაწესებულება. მუხლი 6. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ვალდებულებები 1. მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირი ვალდებულია სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ დაბარების შემთხვევაში გამოცხადდეს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში. მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირი სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში დაბარებული უნდა იქნეს გონივრული ვადით ადრე და გონივრული პერიოდულობით. 2. სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულს/უფლებაჩამორთმეულ პირს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში დაბარების შესახებ შეტყობინებას უგზავნის მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან, მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების/მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან, მისთვის ძირითადი სასჯელის სახედ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 3. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადებისას სამინისტროს უფლებამოსილი პირი არკვევს მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს, სამუშაო ადგილს, მასთან ერთად მცხოვრებ პირთა შესახებ მონაცემებს (სახელი, გვარი, ასაკი, მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან არსებული კავშირი) და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ბრძანებით განსაზღვრულ სხვა საკითხებს. მსჯავრდებულს/ უფლებაჩამორთმეულ პირს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადებისას წერილობით განემარტება ამ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა. 4. მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემის ცვლილებისას ამის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 დღისა, აცნობოს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებები შეუსრულებლად არ ჩაითვლება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საპატიო მიზეზი: ა) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც მას არ შეუძლია გამოცხადდეს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, რაც ექიმის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება; ბ) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, ბებია, პაპა, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული)) ან მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება; გ) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სამსახურებრივ ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რაც შესაბამისი დოკუმენტით დასტურდება; დ) დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობა, კერძოდ, სტიქიური უბედურება, ავარია, ხანძარი, მასობრივი არეულობა, სამხედრო მოქმედება, კარანტინი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რაც შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით დასტურდება; ე) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის კანონით დადგენილი წესით დაკავება/პატიმრობა, მისი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებსა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა, რაც შესაბამისი დოკუმენტით დასტურდება; ვ) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სარეზერვო სამხედრო სამსახურში ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც წარედგინება სამინისტროს სათანადო ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევამდე; ზ) სხვა გარემოება, რომელიც მიჩნეულია საპატიო მიზეზად მინისტრის ბრძანებით. 6. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება მსჯავრდებულს ეკისრება ნასამართლობის ვადით, ხოლო უფლებაჩამორთმეულ პირს − უფლების ჩამორთმევის ვადით. 8. უფლებაჩამორთმეულ პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ნასამართლობის ვადით ეკისრება, თუ მისთვის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე უფლების ჩამორთმევის ვადა ნასამართლობის ვადაზე ნაკლებია. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3535 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. მუხლი 7. მონიტორინგი 1. საგანმანათლებლო დაწესებულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულება), საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევი დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის დაწესებულება, რომელშიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის/უფლებაჩამორთმეული პირის დასაქმება აკრძალულია, ვალდებულია პირისთვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარმოდგენა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მუნიციპალიტეტი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, ხოლო მათი შეუსრულებლობის (დარღვევის) გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ინფორმაცია მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული დაწესებულებისგან ან შექმნას ამ დაწესებულებაში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობის მექანიზმები. 3. სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ მისთვის დაწესებული შეზღუდვების/დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით უფლებამოსილია გამოცხადდეს მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საცხოვრებელ ადგილზე/სამუშაო ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში დაიბაროს იგი, გამოითხოვოს მისი საცხოვრებელი ადგილის/სამუშაო ადგილის და ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაცია და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებები. 4. თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის რეალურ საფრთხეზე მიუთითებს, სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პერსონალურ მონაცემებს აცნობებს იმ კონკრეტულ დაწესებულებას/უწყებას, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზედაც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე არსებობს. ეს დაწესებულება/უწყება ვალდებულია მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საფრთხის შემცველი ქმედების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროსთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება. სამინისტრო ამ შეტყობინებაზე რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. უფლებამოსილ დაწესებულებებს/უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და მათი საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება/უწყება ვალდებულია უზრუნველყოს მისთვის მიწოდებული, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების/პირისთვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მიიღოს ზომები მისი უკანონო გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 7. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 8. ამ კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №348 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 8. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრი 1. ამ კანონის აღსრულების მიზნით სამინისტროში იქმნება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრი (შემდგომ − რეესტრი). 2. რეესტრის წარმოების მიზნით მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, მისი ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას, დაქტილოსკოპიურ და სხვა მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, სამინისტრო ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. რეესტრის შექმნისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 9. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების მიღება. 2. მინისტრმა 2020 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს: ა) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტის გამოცემა; ბ) სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 3. სამინისტრომ 2020 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს რეესტრის შექმნა, რომელშიც შეიტანება ამ თარიღისთვის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა/უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები. მუხლი 10. დასკვნითი დებულებები 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-8 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი−მე-8 მუხლები ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან. |
თბილისი, 17 მარტი 2020 წ. N5749-IIს |
დოკუმენტის კომენტარები