საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 27/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017873
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15/ნ
31/01/2020
ვებგვერდი, 31/01/2020
430210000.22.022.017873
საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/01/2020 - 26/09/2022)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №15/ნ

2020 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების, „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ.ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის №115/ნ ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირინე აბულაძე



დანართი
საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის (შემდგომში – დირექტორი) ცოდნასა და უნარებს, პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს.

2. სტანდარტში თავმოყრილია ის აუცილებელი კომპეტენციები, რომლებიც მოეთხოვება საჯარო სკოლის (შემდგომში – სკოლა) ხელმძღვანელ პირს.

3. სტანდარტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა) დირექტორის მიერ თავისი საქმიანობისა და პროფესიული განვითარების დაგეგმვის მიზნით – დირექტორს საშუალება ეძლევა თვითშეფასების საფუძველზე სტანდარტთან მიმართებით შეაფასოს თავისი კომპეტენციები, განსაზღვროს რა თეორიული ცოდნის შეძენა და პრაქტიკული უნარების განვითარება ესაჭიროება მას იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს სტანდარტის მოთხოვნები და უზრუნველყოს პროფესიული განვითარება;

ბ) დირექტორის შერჩევის მიზნით – სტანდარტთან მიმართებით კადრების შერჩევა და მათი კომპეტენციების შეფასება სახელმწიფოს საშუალებას აძლევს გამჭვირვალედ და ობიექტურად დაგეგმოს და განახორციელოს დირექტორის სერტიფიცირება;

გ) დირექტორის შეფასების მიზნით – დირექტორის საქმიანობის შეფასება შეიძლება ხორციელდებოდეს როგორც სასკოლო საზოგადოების, ისე სახელმწიფოს მხრიდან. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მის პრაქტიკულ მიღწევებს ენიჭება, თუ როგორი გარემოა სკოლაში, როგორია სკოლის მოვლა-პატრონობის პრაქტიკა, როგორია სასკოლო კულტურა. ამოსავალი კი არის სწავლა-სწავლების გამართული პროცესი, რომელშიც თითოეული მოსწავლისთვის შექმნილია მისი სწავლისა და განვითარებისთვის პოზიტიური გარემო;

დ) დირექტორის მომზადების მიზნით – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სტანდარტების საფუძველზე ამზადებენ სკოლების მომავალ ხელმძღვანელებს. სტანდარტი  თავის მხრივ უნივერსიტეტებისთვის არის ორიენტირი ამ სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისი პროგრამების მოსამზადებლად და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წარმატებით გასავლელად.


მუხლი 2. სტანდარტის სტრუქტურა
სტანდარტის სტრუქტურა წარმოდგენილია ოთხი ძირითადი მიმართულებით, რომლებიც ურთიერთდამოკიდებული და თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს სტრუქტურაა:

ა) საგანმანათლებლო ლიდერობა;

ბ) სასწავლო პროცესის ადმინისტრირება და ანგარიშვალდებულება;

გ) თვითგანვითარება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარება;

დ) თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.


თავი II
სკოლაში დირექტორის როლი და ფუნქცია

მუხლი 3. დირექტორის როლი და ფუნქცია
1. მოცემული სტანდარტით განსაზღვრული პრინციპებითა და მიდგომებით დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის, უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სწავლებისა და სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვა მოსწავლეთა აკადემიური და პიროვნული განვითარებისათვის.

2. დირექტორი წამყვან როლს ასრულებს პოზიტიური სასკოლო კულტურის ფორმირებაში, განვითარებასა და შენარჩუნებაში.

3. დირექტორის, როგორც სკოლის ლიდერის უმთავრეს პასუხისმგებლობას წარმოადგენს შექმნას უსაფრთხო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო გარემო, უზრუნველყოს დაინტერესებული პირების ჩართულობით გამჭვირვალე პროცესების წარმართვა სკოლის სტრატეგიული განვითარებისათვის და გუნდის პროფესიული წინსვლისათვის.

4. დირექტორი, სასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხარისხიან განათლებას თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის მოსწავლეებისთვის.

5. სკოლის მართვაში დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს მართვის თანამედროვე მიდგომებს,  ადგილობრივ მდგომარეობას, არსებულ გამოწვევებსა და სკოლის ძლიერ მხარეებს, მოქმედ რეგულაციებსა და განათლების პოლიტიკის პრინციპებს.

6. ხარისხის უზრუნველყოფისათვის სკოლის დირექტორი ყველა მნიშვნელოვან სასკოლო საქმიანობასთან მიმართებით უნდა იყენებდეს შემდეგ მიდგომას თანმიმდევრობით:

ა) სიტუაციის ანალიზის საფუძველზე მაღალი მოლოდინების განსაზღვრა სკოლის სტრატეგიაში;

ბ) დასახული გეგმის თანმიმდევრული განხორციელება;

გ) განხორციელებული საქმიანობის პერმანენტული მონიტორინგი და შეფასება;

დ) მონიტორინგისა და შეფასების შედეგებზე რეაგირება და სამოქმედო გეგმის კორექტირება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დირექტორმა უნდა განახორციელოს პროცესის მაქსიმალური ინკლუზიურობა, ფუნქციებისა და მოვალეობების განაწილება, დელეგირება და ორმხრივი ანგარიშვალდებულების გამჭვირვალე სისტემის შექმნა.

8. დირექტორი წარმოადგენს როლურ მოდელს სასკოლო საზოგადოებისათვის და პირადი მაგალითის მიცემით ნერგავს ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასკოლო ურთიერთობებსა და ქცევის სტანდარტებს.

9. დირექტორი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის იზიარებს და ამკვიდრებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებს.

10. დირექტორი სასკოლო საზოგადოებასთან და მესამე პირებთან ურთიერთობებში ავლენს ისეთ პიროვნულ თვისებებს, როგორებიცაა დისციპლინირებულობა, სამართლიანობა, ობიექტურობა, შემოქმედებითობა და ზნეობრიობა.


თავი III
საგანმანათლებლო ლიდერობა

მუხლი 4. საგანმანათლებლო ლიდერობა
1. დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი უნდა უზრუნველყოფდეს სკოლაში ხარისხიანი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისთვის და უნდა ზრუნავდეს მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე, რაც გულისხმობს უსაფრთხო, კეთილგანწყობილი, ინკლუზიური, წამახალისებელი, თანამშრომლობითი და გენდერულად დაბალანსებული გარემოს შექმნას, სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას, ადეკვატურად მაღალი მოლოდინების დასახვას და სწავლის შედეგების ეფექტურობის და ეფექტიანობის მონიტორინგსა და შეფასებას.

2. დირექტორი სასკოლო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სკოლის განვითარების ერთიანი ხედვისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრასა და განხორციელებაში, რაც ითვალისწინებს ადგილობრივ/არსებულ მდგომარეობას.

3. დირექტორს უნდა ჰქონდეს ერთიანი ხედვა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებითა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ღირებულებებსა და მისაღწევ შედეგებს, ითვალისწინებს სასკოლო ცხოვრებაში ჩართული მხარეების ინტერესებს, მოსაზრებებს, ამავდროულად, ახალისებს ინოვაციურ მიდგომებს მართვასა და სწავლებაში.

4. დირექტორი ხელს უნდა უწყობდეს თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ  სკოლის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და ამ გზით მაქსიმალურად უნდა იყენებდეს თანამშრომელთა პოტენციალს. 


მუხლი 5. საგანმანათლებლო ლიდერობის მიმართულებით დირექტორის კომპეტენციები
საგანმანათლებლო ლიდერობის მიმართულებით დირექტორის კომპეტენცია განსაზღვრულია შემდეგი სახით:

ა) სკოლის ცხოვრებასა და მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ტექნოლოგიურ ცვლილებებს შორის ურთიერთმიმართების გაცნობიერება;

ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა და გამოყენება;

გ) ნორმატიული აქტების და სკოლის ფუნქციონირების მარეგულირებელი დოკუმენტების ცოდნა და გამოყენება;

დ) ჯანსაღად ამბიციური, თუმცა რეალისტური მიზნებისა და ამოცანების დასახვა და მიღწევა;

ე) დაინტერესებული პირების თანამონაწილეობით ერთიანი ხედვის, სკოლის სტრატეგიული გეგმის  ჩამოყალიბების, განხორციელების, შემოწმების, ანალიზისა და განვითარების გზების ცოდნა და გამოყენება სწავლებისა და სწავლის მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად;

ვ) სოციალური თანასწორობის, თანაბარი შესაძლებლობების, დემოკრატიული კულტურის, გლობალური და მდგრადი განვითარების პრინციპების ცოდნა და გამოყენება;

ზ) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების საფუძველზე, სკოლის პედაგოგიურ საბჭოსთან თანამონაწილეობით სასკოლო სასწავლო გეგმის  შემუშავების, მისი დანერგვის მექანიზმების ცოდნა და გამოყენება;

თ) ზრუნვა სკოლაში სწავლებისა და სწავლის შესაფერის უსაფრთხო, წამახალისებელ, კეთილგანწყობილ, ჯანსაღ, ღია, სამართლიან და თანასწორუფლებიან გარემოზე, სადაც გათვალისწინებულია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებები და დამკვიდრებულია დამოუკიდებელი სწავლის კულტურა;

ი) მონაცემთა შეგროვების, ანალიზის ხერხებისა და საშუალებების გამოყენება კვლევაში სწავლებისა და სწავლის გასაუმჯობესებლად;

კ) სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მიდგომების ცოდნა;

ლ) არაფორმალური განათლების გავლენის ცოდნა მოსწავლეთა განვითარებაზე და ამ პროცესების ხელშეწყობა;

მ) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება თანამშრომლობისთვის, გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარების პროცესსა და სწავლება-სწავლაში;

ნ) სკოლაში ცვლილებებისა და ინოვაციების განხორციელებისა და მართვის მეთოდების ცოდნა და გამოყენება;

ო) სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა, უწყვეტი განვითარების მნიშვნელობის გაცნობიერება და  ხელშეწყობა.


მუხლი 6. საგანმანათლებლო ლიდერობის ინდიკატორები
ამ თავის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები შესაძლებელია შესრულდეს შემდეგი ინდიკატორების დაკმაყოფილებით:

ა) დადგენილი წესის შესაბამისად შემუშავებულია და დამტკიცებულია სკოლის განვითარების სტრატეგია;

ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე მასწავლებლებთან და სამეურვეო საბჭოსთან ერთად შემუშავებულია სასკოლო სასწავლო გეგმა;

გ) დამკვიდრებულია სწავლებისა და სწავლის ეფექტური მიდგომები;

დ) უზრუნველყოფილია სწავლებისა და სწავლის უსაფრთხო, წამახალისებელი, კეთილგანწყობილი და ინკლუზიური, ჯანსაღი, ღია, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი გარემო, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა წინსვლასა და წარმატებას, გაკვეთილებზე მათ მაქსიმალურ დასწრებასა და პოზიტიურ ქცევას;

ე) სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობითა და მათი აქტიური მონაწილეობით შემუშავებულია მოსწავლეების სწავლების მაღალი სტანდარტები და სკოლაში მდგრადი განვითარების პრინციპებსა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებაზე ორიენტირებული სკოლის განვითარების გეგმა;

ვ) მასწავლებლებთან და სამეურვეო საბჭოსთან ერთად შემუშავებულია მონიტორინგის, შეფასების მექანიზმები სკოლის განვითარებისთვის. შექმნილია მოსწავლეთა პროგრესის შესახებ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მოქნილი სისტემა. დადგენილია სწავლებისა და სწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები და უზრუნველყოფილია გაუმჯობესების ინტერვენციები.


თავი IV
სასწავლო პროცესის ადმინისტრირება და ანგარიშვალდებულება

მუხლი 7. სასწავლო პროცესის ადმინისტრირება
სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიზნით, სკოლის დირექტორი:

ა) უზრუნველყოფს სკოლის მდგრად ორგანიზაციულ განვითარებას და მართვას;

ბ) ნერგავს თანამონაწილეობითი მართვის და გაზიარებული ლიდერობის  პრინციპებს;

გ) სკოლის თვითშეფასების საფუძველზე განსაზღვრავს სკოლის ორგანიზაციული განვითარების გზებს;                 

დ) უზრუნველყოფს უსაფრთხო, წამახალისებელი, კეთილგანწყობილი და ინკლუზიური, ჯანსაღი, ღია, სამართლიანი, თანასწორუფლებიანი თანამშრომლობითი ეფექტიანი გარემოს შექმნას არსებული ადამიანური, ფინანსური და ფიზიკური რესურსების გონივრულად ორგანიზებითა და მართვით.

ე) საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისათვის მკაფიოდ განსაზღვრავს და ანაწილებს პასუხისმგებლობებსა და ფუნქციებს, კოორდინაციას უწევს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობასა და მიმდინარე პროცესებს.


მუხლი 8. სასწავლო პროცესის ანგარიშვალდებულება
1. სკოლის დირექტორი დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით ქმნის ანგარიშვალდებულების ეფექტიან, გამჭვირვალე, ობიექტურ მექანიზმებსა და ინსტრუმენტებს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას.

2. სკოლის მართვის პროცესში ხელმძღვანელობს დემოკრატიული ღირებულებებით, ზნეობრივი პრინციპებით და ხელს უწყობს მათ დამკვიდრებას სასკოლო ცხოვრებაში.

3. ზრუნავს გაზიარებული პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულებების ეფექტური სისტემის  დამკვიდრებაზე მთელ სასკოლო საზოგადოებაში. სკოლის მიღწევებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 9. სასწავლო პროცესის ადმინისტრირებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით დირექტორის კომპეტენციები
სასწავლო პროცესის ადმინისტრირებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით დირექტორის კომპეტენცია განსაზღვრულია შემდეგი სახით:

ა) მონაწილეობითი დაგეგმვისა და გაზიარებული ლიდერობის პრინციპების ცოდნა და შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება სკოლის განვითარების სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში;

ბ) ბიუჯეტირებისა და ფინანსური მართვის ინსტრუმენტების ცოდნა და გამოყენება;

გ) ადამიანური რესურსების შეფასების, მართვისა და განვითარების პრინციპების და სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;

დ) კვლევის საბაზისო ინსტრუმენტების ცოდნა და მათი მიზნობრივი გამოყენება მართვის პროცესებში;

ე) სკოლის მატერიალური რესურსების მოვლა-პატრონობისა და ეფექტიანად მართვის ინსტრუმენტების ცოდნა და გამოყენება;

ვ) დამატებითი რესურსებისა და ფონდების იდენტიფიცირებისა და მოზიდვის სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;

ზ) ქსელური და პარტნიორული კავშირების დამყარების მექანიზმების ცოდნა და გამოყენება სკოლის განვითარებისთვის;

თ) ორმხრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპების გაზიარება/დაცვა და მათი სისტემური რეალიზება;

ი) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ცოდნა და გამოყენება;

კ) სკოლაში მონიტორინგის, შეფასებისა და უკუკავშირის ეფექტური მექანიზმების ცოდნა და დანერგვა.


მუხლი 10. სასწავლო პროცესის ადმინისტრირებისა და ანგარიშვალდებულების ინდიკატორები
ამ თავის მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები შესაძლებელია შესრულდეს შემდეგი ინდიკატორების დაკმაყოფილებით:

ა) სკოლას აქვს მკაფიო, შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიული განვითარების პოლიტიკა და შესაბამისი გეგმები, რომლებიც ეფუძნება ადგილობრივ კონტექსტსა და სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკას;

ბ) მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვით სკოლის ყოველდღიური საქმიანობა წარიმართება ეფექტიანად;

გ) სიტუაციის ანალიზზე დაყრდნობით ხდება სკოლის ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მობილიზება და პრიორიტეტებზე დაფუძნებული მართვა;

დ) დირექტორის ხელშეწყობით სკოლაში ჩამოყალიბებულია განვითარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კომპლექსური თვითშეფასების კულტურა, რომელშიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო საზოგადოება.  მაქსიმალურად არის გამოყენებული სკოლის ძლიერი მხარეები და სუსტი მხარეების გაუმჯობესების მექანიზმები;

ე) ჩამოყალიბებულია სასწავლო პროცესის ეფექტიანი მართვის სტრუქტურა, რომელშიც მკაფიოდაა განაწილებული ფუნქცია-მოვალეობები. შემუშავებულია საქმიანობის პერმანენტულ მონიტორინგსა და შეფასებაზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემა/ მექანიზმები;

ვ) ჩამოყალიბებულია და გამართულად ფუნქციონირებს ანგარიშვალდებულებისა და სკოლის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ღია და გამჭვირვალე სისტემა.


თავი V
თვითგანვითარება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარება

მუხლი 11. თვითგანვითარება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარება
1. თვითგანვითარებისა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად დირექტორის ფუნქციაა:

ა) სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრთან ეფექტური პროფესიული თანამშრომლობა, გუნდურ მუშაობაზე, კოლეგიალობასა და ურთიერთსწავლების პრინციპების დამკვიდრებაზე ზრუნვა;

ბ) ინდივიდუალური ინიციატივების წახალისება და  თანამშრომლებში ლიდერობის უნარის წარმოჩენისა და განვითარების ხელშეწყობა;

გ) ღია, სამართლიანი, ინკლუზიური, უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, რომელშიც მოვალეობები და პასუხისმგებლობები ნათლადაა განსაზღვრული და როლები  -  შესაძლებლობების მიხედვით გადანაწილებული.

2. დირექტორი რეგულარულად უნდა ეცნობოდეს საგანმანათლებლო სიახლეებს, იყოს რეფლექსიური, კრიტიკულად აფასებდეს საკუთარ შესაძლებლობებს და ზრუნავდეს თვითგანვითარებაზე.


მუხლი 12. თვითგანვითარებისა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით დირექტორის კომპეტენციები
თვითგანვითარებისა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით დირექტორის კომპეტენციაა:

ა) უწყვეტი და ზრდასრულთა განათლების პრინციპების ცოდნა და გამოყენება;

ბ) პროფესიული განვითარებისათვის საჭიროებების კვლევის მეთოდებისა და სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;

გ) ცალკეული ინდივიდის, ასევე, გუნდის განვითარების სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;

დ) ორგანიზაციული და  თანამშრომლობითი კულტურის დანერგვის სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;

ე) უსაფრთხო, წამახალისებელი, კეთილგანწყობილი, ინკლუზიური, ჯანსაღი, ღია, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი გარემოს უზრუნველყოფის პრინციპების დანერგვისთვის საჭირო პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

ვ) სოციალური თანასწორობის, თანაბარი შესაძლებლობების, დემოკრატიული კულტურის, გლობალური და ციფრული მოქალაქეობის, მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვისთვის საჭირო პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

ზ) ცვლილებებთან ადაპტირება;

თ) საკუთარი საქმიანობის კრიტიკულად შეფასება, კონსტრუქციული შენიშვნების გათვალისწინება და გამოყენება.


მუხლი 13. თვითგანვითარებისა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ინდიკატორები
ამ თავის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები შესაძლებელია შესრულდეს შემდეგი ინდიკატორების დაკმაყოფილებით:

ა) დირექტორი თვითშეფასების საფუძველზე ჩართულია პროფესიულ განვითარებაში, რისთვისაც სხვადასხვა გზებს და საშუალებებს იყენებს - ეცნობა პროფესიულ სიახლეებს, მონაწილეობს ტრენინგებში, სამუშაო შეხვედრებსა  და კონფერენციებში, აქტიურადაა ჩართული პროფესიული განვითარების ქსელებში გამოცდილების გაზიარებისთვის;

ბ) სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობით შექმნილია ღია, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი გარემო, სადაც ყველას აქვს სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა, პროფესიული განვითარება წახალისებული და მისაბაძია;

გ) სკოლაში შექმნილია გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გარემო, რისთვისაც გამოყენებულია სხვადასხვა პლატფორმა. სკოლა ეხმარება ყველა რგოლს პრობლემური სიტუაციების გადაჭრაში;

დ) განსაზღვრულია საკუთარი,  ცალკეული თანამშრომლისა თუ ჯგუფების სამუშაო დატვირთვა პროფესიული განვითარებისთვის, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილია შესაბამისი დახმარება და მოვალეობების დელეგირება;

ე) წახალისებული და ხელშეწყობილია პროფესიული განვითარებისას მიღებული ახალი გამოცდილების სკოლაში ინიციირება და დანერგვა.


თავი VI
თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა

მუხლი 14. თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა
1. თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის მიზნით დირექტორი:

ა) აცნობიერებს საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებისა და გარემო ფაქტორების გავლენას სასკოლო ცხოვრებაზე;

ბ) მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტერესების დაკმაყოფილებისა და ჰარმონიული განვითარების მიზნით თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან, საგანმანათლებლო, კულტურულ, სამეცნიერო სექტორებთან, ადგილობრივ საზოგადოებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, კერძო, სამოქალაქო და საერთაშორისო სექტორთან;

გ) სხვა სკოლებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და პოზიტიური სიახლეების დანერგვას სკოლაში;

დ) თემში განათლების უწყვეტობის მიღწევის მიზნით თანამშრომლობს სკოლამდელ, პროფესიულ დაწესებულებებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

ე) მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენელთან ერთად თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან მოსწავლეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად;

ვ) აცნობიერებს, რომ სკოლისა და საზოგადოების განვითარება ურთიერთდაკავშირებული პროცესებია;

ზ) ხელს უწყობს სკოლის აქტიურ მონაწილეობას მოხალისეობრივ, ასევე არაფორმალური განათლების აქტივობებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება (თანამშრობლობა) ხელს უწყობს მოსწავლეების ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალ პიროვნებად აღზრდას, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სოციალურად და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას და შესაძლებელს ხდის მომავალში მათ დადებით წვლილს საზოგადოების განვითარებაში.


მუხლი 15. თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის მიმართულებით დირექტორის კომპეტენციები
თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის მიმართულებით დირექტორის კომპეტენციაა:

ა) სკოლის ცხოვრებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ტექნოლოგიურ ცვლილებებს შორის ურთიერთმიმართების გაცნობიერება სასარგებლო და ეფექტიანი გარე კავშირების დასამყარებლად;

ბ) ადგილობრივ საზოგადოებასა და ლოკალურ გარემოში არსებული ადამიანური და ფიზიკური რესურსების იდენტიფიცირების, გამოვლენის გზების ცოდნა და მათი ეფექტიანი გამოყენება;

გ) სკოლის გარეთ არსებული საგანმანათლებლო, კულტურული, სამეცნიერო, სასპორტო, სახელოვნებო, გარემოსდაცვითი პროგრამების მნიშვნელობის გაცნობიერება მოსწავლეებისა და  სასკოლო საზოგადოების  განვითარებაზე და, მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე, ორმხრივად სარგებლიანი თანამშრომლობის დამყარება;

დ) სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ორგანიზაციასთან პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობის ცოდნა და გამოყენება;

ე) მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ჩართვის მნიშვნელობის გაცნობიერება მათი შვილების სწავლის შედეგების გაუმჯობესებასა და სკოლის განვითარებაში, მათთან თანამშრომლობის შესაბამისი სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;

ვ) სკოლისთვის სარგებლიანი თანამშრომლობის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და გამოყენება გამოცდილების გაზიარებისა და შედეგების გაუმჯობესების მიზნით;

ზ) კონსტრუქციული დიალოგის ინიციირების ან სხვის მიერ ორგანიზებულ განხილვებში მონაწილეობის უნარი, რომელიც ხელს უწყობს თემში საერთო ფასეულობების, შეხედულებების და გაზიარებული პასუხისმგებლობის დამკვიდრებას;

თ) ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება თემიდან, დაინტერესებული მხარეებიდან წამოსული სასარგებლო რჩევებისა და წინადადებების გასათვალისწინებლად.


მუხლი 16. თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ინდიკატორები
ამ თავის მე-14 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ინდიკატორი: სკოლის საქმიანობის მარეგულირებელ დოკუმენტებში, სტრატეგიაში, სამოქმედო თუ სასკოლო სასწავლო გეგმაში ასახულია თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ხედვა და განხორციელების გზები.