შპს „პროგრესის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

შპს „პროგრესის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/3088-19
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 22/01/2020
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2020
სარეგისტრაციო კოდი
2/3088-19
22/01/2020
ვებგვერდი, 29/01/2020
შპს „პროგრესის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

080210319003293747

საქმ №2/3088-19

განჩინება

საქართველოს სახელით

 გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში

 მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2020 წლის 22 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე


განმცხადებელი სსიპ „შემოსავლების სამსახური“

წარმომადგენელი შალვა კოპალეიშვილი

მოთხოვნა: შპს „პროგრესის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შპს „პროგრესის“ (ს/ნ 221274859) განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში. განემარტათ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „პროგრესის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განჩინება გამოქვეყნდა გადახდისუუნარობის ელექტრონულ სისტემაში 2019 წლის 23 ოქტომბერს, ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ 2019 წლის 29 ოქტომბერს. კანონით განსაზღვრულ ვადაში სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ წარმომადგენელმა შალვა კოპალეიშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლითაც განმცხადებელი ითხოვს შპს „პროგრესის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას. განმცხადებლის მითითებით, საწარმოს შეწყვეტილი აქვს ვალების გადახდა და აღნიშნული კომპანიის მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმების რისკების ანალიზი. დღეის მდგომარეობით საწარმოს ბიუჯეტის მიმართ არ გააჩნია ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება, მაგრამ შესაძლოა გამოვლინდეს შპს „პროგრესის“ მიერ განხორციელებული ქონების გადაცემა, რაც მიზნად ისახავს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრული კრედიტორისათვის ზიანის მომტან ქმედებას და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდება შპს „პროგრესის“ მიერ განხორციელებული ქონების გადაცემის ფაქტი და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრული კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების განხორციელების შესახებ კონკრეტულ გარემოებებზე, ასევე დაევალა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადა. განჩინება განმცხადებელს ჩაჰბარდა 2019 წლის 26 ნოემბერს.

2019 წლის 03 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ „შემოსავლების სამსახურმა“ და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორების მიზნით დადგენილი ვადის 14 დღით გაგრძელება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 დეკემბრის განჩინებით სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდეს განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღით, განემარტა სსიპ „შემოსავლების სამსახურს“, რომ თუ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა თაობაზე.

ზემოაღნიშნული განჩინება სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ ჩაჰბარდა 2019 წლის 16 დეკემბერს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა ამოეწურა 2019 წლის 26 დეკემბერს, მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს. სასამართლო ამ პუნქტით გათვალისწინებულ განჩინებას გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი სსიპ „შემოსავლების“ სამსახურის მიერ არ იქნა შევსებული, რის გამოც უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-18, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ უარი ეთქვას შპს „პროგრესის“ (ს/ნ 221274859) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. შპს „პროგრესი“ (ს/ნ 221274859) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შპს „პროგრესის“ რეგისტრაცია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში www.ecourt.ge, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                           მანანა ნიკაჭაძე