ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისთვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე

ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისთვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.021748
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
40
17/01/2020
ვებგვერდი, 20/01/2020
240110000.10.003.021748
ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისთვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/01/2020 - 18/12/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №40

2020 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისთვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისთვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობები“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი  მასალისა  და ხილის წარმოებისთვის გამიზნული  ნერგების ბაზარზე განთავსების პირობები

ზოგადი დებულებები

1. ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისთვის გამიზნული  ნერგების (შემდგომში − ნერგები) ბაზარზე განთავსების პირობები (შემდგომში − წესი) არეგულირებს ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისთვის გამიზნული ნერგების  ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. ეს წესი ვრცელდება ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ნერგების იმ გვარებსა და სახეობებზე, რომლებიც განსაზღვრულია „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 აგვისტოს №411 დადგენილებით.  აღნიშნული წესი ვრცელდება ასევე  სხვა სახეობებსა და მათ ჰიბრიდებზეც,  თუ განხორციელდება  ნუსხაში მითითებული სახეობებისა და  მათი ჰიბრიდების გასამრავლებელი მასალების მათზე დამყნობა.

3. ეს წესი არ ვრცელდება:

ა) ექსპორტისთვის განკუთვნილი ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელ მასალასა და ნერგებზე; 

ბ) საცდელი, სამეცნიერო-კვლევითი, სელექციური ან გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის განკუთვნილ ხეხილოვანი კულტურების მასალაზე ან ნერგებზე.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალა − თესლები და ყველა მცენარეული მასალა, მცენარეების ნაწილები, მათ შორის, საძირეები, რომლებიც გამიზნულია ხეხილოვანი კულტურების გამრავლებისა და წარმოებისთვის;

ბ) ნერგები  − ხილის წარმოებისთვის განკუთვნილი მცენარეები, რომლებიც  გამიზნულია მათი ბაზარზე განთავსების შემდეგ დასარგავად ან გადასარგავად;

გ) ჯიში ბოტანიკური ტაქსონომიის ფარგლებში არსებული უდაბლესი რანგის მცენარეთა ჯგუფი ან  ხაზი, რომელიც: 

გ.ა) განსაზღვრულია მოცემული გენოტიპის ან კომბინირებული  გენოტიპების   ნიშან-თვისებების  გამომჟღავნების შედეგად;

გ.ბ) განსხვავდება სხვა ნებისმიერი მცენარეთა ჯგუფისგან  მითითებული ნიშან-თვისებებიდან, სულ მცირე, ერთი ნიშნის  გამომჟღავნებით;

გ.გ) შეიძლება, განხილული იყოს როგორც ობიექტი, გამრავლება-კვლავწარმოების დროს მისი ნიშან-თვისებების უცვლელად შენარჩუნების თვალსაზრისით;

დ) კლონი − ცალკეული მცენარეებიდან მიღებული ვეგეტატიურად და  გენეტიკურად ერთგვაროვანი მოდგმა-შტო;

ე) წინასაბაზისო მასალა  −   ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალა, რომელიც:

ე.ა) მიღებულ იქნა საყოველთაოდ მიღებული მეთოდებით, შესაბამისი  პომოლოგიური მახასიათებლების მქონე ჯიშობრივი იდენტურობის შესანარჩუნებლად და დაავადებების პრევენციის მიზნით;

ე.ბ) გამიზნულია „საბაზისო მასალის“ ან „სერტიფიცირებული სარგავი მასალების“ წარმოებისთვის და არა უშუალოდ ხეხილოვანი კულტურების ნერგების წარმოებისთვის;

ე.გ) აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით  „წინასაბაზისო მასალისთვის“ განსაზღვრულ მოთხოვნებს;   

ვ) „საბაზისო მასალა“ − ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალა, რომელიც:

ვ.ა) მიღებულ იქნა პირდაპირ ან ცნობილი რაოდენობის ეტაპების შედეგად ვეგეტატიური გზით წინასაბაზისო მასალიდან, შესაბამისი პომოლოგიური მახასიათებლების მქონე ჯიშობრივი იდენტურობის შესანარჩუნებლად და  დაავადებების პრევენციის მიზნით;

ვ.ბ)  გამიზნულია სერტიფიცირებული მასალის წარმოებისთვის;

ვ.გ) აკმაყოფილებს საბაზისო მასალისადმი ამ წესის მე-3 მუხლში მითითებულ მოთხოვნებს;

ზ) „სერტიფიცირებული მასალა“:

ზ.ა)  ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალა, რომელიც:

ზ.ა.ა) მიღებულ იქნა პირდაპირ ვეგეტატიური გზით საბაზისო მასალიდან ან  წინასაბაზისო მასალიდან ან, თუ  გამიზნულია,  გამოყენებული იყოს როგორც საძირე − სერტიფიცირებული თესლების წარმოებისთვის საბაზისო ან სერტიფიცირებული საძირეებიდან;

ზ.ა.ბ) გამიზნულია ნერგების წარმოებისთვის;

ზ.ა.გ) აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლში სერტიფიცირებული  მასალის  წარმოებისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ზ.ბ)   ხეხილოვანი კულტურების ნერგები, რომლებიც:

ზ.ბ.ა) მიღებულ იქნა პირდაპირ „სერტიფიცირებული“, „საბაზისო“ ან  „წინასაბაზისო“ გასამრავლებელი მასალიდან; 

ზ.ბ.ბ)  გამიზნულია ხილის  წარმოებისთვის;

ზ.ბ.გ) აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით სერტიფიცირებული  მასალის  წარმოებისათვის განსაზღვრულ   მოთხოვნებს;

თ) CAC (Conformitas Agraria Communitatis) სტანდარტული მასალა  − ხეხილოვანი კულტურების  გასამრავლებელი მასალა და ნერგები: 

თ.ა)   რომელსაც აქვს ჯიშური იდენტურობა  და ადეკვატური ჯიშური სიწმინდე;

თ.ბ) რომელიც გამიზნულია ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალის წარმოებისთვის, ხეხილოვანი კულტურების  მცენარის/ნერგის  წარმოებისთვის და/ან ხილის წარმოებისთვის;

თ.გ)  რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად   განსაზღვრულ CAC მასალის მოთხოვნებს;

ი) მიმწოდებელი − პირი, რომლის პროფესიული საქმიანობა ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელ მასალასთან ან ნერგებთან დაკავშირებით მოიცავს რეპროდუქციას, წარმოებას, შენახვას  და/ან დამუშავებას, იმპორტირებასა და  ბაზარზე განთავსებას;

კ) ბაზარზე განთავსება − კომერციული მიზნებისათვის, ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი  მასალისა  და ნერგების  მიწოდება, გაყიდვის მიზნით განთავსება და გასაყიდად შეთავაზება ან გადაცემის სხვა ფორმები,  გარდა მიწოდების ისეთი ფორმებისა, როგორიც არის კონტროლის ორგანოებისთვის გადაცემა, დამუშავების ან შეფუთვის − მომსახურებების მიმწოდებლებისთვის გადაცემა; 

ლ) კრიტიკული წერტილი − ეტაპი, რომელზეც შესაძლებელია მასალაზე შიდა საწარმოო კონტროლის გამოყენება, ფიტოსანიტარიული რისკის თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად;

მ) მოყვარული მომხმარებელი − მომხმარებელი, რომელიც  აშენებს ან  რგავს   ხეხილოვანი  კულტურების ნერგებს, საკუთარი  მოხმარების  ან დეკორატიული    მიზნით.

2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

 

მუხლი 3. ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ნერგების ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალა და ნერგები  დასაშვებია, განთავსდეს ბაზარზე, თუ:

ა) ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალა სერტიფიცირებულია, როგორც „წინასაბაზისო მასალა“, „საბაზისო მასალა“ ან  „სერტიფიცირებული მასალა“, ან თუ კვალიფიცირებულია, როგორც CAC (სტანდარტული) მასალა;

ბ) ხეხილოვანი მცენარეები სერტიფიცირებულია, როგორც „სერტიფიცირებული მასალა“, ან თუ კვალიფიცირებულია, როგორც CAC (სტანდარტული) მასალა.

 

მუხლი 4. პირობები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს მიმწოდებელმა

1. მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს ხეხილოვანი კულტურების  გასამრავლებელი მასალისა და ნერგების ბაზარზე განთავსებას,   ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მიმწოდებელზე, რომელიც ახორციელებს ხეხილის გასამრავლებელი მასალისა და ნერგების ბაზარზე განთავსებას, მოყვარულ მომხმარებელზე მიყიდვის მიზნით.

3. „წინასაბაზისო“, „საბაზისო“, „სერტიფიცირებული“ მასალა, ისევე როგორც CAC მასალა, ბაზარზე უნდა განთავსდეს მიმწოდებლის პასუხისმგებლობის ქვეშ, რომელმაც უნდა:

ა) გამოავლინოს და აკონტროლოს კრიტიკული წერტილები წარმოების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მასალის ხარისხზე;

ბ) იქონიოს ინფორმაცია შემოწმებისთვის განკუთვნილ მასალაზე;

გ) აუცილებლობის შემთხვევაში, აიღოს ნიმუშები ლაბორატორიაში შემოწმების მიზნით;

დ) უზრუნველყოს, რომ წარმოების დროს ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალის პარტიები იყოს იდენტიფიცირებადი.

4. მიმწოდებელმა თავის საწარმოში მავნე ორგანიზმების გამოჩენის თაობაზე უნდა აცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) და შეასრულოს მისი რეკომენდაციები გამოვლენილი მავნე ორგანიზმის აღმოსაფხვრელად.

5. მიმწოდებელმა უნდა აწარმოოს მის მიერ წარმოებული და რეალიზებული მასალების თაობაზე ჩანაწერები, სულ მცირე, 3 წლის განმავლობაში.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება მიმწოდებელზე, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არ ექვემდებარება სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას.

 

მუხლი 5. ჯიშისადმი დაწესებული მოთხოვნები

1. ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელ მასალასა და ნერგებზე, ბაზარზე განთავსებისას, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ჯიში.  საძირეების შემთხვევაში,  როცა ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალა არ მიეკუთვნება რომელიმე  კონკრეტულ ჯიშს, მითითება უნდა გაკეთდეს მოცემულ სახეობაზე ან სახეობათაშორის  ჰიბრიდზე.

2. ჯიში უნდა იყოს:

ა) სამართლებრივად დაცული − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) რეგისტრირებული − საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნულ კატალოგში;

გ) საყოველთაოდ ცნობილი − ჯიში საყოველთაოდ ცნობილად ითვლება, თუ ის ოფიციალურად რეგისტრირებულია ან გაკეთებულია განაცხადი მისი ოფიციალურად რეგისტრაციისათვის.

3. ზრდის  დროსა და დედამასალიდან აღების დროს ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალა და ნერგები  უნდა ინახებოდეს ცალკე პარტიებში. 

4. თუ  სხვადასხვა წარმოშობის ხეხილოვანი კულტურების  გასამრავლებელი მასალა და ნერგები ერთად იქნება ან აირევა  შეფუთვის, შენახვის, ტრანსპორტირების ან მიწოდების დროს, მიმწოდებელმა უნდა აწარმოოს ჩანაწერები, მათ შორის, პარტიის შემადგენლობისა და მისი ინდივიდუალური კომპონენტების წარმოშობის შესახებ.

 

მუხლი 6. რეალიზაციასა  და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ნერგების რეალიზაცია უნდა მოხდეს მხოლოდ ერთგვაროვანი პარტიებით და თუ ისინი:

ა)  კვალიფიცირებულია, როგორც CAC მასალა და თან ახლავს მიმწოდებლის მიერ დართული დოკუმენტი. თუ ამ დოკუმენტზე წარმოდგენილია  ოფიციალური  განცხადება, ის ნათლად უნდა იყოს გამოყოფილი ამ დოკუმენტზე არსებული სხვა ინფორმაციისგან;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულია, როგორც „წინასაბაზისო“, „საბაზისო“ ან „სერტიფიცირებული  მასალა“.

2. მოყვარული მომხმარებლისთვის ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალის ან ნერგების საცალო მიწოდების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული, ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები შეიძლება, შემოიფარგლოს სათანადო პროდუქტის შესახებ ინფორმაციით.

 

მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი   

ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი  მასალისა  და   ნერგების ბაზარზე განთავსებისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად,  სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.