რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ

რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.021743
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
35
17/01/2020
ვებგვერდი, 20/01/2020
010240010.10.003.021743
რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/01/2020 - 18/01/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №35

2020 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  171 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „რეგულირების ზეგავლენის შეფასების  მეთოდოლოგია“ და განისაზღვროს იმ საკანონმდებლო აქტების ნუსხა, რომლებში ცვლილების შეტანის შემთხვევაშიც სავალდებულოა რეგულირების ზეგავლენის შეფასება.

 

მუხლი 2
 

ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება:

ა) იმ საკანონმდებლო აქტებზე, რომელთა პროექტების მიმართაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე განხორციელებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასება;

ბ) იმ საკანონმდებლო აქტების პროექტებზე, რომლებიც ამ დადენილების ამოქმედებამდე განხილული და შეთანხმებულია საქართველოს მთავრობის სხდომაზე. 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია




რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია

თავი I. ზოგადი დებულებები

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს დადგენილება განსაზღვრავს რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების წესსა და პირობებს, იმ საკანონმდებლო ინიციატივებთან მიმართებით, რომელთან დაკავშირებითაც რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელება სავალდებულოა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დადგენილებით.

2. ეს დადგენილება ადგენს საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენამდე კანონპროექტთან დაკავშირებით რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარებისა და მომზადების ზოგად წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დადგენილების მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეგულირების ზეგავლენის შეფასება − სისტემური მიდგომა მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შესამუშავებლად. რეგულირების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითადი მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკის საკითხების სტრუქტურულად განსაზღვრასა და რეგულაციის ან არამარეგულირებელი ქმედების მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი შედეგების შეფასებას;

ბ) ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი − რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესში გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც კონკრეტული ალტერნატივის განხორციელების დანახარჯებისა და სარგებლის პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა;

გ) ხარჯთეფექტიანობის ანალიზი − რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესში გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც გამოიყენება სარგებლის ფულად მაჩვენებელში გამოსახვის გართულების ან ყველა მაჩვენებლის ფულად ერთეულში გამოხატვის შეუძლებლობის შემთხვევაში. ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი მოიცავს თითოეული ალტერნატივის ხარჯებისა და შესაბამისი ეფექტის თანაფარდობის დათვლას, სადაც ხარჯები არის მონეტიზებული, ეფექტი კი სხვადასხვა (არამონეტიზებული) მაჩვენებლით არის წარმოდგენილი;

დ) მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი − რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესში გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც აჯამებს ზეგავლენის რაოდენობრივ, თვისობრივ და მონეტარულ შეფასებებს და იძლევა ალტერნატივის სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შესაძლებლობას;

ე) დისკონტირება − სამომავლო თანხის მიმდინარე ღირებულების გამოთვლის პროცესი;

ვ) მონიტორინგი და შეფასება − სისტემური მიდგომა, რომელიც აფასებს ინტერვენციის განხორციელების პროცესსა და მის შედეგებს;

ზ) კონსულტაცია − რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადების ნებისმიერ ეტაპზე დაინტერესებულ მხარეებსა და ჯგუფებთან კავშირი, მათ შორის, ინფორმაციის, მოსაზრებებისა და მონაცემების მოპოვების მიზნით;

თ) დაინტერესებული მხარეები:

თ.ა) ფიზიკური პირები, ჯგუფები ან ორგანიზაციები, რომელთა ინტერესსა და საქმიანობაზე ზეგავლენას ახდენს ან შეიძლება, მოახდინოს ინტერვენციამ;

თ.ბ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, რომლებიც ფლობენ ზეგავლენის შეფასების, სტრატეგიის ფორმულირებისა და განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციას, რესურსებსა და გამოცდილებას;

თ.გ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, რომლებიც ჩართულნი არიან ინტერვენციის განხორციელებაში;

ი) ინტერვენცია − მარეგულირებელი ან არამარეგულირებელი ქმედება, რომელიც რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების შედეგად შეირჩა, როგორც პრობლემის გადაჭრის გზა;

კ) რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში − რეგულირების ზეგავლენის შეფასების საბოლოო დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია ინტერვენციის ინიციატორის მიერ.

მუხლი 3. რეგულირების ზეგავლენის შეფასების მიზნები და შინაარსი

1. რეგულირების ზეგავლენის შეფასების მიზანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მოქალაქეთა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით შემუშავებული, თვისობრივად უკეთესი ხარისხის რეგულაციების/არამარეგულირებელი ქმედების განხორციელების ხელშეწყობა.

2. რეგულირების ზეგავლენის შეფასება შემდეგ კითხვებს უნდა სცემდეს პასუხს:

ა) რა წარმოადგენს პრობლემას/საკითხს და რატომ არის იგი ასეთად მიჩნეული;

ბ) პრობლემის/საკითხის დარეგულირების საჭიროება;

გ) პრობლემა რომელ ჯგუფებზე (დაინტერესებულ მხარეებზე/გავლენის ობიექტზე) ახდენს ზეგავლენას ან შეიძლება, მოახდინოს გავლენა მომავალში;

დ) რა შედეგი უნდა იქნეს მიღწეული პრობლემის/საკითხის რეგულირების შედეგად;

ე) რა წარმოადგენს პრობლემის/საკითხის მოგვარების ალტერნატივებს;

ვ) როგორია პრობლემის/საკითხის გავლენა ცალკეულ სფეროებზე;

ზ) როგორ უნდა დაიგეგმოს შერჩეული ალტერნატივის შესრულება, მონიტორინგი და შეფასება.

მუხლი 4. რეგულირების ზეგავლენის შეფასების პრინციპები

რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი სახელმძღვანელო პრინციპები:

ა) ინიციირებული ინტერვენცია უნდა იყოს საჭირო ან/და მიზანშეწონილი საზოგადოებრივი საჭიროების დასაკმაყოფილებლად;

ბ) ინიციირებული ინტერვენცია უნდა იყოს ეფექტიანი – მას უნდა ჰქონდეს იმ მიზნებისა და ამოცანების მიღწევის პერსპექტივა, რომლის გადაჭრისთვისაც იქნა ის შემუშავებული/შერჩეული;

გ) პროპორციულობის პრინციპი – შეთავაზებული ინტერვენცია უნდა იყოს მოსაგვარებელი პრობლემის/საკითხის და მიზნის პროპორციული;

დ) რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესი უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ – საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით;

ე) რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების შედეგად შერჩეული ინტერვენცია უნდა იყოს განხორციელებადი – იგი შესაბამისობაში უნდა იყოს სამთავრობო პროგრამასა და სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებთან, მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG) და უნდა შეესაბამებოდეს უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს.

მუხლი 5. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ვალდებულების მოქმედების სფერო

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 171 მუხლის შესაბამისად, რეგულირების ზეგავლენის შეფასება სავალდებულოა: 

ა) ამ დადგენილების დანართ №1-ით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტების ნუსხაში შემავალ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადებისას, თუ ამ კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა;

ბ) ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მიერ მომზადებისას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რეგულირების ზეგავლენის შეფასება შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს ნებისმიერი ნორმატიული (მათ შორის, კანონქვემდებარე) აქტის პროექტის მომზადებისას, მისი ავტორის/ინიციატორის − საქართველოს მთავრობის ან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულების გადაწყვეტილებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინიციატორი უფლებამოსილია, კონკრეტულ ინიციატივასთან მიმართებით, შეიმუშაოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების სპეციფიკური პროცესი, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ამ დადგენილებასთან.

მუხლი 6. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ვალდებულების საგამონაკლისო შემთხვევები

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 171 მუხლის შესაბამისად, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების ვალდებულება არ ვრცელდება კანონპროექტზე, როდესაც იგი:

ა) ეხება საბიუჯეტო საკითხებს (მათ შორის, წლიურ საბიუჯეტო კანონის პროექტს);

ბ) ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, პენიტენციურ, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხებს;

გ) ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას ან იმგვარ სხვა ტექნიკურ ცვლილებას, რომელიც მიზნად ისახავს კანონში არსებული ხარვეზის გამოსწორებას და არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპებსა და ძირითად დებულებებს;

დ) ითვალისწინებს კანონის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას;

ე) შედის საკანონმდებლო პაკეტში თანმდევი კანონპროექტის სახით და არ შეიცავს პაკეტში შემავალი მთავარი კანონპროექტით გაუთვალისწინებელ საკითხებს.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც კანონპროექტის მომზადებისა და წარდგენის დაყოვნება გაუმართლებელია, კანონპროექტის მომზადების პროცესში ან საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით კანონპროექტის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით მთავრობის წევრებისთვის შესათანხმებლად გაგზავნის დროს, კანონპროექტის ინიციატორი უწყება მთავრობის საპარლამენტო მდივანს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებას რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზანშეწონილობის შესახებ. საქართველოს მთავრობამ, დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების ვალდებულებისგან.

მუხლი 7. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის სახეები

1. რეგულირების ზეგავლენის შეფასების განსახორციელებლად საჭირო ანალიტიკური ძალისხმევისა და სხვა რესურსების პროპორციულობის უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების შემდეგი ორი სახის ანგარიში:

ა) სტანდარტული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება გამოვლენილი პრობლემის/საკითხის სიღრმისეული მიმოხილვა. იგი ტარდება რეგულირების საჭიროების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მისი შედგენა სავალდებულოა ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხევებში;

ბ) სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სიღრმისეული ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიზი, სხვადასხვა ალტერნატივის დეტალური ზეგავლენის შეფასების მიზნით. სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მიზანია არა მხოლოდ ზეგავლენის რაოდენობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა, არამედ შედეგების მონეტიზაცია. სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შედგენის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა ან შესაბამის საკითხზე მომუშავე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცედურები უნდა მოიცავდეს ამ დადგენილების მე-13 მუხლში მოცემული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანალიტიკურ ეტაპებს.

3. სტანდარტული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშისა და სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადებისათვის მინიმალური მოთხოვნები განსაზღვრულია ამ დადგენილების დანართ №2-ით.

მუხლი 8. სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება

 ამ დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:

ა) სტანდარტული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადებისას ან მის მიხედვით დადგინდა საკითხის სიღრმისეული შესწავლის აუცილებლობა, რის გარეშეც ანგარიშიდან საკმარისად ნათლად არ ჩანს რეგულირების მოსალოდნელი შედეგები;

ბ) სტანდარტული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადებისას ან მის მიხედვით დადგინდა, რომ შერჩეული ალტერნატივის განხორციელების ხარჯი კანონის (მისი ძირითადი ნაწილის რეგულირების) ამოქმედებიდან მომდევნო 3 უწყვეტი წლის განმავლობაში 10 მლნ ლარს აღემატება;

გ) სტანდარტული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადებისას ან მის მიხედვით დადგინდა, რომ შერჩეულ ალტერნატივას განსაკუთრებულად დიდი ზეგავლენა აქვს რომელიმე დარგზე ან მის ქვესექტორზე;

დ) საკითხმა/პრობლემამ გამოიწვია დაინტერესებულ მხარეებს შორის აზრთა არსებითი სხვაობა ძირითად საკითხებზე ან მოსალოდნელია ასეთის არსებობა.

მუხლი 9. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში

1. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში უნდა შემუშავდეს სტანდარტული ფორმით, რომელიც ხუთი ნაწილისაგან შედგება.

2. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის პირველ ნაწილში ასახულია ზოგადი ინფორმაცია ინიციატივისა და პასუხისმგებელი სამინისტროს ან სხვა პასუხისმგებელი უწყების თაობაზე.

3. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მე-2 ნაწილში ასახულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ამ დადგენილების მე-13 მუხლით განსაზღვრული ანალიტიკური ეტაპები.

4. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მე-3 ნაწილში უნდა აისახოს ინფორმაცია განხორციელებული პროცედურული ეტაპებისა და საჯარო კონსულტაციების შედეგების შესახებ.

5. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მე-4 ნაწილში აისახება ინიციატორი უწყების კომპეტენტური პირის ხელმოწერა.

6. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშს შესაძლებელია, დაერთოს დანართები, რომელიც განისაზღვრება, როგორც ანგარიშის მე-5 ნაწილი.

7. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში ნათლად უნდა მიეთითოს მისი მომზადების პროცესში შეკრებილი მტკიცებულებებისა და წყაროების შესახებ.

8. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ნიმუში (დანართი №3) წარმოადგენს ანგარიშის რეკომენდებულ ფორმას. კანონპროექტის ინიციირებისათვის მომზადების პროცესში შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს სხვა ფორმაც, რომელიც შედგენილი იქნება ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.

მუხლი 10. რეგულირების ზეგავლენის შეფასების მოცულობისა და სიღრმის განსაზღვრა

1. ამ დადგენილების მე-7 მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადებისას, ანგარიშის მოცულობა და დეტალურობის სიღრმის განსაზღვრა დამოკიდებულია პრობლემის/საკითხის მნიშვნელობასა და მასშტაბზე, აგრეთვე იმ პირთა და მხარეთა წრეზე, რომელზეც პრობლემა/საკითხი ახდენს ზეგავლენას.

2. რეგულირების ზეგავლენის შეფასებამ, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოს საკითხის/პრობლემის მოგვარების გზების ალტერნატივების თაობაზე ინფორმირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დანახარჯების, სარგებლიანობისა და რისკების შესახებ საკმარისი მტკიცებულებებისა და მონაცემების შეგროვება და მათი ანგარიშში ასახვა.

3. რეგულირების ზეგავლენის შეფასების მოცულობისა და სიღრმის განსაზღვრის მიზნით, საჭიროა, პასუხი გაეცეს შემდეგ ძირითად კითხვებს:

ა) რა შედეგს გამოიწვევს ინტერვენცია (დადებითი, უარყოფითი ან განუსაზღვრელი/ნეიტრალური) და როგორია მისი დადგომის ალბათობა;

ბ) როგორია ინტერვენციის მოსალოდნელი ზეგავლენის მნიშვნელობა და მასშტაბები;

გ) რამდენად მნიშნველოვანია პრობლემა/საკითხი ან შემოთავაზებული ინტერვენცია, საზოგადოებრივი ინტერესის თვალსაზრისით.

4. ამ დადგენილების მე-7 მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის სახეობის შერჩევისას საჭიროა ბალანსის დაცვა ანალიტიკურ ძალისხმევასა და რეგულირების მნიშვნელობის პროპორციულობას შორის.

თავი II. რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელებაზე

უფლებამოსილი ორგანოები

მუხლი 11. რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელება კანონპროექტის ინიციირების უფლების მქონე სახელმწიფო უწყებების მიერ

1. კანონპროექტის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარმოდგენაზე უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებები, მათი მმართველობის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ერთმანეთთან კოორდინაციით, უზრუნველყოფენ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარებასა და შესაბამისი ანგარიშის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით.

2. საქართველოს მთავრობისთვის კანონპროექტის წარმოდგენის (მისი მთავრობის მიერ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარსადგენად) უფლების მქონე სახელმწიფო დაწესებულებებში (მათ შორის, მათი მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში) შესაძლებელია, განისაზღვროს რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების უფლებამოსილი ერთი ან რამდენიმე სტრუქტურული ერთეული.

3. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარებისა და ანგარიშის მომზადებაზე უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, ამის შესახებ შესაძლებელია, აღინიშნოს სახელმწიფო დაწესებულების ან/და მისი სტრუქტურული ერთეულის დებულებაში. ასეთი აღნიშვნის არარსებობის შემთხვევაში, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარებასა და ანგარიშის მომზადებაზე უფლებამოსილია ის სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქციებიც ითვალისწინებს კანონპროექტების მომზადებას ან/და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებას. დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, ცალკეული კანონპროექტების მომზადებისას რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარებისა და შესაბამისი ანგარიშის მომზადების ვალდებულება დააკისროს სხვა სტრუქტურულ ერთეულს/ერთეულებს.

4. სახელმწიფო დაწესებულება უფლებამოსილია, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარებისა და შესაბამისი ანგარიშის მოსამზადებლად ხელშეკრულება გააფორმოს სხვა ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებთან.

მუხლი 12. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების უფლებამოსილება

1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციის გზით, უზრუნველყოფს რეგულირების ზეგავლენის შეფასების უშუალოდ განხორციელებას მის მიერ მომზადებული/ინიციირებული კანონპროექტის მიმართ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

2. რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელება იმ საკანონმდებლო ინიციატივის შემთხვევაში, რომლის ავტორიც არის საქართველოს მთავრობა, ხორციელდება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ.

3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარებისა და შესაბამისი ანგარიშის მოსამზადებლად ხელშეკრულება გააფორმოს სხვა ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებთან.

4. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 32-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია (საპარლამენტო მდივანი) კანონპროექტის შეთანხმების პროცესში უზრუნველყოფს კანონპროექტის ინიციირების უფლების მქონე სახელმწიფო უწყებების მიერ მათი მმართველობის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით მომზადებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშების შემოწმებას, რაც გულისხმობს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული ცხრილის მიხედვით.

5. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემოწმებისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია (საპარლამენტო მდივანი) იხილავს შემდეგ საკითხებს:

 

1

რამდენად სრულყოფილია წარმოდგენილი ანგარიში

რამდენად შეესაბამება ანგარიში (მისი ნაწილები) დამტკიცებულ ფორმატს

 

2

რამდენად სარწმუნოა (მტკიცებულებებზე დაფუძნებული) წარმოდგენილი ანგარიში

– რამდენად ზუსტი, სრულყოფილი და დაბალანსებულია ანგარიში;

– რამდენად არის ანგარიშში მოცემული ანალიზი და დასკვნები გამყარებული ანალიტიკური მსჯელობით და რამდენად სარწმუნოა (მტკიცებულებებზე დაფუძნებულია) ხარჯებისა და სარგებლიანობის ანალიზი;

– რამდენად ლოგიკურია ანგარიშში მოყვანილი დასკვნები და გაანგარიშებები

 

3

რამდენად განხორციელდა კონსულტაციები ანგარიშში განხილულ საკითხებთან მიმართებით

– რამდენად დგინდება ანგარიშიდან, რომ განხორციელდა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კონსულტაციები;

– რამდენად მოიცავს ანგარიში კონსულტაციების პროცესში მიღებული ძირითადი მოსაზრებების მოკლე ანალიზს და მათი გათვალისწინების ან/და გაუთვალისწინებლობის შედეგების შეჯამებას

 

4

რამდენად ნათელია ანგარიში

– რამდენად მკაფიოდ არის გადმოცემული ანგარიშის შინაარსი, შესაბამისი დასკვნები და მსჯელობა.

 

 

თავი III. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანალიტიკური ეტაპები

მუხლი 13. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანალიტიკური ეტაპები

1. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების ანალიტიკური ეტაპებია:

ა) პრობლემის/საკითხის განსაზღვრა;

ბ) საბაზისო სცენარის განსაზღვრა;

გ) ინტერვენციის მიზნების დასახვა;

დ) ალტერნატივების შემუშავება (მათ შორის, ინტერვენციისგან თავის შეკავების ვარიანტი);

ე) ზეგავლენების ანალიზი (მოვლენათა შესაძლო განვითარების პროგნოზები);

ვ) ალტერნატივების შედარება და შეფასება;

ზ) მონიტორინგისა და განხორციელების გეგმის შედგენა.

2. ამ დადგენილების 25-ე მუხლის შესაბამისად, რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესს თან ახლავს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები, რათა რეგულირების ზეგავლენის შეფასების შედეგად მომზადებული ანგარიში და მისი შემუშავების პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ღია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

მუხლი 14. პრობლემის/საკითხის განსაზღვრა

1. პრობლემის/საკითხის განსაზღვრა წარმოადგენს რეგულირების ზეგავლენის შეფასების საწყის ეტაპს, რომლის დროსაც ხდება ინტერვენციის საჭიროების დადგენა. ამ ეტაპზე ხდება კონკრეტული პრობლემის განსაზღვრა, მისი აღწერა, დასარეგულირებელი საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის წარმოჩენა და მასთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირება.

2. პრობლემის/საკითხის მნიშვნელობა წარმოადგენს შესაბამის სფეროში არსებული პოლიტიკური ვალდებულებების ხარისხისა და პრობლემის გადაჭრის/საკითხის მოწესრიგების გადაუდებლობის შესახებ საზოგადოების მოსაზრებას.

3. პრობლემის/საკითხის მასშტაბი განსაზღვრავს მისი შედეგების ბუნებასა და ფარგლებს, რომელსაც იგი იწვევს ეკონომიკაზე, საზოგადოებასა და გარემოზე. 

4. პრობლემის განსაზღვრის ეტაპზე ხდება გამოვლენილი პრობლემის/საკითხის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების ანალიზი. ამ ეტაპზე პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ ძირითად კითხვებს:

ა) რაში მდგომარეობს პრობლემა/საკითხი;

ბ) რაში გამოიხატება პრობლემის/საკითხის შედეგები. რამდენად მწვავე ან/და გადაუდებელია მისი მოწესრიგება;

გ) ვისზე/რაზე ახდენს პრობლემა/საკითხი გავლენას და როგორია ეს გავლენა;

დ) რა არის პრობლემის/საკითხის გამომწვევი მიზეზი;

ე) რამდენად საჭიროა მარეგულირებელი ჩარევა პრობლემის/საკითხის მოსაგვარებლად;

ვ) ვინ განიხილავს დასარეგულირებელ საკითხს პრობლემურად.

5. პრობლემის/საკითხის განსაზღვრის ეტაპზე ხდება „სიტუაციის ანალიზის“ შემუშავება, რომელიც მოიცავს ინსტიტუციური ან/და სამართლებრივი ჩარჩოს მოქმედებისა და მათი შესაძლო ნაკლოვანებების ანალიზს. სიტუაციური ანალიზის განსახორციელებლად პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ ძირითად კითხვებს:

ა) რომელი საკანონმდებლო, ნორმატიული და/ან ინდივიდუალური აქტებით რეგულირდება პრობლემასთან/საკითხთან დაკავშირებულ სფერო;

ბ) დარეგულირებულია თუ არა პრობლემა/საკითხი ნორმატიული აქტით;

გ) გამოვლენილია თუ არა პრობლემის/საკითხის რეგულირების დანერგვასთან ან/და განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეები;

დ) არსებულ ვითარებაში აქვს თუ არა ადგილი სხვადასხვა ჯგუფის მიმართ არათანაბარ მოპყრობას ან ქვეყნის მასშტაბით არსებულ პრობლემასთან/საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო, სხვა ნორმატიული ან/და ინდივიდუალური აქტების არაერთგვაროვან დანერგვას ან/და განხორციელებას.

მუხლი 15. საბაზისო სცენარის განსაზღვრა

1. საბაზისო სცენარის განსაზღვრის დროს ხდება პრობლემასთან/საკითხთან დაკავშირებული რეგულირების უცვლელად შენარჩუნების ან/და ინტერვენციისგან თავის შეკავების შემთხვევაში მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების ანალიზი/პროგნოზი, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, იმ დაშვებით, რომ პრობლემაზე არ განხორციელდება სათანადო რეაგირება.

2. საბაზისო სცენარის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა:

ა) რამდენად მოსალოდნელია პრობლემის მოწესრიგება ინტერვენციისგან თავის შეკავების შემთხვევაში. რამდენად მოსალოდნელია პრობლემის გამწვავება, მისი მასშტაბის გაზრდა, ასევე ასეთი ვარაუდის წინაპირობები;

ბ) რამდენად მაღალია მოცემული სცენარის მიხედვით მოვლენათა განვითარების ალბათობა;

გ) რამდენად არსებობს შეუქცევადი უარყოფითი შედეგების დადგომის ალბათობა, რომელიც არსებულ პრობლემას/საკითხს განსაკუთრებით სერიოზულს ან გადაუდებელს ხდის;

დ) რა ფაქტორები ახდენს გავლენას პრობლემის განვითარებასა და მის შედეგებზე;

ე) რა რისკი ახლავს ინტერვენციისგან თავის შეკავებას;

ვ) ჰქონდა თუ არა მთავრობას (მთავრობაში შემავალ დაწესებულებებს ან სხვა დაწესებულებებს) მოცემული პრობლემის/საკითხის გადაწყვეტის მცდელობა. რა შედეგი იქონია ასეთმა მცდელობამ და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ გამოცდილებიდან.

მუხლი 16. ინტერვენციის მიზნების დასახვა

1. პრობლემის განსაზღვრის ეტაპზე გამოვლენილი აქტუალური საკითხებისა და საბაზისო სცენარის საფუძველზე ხდება იმ მიზნების/ამოცანების განსაზღვრა, რომლის მიღწევასაც ემსახურება დაგეგმილი ინტერვენცია.

2. მიზნების/ამოცანების მიმართ უნდა განისაზღვროს მათ შესასრულებლად განსახორციელებელი ქმედებების გაზომვადი ინდიკატორები.

3. ინტერვენციის მიზნები დასახული უნდა იყოს, როგორც:

ა) ზოგადი მიზნები − ასახავს პრობლემის მოგვარების საბოლოო შედეგს;

ბ) კონკრეტული მიზნები − ასახავს სპეციფიკური მიზნების ერთობლიობას, რომელიც უკავშირდება პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ქმედებას და შესაძლებელს ხდის ზოგადი მიზნის მიღწევას;

გ) ოპერაციული მიზნები − იმ ნაბიჯებისა და შედეგების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული მიზნების მიღწევას.

4. მიზნები უნდა იყოს:

ა) კონკრეტული − ზუსტი, მიზანმიმართული, მკაფიოდ უნდა აღწერდეს მისაღწევ შედეგს და ხელს უწყობდეს პრობლემის მოგვარებას;

ბ) გაზომვადი – რიცხობრივად ან/და რაოდენობრივად გამოხატული გარკვეულ ნიშნულთან ან ვადის პერიოდთან მიმართებით, რაც შესაძლებელს გახდის მიზნის მიღწევის პროცესის მონიტორინგსა და მისი ეფექტიანობის შეფასებას;

გ) მიღწევადი – მკაფიოდ უნდა იძლეოდეს იმის დადგენის შესაძლებლობას, თუ რისი გაუმჯობესება, გაზრდა და გაძლიერება იგეგმება;

დ) რეალისტური – დროისა და საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის კუთხით;

ე) დროში გაწერილი – მიზნების განხორციელება განსაზღვრული უნდა იყოს დროის კონკრეტულ მონაკვეთში.

5. მიზნების შეჯამება უნდა მოხდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ნიმუშში (დანართი №3) მოცემული №2 ცხრილის მიხედვით.

მუხლი 17. ალტერნატივის შემუშავება

1. პრობლემის/საკითხის განსაზღვრისა და მიზნების დასახვის შემდეგ შემუშავდება მისი მოგვარების ალტერნატივები. ალტერნატივების შემუშავებისას ხდება პრობლემის გადაჭრისა და დასახული მიზნების მიღწევის შესაბამისი გზებისა და ინსტრუმენტების შესწავლა. შესაძლებელია ალტერნატივების შემუშავების პროცესში სხვადასხვა ვარიანტის გაერთიანება.

2. ალტერნატივებს წარმოადგენს:

ა) უმოქმედობის (ინტერვენციისგან თავის შეკავების) სცენარი;

ბ) პრობლემის მოგვარება მხოლოდ ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების გზით − საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით;

გ) თვითრეგულირება − კონკრეტული სექტორის მიერ, ნებაყოფლობით საწყისებზე, პრობლემის გადაჭრის მიზნით, ქცევის წესების შემუშავება;

დ) თანარეგულირება − კერძო სექტორის მიერ შემუშავებული ქცევის წესების სავალდებულოდ აღიარება სახელმწიფოს მიერ;

ე) ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის რეგულირება − როგორც ახალი რეგულაციის მიღებით, ისე არსებულ ნორმატიულ ჩარჩოში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის გზით;

ვ) ზემოაღნიშნული ვარიანტების გაერთიანება.

3. ალტერნატივების შემუშავებისას, საბაზისო/უმოქმედობის სცენარი გამოიყენება როგორც შედარების საფუძველი სხვა ალტრნატივებისთვის.

4. საბაზისო/უმოქმედობის სცენარი ეფუძნება ვარაუდს, რომ არსებული პირობები და პოლიტიკის პრიორიტეტები უცვლელი დარჩება, ხოლო პრობლემა განვითარდება, როგორც მოსალოდნელი იყო, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

5. ალტერნატივებში დეტალურად უნდა იყოს მოცემული ინფორმაცია სცენართან დაკავშირებული მთავარი სამართლებრივი და ინსტიტუციური ცვლილებების, ალტერნატივებთან დაკავშირებული ძირითადი ვარაუდების, აგრეთვე მათი განხორციელების შესაძლო რისკების თაობაზე.

6. ალტერნატივები უნდა მოიცავდეს ყველა ალტერნატივის, მათ შორის, იმ ალტერნატივების აღწერასაც, რომელთა გაანალიზება მოხდა საწყის სტადიაზე და არ იქნა მიჩნეული განხორციელებისათვის ვარგისად. 

მუხლი 18. ალტერნატივების ზეგავლენის შეფასება

1. ალტერნატივების განსაზღვრის შემდეგ თითოეული ალტერნატივა უნდა შეფასდეს, რათა განისაზღვროს მისი უპირატესობები და ნაკლოვანებები, რაც გამოიხატება მის სავარაუდო ეფექტიანობაში (მიზნების მიღწევის ოპტიმალურობის შეფასების, ასევე საჭირო დანახარჯების მხედველობაში მიღებით). შეფასებისას ასევე განისაზღვრება ის მხარეები თუ ჯგუფები, რომლებსაც შესაძლოა, შეეხოს კონკრეტული ალტერნატივის განხორციელების შედეგები. 

2. თითოეული შემუშავებული ალტერნატივის ზეგავლენის შეფასება უნდა განხორციელდეს საბაზისო/უმოქმედობის სცენართან მიმართებით.

3. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანალიზი თითოეული ალტერნატივისათვის უნდა მოიცავდეს გავლენის, სულ მცირე, შემდეგ მიმართულებებს:

ა) ზეგავლენა ეკონომიკაზე − გავლენა, რომელსაც ალტერნატივა ფინანსური და არაფინანსური საშუალებებით მოახდენს ბაზრებზე, კონკურენციაზე, ეკონომიკურ ზრდასა და პროდუქტიულობაზე, ფიზიკური პირებისა და ოჯახების კეთილდღეობაზე, ასევე ფინანსური და არაფინანსური ხარჯები და სარგებელი, რომელსაც იგივე ალტერნატივა გამოიწვევს ბიზნესზე ან/და საჯარო სექტორზე, ნებისმიერი ახალი დაწესებულების, პროცედურის და/ან მეთოდოლოგიის შექმნის საჭიროების ჩათვლით;

ბ) ზეგავლენა გარემოს დაცვაზე − გარემოსდაცვითი ზეგავლენების შესაძლო სახეები უკავშირდება ჰაერს, წყალს, ნიადაგს, ბიომრავალფეროვნებას, კლიმატს, ხმაურს და ა.შ. ამასთან, ფასდება გავლენა, რომელსაც ალტერნატივა ახდენს საზოგადოების კეთილდღეობაზე, გარემოზე ზემოქმედების გზით;

გ) სოციალური ზეგავლენა − გავლენა, რომელსაც ალტერნატივა ახდენს საზოგადოების კეთილდღეობაზე, საზოგადოების წევრების ან კონკრეტული ჯგუფების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. სოციალურ განზომილებასთან დაკავშირებული ზეგავლენების სახეებია: თანასწორობა, მათ შორის, გენდერული თანასწორობა, სოციალური თანასწორობა და სოციალური ჩართულობა, ჯანდაცვა, სამუშაო გარემო, განათლება, კულტურა, კრიმინალი, ტერორიზმი, უსაფრთხოება და ა.შ.;

დ) გავლენა საჯარო ფინანსებზე − სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის შემოსავლებსა და ხარჯებზე ზემოქმედება, რომლის შეფასებაც უნდა განხორციელდეს ცალკე, ხარჯის/შემოსავლის კატეგორიით;

ე) ზეგავლენა ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური და საჯარო სექტორების ქვეკატეგორიებზე.

4. ზეგავლენა შეიძლება იყოს:

ა) პირდაპირი, რაც გულისხმობს ისეთ შედეგს, რომელიც უშუალოდ გამოწვეულია ქმედების შედეგად. პირდაპირი ზეგავლენის ანალიზისას ფასდება პირდაპირი ხარჯები, მათ შორის, აღსრულების ხარჯები;

ბ) არაპირდაპირი, რაც გულისხმობს ქმედების ისეთ შუალობით შედეგს, რომელიც გამოიწვია ქმედების პირდაპირი შედეგების ზემოქმედებამ.

5. თითოეული ალტერნატივისათვის უნდა მოხდეს პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენების იდენტიფიცირება და დახასიათება ზეგავლენის მასშტაბისა და მოსალოდნელი შედეგის (პოზიტიური, ნეგატიური, შედეგის დახასიათება შეუძლებელია) მითითებით.

6. ყველა სახის ზეგავლენისათვის უნდა იყოს შეთავაზებული თვისობრივი ან/და რაოდენობრივი გაზომვის ინდიკატორები.

7. თითოეული ალტერნატივის ზეგავლენის შეფასება ჯამდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ნიმუშში (დანართი №3) მოცემული №3 ცხრილის მიხედვით.

მუხლი 19. რაოდენობრივი ზეგავლენის განსაზღვრა, მონეტიზაცია და დისკონტირება

1. რეგულირების ზეგავლენის შეფასების მინიმალური მოთხოვნაა თითოეული ალტერნატივის პირდაპირი შესაბამისობის ხარჯებისა და საჯარო ფინანსებზე ზეგავლენის განსაზღვრა რაოდენობრივი ინდიკატორით საბაზისო/უმოქმედობის სცენართან მიმართებით.

2. ამ დადგენილების მე-7 მუხლით გათვალისწინებული სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადებისას ხდება ალტერნატივების როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ზეგავლენების კვანტიფიკაცია საბაზისო/უმოქმედობის სცენართან მიმართებაში.

3. საჭიროების შემთხვევაში, ყოველი იდენტიფიცირებული ზეგავლენის არსებობისას უნდა განისაზღვროს ის ფიზიკური და იურიდიული პირები, საწარმოები, რომლებზეც ზეგავლენას ახდენს მოცემული ალტერნატივა ისევე როგორც, იმის შეფასება, თუ რა ზეგავლენას გამოიწვევს ამ ერთეულებზე კონკრეტული ალტერნატივა.

4. ალტერნატივით გამოწვეულ ზეგავლენასთან დაკავშირებული ხარჯებისა და სარგებლის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია ზეგავლენის მონეტიზაცია/რაოდენობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა.

5. მონეტიზაცია მოითხოვს ზეგავლენის სავარაუდო ერთეულის ფასის გამრავლებას შეფასებული ზემოქმედების მოცულობაზე, როდესაც ბაზარი სათანადოდ ფუნქციონირებს და შესაძლებელია საბაზრო ფასზე დაკვირვება.

6. იმ შემთხვევაში, თუ არ არის შესაძლებელი საბაზრო ფასზე დაკვირვება ან როდესაც შესაძლებელია მხოლოდ ზოგიერთ ფასზე დაკვირვება, ფასი სრულად არ ასახავს ზეგავლენის მონეტარულ ღირებულებას. შესაბამისად, უნდა მოხდეს თითოეული ზეგავლენის სავარაუდო მონეტარული ღირებულების დადგენა სხვა ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით.

7. სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესა და ჯგუფთან მიმართებით ზემოქმედების მონეტიზაცია უნდა განხორციელდეს ცალ-ცალკე.

8. ყველა მონეტიზებული ზეგავლენის დისკონტირება ხდება რეგულირების ზეგავლენის ჩატარების დროს არსებული მიმდინარე ღირებულებით.  

9. ზემოქმედების მონეტიზაციის დროს გამოყენებული დისკონტირების განაკვეთი გამოყენებული უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომით.

10. ზეგავლენის ყველა რაოდენობრივი შეფასება უნდა ჩატარდეს მინიმუმ მომდევნო 3-წლიანი პერიოდისთვის, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 20. ალტერნატივების შედარების მეთოდები

1. ალტერნატივების შედარება მოიცავს შერჩეული ალტერნატივების შეფასებას რაოდენობრივად ან/და თვისობრივად და მათ შედარებას.

2. ალტერნატივების შედარება ხდება, სულ მცირე, შემდეგი სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით:

ა) ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი;

ბ) ხარჯთეფექტიანობის ანალიზი;

გ) მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი.

მუხლი 21. ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი

1. ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი გულისხმობს ალტერნატივასთან დაკავშირებული პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების, სარგებლის მონეტიზებას, წმინდა მიმდინარე ღირებულების გამოთვლას.

2. ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის დროს უნდა მოხდეს ალტერნატივების ზეგავლენის შეფასების შედეგების შედარება ჩაურევლობის სცენართან მიმართებით.

3. ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის განხორციელება სავალდებულოა სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადებისას, როდესაც სარგებლის მონეტიზაცია შესაძლებელია.

მუხლი 22. ხარჯთეფექტიანობის ანალიზი

1. ხარჯთეფექტიანობის ანალიზი მოიცავს ალტერნატივის პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების მონეტიზაციას, მისი ზეგავლენის რაოდენობრივ განსაზღვრას. ხარჯთეფექტიანობის ანალიზის დროს ხდება ჩაურევლობის სცენართან მიმართებით ხარჯებსა და ზეგავლენის რაოდენობრივ მაჩვენებელს შორის თანაფარდობის გამოთვლა. 

2. ხარჯთეფექტიანობის ანალიზი უნდა განხორციელდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ალტერნატივის პირდაპირი და არაპირდაპირი სარგებლის შეფასება შეუძლებელია ან/და არ არის მიზანშეწონილი (მაგალითად, გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლის ღირებულების გამოთვლა).

მუხლი 23. ალტერნატივების შეფასება მრავალკრიტერიუმიანი ანალიზით

1. მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი აერთიანებს ალტერნატივის ზეგავლენის რაოდენობრივ და თვისებრივ შეფასებას.

2. მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის დროს, უნდა მოხდეს ზეგავლენის შეფასების შედეგების შედარება საბაზისო/უმოქმედობის სცენართან მიმართებით.

3. მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის კრიტერიუმები მოიცავს:

ა) რაოდენობრივი ანალიზის შედეგებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც მოიცავს:

ა.ა) ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის შეჯამებულ შედეგებს, როგორც წმინდა მიმდინარე ღირებულება;

ა.ბ) ხარჯთეფექტიანობის ანალიზის შეჯამებულ შედეგებს, როგორც ხარჯთეფექტიანობის კოეფიციენტი;

ბ) თვისობრივი ანალიზის შედეგებს, რაც მოცავს:

ბ.ა) თითოეული ალტერნატივის შეფასებას რეგულირების ზეგავლენის შეფასების ფარგლებში განსაზღვრული კონკრეტული მიზნების მისაღწევად;

ბ.ბ) თითოეული ალტერნატივის პრაქტიკაში განხორციელებადობას, მათ შორის, რამდენად არის პოლიტიკურად, სოციალურად, საზოგადოებრივი კუთხით და ა.შ. მისაღები ალტერნატივა;

ბ.გ) თითოეულ ალტერნატივასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ კონკრეტულ რისკებს;

ბ.დ) თითოეული ალტერნატივის კონკრეტულ მოსალოდნელ სარგებელს;

ბ.ე) ნებისმიერ სხვა კრიტერიუმს, რომელიც ეხება ალტერნატივების შედარებას და იძლევა შედარების მეთოდით საუკეთესო ვარიანტის შერჩევის უკეთეს შესაძლებლობებს.

4. მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის დროს, თვისობრივი კრიტერიუმების შესადარებლად თითოეულ ალტერნატივას ენიჭება ქულა.

5. მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის თვისობრივი შედეგებისათვის მინიჭებული ქულა შესაძლოა, მერყეობდეს (-5)-დან (5)-მდე. ამ შუალედში ქულები (-5)-დან (-1)-მდე აღნიშნავს უმოქმედობის სცენართან მიმართებით მდგომარეობის გაუარესებას, სადაც (-5) მნიშვნელოვან, ხოლო (-1) მცირედ გაუარესებაზე მიუთითებს. (0) აღნიშნავს უმოქმედობის სცენართან მიმართებით მდგომარეობის უცვლელად დატოვებას. ქულები (1)-დან (5)-მდე აღნიშნავს მდგომარეობის გაუმჯობესებას, სადაც (1) აღნიშნავს მცირე უკეთესობას, ხოლო 5 მნიშნელოვან გაუმჯობესებას.

6. პრიორიტეტულობის განსაზღვრის მიზნით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კრიტერიუმებს შეიძლება, მიეკუთვოს წონის კოეფიციენტი, მათი პრიორიტეტულობის დადგენის მიზნით. აღნიშნული კოეფიციენტი შეიძლება, მერყეობდეს 0-დან 1-მდე შუალედში და იგი განისაზღვრება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ავტორი უწყების უფლებამოსილი პირის მიერ. თუ უფლებამოსილი პირი გამოყოფილ კოეფიციენტს არ განსაზღვრავს, გამოყოფილ კოეფიციენტად გამოყენებული უნდა იყოს 1. ნებისმიერი შეფასება უნდა იყოს დასაბუთებული და დაზუსტებული, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის, მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის აღწერილობაში.

7. თითოეული თვისებრივი კრიტერიუმის წონითი კოეფიციენტი უნდა გამრავლდეს თოთეული ალტერნატივისთვის ამ კრიტერიუმში მინიჭებულ ქულაზე. აღნიშნული ნამრავლი იქნება ალტერნატივის შეფასება კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით.

8. მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის თვისებრივი შედეგები შეიძლება, შეჯამდეს როგორც ყველა კრიტერიუმში მოცემული პოლიტიკის ალტერნატივების მიერ მიღებული ქულების არითმეტიკული ჯამი.

9. მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი უნდა განხორციელდეს ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა რაოდენობრივი ზეგავლენის შეფასება ხარჯთსარგებლიანობის ან/და ხარჯთეფექტიანობის ანალიზის საფუძველზე.

10. მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის შედეგების შეჯამება უნდა მოხდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ნიმუშში (დანართი №3) მოცემული №5 ცხრილის შესაბამისად.

11. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ავტორის მიერ შესაძლებელია, მომზადდეს შეფასების კრიტერიუმების ალტერნატიული სია, მიზნების შესაბამისად. კრიტერიუმების ჩამონათვალის შემუშავება უნდა მოხდეს მათი შეფასების მომზადებამდე.

მუხლი 24. განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება

1. შერჩეული ალტერნატივის განხორციელების მიზნით, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში მკაფიოდ უნდა გაიწეროს განხორციელების დროში გაწერილი ნაბიჯები, საფეხურები, პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების ინდიკატორები. აღნიშნული მოიცავს:

ა) განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოსალოდნელი სირთულის აღწერას;

ბ) შერჩეული ალტერნატივის განხორციელებასთან დაკავშირებულ რისკებს, კერძოდ, მათი დადგომის ალბათობის, მოსალოდნელი შედეგებისა და რისკების გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებების შეფასებას;

გ) შერჩეული ალტერნატივის განხორციელებისთვის საჭირო გარდამავალი ღონისძიების ჩამონათვალსა (საჭიროების შემთხვევაში) და მათ აღწერას;

დ) აღწერას, თუ როგორ განხორციელდება დასახულ მიზნებთან მიმართებით შერჩეული ალტერნატივის შეფასება მისი განხორციელების პერიოდში, ისევე როგორც დანერგვის განხორციელების შემდეგ.

2. როდესაც შერჩეული ალტერნატივის დანერგვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო განსხვავდება იმ ორგანოსგან, ვინც შეიმუშავა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, შერჩეული ალტერნატივის განხორციელების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ შეთანხმება ხდება წინასწარ, რომელიც მკაფიოდ უნდა აისახოს შემუშავებულ ანგარიშში.

3. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შერჩეული ალტერნატივის მონიტორინგისა და საბოლოო შეფასების განხორციელების შესახებ.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს რეგულირების ზეგავლენის ანგარიშში „მონიტორინგისა და შეფასების გეგმის“ ფორმით, უნდა ასახავდეს კანონის აღსრულების მნიშვნელოვან ნაბიჯებს და მისი შესრულების შესაფასებლად საჭირო მთავარ ცხრილებს.

5. მონიტორინგისა და შეფასების გეგმა ჯამდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ნიმუშში (დანართი №3) მოცემული №6 ცხრილის მიხედვით.

მუხლი 25. კონსულტაცია

1. საჯარო კონსულტაცია წარმოადგენს რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესის სავალდებულო ნაწილს. კონსულტაციებში დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების ჩართვა ხდება ამ მუხლის შესაბამისად.

2. დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური წარმომადგენლობისა და ჩართულობის უზრუნველსაყოფად, გამოყენებული უნდა იქნეს „დაინტერესებული მხარეთა ცხრილი“, რომლის მიხედვითაც ხდება დაინტერესებული მხარეების გავლენისა და ინტერესის მიხედვით დაჯგუფება. აღნიშნული ცხრილი მოცემულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ნიმუშში (დანართი №3) ასახული №7 ცხრილის სახით.

3. საჯარო კონსულტაციების შედეგები აისახება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში, ასევე მიზანშეწონილია მათი ელექტრონულად გამოქვეყნება საზოგადოების დროული და სრული ინფორმირების მიზნით.

4. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში უნდა ასახავდეს ინფორმაციას ჩატარებული საკონსულტაციო აქტივობების თაობაზე, რაც მოიცავს ინფორმაციას მოძიებული მოსაზრებებისა და მონაცემების შესახებ, ინფორმაციას მათი გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ და სხვა. ზემოაღნიშნული ინფორმაცია აისახება „დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმაში“, რომელიც მოცემულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ნიმუშში (დანართი №3) №8 ცხრილის სახით.

მუხლი 26. მონაცემების შეგროვება

1. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადების თითოეულ ეტაპზე უნდა მოხდეს შესაბამისი შინაარსისა და მოცულობის, ასევე ხელმისაწვდომი მონაცემების შეგროვება. ინფორმაცია შესაძლებელია, მოძიებულ იქნეს შემდეგი წყაროებიდან:

ა) მსგავსი პროგრამებიდან და ინიციატივებიდან მიღებული მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშები;

ბ) რეფორმასთან დაკავშირებით ადრეულ ეტაპზე განხორციელებული ანალიზები და საკონსულტაციო დოკუმენტები;

გ) სსიპ − სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, ევროსტატიდან, მსოფლიო ბანკიდან ან სხვა უწყებებიდან მიღებული სტატისტიკური მონაცემები;

დ) სახელმწიფოსა და ევროკავშირის უწყებების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები;

ე) დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შედეგად შეგროვილი მონაცემები;

ვ) დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირებული სხვა წყაროები (წინა განხილვიდან, კონფერენციიდან, პრესაში გამოთქმული განცხადებებიდან და სხვ.);

ზ) აკადემიური ელექტრონული მონაცემთა ბაზებიდან მიღებული ინფორმაცია (JTOR, ScienceDirect, EconLit და ა.შ.);

თ) სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაგალითები და გამოცდილება. იმ შემთხვევაში, თუ არ მოიპოვება საქართველოდან მიღებული მონაცემები, გათვალისწინებულ და შედარებული უნდა იქნეს სხვა მსგავსი ქვეყნებიდან მიღებული მონაცემები. სირთულეების არსებობის შემთხვევაში, ავტორმა შეძლებისდაგვარად დროულად უნდა მიმართოს დახმარებისათვის გარე ექსპერტებს.

2. მონაცემთა შეგროვება და დამუშავება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დადგენილებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

თავი IV. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადების პროცესი

მუხლი 27. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1. კანონპროექტის საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენის უფლების მქონე სახელმწიფო უწყებები, მათი მმართველობის სფეროში შემავალ საკითხებზე მუშაობისას კონკრეტული პრობლემის/საკითხის გამოვლენის შემთხვევაში, მისი დარეგულირების ალტერნატივების შესასწავლად, იღებენ გადაწყვეტილებას სტანდარტული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების შესახებ, თუ ასეთი კანონპროექტის წარდგენისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება.

2. პრობლემის/საკითხის შესწავლის მიზნით, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია, ჩაატაროს პირველადი კონსულტაციები პრობლემის/საკითხის სიღრმის, მასშტაბისა და მნიშვნელობის თაობაზე იმ ჯგუფებთან, რომლებზეც აღნიშნული პრობლემა/საკითხი ახდენს ზეგავლენას.

3. რეგულირების ზეგავლენის შეფასებისა და შესაბამისი ანგარიშის მომზადების პროცესში ცალკეული ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე ხორციელდება.

მუხლი 28. რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესის დაგეგმვა და შემსრულებელი გუნდის (სამუშაო ჯგუფის) დაკომპლექტება

1. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უფლებამოსილი თანამდებობის პირი შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (ერთეულებს) აძლევს დავალებას რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების შესახებ.

2. რეგულირების ზეგავლენის შეფასების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, შეფასების ჩატარების ინიციატორ უწყებაში იქმნება სამუშაო ჯგუფი.

3. სამუშაო ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს როგორც უწყების ერთ-ერთი კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებისგან, ისე სხვა თანამშრომლებისგან, ასევე სხვა სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებისგან, თუ დასარეგულირებელი საკითხის თაობაზე მუშაობა მოითხოვს სხვა უწყებების ჩართულობას.

4. სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზნით, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების ინიციატორი უწყების უფლებამოსილი თანამდებობის პირი ოფიციალურად მიმართავს შესაბამის სამინისტროებს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მათი წარმომადგენლების სამუშაო ჯგუფში ჩართვის თხოვნით. ეს უწყებები ვალდებულნი არიან, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გამოყონ შესაბამისი კანდიდატურა(ები) სამუშაო ჯგუფში ჩართვის მიზნით და მჭიდროდ ითანამშრომლონ ინიციატორ უწყებასთან რეგულირების ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო ინფორმაციისა და მონაცემების მისაწოდებლად.

5. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება, მოწვეულ იქნენ დაინტერესებული მხარეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

6. ჯგუფის მუშაობას კოორდინაციას უწევს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების ინიციატორი უწყების წარმომადგენელი.

მუხლი 29. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის პროექტის მომზადება

1. სამუშაო ჯგუფი, უფლებამოსილების ფარგლებში, შეიმუშავებს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის პროექტს და წარუდგენს მას რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების ინიციატორი უწყების უფლებამოსილ თანამდებობის პირს, მომზადებულ კანონპროექტთან ერთად ან მის გარეშე.

2. ანგარიშის პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ამ დადგენილებით დამტკიცებულ ანგარიშის ფორმატს.

მუხლი 30. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის პროექტის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება

1. თუ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის პროექტის შესაბამისად დადგინდა, რომ პრობლემის/საკითხის მოგვარების საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს მისი საკანონმდებლო დონეზე რეგულირება, ინიციატორი უწყების უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 23-ე მუხლის მიხედვით უწყების მიერ შემუშავებული კანონპროექტების მომზადების გეგმაში საკითხის შეტანის შესახებ, რაც არ აბრკოლებს კანონპროექტების მომზადების გეგმის შედგენას საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით, აგრეთვე ამავე რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კანონპროექტების მომზადების გეგმით გაუთვალისწინებელი კანონპროექტის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენას.

2. კანონპროექტების მომზადების გეგმაში, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალის გარდა, ასახული უნდა იქნეს, რომ სამინისტრო წარადგენს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშს.

3. თუ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის პროექტის შესაბამისად დადგინდა, რომ პრობლემის/საკითხის მოგვარების საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს არამარეგულირებელი ქმედება ან მისი დარეგულირება კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით არის მიზანშეწონილი, უწყების უფლებამოსილი თანამდებობის პირი შესაბამის უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულს აძლევს დავალებას პრობლემის/საკითხის მოგვარების გეგმის შემუშავების შესახებ.

4. თუ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის პროექტის გაცნობის შემდეგ ანგარიშის ავტორი უწყების უფლებამოსილი თანამდებობის პირი ჩათვლის, რომ ანგარიშის პროექტი საჭიროებს გადამუშავებას, იგი აძლევს სამუშაო ჯგუფს შესაბამის მითითებას.

მუხლი 31. რეგულირების ზეგავლენის შეფასების საფუძველზე მომზადებული კანონპროექტების შეთანხმების წესი

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის 12 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის თაობაზე მომზადებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასება, განმარტებით ბარათს, ამავე მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ნაცვლად, დაერთვება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში.

2. ინიციატორი უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი, განმარტებით ბარათთან ერთად, რომლის ნაწილია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 28-ე მუხლის მიხედვით, შესათანხმებლად ეგზავნება სამინისტროებს, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატებს.

3. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 30-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, მთავრობის წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის მიერ დაფიქსირდა შენიშვნა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშთან მიმართებით, ინი­ცია­ტო­რი უწყება, ამ შენიშვ­ნე­ბის გათვალის­წი­ნების შემთ­ხვევაში, უფლებამოსილია, შეიტანოს შესაბამისი ცვლილება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში ან/და კანონპროექტში და მთავრობის ადმინისტრაციაში წარად­გინოს დოკუმენტების კო­რე­ქ­­ტი­რე­ბული ვერსიები.

4. იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინება არ ხდება, ინიციატორი უწყება მის მოსაზრებებსა და არგუმენტებს ასახავს კანონპროექტის თაობაზე მომზადებულ შეთანხმების ფურცელში.

5. თუ გამოთქმული შენიშვნა მოითხოვს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის გადამუშავებას, ინიციატორი უწყება იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

მუხლი 32. კანონპროექტების, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმება

1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კანონპროექტის წარდგენის შემდეგ, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 32-ე მუხლისა და ამ დადგენილების 31-ე მუხლის   მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს კანონპროექტისა და მასზე თანდართული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშების შესწავლასა და მისი ხარისხის შემოწმებას.

2. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავ­რო­ბის სხდომის დღის წეს­რი­გ­­­­­ში შეტანამდე, კანონპროექტი და რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში შეიძლება, განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. კანონპროექტისა და რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის განხილვისას შეიძლება მოწვეული იყვნენ ანგარიშის მომზადებაში ჩართული პირები, ისევე როგორც დაინტერესებული მხარეები და ექსპერტები.

4. თუ ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტზე თანდართული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში არ შეესაბამება ამ დადგენილების მე-12 მუხლის მე-5 პუნქტს, იგი იღებს კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და მისი ინიციატორი უწყებისათვის დაბ­რუნების თაობაზე გადაწყვეტილებას.

5. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამოსილია, კანონპროექტზე თანდართული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შესწავლის შედეგად მოითხოვოს ინიციატორი უწყების მიერ სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება.

6. ინიციატორი უწყების მიერ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის გადამუშავების ან სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემუშავების შემდეგ შესაძლებელია კანონპროექტისა და მასზე თანდართული გადამუშავებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ხელახლა ინიციირება.

მუხლი 33. მთავრობის სხდომაზე/მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე კანონპროექტისა და მასზე თანდართული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შეთანხმების პროცედურა

1. კანონპროექტისა და მასზე თანდართული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მთავრობის სხდომაზე/მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შენიშვნებით შეთანხმების შემთხვევაში, ინიციატორი უწყება ვალდებულია, მოახდინოს ანგარიშის ან/და კანონპროექტის კორექტირება შენიშვნის ავტორ უწყებასთან კოორდინაციით.

2. იმ შემთხვევაში, თუ შენიშვნები ეხება კონკრეტულ სექტორზე ზეგავლენების შეფასებას ან/და ალტერნატივების შერჩევას, ინიციატორი უწყება იმ უწყების წარმომადგენლებთან კოორდინაციის გზით, რომლის კომპეტენციაშიც შედის აღნიშნული სფერო, ახდენს ანგარიშის შემოწმებასა და გადამუშავებას, რის შედეგადაც, მთავ­რო­ბის სხდო­მის ოქმ­ში მი­­თითებულ ვადაში წარუდგენს კო­რექ­ტი­რებულ კანონპროექტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.

3. მთავრობის სხდომაზე/მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შესაძლებელია, ინიციატორ უწყებას დაევალოს სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება.

მუხლი 34. კანონპროექტისა და მასზე თანდართული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის საქართველოს პარლამენტში წარდგენის წესი

შეთანხმებული კანონპროექტი და მასზე თანდართული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, მთავრობის რეგლამენტის 37-ე მუხლის შესაბამისად, ეგზავნება საქართველოს პარლამენტს.  


დანართი №1

იმ საკანონმდებლო აქტების ნუსხა, რომლებში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადებისას სავალდებულოა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება

1. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;

2. საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“;

3. საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;

4. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;

5. საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“;

6. საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“;

7. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;

8. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

9. საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“;

10. საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“;

11. საქართველოს კანონი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“;

12. საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“;

13. საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“;

14. საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;“

15. საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;

16. საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“;

17. საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“;

18. საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“;

19. საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“;

20. საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“.

დანართი №2

სტანდარტული რეგულირების ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადების მინიმალური მოთხოვნები

 

რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ნაწილები/თავები

სტანდარტული რეგულირების ზემოქმედების შეფასების ანგარიში

სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში

I. ზოგადი ინფორმაცია ინიციატივისა და პასუხისმგებელი ორგანოს შესახებ

სავალდებულოა

სავალდებულოა, რზშ-ს შედეგების „მოკლე შეჯამებით“

II.

ა) პრობლემის განსაზღვრა

სავალდებულოა:

– ძირითადი პრობლემის, მისი მიზეზებისა და მთავარი პირდაპირი შედეგების სავალდებულო განსაზღვრა;

– პრობლემის მასშტაბის სავალდებულო თვისობრივი აღწერა

სავალდებულოა:

– ძირითადი პრობლემის, მისი მიზეზებისა და მთავარი პირდაპირი შედეგების სავალდებულო განსაზღვრა;

– პრობლემის მასშტაბის თვისობრივი და რაოდენობრივი აღწერა

ბ) უმოქმედობის ალტერნატივა (საბაზისო სცენარი)

სავალდებულოა:

– სცენარის თვისობრივი აღწერა

სავალდებულოა:

– სცენარის თვისობრივი და რაოდენობრივი ელემენტების აღწერა

გ) მიზნები

სავალდებულოა:

– ზოგადი და კონკრეტული მიზნების დასახვა

სავალდებულოა:

– ზოგადი და კონკრეტული მიზნების დასახვა

დ) ალტერნატივების შემუშავება

სავალდებულოა

სავალდებულოა:

– სულ მცირე, ერთი არა-მარეგულირებელი ალტერნატივის ჩართვა

ე) ზეგავლენების ანალიზი

(თითოეული ალტერნატივისათვის)

სავალდებულო მახასიათებელი:

– ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, საჯარო ფინანსებისა და დარგისათვის სპეციფიკური ქვეკატეგორიები

– პირდაპირი (და არაპირდაპირი, თუ შესაძლებელია)

სავალდებულო მახასიათებელი:

– ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, საჯარო ფინანსებისა და დარგისათვის სპეციფიკური ქვეკატეგორიები

– პირდაპირი და არაპირდაპირი

– საჯარო ფინანსების ხარჯების

რაოდენობრივი შეფასება;

(თუ რაოდენობრივი შეფასება არ არის შესაძლებელი, უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების დასაბუთება და ალტერნატივის სახით თვისობრივის შეფასება);

– პირდაპირი და არაპირდაპირი შედეგების თვისობრივი შეფასება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და დარგისათვის სპეციფიკურ ქვეკატეგორიაზე

– ყველა პირდაპირი ხარჯისა და სარგებლის რაოდენობრივი შეფასება (ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და დარგისათვის სპეციფიკურ ქვეკატეგორიაზე);

– ყველა არაპირდაპირი ხარჯისა და სარგებლის რაოდენობრივი შეფასება (ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და დარგისათვის სპეციფიკურ ქვეკატეგორიაზე);

  (თუ რაოდენობრივი შეფასება არ არის შესაძლებელი, უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების დასაბუთება და ალტერნატივის სახით თვისობრივის შეფასება

ვ) ალტერნატივების შედარება

სავალდებულო ანალიტიკური მეთოდები:

– მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი

სავალდებულო ანალიტიკური მეთოდები:

– ხარჯის/სარგებლიანობის ანალიზის შედეგები,

ხარჯეფექტიანობის ანალიზი და მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი

 

ზ) განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების გეგმა

(სასურველი ალტერნატივისათვის)

სავალდებულოა

სავალდებულოა

III. კონსულტაციების პროცესი

სავალდებულოა:

– პროცესის აღწერა და მიღებული ინფორმაციის შეჯამება (ძირითადი მოსაზრებების მოკლე ანალიზი და მათი გათვალისწინების ან/და გაუთვალისწინებელობის შედეგების შეჯამება)

სავალდებულოა:

– პროცესის აღწერა და მიღებული ინფორმაციის შეჯამება (ძირითადი მოსაზრებების მოკლე ანალიზი და მათი გათვალისწინების ან/და გაუთვალისწინებლობის შედეგების შეჯამება)

IV. ინიციატორი უწყების კომპეტენტური პირის ხელმოწერა

სავალდებულოა

სავალდებულოა

V. დანართები

ნებაყოფლობითი

ნებაყოფლობითი.

 

დანართი №3

რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ნიმუში

ნაწილი 1

ზოგადი ინფორმაცია ინიციატივისა და პასუხისმგებელი სამინისტროს შესახებ (მოიცავს მოკლე შეჯამებას სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში)

ზოგადი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ მოახდინა პროცესის ინიციირება და რომელია პასუხისმგებელი უწყება.

მოკლე შეჯამება უნდა იყოს ერთ ან ორგვერდიანი. მან უნდა მოიცვას შემდეგი თემები (თითოეულ თემაზე თითო მოკლე პარაგრაფი):

  • ინიციატივის კონტექსტი;
  • შესაბამისი მხარეები/ჯგუფები, რომლებზეც ინიციატივა ახდენს ზეგავლენას და კონსულტაციის პროცესის მიმოხილვა;
  • პრობლემის/საკითხის და მისი დაწყების შესახებ განცხადება;
  • ინტერვენციის საჭიროების დასაბუთება და მისი მიზნები;
  • გათვალისწინებული და დეტალურად გაანალიზებული ალტერნატივები;
  • თითოეული ალტერნატივის ზემოქმედება (შეჯამებულია ქვემოთ მოცემულის მსგავს ცხრილში).

ცხრილი 1. ალტერნატივების შედარება

შეფასების კრიტერიუმი

ალტერნატივა 1

ალტერნატივა 2

ალტერნატივა 3

სარგებელი – ხარჯები (წმინდა მიმდინარე ღირებულება)

xxx ლარი

xxx ლარი

xxx ლარი

კონკრეტული მიზანი 1

(ქულა (ქ) 1 )X(წონითი კოეფიციენტი (წ.კ.) 1)

(ქ 2) X (წ.კ.1)

(ქ 3) X (წ.კ.1)

კონკრეტული მიზანი 2

(ქ 4) X (წ.კ.2)

(ქ 5) X (წ.კ.2)

(ქ 6) X (წ.კ.2)

……

....

....

....

განხორციელებადობა / შესრულების სიმარტივე

(ქ 7) X (წ.კ.3)

(ქ 7) X (წ.კ.3)

(ქ 7) X (წ.კ.3)

რისკი

(ქ 8) X (წ.კ.4)

(ქ 9) X (წ.კ.4)

(ქ 10) X (წ.კ.4)

სხვა

(ქ 11) X (წ.კ.5)

(ქ 11) X (წ.კ.5)

(ქ 11) X (წ.კ.5)

შეჯამება

ჯამი

ჯამი

ჯამი.

 

ცხრილის შევსებისას გასათვალისწინებელია ამ დადგენილების 23-ე მუხლი.

  • შერჩეული ალტერნატივის თაობაზე გადაწყვეტილება;
  • მონიტორინგის მექანიზმების მოკლე აღწერა (ნებაყოფლობითი).

ნაწილი 2

  • პრობლემის განსაზღვრა

ა. პრობლემის/საკითხის გარშემო არსებული კონტექსტი

  • ამჟამინდელი სიტუაციისა და არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ზოგადი აღწერილობა;
  • სამთავრობო გეგმები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ. პრობლემის განსაზღვრა

  • პრობლემის/საკითხის არსი;
  • პრობლემის მიზეზები / პრობლემის განმაპირობებელი ფაქტორები;
  • საზოგადოების ჯგუფები, რომლებზეც ხდება ზეგავლენა, და თითოეული ჯგუფის ზომა;
  • თითოეული ჯგუფზე ზეგავლენის ხასიათისა და მასშტაბის შეფასება;
  • მთავრობის ინტერვენციის საფუძვლები.

გ. პრობლემის მონაცემების ანალიზი: არსებული ტენდენციები

  • პრობლემის ტენდენციები;
  • მოკლე განხილვა იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ტენდენციები ყველა სხვა ფაქტორის უცვლელობის პირობებში;
  • სხვა პოლიტიკასა და რეგულაციებში შესაძლო ცვლილებების აღნიშვნა.

საბაზისო სცენარის შემუშავება

საბაზო სცენარის შემუშავება მიუთითებს პრობლემის მიმდინარე მოსალოდნელ განვითარებაზე, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით.

შეგროვებული მტკიცებულებებისა და წარსული ტენდენციების გაანალიზების საფუძველზე უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს:

  • მოსალოდნელია პრობლემის მოწესრიგება ინტერვენციისგან თავის შეკავების შემთხვევაში. რამდენად მოსალოდნელია პრობლემის გამწვავება, მისი მასშტაბის გაზრდა, ასევე ასეთი ვარაუდის წინაპირობები?
  • რამდენად მაღალია მოცემული სცენარის მიხედვით მოვლენათა განვითარების ალბათობა (მოსალოდნელი ყველაზე ნეგატიური და პოზიტიური შემთხვევა)?
  • რა ფაქტორები ახდენენენ გავლენას პრობლემის განვითარებასა და მის შედეგებზე?
  • რა რისკი ახლავს ინტერვენციისგან თავის შეკავებას?
  • რამდენად არსებობს შეუქცევადი უარყოფითი შედეგების დადგომის ალბათობა, რომელიც არსებულ პრობლემას/საკითხს განსაკუთრებით სერიოზულს ან გადაუდებელს ხდის?
  • ჰქონდა თუ არა მთავრობას მოცემული პრობლემის/საკითხის გადაწყვეტის მცდელობა, რა შედეგი იქონია ასეთმა მცდელობამ და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ გამოცდილებიდან?

მიზნები

ა. ზოგადი მიზნები

  • ზოგადი მიზნების აღწერა.

ბ. კონკრეტული და ოპერაციული მიზნები

  • კონკრეტული და ოპერაციული მიზნების აღწერა.

ცხრილი 2. ინტერვენციის მიზნების ცხრილის ნიმუში:

 

მიზანი

ინდიკატორი

პასუხისმგებლობა

დრო

კონკრეტული მიზანი 1 - ….

ოპერაციული მიზანი 1.1….

 

 

 

ოპერაციული მიზანი 1.2….

 

 

 

კონკრეტული მიზანი 2 - ….

ოპერაციული მიზანი 2.1….

 

 

 

ოპერაციული მიზანი 2.2….

 

 

 

 

ალტერნატივების შემუშავება

  • აღწერა იმისა, მოხდა თუ არა რომელიმე ალტერნატივის უარყოფა ადრეულ ეტაპზე და ამის ახსნა (ხარჯი, ეფექტიანობა, ქმედითობა, მიზნებთან შეუსაბამობა, განხორციელებადობა და ა.შ.);
  • ალტერნატივების მთავარი განსხვავებების აღწერა.

ალტერნატივა 1

მარეგულირებელი ინტერვენცია (შემოთავაზებული რეგულაციის აღწერა)

  • სცენარისა და ძირითადი ვარაუდების აღწერა;
  • დაინტერესებულ მხარეებზე პოტენციური ზეგავლენა;
  • სცენარის დადებითი და უარყოფითი მხარეები, მიზნების გათვალისწინებით;
  • პოტენციური რისკები.

ალტერნატივა 2

სხვა ალტერნატივა (შესაძლოა არამარეგულირებელი)

  • სცენარისა და ძირითადი ვარაუდების აღწერა;
  • დაინტერესებულ მხარეებზე პოტენციური ზეგავლენა;
  • სცენარის დადებითი და უარყოფითი მხარეები, მიზნების გათვალისწინებით;
  • პოტენციური რისკები.

ალტერნატივა 3

სხვა ალტერნატივა

  • სცენარისა და ძირითადი ვარაუდების აღწერა;
  • დაინტერესებულ მხარეებზე პოტენციური ზეგავლენა;
  • სცენარის დადებითი და უარყოფითი მხარეები, მიზნების გათვალისწინებით;
  • პოტენციური რისკები.

ზეგავლენების ანალიზი

ა. მეთოდოლოგიური მიდგომა

  • მოკლედ აღწერეთ თქვენი მეთოდოლოგიური მიდგომა: თვისობრივი ანალიზი, რაოდენობრივი ანალიზი, შერეული;
  • რაოდენობრივის ან შერეულის შემთხვევაში, აღნიშნეთ ის მეთოდოლოგიური მიდგომა, რომელიც გამოყენებულ იქნა კვანტიფიკაციისათვის (ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი ან ხარჯთეფექტიანობა);
  • წმინდა მიმდინარე ღირებულების გამოთვლის მეთოდის მოკლე აღწერა
  • დროის ჰორიზონტი (ჩვეულებრივ, 10 წელი ან მეტი);
  • გამოყენებული დისკონტირების კურსი;
  • რაოდენობრივი ანალიზისთვის გამოყენებული მონაცემთა წყაროებისა და ძირითადი ვარაუდების მოკლე აღწერა;
  • სენსიტიურობის ანალიზის მოკლე აღწერა (თუ გამოყენებულია).

ბ. შესაძლო ზემოქმედების დადგენა

ზემოქმედების ანალიზმა უნდა წარმოადგინოს როგორც შესაძლო ზემოქმედება, ასევე განაწილების შედეგები (მიუხედავად იმისა, რომ არ მომხდარა მათი გამოთვლა).

  • მე-3 ცხრილი უნდა დაერთოს თითოეულ ალტერნატივას ცალკე, თან უნდა ახლდეს ნარატივი, რომელიც დეტალურად აღწერს ცხრილის შევსების ძირითად მიზეზებს.

ცხრილი 3. ალტერნატივების ზეგავლენის შეჯამება (თითო ცხრილი უნდა შეავსოთ თითოეული ალტერნატივისათვის)

 

ზეგავლენები

სახე:

1)

პირდაპირი;

2) არაპირდაპირი

ჯგუფ(ებ)ი, რომლებმაც განიცადეს ზეგავლენა და/ან სხვა შესაბამისი ინდიკატორები, რომლებმაც განიცადეს ზეგავლენა

მოსალოდნელი შედეგების შეფასება (დადებითი ან უარყოფითი)

შესაბამისი საზომი ინდიკატორ(ებ)ი

ალტერნატივები, რომლებიც ექვემდებარება აღნიშნულ ზეგავლენას

ეკონომიკური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გარემოსდაცვითი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სოციალური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საჯარო ფინანსები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დარგისათვის სპეციფიკური ქვეკატეგორიები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზეგავლენების ანალიზი

ალტერნატივა 1 (მარეგულირებელი)

  • დამატებითი ხარჯების ანალიზი (საბაზისო სცენართან მიმართებით);
  • ხარჯების ჩამონათვალი;
  • დაინტერესებულ მხარეებზე ხარჯების ზეგავლენა;
  • ხარჯების თვისობრივი ანალიზი (მინიმუმ: მაღალი/საშუალო/დაბალი ხარჯები)
  • ხარჯების რაოდენობრივი ანალიზი.

საჯარო ფინანსების ხარჯები (მაღალი ხარჯებისთვის მოიცავს ხარჯების დაანგარიშების აღწერილობას, მაგ.: იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატივა მოითხოვს ახალი მარეგულირებელი ორგანოს ჩამოყალიბებას, ყოველი წლის ხარჯების გაანგარიშება იქნება საჯარო სექტორში საშუალო ხელფასის (რაც არის xxx დაფუძნებული ეროვნულ სტატისტიკაზე) გამრავლება თანამშრომლების რაოდენობაზე (რაც არის დაახლოებით 20 ადამიანი) დამატებული შენობის ქირავნობის ხარჯები (რაც საშუალოდ არის xxx));

ყველა სხვა პირდაპირი ხარჯი და სარგებელი (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);

ყველა არაპირდაპირი ხარჯი და სარგებელი (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);

  • სარგებლის ანალიზი (თუ განხორციელდება ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი)
  • სარგებლის ჩამონათვალი;
  • დაინტერესებულ მხარეებზე სარგებლის ზემოქმედება;
  • სარგებლის თვისობრივი ანალიზი (მინიმუმ: მაღალი/საშუალო/დაბალი სარგებელი);
  • სარგებლის რაოდენობრივი ანალიზი (მაღალი სარგებლისათვის მოიცავს სარგებლის დაანგარიშების აღწერას, მაგ.: თუ ალტერნატივის სარგებელი არის ახალი სამუშაო ადგილები, ყოველი წლის სარგებლის გაანგარიშება იქნება ახალი სამუშაო ადგილები (სავარაუდო) გამრავლებული საშუალო უმუშევრობის შემწეობაზე (რაც არის xxx დაფუძნებული ეროვნულ მონაცემებზე)) (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);
  • დააზუსტეთ გაურკვევლობები და რა გავლენა შეიძლება, იქონიოს პარამეტრების ცვლილებამ ზეგავლენაზე.

ალტერნატივა 2

  • დამატებითი ხარჯების ანალიზი (საბაზისო სცენართან მიმართებით);
  • ხარჯების ჩამონათვალი;
  • დაინტერესებულ მხარეებზე ხარჯების ზეგავლენა;
  • ხარჯების თვისობრივი ანალიზი (მინიმუმ: მაღალი/საშუალო/დაბალი ხარჯები);
  • ხარჯების რაოდენობრივი ანალიზი.

♦ პირდაპირი შესაბამისობის ხარჯები და საჯარო ფინანსების ხარჯები;

ყველა სხვა პირდაპირი ხარჯი და სარგებელი (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);

  • ყველა არაპირდაპირი ხარჯი და სარგებელი (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);
  • სარგებლის ანალიზი (თუ განხორციელდება ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი);
  • სარგებლის ჩამონათვალი;
  • დაინტერესებულ მხარეებზე სარგებლის ზემოქმედება;
  • სარგებლის თვისობრივი ანალიზი (მინიმუმ: მაღალი/საშუალო/დაბალი სარგებელი);
  • სარგებლის რაოდენობრივი ანალიზი (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);
  • დააზუსტეთ გაურკვევლობები და რა გავლენა შეიძლება იქონიოს პარამეტრების ცვლილებამ ზეგავლენაზე.

ალტერნატივა 3

  • დამატებითი ხარჯების ანალიზი (საბაზისო სცენართან მიმართებით);
  • ხარჯების ჩამონათვალი;
  • დაინტერესებულ მხარეებზე ხარჯების ზეგავლენა;
  • ხარჯების თვისობრივი ანალიზი (მინიმუმ: მაღალი/საშუალო/დაბალი ხარჯები);
  • ხარჯების რაოდენობრივი ანალიზი.

♦ პირდაპირი შესაბამისობის ხარჯები და საჯარო ფინანსების ხარჯები;

♦ ყველა სხვა პირდაპირი ხარჯი და სარგებელი (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);

ყველა არაპირდაპირი ხარჯი და სარგებელი (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);

  • სარგებლის ანალიზი (თუ განხორციელდება ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი);
  • სარგებლის ჩამონათვალი;
  • დაინტერესებულ მხარეებზე სარგებლის ზემოქმედება;
  • სარგებლის თვისობრივი ანალიზი (მინიმუმ: მაღალი/საშუალო/დაბალი სარგებელი)
  • სარგებლის რაოდენობრივი ანალიზი (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში);
  • დააზუსტეთ გაურკვევლობები და რა გავლენა შეიძლება იქონიოს პარამეტრების ცვლილებამ ზეგავლენაზე.

შეჯამება

ქვემოთ მოცემულ ორ ცხრილში აისახება ყველა გაანალიზებული ალტერნატივის დამატებითი ხარჯებისა და სარგებელის შედარება. პირველ შემთხვევაში, ეს ხდება ცხრილის სახით, ხოლო მეორეში მოცემულია გრაფიკული შედარება. აღნიშნული ცხრილები უადვილებს მკითხველს თითოეული ალტერნატივის ხარჯებისა და სარგებლის აღქმას.

ცხრილი 4. დამატებითი ხარჯებისა და სარგებლის შეჯამება (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში)

 

 

ალტერნატივა 1

ალტერნატივა 2

ალტერნატივა 3

სარგებელი (წმინდა მიმდინარე ღირებულება)

xxx ლარი

xxx ლარი

xxx ლარი

ხარჯები (წმინდა მიმდინარე ღირებულება)

xxx ლარი

xxx ლარი

xxx ლარი

სარგებელი – ხარჯები (წმინდა მიმდინარე ღირებულება)

xxx ლარი

xxx ლარი

xxx ლარი

რაოდენობრივი, მაგრამ არამონეტიზებული ზეგავლენები1

ძირითადი ტექსტი

ძირითადი ტექსტი

ძირითადი ტექსტი

თვისობრივი ზეგავლენები (თუ რაოდენობრივი არ არის შესაძლებელი)2

ძირითადი ტექსტი

ძირითადი ტექსტი

ძირითადი ტექსტი.

 

დიაგრამა 1. პოლიტიკის ალტერნატივების დამატებითი ხარჯებისა და სარგებლის შედარება (წმინდა მიმდინარე ღირებულება, ლარი) (სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემთხვევაში)

 

 

ალტერნატივების შედარება

  • აღწერეთ, რომელი სხვა კრიტერიუმების გამოყენება უნდა მოხდეს (გარდა ხარჯისა და სარგებლისა) და რატომ;
  • აღწერეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კრიტერიუმები (რა არის მათი წონა).

ა. ალტერნატივების შეჯამება

ცხრილი 5. ალტერნატივების შეჯამება მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის გამოყენებით

ამ ცხრილის შევსებისას გასათვალისწინებელია ამ დადგენილების 23-ე მუხლი.

 

შეფასების კრიტერიუმი

ალტერნატივა 1

ალტერნატივა 2

ალტერნატივა 3

სარგებელი – ხარჯები (წმინდა მიმდინარე ღირებულება)

xxx ლარი

xxx ლარი

xxx ლარი

კონკრეტული მიზანი 1

(ქულა (ქ) 1 ) X (წონითი კოეფიციენტი (წ.კ.) 1)

(ქ 2) X (წ.კ.1)

(ქ 3) X (წ.კ.1)

კონკრეტული მიზანი 2

(ქ 4) X (წ.კ.2)

(ქ 5) X (წ.კ.2)

(ქ 6) X (წ.კ.2)

……

....

....

....

განხორციელებადობა/ შესრულების სიმარტივე

(ქ 7) X (წ.კ.3)

(ქ 7) X (წ.კ.3)

(ქ 7) X (წ.კ.3)

რისკი

(ქ 8) X (წ.კ.4)

(ქ 9) X (წ.კ.4)

(ქ 10) X (წ.კ.4)

სხვა

(ქ 11) X (წ.კ.5)

(ქ 11) X (წ.კ.5)

(ქ 11) X (წ.კ.5)

შეჯამება

ჯამი

ჯამი

ჯამი.

 

ბ. სასურველი ალტერნატივა

  • ალტერნატივების რანგირების წარმოდგენა;
  • სასურველი ალტერნატივის განსაზღვრა;
  • აღწერა, თუ მოცემული ალტერნატივა რატომ გამოიწვევს დიდ საერთო სარგებელს და როგორ დააკმაყოფილებს მიზნებს;
  • საჭიროების შემთხვევაში: აღწერა, თუ როგორ შემცირდა უარყოფითი ზემოქმედება.
  • განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (სასურველი ალტერნატივისათვის)
  • მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმის მოკლე აღწერა;
  • პოლიტიკის მიზნების დაკმაყოფილების შესაბამისობისა და პროგრესირების საზომი შესრულების ინდიკატორების აღწერა;
  • აღწერა, თუ როგორ და როდის მოხდება ინფორმაციის შეჯამება, მოხსენება და მისი გამოყენება მარეგულირებელი ქმედებების გასაუმჯობესებლად (თუ შესაძლებელია).

ცხრილი 6. მონიტორინგისა და შეფასების გეგმის შეჯამების ცხრილის ნიმუში:

 

ინდიკატორი

შეფასების დრო და სიხშირე

მონიტორინგზე პასუხისმგებლობა

ინდიკატორი 1

შეფასების ადრეული თარიღი (წლიური, კვარტალური, თვიური)

დაწესებულება 1

დაწესებულება 2

დაწესებულება 3

ინდიკატორი 2

შეფასების ადრეული თარიღი (წლიური, კვარტალური, თვიური)

დაწესებულება 1

დაწესებულება 2

დაწესებულება 3

ინდიკატორი 3

შეფასების ადრეული თარიღი (წლიური, კვარტალური, თვიური)

დაწესებულება 1

დაწესებულება 2

დაწესებულება 3.

 

ნაწილი 3. საჯარო კონსულტაციის პროცესი

ა. პროცესის აღწერა

  • რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების ზოგადი ქრონოლოგია;
  • სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და პასუხისმგებლობები, აგრეთვე გარე ექსპერტიზის გამოყენება;
  • სამუშაო ჯგუფში გადაწყვეტილების მიღების მიდგომა;
  • კონსულტაციისა და მონაცემების შეგროვების ტექნიკის მიმოხილვა 3.
  • პერიოდი;
  • რეგულირების ზეგავლენის შეფასების სხვადასხვა ეტაპის დროს გამოყენებული კონსულტაციისა და მონაცემების შეგროვების ტექნიკა;
  • მონაცემთა წყაროები (ისევე როგორც მონაცემების ხარისხი ან მონაცემების ხარისხის გასაუმჯობელებელი მეთოდები);
  • დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფები, რომელთანაც მოხდა კონსულტაციის გავლა;
  • დაინტერესებული მხარეების შერჩევისა და კატეგორიზაციის დროს გამოყენებული კრიტერიუმები (გავლენის წარდგენის შესაძლებლობა – ინტერესის მატრიცა).

ცხრილი 7. გავლენა-დაინტერესების ცხრილი

დაინტერესებულ მხარეთა გავლენისა და ინტერესის იდენტიფიცირების ცხრილი

 

გავლენა/ინტერესი

დაბალი გავლენა

მაღალი გავლენა

დაბალი ინტერესი

დაინტერესებული მხარის/დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფის სახელწოდება

 

 

 

მაღალი ინტერესი

 

 

 

 

 

ბ. მიღებული ინფორმაციის შეჯამება და ასევე შეჯამება, თუ როგორ მოხდა მათი გათვალისწინება

ცხრილი 8. კონსულტაციის პროცესის შეჯამება

დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმის ნიმუში

დაინტერესებული  მხარე /დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფი

კონსულტაციის მეთოდი

პასუხების შეჯამება 4

კომენტარი

დაინტერესებული მხარის/დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფის სახელწოდება და ზომა

მაგ.: ინტერვიუები (და როდის); საკონსულტაციო დოკუმენტების მიმოხილვა; გამოკითხვა

მონაცემების/ კონსულტაციის პროცესში შეგროვილი ალტერნატივების მოკლე აღწერა

იყო თუ არა პასუხი გათვალისწინებული/ არ იყო გათვალისწინებული; რატომ? და ა.შ.

 

 

 

 

 

  • განხილვა, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული მოპოვებული მონაცემები.

ნაწილი 4. ინიციატორი უწყების კომპეტენტური პირის ხელმოწერა

ხელმოწერით დასტურდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, მათ შორის, მისი შინაარსი და რეკომენდაცია(ები).

ნაწილი 5. ტექნიკური დანართები

მოცემულ ნაწილში უნდა დაემატოს ყველა შესაბამისი დოკუმენტი და დამატებითი ინფორმაცია (როგორიცაა მეთოდოლოგიის არჩევანის დეტალური განხილვა), რომელიც ავტორების მოსაზრებით საჭიროა ანგარიშის მკითხველისათვის, მის სრულად გასაგებად.  

 


1 ისეთი პუნქტებისთვის, სადაც სარგებელი და ხარჯის მონეტიზება ვერ ხორციელდება, მაგრამ შესაძლებელია მათი რაოდენობრივი წარმოჩენა, ჩამოთვალეთ ისინი ფიზიკურ ერთეულებში (მაგ.: ვარიანტ X-ის შედეგად გარდაცვლილების რაოდენობა);

2 ჩამოთვალეთ ის პუნქტები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გადაწყვეტილების მიღებაზე, მაგრამ ვერ ხორციელდება მათი რაოდენობრივად წარმოჩენა.

3 თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ კონსულტაციის პროცესი დაბალანსებული იყო და მასზე არასწორი ზეგავლენა არ მოუხდენია ერთ კონკრეტულ ჯგუფს. ასევე, როდესაც კონსულტაციები ჩატარდა მონაცემების შესაგროვებლად, ნათელი უნდა იყოს, რომ მონაცემების შეგროვების მეთოდები იყო შესაბამისი და შედეგების საიმედოობა იყო ვალიდირებული.