„საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 120050000.10.003.021735
27
14/01/2020
ვებგვერდი, 15/01/2020
120050000.10.003.021735
„საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №27

2020 წლის 14 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/04/2018, 120050000.10.003.020496) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №1

                

მხედრული მისალმება სხვადასხვა ვითარებასა და გარემოებში

 

1. სამხედრო ფორმაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან, შეხვედრისას მხედრულად მიესალმონ ერთმანეთს.

2. სამხედრო წოდებით უმცროსი პირველი უნდა მიესალმოს მხედრულად სამხედრო წოდებით უფროსს.

3. სამხედრო ფორმაში მყოფი პირადი შემადგენლობა მხედრულად ესალმება:

ა) როდესაც ისინი ხვდებიან და ამოიცნობენ პიროვნებებს სამხედრო წოდების მიხედვით;

ბ) როდესაც სრულდება საკუთარი ან უცხო ქვეყნის ჰიმნი;

გ) შენობის გარეთ, შალითიდან ამოღებულ:

გ.ა) სახელმწიფო დროშას; 

გ.ბ) საქართველოს თავდაცვის ძალების დროშას;

გ.გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ქვედანაყოფების დროშებს;

გ.დ) უცხო ქვეყნის დროშებს, საერთაშორისო მისიების, ოფიციალური ცერემონიებისა და სწავლებების დროს;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დროშებს, მათი აღმართვისას ან დაშვებისას;

ე) სამშობლოს დაცვისას დაღუპული ან ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის  საფლავსა (სამხედრო სასაფლაოს, სამარხს) და მემორიალურ ობიექტებს;

ვ) სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარებისას;

ზ) სამხედრო პატივის მისაგებად შესაბამისი მელოდიის შესრულებისას;

თ) საქართველოს სახელმწიფო დროშის წინ სამხედრო ფიცის დადებისას;

ი) მწყობრზე პასუხისმგებლობის გადაბარებისას;

კ) მოხსენებისას;

ლ) მოკავშირე სახელმწიფოების სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას.

4. ქვედანაყოფები მწყობრით დგომისას მხედრულად მიესალმებიან შესაბამისი კომანდით:

ა) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს  თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს;

გ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;

დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს;

ე) ყველა პირდაპირ უფროსს, აგრეთვე ქვედანაყოფების ინსპექტირების/მონიტორინგის მიზნით გამოყოფილ ხელმძღვანელ სამხედრო პირებს.

5. მწყობრში დგომისას, ამ დანართის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირთა მისალმების მიზნით, როდესაც აღნიშნული პირები დაახლოებით ექვსი ნაბიჯით მიუახლოვდებიან მწყობრს, მეთაური ან მწყობრზე პასუხისმგებელი პირი გასცემს კომანდას: „სმენა!“, სწორება მარჯვნივ! (მარცხნივპირდაპირ!)“, რის შემდეგაც მიესალმება მხედრულად მწყობრის ნაცვლად ან გასცემს კომანდას – „მხედრულისალამი!“, რის შემდეგაც მწყობრში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები ასრულებენ მხედრულ მისალმებას.

6. მწყობრში დგომისას, სამხედრო მოსამსახურეები ამ დანართის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირების სიტყვიერად მისალმების შემთხვევაში, მათ უბრუნებენ  სიტყვიერ სალამს, მაგალითად: მისალმება  „გამარჯობა ბატონებო“ ან „გამარჯობა ბატონო“ (ოფიცრებო, სერჟანტებო, ჯარისკაცებო)“, პასუხიგაგიმარჯოს (ბატონო  ---,)“, ხოლო ცერემონიის მიმდინარეობისას – „გაუმარჯოს“. ამ შემთხვევაში, მწყობრს გარეთ მყოფი სამხედრო მოსამსახურეები იღებენ დგომს – „მხედრული მისალმება“.

7. მწყობრით გადაადგილებისას მეთაურის ან მწყობრზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ამ დანართის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირთა მისალმების მიზნით,  გაიცემა კომანდა: სწორება, მარჯვნივ (მარცხნივ!)“. ამ კომანდაზე სამხედრო მოსამსახურეები მოქმედებენ ამ წესდების 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 

8. მწყობრს გარეთ მყოფი სამხედრო მოსამსახურე, ამ წესდებით დადგენილი წესით, მხედრულად ესალმება მე-4 პუნქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს.

9. სამხედრო ფორმაში მყოფი პირადი შემადგენლობა მხედრულად არ ესალმება:

ა) შენობაში, გამონაკლისია ოფიცრისთვის მოხსენება ან განწესში ყოფნა;

ბ) როდესაც მიმართავენ სამხედრო ტყვეს ან პატიმარს;

გ) როდესაც მხედრული მისალმება აშკარად შეუფერებელია, მაგალითად: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სატრანსპორტო საშუალების მართვისას, როდესაც სამხედრო მოსამსახურეს რაიმე ნივთი უჭირავს  ან როდესაც სხვაგვარად ისეა დაკავებული, რომ ვერ შეძლებს მხედრულად მისალმებას. ასეთ შემთხვევებში, მხედრული მისალმება არ არის აუცილებელი და სამხედრო მოსამსახურეები შემოიფარგლებიან მხოლოდ სიტყვიერი მისალმებით;

დ) როდესაც წოდებით უფროს ან უმცროს სამხედრო მოსამსახურეს აცვია სამოქალაქო ტანსაცმელი. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურისადმი მხედრული მისალმება დამოკიდებულია მხედრული სალმის მიმცემი მოსამსახურის ნებაზე;

ე) განგაშის ან შეკრების გამოცხადებისას;

ვ) მარშზე გადაადგილების დროს და შესვენებისას;

ზ) საველე მეცადინეობის მიმდინარეობის დროს, ბრძოლის ველზე ან ბრძოლის სიმულირებულ პირობებში;

თ) სამეურნეო და ტექნიკური სამუშაოების შესრულების დროს;

ი) სპორტული შეჯიბრებისა და თამაშების მსვლელობისას;

კ) დაკრძალვის პროცესიაში მონაწილეობისას, გარდა ცერემონიის ფარგლებში განსაზღვრული შემთხვევებისა;

ლ) სამკურნალო  და რელიგიური დანიშნულების დაწესებულებებში;

მ) სასადილოსა და საპირფარეშოში.

10. გარდა ამ დანართის მე-9 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს, დაქვემდებარებული ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე განსაზღვროს დრო, ადგილი და ვითარება, როდესაც მხედრული მისალმება აუცილებელი არ არის. ამ ადგილებში უნდა გამოიკრას საინფორმაციო აბრა წარწერით: მხედრული მისალმება აუცილებელი არ არის“.

11. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პატაკის (მოხსენების) ჩაბარების მიზნით წარუდგება ოფიცერს შენობაში, იხდის თავსაბურავს და შესვლის ნებართვის მიღების შემდეგ შედის ოთახში, ჩერდება ოფიცრის სამუშაო მაგიდასთან დაახლოებით ორი ნაბიჯის დაშორებით, მხედრულად ესალმება მას და აბარებს პატაკს (მოხსენებას). სამხედრო მოსამსახურე არ დაუშვებს ხელს პატაკის (მოხსენების) დასრულებამდე და ვიდრე ოფიცერი არ დაუბრუნებს მხედრულ სალამს (შესაძლებელია, ოფიცერი შემოიფარგლოს სიტყვიერი მისალმებით). სამხედრო მოსამსახურე რჩება დგომზე „სმენა“ საუბრის დასრულებამდე ან სანამ ოფიცერი მისცემს დგომის შესაცვლელად შესაბამის კომანდას.  მათ შორის, საუბრის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე იღებს ნებართვას წასვლის შესახებ, ასრულებს მხედრულ მისალმებას და ელოდება მხედრულ სალამზე პასუხს, რის შემდეგაც ასრულებს შესაბამის ბრუნს და ტოვებს შეხვედრის ადგილს. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე აკეთებს მოხსენებას შენობაში და თან აქვს იარაღი, პროცედურა არის იგივე, იმ განსხვავებით, რომ იგი არ მოიხდის თავსაბურავს და მხედრულად მიესალმება იარაღით ისე, როგორც ეს იარაღით უნდა შესრულდეს ამ წესდების შესაბამისად. მსგავსი წესით ხორციელდება ოფიცერთან წარდგენა კარავში ან სხვა გადახურული კონსტრუქციის ოთახში.

12. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პატაკის (მოხსენების) ჩაბარების მიზნით შენობაში წარუდგება სერჟანტს, მოქმედებს ამ დანართის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ მოხსენების დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე დამოუკიდებლად (კომანდის გარეშე) მიიღებს დგომს „სააღლუმოდ თავისუფლად“.

13. შენობის გარეთ პატაკის (მოხსენების) ჩაბარებისას ან წარდგენისას, სამხედრო მოსამსახურე სწრაფად გადაადგილდება ოფიცრისკენ, ჩერდება მისგან დაახლოებით სამი ნაბიჯის დაშორებით, მიესალმება მხედრულად და აბარებს პატაკს (მოხსენებას). სამხედრო მოსამსახურე არ დაუშვებს ხელს მოხსენების დასრულებამდე და ვიდრე ოფიცერი არ დაუბრუნებს მხედრულ სალამს. სამხედრო მოსამსახურე რჩება დგომზე „სმენა“ საუბრის დასრულებამდე ან სანამ ოფიცერი მისცემს დგომის შესაცვლელად შესაბამის კომანდას. როდესაც ოფიცერი წასვლის ნებას დართავს სამხედრო მოსამსახურეს, ისინი კვლავ გაცვლიან მხედრულ სალამს. თუ სამხედრო მოსამსახურეს თან აქვს იარაღი, იგი შეასრულებს მხედრულ მისალმებას ისე, როგორც ეს ამ იარაღით უნდა შესრულდეს.

14. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც შენობის გარეთ სერჟანტს წარუდგება ან პატაკს (მოხსენებას) აბარებს მას, მოქმედებს ამ დანართის  მე-13 პუნქტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ პატაკის (მოხსენების) დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე დამოუკიდებლად (კომანდის გარეშე) მიიღებს დგომს „სააღლუმოდ თავისუფლად“.

15. სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომ სამხედრო მოსამსახურეებთან (რომლებიც შეიძლება, ამოიცნონ წოდებით ან მანქანაზე დამაგრებული სპეციალური ნიშნით ან დროშით) მხედრული მისალმება თავაზიანობის გამოხატვის ნიშნადაა მიჩნეული. მხედრული მისალმება არ არის აუცილებელი იმ პირების მიერ და მათთვის, რომლებიც მართავენ  ან მგზავრობენ პირადი მანქანით. გამონაკლისია საკონტროლო გამშვები პუნქტის მორიგე და თანაშემწეები, რომლებიც მხედრულად ესალმებიან სამხედრო მოსამსახურეს ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაში, თუ მისი სამხედრო წოდების ამოცნობა შესაძლებელია და ეს ხელს არ შეუშლის მათი მოვალეობის შესრულებას.  სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას, პირველი არ ესალმება მხედრუ­ლად.

16. სამხედრო წოდებით უფროსი სამხედრო მოსამსახურის მიახლოებისას, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც არ დგას მწყობრში, ბრუნდება სახით სამხედრო წოდებით უფროსი სამხედრო მოსამსახურისაკენ, იღებს დგომს „სმენა“ და ესალმება მას მხედრულად. სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფთან, რომლებიც არ დგანან მწყობრში, სამხედრო წოდებით უფროსი სამხედრო მოსამსახურის მიახლოებისას, ის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პირველი შენიშნავს მას, გასცემს კომანდას „ყურადღებით“. გაცემულ კომანდაზე ყველა სამხედრო მოსამსახურე ბრუნდება სახით სამხედრო წოდებით უფროსისაკენ, იღებს დგომს „სმენა“ და ესალმება მას მხედრულად. ეს მოქმედებები სრულდება, როდესაც სამხედრო წოდებით უფროსი სამხედრო მოსამსახურე იქნება ცალკეული სამხედრო მოსამსახურისგან ან სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფისგან დაახლოებით ათი ნაბიჯის დისტანციაზე. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მწყობრს გარეთ ისვენებენ, არ მიიღებენ დგომს „სმენა“ სამხედრო წოდებით უფროსი სამხედრო მოსამსახურის მოახლოებაზე, თუმცა, თუ იგი მიმართავს ცალკეულ სამხედრო მოსამსახურეს ან ჯგუფს, მათ უნდა მიიღონ დგომი „სმენა“ და შეინარჩუნონ ეს დგომი საუბრის დასრულებამდე (თუ სამხედრო წოდებით უფროსი სამხედრო მოსამსახურის მიერ სხვაგვარად არ არის ნაბრძანები). საუბრის დასრულებისას სამხედრო მოსამსახურე ან ჯგუფი ასრულებს მხედრულ მისალმებას. ერთმანეთის მიმართულებით გადაადგილებისას სამხედრო მოსამსახურეები მხედრულად ესალმებიან გაჩერების გარეშე ამ დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაგრამ, თუ ამ შემთხვევაში სამხედრო წოდებით უფროსი სამხედრო მოსამსახურე მიმართავს სამხედრო წოდებით უმცროსს, იგი უნდა გაჩერდეს, მივიდეს სამხედრო წოდებით უფროსთან, მიიღოს დგომი „სმენა“ და მიესალმოს მას მხედრულად.

17. ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას, როდესაც სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, პირველივე ნოტის გაგონებისთანავე  შენობის გარეთ მყოფი  სამხედრო ფორმაში ჩაცმული ქვეითად მყოფი პირადი შემადგენლობა ბრუნდება სახით დროშისკენ. თუ დროშა არ არის ხედვის არეში, მაშინ სახით იმ  მხარეს, საიდანაც ისმის სახელმწიფო ჰიმნი, მიიღებს დგომს „სმენა“ და ასრულებს მხედრულ მისალმებას. მხედრული მისალმება გრძელდება სახელმწიფო ჰიმნის ბოლო ნოტამდე. ქვედანაყოფები, რომლებიც არ მონაწილეობენ სამხედრო ცერემონიებში,  მხედრულად ესალმებიან მხოლოდ მეთაურის ან მწყობრზე პასუხისმგებელი პირის კომანდით. ამისათვის, ადგილზე მწყობრში დგომისას მეთაური ან მწყობრზე პასუხისმგებელი პირი გასცემს კომანდას „სმენა!“, შეაბრუნებს მწყობრს სახით სახელმწიფო დროშისკენ ან თუ დროშა არ არის ხედვის არეში, იმ მიმართულებით, საიდანაც ისმის სახელმწიფო ჰიმნი, რის შემდეგაც მეთაური ან მწყობრზე პასუხისმგებელი პირი მიიღებს დგომს „მხედრული მისალმება“. მწყობრის გადაადგილებისას მეთაური ან მწყობრზე პასუხისმგებელი პირი ჯერ შეაჩერებს მწყობრს და შემდეგ შეასრულებს მოქმედებებს ისევე, როგორც ადგილზე მწყობრში დგომისას. სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილებზე ან სამხედრო ობიექტებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩერდებიან, პირები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდებიან, გადმოდიან და იღებენ დგომს „მხედრული მისალმება“. ავტობუსებში და ავტომობილების ძარაზე მყოფი პირადი შემადგენლობა რჩება ადგილზე, მათ ეკრძალებათ რაიმე მოქმედება და საუბარი სახელმწიფო ჰიმნის დასრულებამდე, ხოლო პასუხისმგე­ბელი პირები უნდა ჩამოქვეითდნენ და მიიღონ დგომი „მხედრული მისალმება“. ტანკისა და სხვა შეჯავშნული მანქანის მეთაუ­რები მხედრულად ესალმებიან მანქანიდან. სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც არ აცვიათ სამხედრო ფორმა, მიიღებენ დგომს „სმენა“, მოიხდიან თავსაბურავს, თუ ახურავთ, და მარჯვენა ხელს მიიდებენ გულთან. თუ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება შენობაში, სამხედრო მოსამსახურეები დგებიან დგომზე „სმენა“ და ბრუნდებიან იმ მხარეს, საიდანაც ისმის სახელმწიფო ჰიმნი. ხოლო, თუ წარმოდგენილია სახელმწიფო დროშა, ბრუნდებიან დროშისკენ.

18. სამხედრო მოსამსახურები შალითიდან ამოღებულ დროშასთან ჩავლისას მხედრულად მიესალმებიან დროშას მისგან დაახლოებით ექვსი ნაბიჯის დაშორებით და ჩამოუშვებენ ხელს, როდესაც გასცდებიან მას დაახლოებით ექვსი ნაბიჯით. სამხედრო მოსამსახურეები ასრულებენ იმავე მოქმედებებს, როდესაც მათ წინ ჩამოატარებენ დროშას. დროშებს, რომლებიც აღ­­ლუ­მებსა და სხვა ღონისძიებებზე  დამსწრეებს უჭირავთ, აღმართულია შენობაზე ან გამოკრულია, მხედ­რულად არ ესალმებიან.

19. დაუშვებელია მხედრული მისალმება მარჯვენა ხელში რაიმე საგნით, თამბაქოს მოწევასთან ერთად, ასევე სხვა საყოველთაოდ აღიარებული ზოგადზნეობრივი ნორმების დარღვევით.

20. სამხედრო გემზე ასვლისას, როდესაც სამხედრო მოსამსახურე ასასვლელი კიბის ბოლოს წინა საფეხურზე დადგება, უნდა შებრუნდეს სახით საქართველოს სახელმწიფო დროშისაკენ და მხედრულად მიესალმოს მას. ამ მისალმების დასრულების შემდეგ, მხედრულად მიესალმება გემბანზე მდგომ მორიგე ოფიცერს და ითხოვს გემზე ასვლის ნებართვას:   ბატონო  ------- , ნება მომეცი ამოვიდე ხომალდზე. მორიგე ოფიცერი უპასუხებს მხედრულ სალამზე. გემის დატოვებისას  სამხედრო მოსამსახურე მხედრულად მიესალმება მორიგე ოფიცერს და ითხოვს გემის დატოვების ნებართვას:  „ბატონო  -------, ნება მომეცით, დავტოვო ხომალდი,  მორიგე ოფიცერი უპასუხებს მხედრულ სალამზე. ამის შემდეგ, ბრუნდება სახით სახელმწიფო დროშისკენ, მხედრულად მიესალმება მას და დატოვებს გემბანს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია