თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.021733
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25
14/01/2020
ვებგვერდი, 15/01/2020
200250000.10.003.021733
თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/01/2020 - 31/01/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №25

2020 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 129-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია




ინსტრუქცია

თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

„თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს თავისუფალი ზონის (შემდგომში – თზ) შექმნის, მოწყობის, მისი შექმნის პირობების და ფუნქციონირების, თზ-ის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის გაანგარიშების, გარანტიის სახეების განსაზღვრისა და წარდგენის წესს, თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის მიმართ თზ-ის პერიმეტრზე არსებულ შესასვლელებსა და გამოსასვლელებში განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში გადაადგილებული საქონლის, აგრეთვე თზ-ში საქონლის შენახვის წესებს, თზ-ში მოთავსებული საქონლის აღრიცხვისათვის ვალდებული პირების – საქონლის მომთავსებლის (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო) მოვალეობებსა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2

ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართვე­ლოს საბაჟო კოდექსით, „თავისუფალი ინდუსტრი­ული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამავე ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვა­ლისწინებული.

თავი II

გარანტია

მუხლი 3

1. თზ-ის ორგანიზატორს ევალება გარანტიის წარდგენა. გარანტიის ოდე­ნობა განისაზღვრება წარდგენილი თზ-ის მოწყობის გეგმის შესაბა­მისად თზ-ის მიწის ნაკვეთის ფართობის ყოველ 1 კვადრატულ მეტრზე 2 ევროს ოდენობით, არაუმეტეს 500 000 ევროს ოდენობისა.

2. ამ მუხლში მითითებული გარანტია წარმოადგენს:

ა) „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − შემოსავლების სამსახურთან (შემდგომში – სამსახური) შეთანხმებულ თზ-ის მოწყობის გეგმაში ასახული საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის, ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის საშუალებას;

ბ) თზ-ის ფუნქციონირების პერიოდში შესაძლო წარ­მო­ქმნილი საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნ­ველ­ყოფის გარანტიას.

3. გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წე­ლ­ზე ნაკლები. ამასთან, თზ-ის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი თზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის გან­მავლობაში.

4. თზ-ის ორგანიზატორმა გარანტია უნდა წარადგინოს თზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვეში.

5. გარანტიის ვადის ყოველი შემდგომი გაგრძელების და­მა­დასტუ­რე­ბე­ლი დოკუმენტი (ასევე არანაკლებ ერთი წლის ვადით, მაგრამ არაუმე­ტეს თზ-ის სტატუსის მოქმედების დარჩენილი ვადისა) წარმოდგენილი უნ­და იქნეს მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვამდე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან ახალი გარანტიის წარმოდგენ­ამ­დე იკრძალება თზ-ში საქონლის შეტანა და თზ-დან საქონლის გატანა.

7. გარანტიის შესრულების (რეალიზაციის) შემდეგ არაუგვიანეს ერთი თვისა ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს გარანტიის პირველად ოდენობამდე შევსება.

8. ყოველ 10 წელიწადში გარანტიის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოდენობა შეიცვლება ინფლაციისა და ვალუტის კურსის ცვლილებების გათვალისწინებით.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული გარანტია წარედგინება სამსახურს.

მუხლი 4

1. გარანტიის სახეებია:

ა) საბანკო გარანტია, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) გარანტის სრული დასახელება და იურიდიული მი­სამართი;

ა.ბ) პრინციპალის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.გ) ბენეფიციარი;

ა.დ) გარანტიის ობიექტი და გარანტის ვალდებულება;

ა.ე) გარანტიის მოქმედების ტერიტორია;

ა.ვ) გარანტიის თანხა და გარანტიის მოქმედების პერიოდი;

ა.ზ) დადასტურებას, რომ გარანტი იღებს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში. ამასთან:

ბ.ა) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებუ­ლე­ბების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად დეპოზიტის გამოყენების შემთხვევაში, ორგანიზატორი სათანადო თანხას შეიტანს სახელმწიფო ხაზინაში კომერციული ბანკის მეშვეობით ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე – დეპოზიტების საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე, რის შესახებაც სახელმწიფო ხაზინა სამსახურს მიაწვდის შესაბამის ინფორ­მაციას ერთდროულად ელექტრონული და წერილობითი ფორ­მით;

ბ.ბ) ორგანიზატორი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საგადახდო დავალებას, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით განსაზღვრული წესით;

ბ.გ) სახელმწიფო ხაზინაში ბიუჯეტის შემოსულობის ერთი­ან ანგარიშზე დეპოზიტის სახით კომერციული ბანკის მეშვეო­ბით თანხის შეტანა შეიძლება როგორც ნაღდი ფულით, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით;

ბ.დ) დეპოზიტზე ყოფნის დროს თანხაზე პროცენტის დარიცხვა, აგრეთვე თანხის ინდექსაცია არ ხდება;

გ) დაზღვევის პოლისი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

გ.ა) მზღვეველის სრული დასახელება და იურიდიული მი­სამართი;

გ.ბ) დამზღვევის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;

გ.გ) დაზღვეული (მოსარგებლე);

გ.დ) დაზღვევის ობიექტი;

გ.ე) სადაზღვევო თანხა;

გ.ვ) დაზღვევის მოქმედების ტერიტორია;

გ.ზ) დაზღვევის მოქმედების პერიოდი;

გ.თ) დადასტურება, რომ გარანტი (მზღვეველი) იღებს გამოუწვევად ვალ­დებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გა­რე­შე გადაუხადოს დაზღვეულს (მოსარგებლეს) ნებისმიერი თანხა ან თა­ნ­ხები, მაგრამ არაუმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

2. გარანტიის დეპოზიტის სახით წარდგენის შემთხვევაში:

ა) საბაჟო ორგანო ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის მიერ გაცემული ინფორმაციისა და ვალდებული პირის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების ურთიერთშედარებას. კერძოდ, ამოწმებს, თუ რამდენად შეესაბამება საგარანტიო თანხა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით გაანგარიშებულ ოდენობას. შეუსაბამობის შემთხვევაში საგადახდო დავალება არ მიიღება;

ბ) თანხის შემტანის მიერ თანხის განკარგვა ხორ­ციელ­დება სახელმწიფო ხაზინის შესაბამისი ანგარიშიდან. შესა­ბამისი საბაჟო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინისათვის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია დეპოზიტზე თანხის შემტანის მიერ მისი განკარგვა;

გ) საგადახდო დავალების ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას მისი რეგისტრაცია ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოს მიერ, რომელიც განახორციელებს თზ-ის პერიმეტრზე განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლს.

3. გარანტიის საბანკო გარანტიის ან დაზღვევის პოლისით წარდგენის შემთხვევაში:

ა) სამსახური განიხილავს საბანკო გარანტიას/დაზღვევის პოლისს ამ ინ­სტრუქ­ციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დად­გენის მიზნით;

ბ) საბანკო გარანტიის/დაზღვევის პოლისის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სამსა­ხუ­რი ახდენს გარანტიის რეგისტრაციას და იტოვებს მის დედანს, ხოლო და­მოწმებულ ასლს გადასცემს ორგანიზატორს.

მუხლი 5

გარანტია წარმოადგენს ამ ინსტრუქციის დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და თზ-ის ფუნქციონირების დაწყებისას ამ გარანტიის მიმართ ბენე­ფიციარის სტატუსი გააჩნია სამსახურს.

 

თავი III

ტექნიკური, საორგანიზაციო და სხვა მოთხოვნები თზ-ის მოწყობისას

მუხლი 6

1. სავალდებულოა თზ-ს გააჩნდეს ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი, კაპიტალურად დამონტაჟებული მასალის არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლის ღობე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პერიმეტრის გეოგრაფიული მდებარეობა (უშუალოდ ზღვის, მდინარის, ჭაობის, კლდის მომიჯნავედ არსებული პერიმეტრი) შეუძლებელს ხდის ღობის აღმართვას, ან როდესაც არსებული პერიმეტრის მომიჯნავედ განთავსებულია ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვილი 2 მეტრი სიგანისა და სიღრმის თხრილი. ღობეს მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 200 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის, „მანათობელი“ საღებავის გამოყენებით დამზადებული ფირნიში (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომელზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა იყოს წარწერა: „საბაჟო კონტროლის ზონა“ – „Customs Control Zone“.

2. თზ-ის ტერიტორიაზე არსებული მიწისზედა და მიწისქვეშა შენობა-ნაგებობები და სხვა ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა შესასვლელ-გამოსასვლელი საბაჟო გამშვები პუნქტებისა, ასევე წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის ელექტრო- და გაზმომარაგების კონსტრუქციებისა) არ უნდა კვეთდეს თზ-ის ღობის ვერტიკალურ სიბრტყეს.

3. თზ-ში კანონმდებლობით დადგენილი წესით (ორგანიზატორის მიერ და მისივე ხარჯით) მოეწყობა თზ-ში შესასვლელები და გამოსასვლელები – საბაჟო გამშვები პუნქტები. საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა მოიცავს:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიის, მასზე შენობა-ნაგებობების, სპეციალური ტექნიკის განთავსების პროექტის შეთანხმებას სამსახურთან;

ბ) სპეციალიზებული საავტომობილო და სხვა სახის (რაოდენობის, სიმძლავრის და ა.შ. განსაზღვრისთვის საჭირო) სასწორის განთავსებას;

გ) საქონლის (მათ შორის, რადიაციული, იარაღის (ფეთქებადი მასალა), ნარკოტიკული საშუალების) მალულად გადაადგილების აღკვეთისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით სატრანსპორტო საშუალების გახსნის გარეშე საქონლის დათვალიერების, რადიაციული, იარაღის, ნარკოტიკულ საშუალებათა გამომვლენი საშუალებების (რენტგენულ გამოსხივებაზე დამყარებული) რაოდენობის, სიმძლავრის განსაზღვრას და საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვას. სპეციალურ საშუალებებში იგულისხმება, აგრეთვე, სპეციალიზებული კინოლოგიური მომსახურება;

დ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფასა და შესაბამისად აღჭურვას (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);

ე) საბაჟო ორგანოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფას;

ვ) საბაჟო დეკლარაციის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) შევსებას, გამოწერას, კონტროლის დაწესებას, მოხსნისთვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის არსებობას;

ზ) საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოსახულების მიმდინარე რეჟიმში ელექტრონული საშუალებით საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ტექნიკური საშუალების არსებობას;

თ) ნებართვას დაქვემდებარებული საქონლის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი, თზ-ში საქმიანობის სავარაუდო გეგმის მიხედვით შესაბამისი მასშტაბის ლაბორატორიის მოწყობას;

ი) სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკა-დანადგარების რაოდენობის, სახეობის განსაზღვრასა და საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობის პირობების და მოთხოვნების შემცირების ან გაზრდის უფლებამოსილება აქვს სამსახურს.

5. შესაძლებელია შეიცვალოს თზ-ის ფუნქციონირებისათვის დადგენილი პირობები, რის შესახებაც ერთი წლით ადრე ეცნობება ორგანიზატორს ფუნქციონირების ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ორგანიზატორის წინააღმდეგობის შემთხვევაში სათანადო პასუხისმგებელი ორგანო თავად უზრუნველყოფს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ამისათვის საკმარისი ფუნქციონირების ვალდებულებების უზრუნველმყოფი გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციის საშუალებით.

თავი IV

თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი

მუხლი 7

1. საქართველოს მთავრობისათვის თზ-ის შექმნის ინიციატივით ორგანიზატორის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის (შემდგომში – სამი­ნისტრო) დას­კვნის მომზადების მიზნით წარდგენილ განცხა­დებას სამინისტრო თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად უგზავნის სამ­სახურს.

2. თანდართული დოკუმენტაციის სახით წარდგენილი უნდა იქნეს ის ინფორმაცია, რაც საკმარისია საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების სახეობის, სიმძლავრის, უსაფრთხოების, რაოდენობის, განლაგების, დაპროექტების, სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის, ასევე სხვა პარამეტრების შესახებ სამსახურის მიერ მოთხოვნების განსაზღვრისათვის, აგრეთვე ვალდებულებას ფუნქციონირების დაწყების ვადის ფარგლებში ამ მოთხოვნების შესრულების თაობაზე, ან მტკიცებულებებს, რომ დაკმაყოფილებულია თზ-ის შექმნისათვის სამსახურის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

3. იმ შემთხვევაში, როცა თზ-ისათვის განკუთვნილი ტერიტორიის საზღვრების განლაგების მიხედვით ან/და ორგანიზატორის სურვილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შესვლა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შეტანა, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან პირის გასვლა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გატანა განხორციელდება უშუალოდ თზ-ისათვის განკუთვნილი ტერიტორიიდან, აუცილებელია წარდგენილ იქნეს ინფორმაცია სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, ტექნიკური სტანდარტებისადმი შესაბამისობისა და ხარისხის ან/და სხვა კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების სახეობის, სიმძლავრის, უსაფრთხოების, რაოდენობის, განლაგების, დაპროექტების, სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების, აგრეთვე, სხვა პარამეტრების შესახებ მოთხოვნების განსაზღვრისათვის.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემული ინფორ­მაციის საფუძველზე თზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების მომზადების მიზნით განცხადების რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.

5. სამსახურის უფროსს უფლება აქვს, ჯგუფის შემადგენლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე თზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე ან განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადაა განცხადების რეგისტრაციიდან 25 კალენ­დარული დღე.

მუხლი 8

1. ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სამუშაო ჯგუფი იწყებს მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას. გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად.

2. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით, გარკვეული პერიოდულობით გამართოს ზეპირი მოსმენა. ზეპირი მოს­მენის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ჯგუფის უფროსი საკუთარი ინიციატივით, ან განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

3. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე სხდომის ხელმძღვანელი ვალდებულია, სხდომა გამოაცხადოს დახურულად.

4. დამატებითი ინფორმაციის წარდგენის საჭიროებისას სამუშაო ჯგუფი მართავს ზეპირი მოსმენის სხდომას და განმცხადებელთან შეთანხმებით განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის ფარგლებშიც განმცხადებელი ვალდებულია, წარადგინოს ინფორმაცია. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს განცხადების სამსახურში რეგისტრაციიდან 10 კალენდარულ დღეს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმით დადგენილ ვა­დაში ინფორმაციის წარუდგენლობა არის თზ-ის შექმნისათვის სა­ჭი­რო პირობების განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცე­მის სა­ფუძველი.

6. ამ მუხლში აღნიშნული წესით განსაზღვრული ვადის თაობაზე ეცნობება სამინისტროს.

მუხლი 9

თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს თზ-ის ფუნქციონირების დაწყების ვადა, რომელიც მოიცავს თზ-ის შექმნის ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების, საქართველოს მთავრობის, საქართველოს მინისტრის სამართლებრივ აქტებში თზ-ის ფუნქციონირების დაწყებისათვის აუცილებელი ცვლილებისა და დამატებების მიღების, საბაჟო გამშვები პუნქტების შექმნის, შესაბამისი კადრებით დაკომპლექტების, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების ტექნოლოგიური სქემის მომზადების ვადას.

მუხლი 10

1. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფუნქციონირების დაწყებამდე ორგანიზატორს უფლება აქვს, დაიწყოს შეზღუდული საქმია­ნობა თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ამ ინსტრუქციის მე-11–მე-18 მუხლებით გათვალისწინებული წესით თზ-ის შესა­ბა­მი­სობის დადასტურების გარეშე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ასახული უფლების რეალიზაციისათვის ორგანიზატორი წერილობით მიმართავს სამინისტროს თზ-ის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის წინადადებით, აგრეთვე, სამსახურს – თზ-ის ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის შემუშავების თხოვნით.

3. ტექნოლოგიური სქემით განისაზღვრება:

ა) თზ-ში შესატანი ან/და თზ-დან გასატანი საქონლის საბაჟო ფორმალობების განხორციელების ადგილები;

ბ) საბაჟო ფორმალობების განხორციელების ადგილიდან თზ-ში ან პირიქით გადაადგილების წესი;

გ) თზ-ის შესასვლელსა და გასასვლელში საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დაწყებისა და დასრულებისათვის აუცილებელი მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი.

4. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული წესით შემუშავებული ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად განახორციელოს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ნებისმიერი ღონისძიება თზ-ის მთელ ტერიტორიაზე.

5. თზ-ის ფუნქციონირებამდე შეზღუდული საქმიანობის დაწყებისათვის უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:

ა) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით ტექნოლოგიური სქემის დამტკი­ცება;

ბ) ორგანიზატორის მიერ თზ-ის შესასვლელსა და გასასვლელში საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დაწყებისა და დასრულებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური სქემით განსაზღვრული მინიმალური აღჭურვილობის დამონტაჟება და მისი სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

გ) ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები;

დ) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის 10%-ის ოდენობით სამსახურისათვის წარდგენა;

ე) თზ-ის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდე­ბუ­ლე­ბათა შესახებ ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრო­ბას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლი­ლე­ბის შეტანა.

6. ორგანიზატორს უფლება აქვს, სამსახურისათვის ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის 50%-ის ოდენობით წარდგენის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული შეზ­ღუდული საქმიანობის დაწყებისათვის დადგენილი აუცილებელი პირობებიდან არ შეასრულოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები.

7. ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული თზ-ის ფუნქციონირების დაწყების მზადყოფნის შესახებ შეტყობინების გამოცემამდე აკრძალულია თზ-ის ტერიტორიაზე შეტანილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამუშავებული საქონლის (მათ შორის, ნარჩენის) თზ-ის ტერიტორიიდან გატანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება თზ-ში შეტანილი საქონლის უკან დაბრუნების მიზნით გატანა, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, ან განადგურება.

მუხლი 11

1. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფუნქციონირების ვადის და­წყე­ბის ამოწურვამდე 20 კალენდარული დღით ადრე, ან ვადამდე ორგანიზატორის განცხადების საფუძველზე სამსახურის უფრო­სი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენ­ლობა. იმ შემთხვევაში, როცა ჯგუფი იქმნება ორგანიზატორის გან­ცხადების საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი გამოიცემა განცხადების სამსახურში რე­გის­ტრაციიდან 3 დღის ვადაში.

2. სამსახურის უფროსს უფლება აქვს, ჯგუფის შემად­გენლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.

3. ჯგუფის ამოცანაა, დაადასტუროს ან უარყოს თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გან­საზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობა.

4. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს თზ-ის დათვალიერების თარიღს და აღნიშნულის შესახებ ატყობინებს ორგანიზატორს.

5. თზ-ის დათვალიერებისას დგება დათვალიერების შედე­გე­ბის ამსახველი აქტი, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრი.

მუხლი 12

თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადა­წყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამი­სობის დადასტურების შემთხვევაში ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნის მოთხოვნას ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის შესაბამის საბაჟო ორგა­ნოში დარეგისტრირების თაობაზე, ხოლო გარანტიის რეგისტრაციის მეორე სამუშაო დღეს ორგანიზატორსა და სამინის­ტროს სამსახური უგზავნის შეტყობინებას თზ-ის ფუნქცი­ონირების დაწყების მზადყოფნის შესახებ.

მუხლი 13

1. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გა­დაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესა­ბამი­სობის უარყოფის შემთხვევაში თზ-ის დათვალიერების შედეგე­ბის ამსახველ აქტში ფიქსირდება ინფორმაცია ნაკლო­ვა­ნე­ბებისა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებათა შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინ­ფორმაციას სამინისტროს უგზავნის სამსახური. სამსახურის მი­ერ გაგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო იწყებს მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას და ზეპირი მოსმენის გა­მარ­თვის შემდგომ ადგენს დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას.

მუხლი 14

ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული წე­სით განსაზღვრული ვადის ფარგლებში თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მო­თხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტუ­რებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისას ორგანიზა­ტო­რი წერილობით ატყობინებს სამსახურსა და სამინისტროს.

მუხლი 15

ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული წე­სით განსაზღვრული ვადის ფარგლებში თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მო­თხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელ თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსი­რებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე ორგანიზა­ტორის წერილობითი შეტყობინების მიუღებლობისას სამსახური აყენებს საკითხს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) შესახებ.

მუხლი 16

1. ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლში აღნიშნული წერილო­ბითი შეტყობინების სამსახურში რეგისტრაციიდან მეორე სამუ­შაო დღეს სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზ­ღვრე­ბა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.

2. სამსახურის უფროსს უფლება აქვს, ჯგუფის შემადგენ­ლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.

3. ჯგუფის ამოცანაა, დაადასტუროს ან უარყოს თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა.

4. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს თზ-ის დათვალიერების თარიღს და ატყობინებს აღნიშნულის შესახებ ორგანიზატორს.

5. თზ-ის დათვალიერებისას დგება თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველი აქტი, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრი.

მუხლი 17

თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადა­წყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამი­სობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის დადასტურების შემთხვევაში ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნის მოთხოვნას ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ გარანტიის შესაბამის საბაჟო ორგა­ნოში დარეგისტრირების თაობაზე, ხოლო გარანტიის რეგისტრა­ციის მეორე სამუშაო დღეს ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნის შეტყობინებას თზ-ის ფუნქციონირების და­წყების მზადყოფნის შესახებ.

მუხლი 18

იმ შემთხვევაში, როცა ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლში მითითებული დათვალიერების აქტით არ დადასტურდება თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა, სამსახური აყენებს საკითხს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) შესახებ.

მუხლი 19

თზ-ის ფუნქციონირების ვადის განმავლობაში ორგანიზა­ტორი ვალდებულია, უზრუნველყოს თზ-ის ფუნქციონირების და­წყებამდე არსებული ინფრასტრუქტურის, ტექნიკა-დანადგა­რების სამუშაო რეჟიმში ყოფნა, ინფრასტრუქტურაში შემავალი ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების მიმდინარე, კაპიტალური რე­მონტი, შეცვლა, მათი განახლება.

მუხლი 20

ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლში მითითებული ვალდებუ­ლების შეუსრულებლობისას თზ-ის საწარმოების მომსახურე­ბის/ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სახელ­მწი­ფო ორგანო ვალდებულია, ორგანიზატორს ან თზ-ის შემ­თხვევაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – თზ-ის საა­გენ­ტოს (შემდგომში – თზ-ის სააგენტო) წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა ინფრასტრუქტუ­რაში შემავალი ელემენტების ან/და ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით მათი მიმდინარე, ან კაპიტალური რემონტის, ან შეცვლის თაობაზე. თზ-ის სააგენტო წერილობითი მოთხოვნის რეგისტრა­ციიდან ერთი დღის ვადაში მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს მოთხოვნის შესრუ­ლების გონივრულ ვადას და ატყობინებს ზემოაღნიშნულის შე­სახებ ორგანიზატორს.

 

თავი V

თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა და გარანტიიდან თანხის ჩამოჭრა

მუხლი 21

1. ამ მუხლის მიზნებისათვის თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობად ითვლება თზ-ის შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პერიოდში ნებისმიერი წესის/პირობის დარღვევა (მათ შორის, ორგანიზატორის მიერ საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია თზ-ის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის.

2. თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, რომელზეც წარდგენილია ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარან­ტია, გარანტიის შესრულების (რეალი­ზაციის) მოთხოვნას ან გარანტიი­დან საჭირო ოდენობის ფულადი თანხის ჩამოჭრას ახორ­ციელებს სამსა­ხური.

3. ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლში მითითებული ვადის განმავლობაში მოთხოვნის შეუსრულებლობისას წერილობითი მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო ფულადი თანხის ოდენობა და გაუგზავნოს საბაჟო ორგანოს წერილობითი შეტყობინება გარანტიიდან ამ თანხის ჩამოჭრის თაობაზე. საბაჟო ორგანო ვალდებულია, წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში გარანტს მოსთხოვოს თანხის ჩამოჭრა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფას გარანტიიდან ჩამოჭ­რილი ფულადი თანხის ფარგლებში ახორციელებს თზ-ის სააგენტო, ხოლო თზ-ის სააგენტოს მიერ მოთხოვნის შესრულების შემდგომ დაუხარჯავი ფულადი თანხის არსებობის შემთხვევაში აღნიშ­ნული თანხა უნდა დაუბრუნდეს ორგანიზატორს.

5. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ვალდე­ბულების შეუსრულებლობისას სამსახური მიმართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შე­წყვე­ტის) მოთხოვნით.

6. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება გარანტიიდან მო­თხოვნილი თანხის მიღება, ორგანიზატორი ვალდებულია, წარ­მო­ად­გინოს ახალი გარანტია ან უზრუნველყოს მოთხოვნილი თანხის დაფარვა ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახური მიმართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) მოთხოვნით.

7. ორგანიზატორის მიერ ფუნქციონირების ვადის განმავლობაში თზ-ის საწარმოების მომსახურების/ზედამხედვე­ლობის განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის განხორციელებისათვის გარანტიიდან ჩამოჭრი­ლი თანხის თზ-ის სააგენტოს მიერ განკარგვის წესის შემუშავებას ერთობ­ლივად უზრუნველყოფენ სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თზ-ის ფუნქციონირების დაწყებამდე.

მუხლი 22

თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გა­დაწყვეტილების მიღების შემდეგ ან/და თზ-ის ფუნქციონირების პერიოდში, თუ სამსახური აღმოაჩენს, რომ თზ-ში განსხვავებული საქმიანობის დაწყების ან სხვა გარემოების გამო საჭი­როა თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნებისაგან განსხვავებული მოთხოვნის დამატებით შესრულება, იგი ვალდებულია, ამის შესახებ გონივრულ ვადაში წერილობით აცნობოს ორგანიზატორს, ხოლო ამ უკანასკნელმა წერილის მიღებიდან 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მოთხოვნის დაკ­მაყოფილება. ამ ვადის განმავლობაში მოთხოვნის შეუსრულებ­ლობის შემთხვევაში მისი იძულების წესით შესრულება ხორციელდება ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მიხედვით.

 

თავი VI

საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების, თზ-ში საქონლის შენახვის წესები

მუხლი 23

1. თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თზ-ის სა­ზ­ღვრებზე (პერიმეტრის ზღუდეზე) პირის, საქონლის ან/და სა­ტრანსპორტო საშუალების გადაადგილების, თზ-ში არსებული ან/და შენახული საქონლის კონტროლს ახორციელებს საბაჟო ორგანო.

2. საბაჟო კონტროლის პროცედურები ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

3. თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიურ სქემას შეიმუშავებს სამსახური.

მუხლი 24

იმ შემთხვევაში, როცა თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის მიზნით საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა ხორციელდება თზ-ის შესასვლელებსა და გასასვლელებზე განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიის გარდა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელების სხვა ადგილებში, ამ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის საბაჟო კონტროლი ხორციელდება ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად.

მუხლი 25

საქონლის შენახვის ადგილის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორცი­ელების შესაძლებლობა და ამ მიზნით საწყობში განთავსებული საქონლის შესაბამისი განლაგება.

მუხლი 26

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი განაცხადებს, რომ თზ გამოყენებული იქნება არსებითად მომსახურების გაწევის მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, დაადგინოს ამ ინსტრუქციის მე-3 თავით გათვალისწი­ნებული მოთხოვნებისაგან განსხვავებული უფრო გამარტივე­ბული მოთხოვნები. თზ-ში არსებითად სხვა საქმიანობაზე გა­დასვლის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს ორგანიზატორს მოსთხოვოს, გონივრულ ვადაში დააკმაყოფილოს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული პირობები.