შპს „ზეკარი +“-ის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

შპს „ზეკარი +“-ის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/33325-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 06/01/2020
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2020
სარეგისტრაციო კოდი
2/33325-19
06/01/2020
ვებგვერდი, 13/01/2020
შპს „ზეკარი +“-ის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/33325-19

 განჩინება

საქართველოს სახელით

 გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში

მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 2020 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია


მოვალე – შპს ,,ზეკარი +“ (ს/კ 401948675)

წარმომადგენელი ინგა გაბრიელიანი

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2019 წლის 31 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ზეკარი +“-ის წარმომადგენელმა ინგა გაბრიელიანმა და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში აღნიშულია, რომ შპს „ზეკარი +“ რეგისტრირებულია 2010 წლის 23 ივლისს. კომპანია იძულებული გახდა 2019 წელს შეეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა. 2019 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიას კრედიტორების მიმართ გააჩნია 43 994.17 ლარის ოდენობის დავალიანება. კომპანიას დაუდგა ვალდებულების შესრულების დრო. ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიას არ შეუძლია დავალიანებების გასტუმრება, რის გამოც ამჟამად ორგანიზაციის ანგარიშებს ადევს ინკასო. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში თავისი ქონებით და სახსრებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

განცხადების შეტანის დროისათვის საზოგადოებას არ გააჩნია ქონება.

საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობა: სს „თიბისი ბანკში“ შპს „ზეკარი +“-ს (ს/კ 401948675) გახსნილი აქვს ანგარიშები და 2017 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით აღნიშნულ კომპანიის ანგარიშზე ნაშთი არ ფიქსირდება. სს ,,საქართველოს ბანკში‘’ შპს „ზეკარი +“-ს (ს/კ 401948675) გახსნილი აქვს ანგარიშები და 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით აღნიშნულ კომპანიის ანგარიშზე ნაშთი არ ფიქსირდება.

შპს ,,ზეკარი +“-ს (ს/კ 401948675) უზრუნველყოფილი კრედიტორები არ ჰყავს. ასევე საზოგადოებას არ ჰყავს დებიტორები.

აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა მოითხოვა, შპს „ზეკარი +“-ის მიმართ გაკოტრების დაწყება. ამასთან კომპანიის დირექტორი განცხადებაში მიუთითებს, რომ ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

შპს „ზეკარი +“-ის ვალდებულება 2019 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით 43 994,17 ლარს შეადგენს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 24/12/2019 წლის ცნობით ირკვევა, რომ შპს „ზეკარი +“-ს უფიქსირდება მოქმედი და დახურული საბანკო საანგარიშსწორებო ანგარიშები შემდეგ ბანკებში: სს „საქართველოს ბანკში“, სს ,,თიბისი ბანკში‘’ მოქმედი , ხოლო სს „ტაოპრივატბანკში“, სს „პროკრედიტ ბანკში“, სს ,,ტერა ბანკში‘’ კომპანიის ანგარიშები დახურულია.

სს „თიბისი ბანკისა“ და სს „საქართველოს ბანკის“ ცნობების თანახმად შპს „ზეკარი +“-ის ანგარიშებზე თანხა არ არის განთავსებული.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 დეკემბრის №442234 ცნობის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს ,,ზეკარი +“-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, ასევე არ არის რეგისტრირებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ამავე სააგენტოს 2019 წლის 26 დეკემბრის №449707 ცნობის თანახმად შპს ,,ზეკარი +“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 დეკემბრის №49/6/1/1/2-01940058 ცნობით ირკვევა, რომ შპს ёზეკარი +‘’-ის სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება.

განცხადებას ერთვის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება შპს „ზეკარი +“-ის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორის მოთხოვნები, ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ზეკარი +“-ს (ს/კ 401948675) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა, ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე ხათუნა ჯინორია.