სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.021722
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
09/01/2020
ვებგვერდი, 10/01/2020
240110000.10.003.021722
სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/01/2020 - 01/04/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №14

2020 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესი“.
მუხლი 2
ფიზიკური პირები, რომელთა შესახებ ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეტანილი აქვს რეესტრებში და ისინი ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად ახორციელებენ არაორგანიზებულ წარმოებას, ჩაითვალონ  ოჯახური წარმოების სუბიექტად რეგისტრირებულად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესი

მუხლი 1. მიზანი და გამოყენების სფერო

1. სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესი (შემდგომში − წესი)   მიზნად ისახავს:

ა) იმ ფიზიკური პირის საქმიანობის ხელშეწყობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად  წარმოადგენს ოჯახური წარმოების სუბიექტს (შემდგომში – ოჯახური წარმოების სუბიექტი) და ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას ან/და პირველად წარმოებას არაორგანიზებულად;

ბ)  შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას;

გ)  მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.

2. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესის  მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ოჯახური წარმოება – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და პირველადი წარმოება არაორგანიზებულად;

ბ) ოჯახური წარმოების სუბიექტი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას ან/და პირველად წარმოებას არაორგანიზებულად;

გ) არაორგანიზებული წარმოება − ოჯახური წარმოების სუბიექტის  მიერ სურსათის/ცხოველის საკვების  წარმოება ან/და პირველადი წარმოება ამ წესის მე-4  მუხლით  განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 3. ზოგადი მოთხოვნები

1. ამ წესით განსაზღვრულ ოჯახური წარმოების სუბიექტზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული:

ა)  სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) ბიზნესოპერატორის აღიარება;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჰიგიენის წესები;

დ) მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესები.

2. ამ წესით განსაზღვრულ ოჯახური წარმოების სუბიექტზე,  ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფარგლებში, ვრცელდება ამავე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

მუხლი 4. არაორგანიზებული წარმოება

1. სურსათის/ცხოველის საკვების ან/და პირველადი პროდუქტის  წარმოება წარმოადგენს არაორგანიზებულ წარმოებას, თუ ოჯახური წარმოების სუბიექტის  საკუთრებაშია,  ფლობს  ან/და აწარმოებს ერთ-ერთს მაინც ჩამოთვლილთაგან:

ა) არაუმეტეს 300 ფრთა ფრინველი და მისგან წარმოებული ხორცი ან/და კვერცხი;

ბ) არაუმეტეს 10 ფუტკრის სკა და მისგან წარმოებული თაფლი;

გ)  არაუმეტეს 30  სული ბოცვრისნაირი და მისგან წარმოებული ხორცი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული მსხვილფეხა საქონლისგან მიღებული რძე და რძის ნაწარმი, იმ შემთხვევაში, თუ ამ მსხვილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 5  სულს;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული წვრილფეხა საქონლისგან მიღებული რძე და რძის ნაწარმი, იმ შემთხვევაში, თუ ამ  წვრილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 15  სულს;

ვ) არაუმეტეს 2 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე წარმოებული სურსათი ან/და ცხოველის საკვები. 

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა არ გამორიცხავს ოჯახური წარმოების სუბიექტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რამდენიმე საკუთრების ერთდროულად ფლობას. 

3. ოჯახური წარმოების სუბიექტის მიერ წარმოებულ სურსათს/ცხოველის საკვებს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია, სულ მცირე, ოჯახური წარმოების სუბიექტის რეგისტრაციის ნომრის შესახებ.

მუხლი 5. მოთხოვნები ოჯახური წარმოების სუბიექტის მიმართ

ოჯახური წარმოების სუბიექტი ვალდებულია:

ა) რეგისტრაცია გაიაროს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში − სააგენტო);

ბ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;

გ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას;

დ) უზრუნველყოს ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) კეთილდღეობა;

ე) უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაზიდვა და რეალიზაცია,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

თ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;

ი) შეასრულოს სააგენტოს  მითითებები იმ მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის მცენარის სიჯანსაღეს;

კ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;

ლ)  საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

მუხლი 6. რეესტრის წარმოება და რეგისტრაციის გაუქმება

1. ოჯახური წარმოების სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.

2.  სააგენტო ქმნის და აწარმოებს მონაცემთა ერთიან ბაზას, რომელიც მოიცავს ოჯახური წარმოების სუბიექტის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: სახელს, გვარს, პირად ნომერს, ფაქტობრივ მისამართს, საქმიანობის სახეს.

3. ოჯახური წარმოების სუბიექტის რეგისტრაციისთვის, რეგისტრაციის განახლებისა და  მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოებისთვის, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს  ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან/დაწესებულებებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

4. რეგისტრაციისას სააგენტო ოჯახური წარმოების სუბიექტს ანიჭებს რეგისტრაციის ნომერს, რომელიც არის ფიზიკური პირის პირადი ნომერი.

5. ოჯახური წარმოების სუბიექტს რეგისტრაცია გაუუქმდება,  თუ  მისი საქმიანობა ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 7. პასუხისმგებლობა

ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს  კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.