დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
არასრულწლოვანთა რეფერირების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 681 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 070030000.10.003.021703 |
|
არასრულწლოვანთა რეფერირების წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „არასრულწლოვანთა რეფერირების წესი“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|
|
არასრულწლოვანთა რეფერირების წესი
|
მიზანი, პრინციპები და რეგულირების სფერო |
1. არასრულწლოვანთა რეფერირების წესის (შემდგომ – წესი) მიზანია რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების სოციალიზაცია, რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, დანაშაულის პრევენცია ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის გზით.
2. ეს წესი განსაზღვრავს რეფერირების პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულების კოორდინირებულად მუშაობის პრინციპებს, პროცედურებსა და უფლებამოსილებებს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად განხორციელებული ყველა ღონისძიება უნდა ეფუძნებოდეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის, მისი ჰარმონიული განვითარების, ინდივიდუალური მიდგომის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და არასრულწლოვნის მონაწილეობის პრინციპებს. 4. ეს წესი ვრცელდება რთული ქცევის მქონე 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიმართ დაწყებულია განრიდების პროცესი, ან მის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელის სახით მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა. 5. ეს წესი ასევე ვრცელდება 7-დან 14 წლამდე ასაკის იმ არასრულწლოვნებზე, რომლებთან მიმართებაშიც კომპეტენტური უწყებების მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. 6. ამ წესის მე-10-მე-12 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების 10 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე გავრცელება დაუშვებელია. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება რეფერირების პროცედურების მიზნებისათვის ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) არასრულწლოვანი – 7-დან 18 წლამდე ასაკის პირი; ბ) რთული ქცევა – ქცევა, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, მის ჰარმონიულ და სოციალურ განვითარებას, სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან/და მართლწესრიგს. რთული ქცევა შესაძლებელია გამოხატული იყოს არასრულწოვნის მიერ ნარკოტიკული საშუალების/ალკოჰოლის მოხმარებაში, მისი ჩართულობით ანტისაზოგადოებრივ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში, აზარტულ თამაშებში, სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებში; გ) კანონიერი წარმომადგენელი – არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი შეიძლება იყოს: გ.ა) არასრულწლოვნის მშობელი ან/და მშობლები; გ.ბ) პაპა ან/და ბებია; გ.გ) სრულწლოვანი და ან/და ძმა; გ.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული მეურვე/მზრუნველი. დ) ფაქტობრივი მზრუნველი – ნებისმიერი პირი (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), რომელთანაც ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი და რომელსაც აღნიშნულ არასრულწლოვანზე ზრუნვისა და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულება ეკისრება სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საფუძველზე; ე) ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) სტრუქტურული ერთეული – არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) სათანადო სპეციალიზაციის მქონე თანამშრომლები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მოწვეულ სხვა სპეციალისტებთან ერთად აფასებენ არასრულწლოვნის ინდივიდუალურ საჭიროებებს, სოციალურ გარემოს, უსმენენ მას, კონსულტაციას უწევენ მის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს, გადაწყვეტილებას იღებენ არასრულწლოვნის რეფერირების, მათ შორის, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების/ცვლილების/შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით; ვ) არასრულწლოვნის სოციალიზაციის/რესოციალიზაციის პროცესი – იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია არასრულწლოვნის ფიზიკური, გონებრივი და სოციალური განვითარებისკენ და ეხმარება მას საზოგადოებაში ინტეგრაციაში; ზ) არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები – არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, სოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება; თ) არასრულწლოვნის ჰარმონიული განვითარება – არასრულწლოვნის განვითარების ფორმა, სადაც ყურადღება გამახვილებულია ფიზიკური, გონებრივი და სოციალური ასპექტების ერთობლიობაზე; ი) ინდივიდუალური მიდგომა – არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას მისი ინდივიდუალური მახასიათებლების: ასაკის, განვითარების დონის, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური ვითარებისა და სხვა ისეთი გარემოებების გათვალისწინება, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა; კ) დისკრიმინაციის აკრძალვა – „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშნით არასრულწლოვნის, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაციის აკრძალვა; ლ) ინფორმაციის კონფიდენციალურობა – რეფერირების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის, მისი სხვა პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისა და გამოქვეყნების დაუშვებლობა, გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა; მ) არასრულწლოვნის მონაწილეობა – რეფერირების პროცესის ყველა ეტაპზე უშუალოდ არასრულწლოვნისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის მონაწილეობის უფლება. აგრეთვე, არასრულწლოვნის უფლება, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად; ნ) არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულება – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ნახევრად დახურული სააღმზრდელო დაწესებულება“; ო) სკრინინგ კითხვარი – ცენტრის მიერ შემუშავებული კითხვარი, რომელიც გამოიყენება რეფერირების სისტემაში მონაწილე უწყებების/დაწესებულებების მიერ რთული ქცევის იდენტიფიცირებისა და ცენტრში არასრულწლოვნის გადამისამართების საჭიროების განსაზღვრისთვის; პ) ხელშეკრულება – ცენტრსა და არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც გაწერილია არასრულწლოვნის რეფერირების პროგრამაში მონაწილეობის წესი, პირობები, ვადები და რეფერირების ფარგლებში კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის ვალდებულებები. მუხლი 3. არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემა და ეტაპები 1. ამ წესის მიზნების მისაღწევად რეფერირების სისტემა აერთიანებს ცენტრს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ამ სამინისტროთა მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, საქართველოს პროკურატურასა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს/სკოლებს. 2. არასრულწლოვანთა რეფერირების ეტაპები გულისხმობს: ა) რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებასა და მის შესახებ ინფორმაციის ცენტრისთვის მიწოდებას; ბ) არასრულწლოვნის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას; გ) არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვას ან/და გადამისამართებას; დ) ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფასა და განვითარებას; ე) არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში არასრულწლოვნის მონაწილეობის მონიტორინგის და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელებას; ვ) შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ მონიტორინგის განხორციელებას; ზ) უკიდურეს შემთხვევაში, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნას. მუხლი 4. არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემაში მონაწილე უწყებების/დაწესებულებების ფუნქციები 1. არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის გამართული ფუნქციონირების მიზნით, ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული უწყებები/დაწესებულებები რეფერირების პროცედურის ფარგლებში უზრუნველყოფენ შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას – საქართველოს პროკურატურა, ცენტრის მიერ შემუშავებული სკრინინგ კითხვარის მიხედვით ახდენენ რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას (არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში) და უზრუნველყოფენ არასრულწლოვნის შესახებ ცენტრის ინფორმირებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებასა და არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართებას; ბ) სპეციალური პენიტენციური სამსახური ცენტრის მიერ შემუშავებული სკრინინგ კითხვარის მიხედვით ახდენს რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას იმ შემთხვევაში, თუ იგი პენიტენციურ დაწესებულებას ტოვებს პირობითი მსჯავრის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების გარეშე და ნებაყოფლობით არ ერთვება „ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამაში“. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს არასრულწლოვნის შესახებ ცენტრის ინფორმირებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებასა და არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართებას; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აგრეთვე, მათი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები/სკოლები ცენტრის მიერ შემუშავებული სკრინინგ კითხვარის მიხედვით ახდენენ რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებასა და ცენტრის ინფორმირებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებასა და არასრულწლოვნის გადამისამართებას ცენტრში; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებები, აგრეთვე, უზრუნველყოფენ რეფერირების მექანიზმის ეფექტიანობისთვის საჭირო სერვისების/პროგრამების შემუშავებას და მიწოდებას, მონაწილეობენ ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების განვითარებაში და თანამშრომლობენ ცენტრთან არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართულობის მონიტორინგის მიზნით. ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებები, ცენტრში არასრულწლოვნის გადამისამართების პარალელურად აგრძელებენ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა უწყება/დაწესებულება თანამშრომლობს ცენტრთან და ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ღონისძიებების გარდა, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) იდენტიფიცირებული არასრულწლოვნის პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების ცენტრისთვის მიწოდებას; ბ) რეფერირების პროცესში ჩართულ პირთა გადამზადებას რეფერირების პროცესთან დაკავშირებით, მათ შორის, რეფერირების პროცესის, ბავშვთა ფსიქოლოგიის და სხვა შესაბამის საკითხებზე სერვისების/პროგრამების მიმწოდებელთა მუდმივ პროფესიულ გადამზადებას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უწყებები/დაწესებულებები უზრუნველყოფენ არასრულწლოვანთა რეფერირების წესში მითითებულ საკითხებზე შესაბამისი ნორმატიული აქტების კოორდინირებულად შემუშავებასა და დამტკიცებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 4. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის წარმართვისა და მონიტორინგის წესს, არასრულწლოვანთა რეფერირების ფარგლებში შეფასების, მონიტორინგისა და ანგარიშის ფორმებს, არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესში გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმებს და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებს. 5. რეფერირების პროცესში ჩართული უწყებები და პირები, ურთიერთანამშრომლობის საკითხების დარეგულირების, ამ წესით გათვალისწინებული სერვისების არასრულწლოვნის და მისი ოჯახისათვის ეფექტიანად და ხარისხიანად მიწოდების, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფენ მემორანდუმის გაფორმებას. მუხლი 5. ცენტრი. რეფერირების სისტემის კოორდინაცია 1. რეფერირების მექანიზმის გამართულად მუშაობის მიზნით, ცენტრი ახდენს რეფერირების სისტემის კოორდინაციას კანონმდებლობით, ამ წესითა და შიდა ინსტრუქციით/დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 2. რეფერირების სისტემის კოორდინაციის ფარგლებში, ცენტრი უზრუნველყოფს: ა) რეფერირების სისტემის ეფექტიანობისთვის საჭირო სერვისების/პროგრამების კონცეფციის შემუშავებას; ბ) რეფერირების სისტემის ფარგლებში ქვეყანაში არსებული სერვისების/პროგრამების ერთიანი რუკის შექმნას; გ) რეფერირების სისტემის გამართულად მუშაობისათვის აუცილებელი ახალი სერვისების/პროგრამების განსაზღვრასა და მათი შექმნისათვის ხელშეწყობას; დ) არასრულწლოვნის გარემოში არსებული ინდივიდუალური და ჯგუფური რისკების შეფასების და რეაგირების მექანიზმების შემუშავებას; ე) შესაბამისი უწყებების/დაწესებულებების მიერ რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებისა და მისი გადამისამართებისთვის საჭირო სკრინინგ კითხვარის შემუშავებას; ვ) არასრულწლოვანთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, მასთან დაკავშირებული ინდივიდუალური გარემოებებისა და მისი საჭიროებების შეფასებას; ზ) არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინდივიდუალური გარემოებებისა და მისი საჭიროებების შესაბამისად მის ჩართვას შესაბამის სერვისებში/პროგრამებში; თ) არასრულწლოვნისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის/ფაქტობრივი მზრუნველისთვის შესაბამისი მხარდამჭერი კონსულტაციის გაწევას; ი) რეფერირების პროცესის მონიტორინგის, შესაბამის სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის მონაწილეობის მონიტორინგის და მისი მდგომარეობის ზედამხედველობის მეთოდოლოგიის შემუშავებას; კ) რეფერირების პროცესის მონიტორინგს, შესაბამის სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის მონაწილეობის და მისი მდგომარეობის ზედამხედველობას, აგრეთვე სერვისის/პროგრამის შემდგომ არასრულწლოვნის მდგომარეობაზე დაკვირვებას; ლ) კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის მიერ ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუსრულებლობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდებას; მ) ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეწონილობის განხილვის მიზნით, ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფისთვის ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებას; ნ) არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესში მიღებული მონაცემების ანალიზს, შესაბამისი ყოველწლიური ანგარიშების მომზადებასა და გამოქვეყნებას პერსონალური მონაცემების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მუხლი 6. არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესი 1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული უწყებისთვის/დაწესებულებისათვის რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებისას ან სხვა ეტაპზე ცნობილი გახდა არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედების სავარაუდო ჩადენის შესახებ, იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დადგენილი წესით უზრუნველყოფს ცენტრის ინფორმირებას, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებს და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ინფორმაციას აწვდის ცენტრს. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებისას ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული უწყება/დაწესებულება დაუყოვნებლივ, მაგრამ იდენტიფიცირებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს ცენტრის ინფორმირებას. უწყება/დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პარალელურად მიაწოდოს არასრულწოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს. 3. ამ წესის მიზნებისათვის, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი არის ამ წესის მე-2 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირი. ამ წესის მე-2 მუხლის სხვა, ყოველი მომდევნო ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს, თუ წინა ქვეპუნქტში მითითებული პირი: ა) ხელმიუწვდომელია; ბ) უარს აცხდებს ან ფაქტობრივად ვერ/არ ასრულებს კანონიერი წარმომადგენლის მოვალეობებს; გ) არაჯეროვნად ასრულებს კანონიერი წარმომადგენლის მოვალეობებს; დ) მოქმედებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების წინააღმდეგ; ე) თანახმაა ან/და ითხოვს, რომ რიგით მომდევნო პირმა შეასრულოს კანონიერი წარმომადგენლის მოვალეობები და ცენტრი ამას მიიჩნევს მიზანშეწონილად. 4. თუ ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული უწყების/დაწესებულების მიერ რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებისას ვერ ხერხდება კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის ვინაობის დადგენა, უწყება/დაწესებულება ინფორმაციას აწვდის ცენტრს. ცენტრი უფლებამოსილია, მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის მოძიების მიზნით. ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, პროცესში ჩართავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელიც დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის დანიშვნას. არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის ვინაობის დადგენის ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მისი დანიშვნის შემდეგ, ცენტრი იწყებს ამ წესით გათვალისწინებულ პროცედურას. 5. ცენტრი უფლებამოსილია, რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის შესახებ ინფორმაცია, ამ წესში მითითებული უწყებების/დაწესებულებების გარდა, მიიღოს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის, ნათესავის ან სხვა პირისგან წერილობითი, სატელეფონო ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით მიწოდებული შეტყობინებით. 6. ცენტრის მიერ ინფორმაციის მიღებისთანავე, აგრეთვე, მის მიერვე იდენტიფიცირებულ შემთხვევებში, ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი ამუშავებს რეფერირების მექანიზმში მონაწილე უწყებისგან/დაწესებულებისგან არასრულწლოვანთან დაკავშირებით მიღებულ ინფორმაციას. 7. რეფერირების მექანიზმში მონაწილე უწყებისგან/დაწესებულებებისგან არასრულწლოვანთან დაკავშირებით მიღებული და სხვა შესაბამისი ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, ცენტრი უკავშირდება არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს, და უზრუნველყოფს გასაუბრებას მასთან და არასრულწლოვანთან. საჭიროების შემთხვევაში, ცენტრი, ინფორმაციის მიღების მიზნით, აგრეთვე, უკავშირდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ან/და სხვა ისეთ პირს ან დაწესებულებას, რომელსაც შეიძლება ინფორმაცია გააჩნდეს არასრულწლოვნის ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური ვითარებისა და სხვა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური თუ სოციალური მახასიათებლების შესახებ, რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, დამუშავებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი ამზადებს და ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფს დასამტკიცებლად წარუდგენს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელშიც განსაზღვრავს არასრულწლოვნის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და საჭიროებებს, რომელთა საფუძველზეც ცენტრი უზრუნველყოფს არასრულწლოვნისა და კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველისთვის კონსულტაციის გაწევას, კანონიერ წარმომადგენელთან/ფაქტობრივ მზრუნველთან ხელშეკრულების გაფორმებასა და არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვას ამ წესის შესაბამისად. ცენტრის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების ვადა შეიძლება გაიზარდოს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით. 9. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში აისახება არასრულწლოვნის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მახასიათებლები, მათ შორის, ინფორმაცია არასრულწლოვნის ფიზიკური, ემოციური, კოგნიტური განვითარებისა და ქცევითი თავისებურებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, განათლების, სპორტული საქმიანობის, ოჯახის, საცხოვრებელი გარემოს შესახებ და სხვა საჭირო ინფორმაცია. ანგარიშში, აგრეთვე, აისახება ინფორმაცია არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებების, რთული ქცევის თავისებურებების, სამართალდარღვევის ჩადენის რისკისა და, შესაბამისად, არასრულწოვნის სათანადო განვითარების, მისი სოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის საჭირო სერვისებისა და პროგრამების შესახებ. 10. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ცენტრი, შესაბამისი სერვისის/პროგრამის მიმწოდებელ უწყებასთან/დაწესებულებასთან ერთად, უზრუნველყოფს არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელთან/ფაქტობრივ მზრუნველთან ხელშეკრულების გაფორმებას, რომელშიც აისახება არასრულწლოვნის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის წესი, პირობები, ვადები და რეფერირების ფარგლებში კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის ვალდებულებები. ხელშეკრულების მოქმედების ვადას არასრულწლოვნის ინდივიდუალური საჭიროებებისა და მახასიათებლების გათვალისწინებით ადგენს ცენტრი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 24 თვეზე მეტი. 11. არასრულწლოვნისთვის შესაბამისი სერვისის/პროგრამის განსაზღვრისას ცენტრმა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების, ინდივიდუალური საჭიროებებისა და მახასიათებლების გათვალისწინებით, შესაძლოა, გაითვალისწინოს შერჩეულ სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის ოჯახის წევრ(ებ)ის ჩართულობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების უკეთ შესრულების, არასრულწლოვნის მიერ დროის სწორად განაწილების ან/და რთული ქცევის მართვის მიზნით. 12. ცენტრი უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების დეტალური გეგმის შემუშავებას, აგრეთვე, მის გაცნობასა და გადაცემას არასრულწლოვნისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის/ფაქტობრივი მზრუნველისათვის. 13. ამ მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ვადა შესაძლებელია შეჩერდეს ობიექტური გარემოების არსებობისას, ამ მიზეზის აღმოფხვრამდე, როდესაც ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია ცენტრის მიერ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება ან/და ხელშეკრულების გაფორმება. მუხლი 7. არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის მონიტორინგი და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ზედამხედველობა 1. ნებისმიერი პირი, რომლის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში მონაწილეობს არასრულწლოვანი, მისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია ცენტრთან თანამშრომლობით თვალყური ადევნოს არასრულწლოვნის მონაწილეობას შესაბამის სერვისში/პროგრამაში და ცენტრის/სააგენტოს მიერ დადგენილი პერიოდულობითა და ფორმით მიაწოდოს ცენტრს ინფორმაცია პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობისა და არასრულწლოვნის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) არასრულწლოვნის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობისა და არასრულწლოვნის ქცევის აღწერას; ბ) არასრულწლოვნის საგაკვეთილო პროცესზე დასწრებასა და აკადემიური მოსწრებასთან დაკავშირებულ მონაცემებს; გ) არასრულწლოვნის ჯანმრთელობისა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი ფსიქიკური მდგომარეობის, აღწერას; დ) მონაცემებს არასრულწლოვნის სხვა ისეთი საქმიანობისა და ქცევის შესახებ, რაც საყურადღებოა არასრულწლოვნის სოციალიზაციისა და რეაბილიტაციისთვის; ე) ცენტრის მიერ დამატებით მოთხოვნილ ინფორმაციას. 2. სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის მონაწილეობასა და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე მონიტორინგს/ზედამხედველობას ახორციელებს ცენტრი შესაბამისი უწყების, დაწესებულების ან/და ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამ მიზნით, ცენტრის წარმომადგენელი უფლებამოსილია, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებისა და სერვისის/პროგრამის ხასიათის გათვალისწინებით, თავადაც დაესწროს შესაბამისი სერვისის/პროგრამის განხორციელების პროცესს, გაესაუბროს სერვისის/პროგრამის მიწოდებაზე პასუხისმგებელი უწყების, დაწესებულებისა და ორგანიზაციის წარმომადგენელს, არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს. 3. ცენტრის წარმომადგენელი არასრულწლოვნის ინდივიდუალური საჭიროებებისა და მახასიათებლების შესაბამისად შერჩეული პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხვდება არასრულწლოვანს (საჭიროების შემთხვევაში, – აგრეთვე კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს) და განიხილავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიმდინარეობას, კერძოდ, არასრულწლოვნის მიერ მიღწეულ შედეგებს, შესაბამის სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის მონაწილეობისა და სხვა ჩართულ პირთა მიერ აღმოჩენილი დახმარების ეფექტიანობას, შესაძლო დამატებით საჭიროებებსა და სხვა შესაბამის საკითხებს. 4. ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, ცენტრი კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის, არასრულწლოვნის, იმ უწყების/დაწესებულების, რომლის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში მონაწილეობს არასრულწლოვანი, ან საკუთარი ინიციატივით, მონიტორინგის და ზედამხედველობის შედეგების გათვალისწინებით, განიხილავს არასრულწლოვნისათვის სერვისის/პროგრამის შეცვლის საკითხს და გადაწყვეტილებას იღებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 5. თუ მონიტორინგის/ზედამხედველობის პროცესში აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვანი საჭიროებს სერვისის/პროგრამის ცვლილებას ან ის საპატიო მიზეზით ვერ ახერხებს მისთვის შერჩეული ღონისძიებების შესრულებას, ცენტრი გადასინჯავს არასრულწლოვნის ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას და განსაზღვრავს სერვისის/პროგრამის ცვლილების თავისებურებებს ან ახალ სერვისში/პროგრამაში მის მონაწილეობას. 6. ცენტრი ამზადებს მონიტორინგისა და ზედამხედველობის ყოველთვიურ და საბოლოო ანგარიშებს, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს არასრულწლოვნის ინდივიდუალური საჭიროებები და მახასიათებლები, შერჩეული სერვისი/პროგრამა და მასში არასრულწლოვნის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია, შერჩეული სერვისის/პროგრამის გავლენა არასრულწლოვანზე, არასრულწლოვნის დამატებითი საჭიროებები და შესაბამისი დამატებითი ღონისძიებები. მონიტორინგის და ზედამხედველობის საბოლოო ანგარიში უნდა მომზადდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 7. ცენტრი არასრულწლოვანზე დაკვირვებას აგრძელებს შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში და, საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ამ წესით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, კვლავ უზრუნველყოფს მის ჩართვას შესაბამის სერვისში/პროგრამაში. სერვისის/პროგრამის შემდგომი დაკვირვება გულისხმობს ცენტრის წარმომადგენლის არასრულწლოვანთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, კანონიერ წარმომადგენელთან/ფაქტობრივ მზრუნველთან ვიზიტებს და გასაუბრებებს ცენტრის მიერ დადგენილი პერიოდულობით. მუხლი 8. არასრულწლოვანთა რეფერირების სავალდებულო ხასიათი 1. ცენტრის გადაწყვეტილება შესაბამის სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის ჩართვის შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად. 2. ცენტრის მიერ განსაზღვრულ სერვისებში/პროგრამებში არასრულწოვნის მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრსა და არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელთან/ფაქტობრივ მზრუნველს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ასევე ხელს აწერს არასრულწლოვანი. ხელშეკრულებაში აისახება არასრულწლოვნის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის წესი, პირობები, ვადები, აგრეთვე, რეფერირების ფარგლებში არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის უფლებები და მოვალეობები. მუხლი 9. არასრულწლოვნის, კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის პასუხისმგებლობა 1. ცენტრის მიერ განსაზღვრულ სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის მონაწილეობას უზრუნველყოფს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი ამ წესის მე-8 მუხლის თანახმად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. 2. კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის მიერ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი ან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 3. არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ცენტრის სპციალისტთა ჯგუფმა შესაძლებელია განიხილოს ხელშეკრულების ვადის გაგრძელების, შერჩეული სერვისებისა და ვალდებულებების შეცვლის ან არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გადამისამართების საკითხი. მუხლი 10. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნა 1. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი. 2. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში შესაძლებელია 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის გაგზავნა ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობაში განსაზღვრული ვადით. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არასრულწლოვანს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით, ცენტრის სპციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებით, გაუხანგრძლივდება არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადა. 3. დაუშვებელია არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, თუ ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკითხის განხილვიდან 6 თვის განმავლობაში არასრულწლოვანს 18 წელი უსრულდება. 4. ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს, თუ: ა) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე; ბ) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში არასრულწლოვნის მონაწილეობის გაგრძელებაზე; გ) ცენტრის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ვერ იქნა მიღწეული ცენტრის მიერ არასრულწლოვნისათვის შერჩეული სხვა სერვისის/პროგრამის მიზანი; დ) დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული განზრახი ქმედების ჩადენა, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. 5. არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი შეისწავლის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშსა და ცენტრის მიერ მოპოვებულ სხვა დოკუმენტებს, უსმენს ცენტრისადმი მიმართვის ავტორს, თავად არასრულწლოვანს, არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის ავტორს. სპეციალისტთა ჯგუფმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხვა პირების მოსმენის შესახებ. 6. არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ, ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი იღებს დასაბუთებულ, წერილობით გადაწყვეტილებას: ა) არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ; ბ) არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ. 7. არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რესოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად. 8. რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ცენტრი სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წარუდგენს შუამდგომლობას. სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა საჭირო არ არის, თუ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი ეთანხმება ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას და უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მითითებულ ვადაში აღსრულებას. სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეუწონლობის ან მიზანშეწონილობის თაობაზე ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილება ეცნობება არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს. 10. სპეციალისტთა ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებით განისაზღვრება არასრულწლოვნის სხვა სერვისში/პროგრამაში ჩართვის საკითხი. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 11. ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი უფლებამოსილია ხელახლა განიხილოს არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებ(ებ)ის ცვლილების შემთხვევაში. მუხლი 11. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება 1. არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში არასრულწლოვნის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის მიერ გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში აღუსრულებლობის შემთხვევაში − არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების უფლებამოსილი პირი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკის ჩართულობითა და ცენტრის მიმართვის საფუძველზე. 2. არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში არასრულწლოვნის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას, გადაწყვეტილების აღმასრულებელი პირი, მისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელის შემშლელ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. მუხლი 12. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა 1. არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში არასრულწლოვნის ყოფნის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების უფლებამოსილი პირი, ცენტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფს მიმართავს და წარუდგენს ინფორმაციას არასრულწლოვნის მიერ მიღწეული დადებითი შედეგებისა და არსებული სირთულეების შესახებ. არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვანსა და სხვა პირებთან გასაუბრების საფუძველზე, ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი უფლებამოსილია, მისთვის მიმართვიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ღონისძიების შეწყვეტის, შეცვლის ან ვადის გაგრძელების შესახებ. 2. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადა გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული დადებითი შედეგების მიუხედავად, არასრულწლოვნის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია სრულად ვერ განხორციელდა და სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად. 3. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნა აღარ არის აუცილებელი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რესოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მიზნის მისაღწევად. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების უფლებამოსილი პირი მიმართავს ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფს არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ნებისმიერ დროს, შესაბამისი გარემოების გამოვლენისთანავე. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის სპეციალისთა ჯგუფი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 4. არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში არასრულწლოვნის ყოფნის ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წარუდგენს შუამდგომლობას. სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა საჭირო არ არის, თუ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი ეთანხმება ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას და ხელს არ უშლის მის აღსრულებას. სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის მიერ ამ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში − არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების უფლებამოსილი პირი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკის მონაწილეობით, ცენტრის მიმართვის საფუძველზე. 6. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღმასრულებელი პირისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში აღნიშნული პირი უფლებამოსილია ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელის შეშლის შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. მუხლი 13. სერვისების ერთიანი ბაზა 1. სააგენტო უზრუნველყოფს სერვისების ერთიანი ბაზის შემნასა და მართვას. 2. სერვისების ერთიანი ბაზის ფუნქციებია: ა) დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული და პრევენციისთვის საჭირო ყველა მომსახურების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში განთავსება; ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა დაინტერესებული მხარისთვის; გ) ინფორმაციის განახლების დინამიური მექანიზმისა და მოქნილი საძიებო სისტემის განვითარება. 3. სახელმწიფო უწყებები პერიოდულად ახორციელებენ ბაზაში საკუთარი სერვისებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის ასახვასა და განახლებას. მუხლი 14. ინფორმაციის კონფიდენციალურობა არასრულწლოვნის ვინაობის, ასევე მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია და სხვა პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ ცენტრისა და რეფერირების პროცედურებში ჩართული უწყებების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შესაბამის უფლებამოსილ თანამშრომლებს შორის სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად. მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი 1. ამ წესის მიზნებისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ამავე წესის მე-2 მუხლის „ნ“ პუნქტით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების ფუნქციებს ასრულებს სსიპ – ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლა (სკოლა-პანსიონი). 2. ამ მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებულ სკოლა-პანსიონში, ამ წესის ამოქმედებამდე გადამისამართებული არასრულწლოვნების მიმართ გადამისამართების ღონისძიების გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სკოლა-პანსიონში 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მყოფი არასრულწლოვნების ამ წესის მიხედვით ხელახალ შეფასებას ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი ახორციელებს არაუგვიანეს 2020 წლის 1 აპრილამდე. |
დოკუმენტის კომენტარები