საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016931
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
108
27/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
140130000.22.034.016931
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/12/2019 - 16/04/2020)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №108

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ -ის დებულების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის №18 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 20/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016710);

ბ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 3 ოქტომბრის №558 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 03/10/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016574).

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 31 დეკემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“ - ის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“ (შემდგომ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის სრული დასახელებაა: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, გამოიყენოს შემოკლებული დასახელება: „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტები.

4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ დასახული ამოცანებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში, ბეჭედი, ბლანკი, სიმბოლიკა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, გამოიყენოს საგანგებო და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა მართვის ელექტრონული სისტემა.

8. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, გამოიყენოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა.

9. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ლისის ქ.№1ა.


მუხლი 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანები და ფუნქციები
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანებია:

ა) გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;

ბ) უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;

გ) ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ფუნქციებია:

ა) საგანგებო სიტუაციების, დანაშაულის/სამართალდარღვევისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევის შესახებ შეტყობინების/ინფორმაციის მიღება, დამუშავება და მათზე რეაგირების მიზნით შესაბამისი სუბიექტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი აირით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმიდან გადახრის (ცვალებადობის), სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის ცვალებადობის, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მომსახურების გაწევის და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების შესახებ შეტყობინების მიღება/დამუშავება და უფლებამოსილი სუბიექტებისთვის შემდგომი რეაგირების მიზნით გადაცემა;

გ) სამინისტროს ანონიმურ შეტყობინებათა პროგრამის მეშვეობით, გადაუდებელი შემთხვევების დროს, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება საჭიროების შემთხვევაში, რეაგირების მიზნით შესაბამისი სუბიექტებისათვის მიწოდება;

დ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;

ე) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტის მისვლამდე კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის გაწევა და პირისთვის აუცილებელი პირველადი ინფორმაციის მიწოდება;

ვ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების უზრუნველყოფა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა გადაყვანა პროზექტურაში;

ზ) სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომების მოწყობა-ორგანიზება საქართველოს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სამართალდარღვევების/დანაშაულის შემთხვევაში გადაყვნას/ჩამორთმევას დაქვემდებარებულ სატრანსპორტო საშუალებათა სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე გადაყვანის და დგომის უზრუნველსაყოფად;

თ) ვიდეომეთვალყურეობის პროცესში, სპეციალური ანალიტიკური პროგრამის შედეგად დანაშაულის/დანაშაულის მცდელობის ფაქტის დაფიქსირება, ძებნილი პირების/ავტომობილების აღმოჩენა;

ი) ვიდეომეთვალყურეობის შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დაფიქსირება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების მიზნით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის ან შესაბამისი უწყებისთვის ინფორმაციის გადაცემა;

კ) ვიდეომეთვალყურეობის პროცესში სპეციალური ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით გამოვლენილი შესაძლო მართლსაწინაააღმდეგო ან/და სხვა საფრთხის შემცველი შემთხვევის შესახებ სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ან/და უფლებამოსილი ორგანოებისათვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება;

ლ) საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას, შესაბამის დანაყოფებს შორის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;

მ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული შეტყობინების და ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის შესახებ სამინისტროს დანაყოფების ან/და შესაბამისი უწყებების მიერ რეაგირების ღონისძიების აღრიცხვა, ანალიზი და საოპერაციო ანალიტიკის განხორციელება;

ნ) ინციდენტზე მორეაგირე დანაყოფისათვის დანიშნულების ადგილზე მისვლამდე აუცილებელი პირველადი და სიტუაციური ინფორმაციის მიწოდება და მათი შემდგომი უწყვეტი ანალიტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერა;

ო) მასშტაბური ღონისძიების, ოპერაციის და კრიზისული ვითარების დროს, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ერთიანი რეაგირების ღონისძიებების სტრატეგიული მართვის ხელშეწყობა;

პ) ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და უფლებამოსილი პირისთვის გადაცემის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სამინისტროს ვიდეომეთვალყურეობის ერთიანი ქსელის, სასერვეროების და ქსელში ჩართული კამერების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

რ) ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაგეგმვის, ავტომატური ფოტო (რადარი) და ვიდეოტექნიკის დამონტაჟება/განთავსების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ჩართვის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ს) პოლიციის საჭიროებებიდან გამომდინარე, სასაზღვრო გამტარი პუნქტების, აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზის ცენტრალური და საკვანძო სადგურების, მეტროპოლიტენის სადგურების, ხიდების, საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ადგილების ვიდეოკამერებით აღჭურვის შესახებ რეკომენდაციების გაცემა ან/და უკვე არსებული ვიდეოკამერების სამინისტროს ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ჩართვა;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვის მფლობელობაში არსებული/დამონტაჟებული ავტომატურ ფოტო (რადარი) და ვიდეოტექნიკის გამოყენება;

უ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების და მათ დამონტაჟება-ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

ფ) ერთიანი რეესტრის წარმოება სამინისტროს ქსელში ჩართული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ფარგლებში კამერების განთავსების ადგილებისა და რაოდენობის შესახებ;

ქ) კონსულტაციების გაწევა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებისთვის კამერის ტიპის, შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების და მის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ღ) კომპიუტერული მომსახურების, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული სხვა მომსახურების გაწევა და შესაბამისი შემოსავლის მიღება;

ყ) სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტების შიდა და გარე მეთვალყურეობის კამერების სისტემიდან, აგრეთვე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამხრე ვიდეოკამერების სისტემიდან მონაცემთა ამოღება და უფლებამოსილი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა;

შ) კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემასა და კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ჩ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, 24-საათიანი ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით და სათანადო ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტებისათვის გადაცემა;

ც) საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების მიზნით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აზრის კვლევა;

ძ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შესაბამის დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

წ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკადრო რეზერვის შექმნა;

ჭ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა სამუშაოს შესრულება და მომსახურების გაწევა;

ხ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


მუხლი 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სტრუქტურა
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ თავის ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ოპერატიული მართვის სამმართველო;

ა.ა) თბილისის ცენტრი (სამსახური);

ა.ბ) რუსთავის ცენტრი (სამსახური);

ბ) ეკონომიკური სამმართველო;

ბ.ა) ევაკუატორით მომსახურების სერვისცენტრი (განყოფილება);

გ) ინსპექტირების სამმართველო;

დ) ადმინისტრაცია (სამმართველო);

დ.ა) ანალიზისა და პროექტების მართვის სამსახური;

დ.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;

დ.გ) საქმისწარმოების განყოფილება;

დ.დ) ვიდეო-აუდიოჩანაწერების განყოფილება;

ე) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო;

ე.ა) სასწავლო ცენტრი (განყოფილება);

ვ) ვიდეომეთვალყურეობისა და ელექტრონული მონიტორინგის სამმართველო;

ვ.ა) ვიდეომეთვალყურეობის განყოფილება;

ვ.ბ) ელექტრონული მონიტორინგის განყოფილება;

ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების სამმართველო;

ზ.ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების განყოფილება;

ზ.ბ) ტექნიკური დახმარების განყოფილება;

თ) ლიცენზირებული დაწესებულებების შემოწმების სამმართველო;

თ.ა) კერძო დაცვითი საქმიანობის შემოწმების განყოფილება;

თ.ბ) ლიცენზირებული დაწესებულებების შემოწმების განყოფილება.


მუხლი 4. ოპერატიული მართვის სამმართველოს ფუნქციები
1. ოპერატიული მართვის სამმართველო:

ა) დაკავშირების სხვადასხვა არხით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებების მიღებას, დამუშავებას და შესაბამის სუბიექტებზე გადაცემას;

ბ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინების მართვის მიზნით უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებულ მუშაობას;

გ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტის მისვლამდე, კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეებს უწევს პირველად კონსულტაციას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს მოსამსახურეებისთვის სამუშაო ინსტრუქციების და მითითებების შემუშავებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამუშაო პროცესის ანალიზს და მისი გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს;

ვ) უზრუნველყოფს თბილისისა და რუსთავის ცენტრების საქმიანობის კოორდინაციას;

ზ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. თბილისის ცენტრი (სამსახური) ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. რუსთავის ცენტრი (სამსახური) ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 5. ეკონომიკური სამმართველოს ფუნქციები
1. ეკონომიკური სამმართველო:

ა) წარმართავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის საფინანსო-ეკონომიკურ, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ფინანსური და მატერიალური სახსრების ეფექტიან მართვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) შეიმუშავებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს და კანონით განსაზღვრულ სტატისტიკურ ანგარიშს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის წლიურ ბიუჯეტს;

ე) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს;

ვ) ორგანიზებას უწევს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;

ზ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენას და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;

ი) ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

კ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და უძრავი ქონების მოვლა-პატრონობას;

ლ) უზრუნველყოფს ელექტრონული ზედამხედველობისთვის საჭირო ელექტრონული მოწყობილობის შესაბამის დანაყოფზე გადაცემას და აწარმოებს მათ ერთიან რეესტრს;

მ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების უზრუნველყოფა;

ნ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა გადაყვანა პროზექტურაში;

ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომებზე სატრანსპორტო საშუალებათა განთავსება/შენახვას;

პ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომების გამართულ ფუნქციონირებას;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ევაკუატორით მომსახურების სერვისით დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობას;

რ) დოკუმენტაციის წარმოებას და მომსახურების საფუძველზე შემოსავლების მიღების ადმინისტრირებას;

ს) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ევაკუატორით მომსახურების სერვისცენტრი (განყოფილება) უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“-„რ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 6. ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციები
ინსპექტირების სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ზედამხედველობას და საჭიროებისამებრ, სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასებას, აგრეთვე, შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;

ბ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურეთა გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებას, დისციპლინური ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას, პრევენციას და სათანადო რეაგირებას;

გ) გამოვლენილი ხარვეზების, შემოსული განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას და შესაბამისი ცნობების/დასკვნების მომზადებას;

დ) სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების მიზნით, გამოითხოვს ინფორმაციას/დოკუმენტაციას სტრუქტურული ერთეულებიდან, აწარმოებს კორესპონდენციას შესაბამის ორგანოებთან;

ე) შეიმუშავებს რეკომენდაციებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების შესახებ;

ვ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მოსამსახურეთა წახალისების მიზნით, ამზადებს რეკომენდაციებს ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად;

ზ) კონტროლს უწევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ადმინისტრაციული შენობების შიდა და გარე პერიმეტრის დაცვის ღონისძიებებს;

თ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 7. ადმინისტრაციის (სამმართველო) ფუნქციები
1. ადმინისტრაცია (სამმართველო):

ა) სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას და შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის შედგენას;

ბ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, სამუშაო პროცესის ანალიზს, სტატისტიკის წარმოებასა და აღნიშნულის საფუძველზე, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

გ) მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისა და სამუშაო პროცესების ანალიზის საფუძველზე, უზრუნველყოფს პროექტების ინიცირებას, დაგეგმვას და განხორციელებას;

დ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში არსებული სერვისების გაუმჯობესებას და ახალი სერვისების შექმნას;

ე) ახორციელებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საუკეთესო პრაქტიკის მოძიებას და შესწავლას;

ვ) თანამშრომლობს ადგილობრივ, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან;

ზ) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან, მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებას და კომუნიკაციის მართვას;

თ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის იმიჯის შექმნასა და ამაღლებას;

ი) ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელში სხვა ოფიციალური გვერდების მართვას;

კ) ახორციელებს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებათა აღრიცხვას, ანალიზსა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;

ლ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის საჭიროებათა გათვალისწინებით, გეგმავს და ახორციელებს მარკეტინგულ კვლევებსა და კამპანიებს;

მ) უზრუნველყოფს საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობას, საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას;

ნ) უზრუნველყოფს საპროტოკოლო საქმიანობას;

ო) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის წარმომადგენლობას სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ინტერესების დაცვას;

ჟ) ეწევა სამართალშემოქმედებით საქმიანობას;

რ) უზრუნველყოფს ერთგვაროვანი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ს) უზრუნველყოფს შემოსული კორესპონდენციის სამართლებრივ განხილვას კომპეტენციის ფარგლებში;

ტ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

უ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფისა და პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას და უზრუნველყოფს მათ შესრულებაზე კონტროლს;

ფ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების სამართლებრივ ექსპერტიზას;

ქ) ახორციელებს საქმისწარმოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;

ღ) ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, რეგისტრაციას და ხელმძღვანელობისთვის მიწოდებას;

ყ) პერსონალური მონაცემების დაცვის/დამუშავების საკითხებზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას;

შ) შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და საქმისწარმოება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საორგანიზაციო საკითხებს;

ც) უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შიდა და გარე მეთვალყურეობის კამერების სისტემიდან მონაცემთა ამოღებასა და უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას ა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ძ) სათანადო მიმართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამხრე ვიდეოკამერების სისტემიდან მონაცემთა ამოღებას და უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

წ) უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის და აუდიოშეტყობინების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებას და უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჭ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ანალიზისა და პროექტების მართვის სამსახური უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ნ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“-„ფ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

4. საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ქ“-„ჩ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

5. ვიდეო-აუდიო ჩანაწერების განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ც“-„წ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 8. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს ფუნქციები
1. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრას და მის განხორციელებას;

ბ) გეგმავს და ორგანიზებას უწევს ადამიანური რესურსების მოზიდვას, შერჩევისა და დანიშვნის პროცესს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) კანდიდატთა შერჩევის მიზნით უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

დ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის დაგეგმვასა და ორგანიზებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორის (შემდგომ - დირექტორი) მიერ განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს საკადრო რეზერვის შექმნას;

ვ) უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების/ხელშეკრულებების (მოსამსახურეთა მიღების, თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისების, ხელფასზე დანამატის დაწესების აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შრომითი ხელშეკრულებების) პროექტის მომზადებას;

ზ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვას და შესაბამის მონაცემთა ბაზის წარმოებას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადებას;

ი) განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ შეიმუშავებს წინადადებებს ადამიანური რესურსების მართვის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით (სამუშაოს შეფასებისა და მოტივაციის სისტემები);

კ) კოორდინაციას უწევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურეთა სამუშაო აღწერილობების, შინაგანაწესის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავების პროცესს;

ლ) ადამიანური რესურსების მართვის მიზნებისათვის ამუშავებს შესაბამის მონაცემებს, აწარმოებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მოსამსახურეთა მონაცემთა ბაზებს;

მ) ხელს უწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებას;

ნ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მოსამსახურეებისთვის ან/და მისაღები კანდიდატებისთვის შეიმუშავებს კითხვარს, ტესტს, დამხმარე სასწავლო მასალას, უზრუნველყოფს მათ გამოყენებას/ჩატარებას და შედეგების შეფასებას;

ო) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებს და უზრუნველყოფს სასწავლო მოდულების შემუშავებას, დაგეგმვას და ორგანიზებას;

პ) უზრუნველყოფს მისაღებ კანდიდატთა საბაზისო მომზადების კურსის ჩატარებას და სასწავლო პრაქტიკის დაგეგმვას;

ჟ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მოსამსახურეთა საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად სასწავლო კურსების ეფექტიანობის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

რ) კონსულტაციას უწევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მოსამსახურეების სტრესის მართვის, ეფექტიანი კომუნიკაციის ან/და სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ;

ს) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სასწავლო ცენტრი (განყოფილება) უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“-„რ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 9.  ვიდეომეთვალყურეობისა და ელექტრონული მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციები
1. ვიდეომეთვალყურეობისა და ელექტრონული მონიტორინგის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ან დანაშაულის მცდელობის ფაქტის დაფიქსირებას შემდგომი რეაგირების მიზნით;

ბ) ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით ახორციელებს ძებნილი პირებისა და ავტომობილების აღმოჩენას;

გ) უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დაფიქსირებას და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების მიზნით, შესაბამისი დანაყოფისათვის ინფორმაციის გადაცემას;

დ) ახორციელებს ვიდეომეთვალყურეობის პროცესში სპეციალური ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით გამოვლენილი შესაძლო მართლსაწინაააღმდეგო ან/და სხვა საფრთხის შემცველი შემთხვევის შესახებ სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისა და უფლებამოსილი ორგანოებისათვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას;

ე) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსულ შეტყობინებებსა და ვიდეომეთვალყურეობის პროცესში სპეციალური ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით გამოვლენილი შესაძლო მართლსაწინაააღმდეგო ან/და სხვა საფრთხის შემცველი შემთხვევის შესახებ სამინისტროს დანაყოფებისა და შესაბამისი უწყებების მიერ რეაგირების ღონისძიებების აღრიცხვა, ანალიზი და საოპერაციო ანალიტიკის განხორციელება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებისას, შესაბამის დანაყოფებს შორის კოორდინირებულ მუშაობას;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, ახდენს ინციდენტზე მორეაგირე დანაყოფებისათვის დანიშნულების ადგილზე მისვლამდე აუცილებელი პირველადი და სიტუაციური ინფორმაციის მიწოდებას და მათ შემდგომ უწყვეტ ანალიტიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს მასშტაბური ღონისძიების, ოპერაციისა და კრიზისული ვითარების დროს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების საინფორმაციო-ანალიტიკურ მხარდაჭერას;

ი) უზრუნველყოფს 24-საათიან ელექტრონულ ზედამხედველობას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით და სათანადო ინსტრუქციით გათვალისწინებულ ინფორმაციას გადასცემს შესაბამის სუბიექტებს;

კ) უზრუნველყოფს ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგს;

ლ) უზრუნველყოფს შესაბამისი დაანაყოფებისათვის ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად საჭირო ინსტრუქტაჟის ჩატარებას;

მ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ვიდეომეთვალყურეობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„თ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. ელექტრონული მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„ლ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 10. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების სამმართველოს ფუნქციები
1. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების სამმართველო:

ა) ორგანიზებას უწევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მოსამსახურეთათვის შესაბამისი პროგრამის შეძენას და ინსტალაციას;

ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ ინიცირებული პროექტების პროგრამულ-ტექნიკურ მხარდაჭერასა და განვითარებას;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ტექნოლოგიების დანერგვას და განვითარებას;

დ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ძირითადი სისტემისა და სატელეფონო კავშირის პროგრამულ დანერგვასა და განვითარებას;

ე) უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფების შექმნას, გამართულ მუშაობას, გაუმართაობის შემთხვევაში ხარვეზის დროულ აღმოფხვრას;

ვ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ქსელური მოწყობილობის მართვას;

ზ) უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების ერთიან მართვას, პროექტების შემუშავებას და განხორციელებას ბაზების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით;

თ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ადმინისტრაციული შენობებისა და სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომის ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარების მიზნით, უზრუნველყოფს თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო მოწყობილობების მოძიებას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში დანერგვას;

ი) პოლიციის საჭიროებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაგეგმვას, ავტომატური ფოტო (რადარი) და ვიდეოტექნიკის დამონტაჟება/განთავსებას და ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ჩართვას;

კ) უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით ვიდეომეთვალყურეობის ერთიანი ქსელის, სასერვეროების და ქსელში ჩართული კამერების გამართულ ფუნქციონირებას კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იყენებს სხვის მფლობელობაში არსებულ/დამონტაჟებულ ავტომატურ ფოტო (რადარი) და ვიდეოტექნიკას;

მ) უზრუნველყოფს ერთიან რეესტრს სამინისტროს ქსელში ჩართული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ფარგლებში კამერების განთავსების ადგილებისა და რაოდენობის შესახებ;

ნ) კონსულტაციას უწევს სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს კამერების ტიპის, შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების და მის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ო) ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ტექნიკური მოწყობილობების გამართულ მუშაობას, გაუმართაობის შემთხვევაში ხარვეზის დროულ აღმოფხვრას;

პ) ახორციელებს ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დაგეგმვას და დამანოტაჟება/განთავსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. ტექნიკური დახმარების განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“-„პ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 11. ლიცენზირებული დაწესებულებების შემოწმების სამმართველოს ფუნქციები
1. ლიცენზირებული დაწესებულებების შემოწმების სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლს, დაცვითი ორგანიზაციისა და მცველის მიერ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვის შემოწმებას და ამ მოთხოვნების დარღვევისათვის, კერძო დაცვითი ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას;

ბ) ახორციელებს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მცველის მოწმობის დამზადებასა და გაცემას, რომლის ღირებულება შეადგენს 15 ლარს;

გ) უზრუნველყოფს კერძო დავით საქმიანობასთან დაკავშირებით შეტყობინებების მიღებას ელექტრონული პორტალის საშუალებით და პორტალის გამართულ ფუნქციონირებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების და მათ დამონტაჟება-ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;

ე) შეიმუშავებს ლიცენზირებადი დაწესებულებების შემოწმების გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სტატისტიკას;

ზ) ლიცენზირებადი დაწესებულებების განცხადებების მიღება-დამუშავება და ინფორმაციის გაცემა ხორციელდება ელექტრონული პორტალის მეშვეობით;

თ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. კერძო დაცვითი საქმიანობის შემოწმების განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. ლიცენზირებული დაწესებულებების შემოწმების განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ზ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 12. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ხელმძღვანელობა
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.

3. დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად უძღვება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

4. დირექტორი:

ა) ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მართვას, მოქმედებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სახელით და წარმოადგენს მას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სახელით;

ბ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სახსრებსა და ქონებას;

დ) ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სტრუქტურული ერთეულებისა და მოსამსახურეების საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მოსამსახურეებს;

ვ) აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) ანაწილებს მოვალეობებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ, აკონტროლებს მომსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მოსამსახურეების მიმართ განსაზღვრავს/გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;

კ) კანონმდებლობის შესაბამისად ხელს აწერს ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს;

ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;

მ) სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ბიუჯეტს;

ნ) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ო) განსაზღვრავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შინაგანაწესს;

პ) ამტკიცებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციებს;

ჟ) ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

5. დირექტორი უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში შექმნას კომისია.

6. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც, (რომლებსაც) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე (თანამდებობებზე) ნიშნავს და თანამდებობიდან (თანამდებობებიდან) ათავისუფლებს დირექტორი.

7. დირექტორი ანიჭებს მოადგილეს (მოადგილეებს) უფლებამოსილებებს და ფუნქციებს, ასევე განსაზღვრავს მათ საკურატორო სფეროებს.

8. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, მისივე ბრძანებით, ასრულებს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო, დირექტორის მოადგილის (მოადგილეების) არყოფნის შემთხვევაში, ასევე, დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული მოსამსახურე.


მუხლი 13. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.

2. სტრუქტურული ერთეულის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ანაწილებს საქმეებს, აძლევს დავალებებს და მითითებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას;

გ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) დირექტორს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ;

ვ) დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ;

თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე, დირექტორის/დირექტორის მოადგილის (მოადგილეების) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სტრუქტურული ერთეულის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.


მუხლი 14. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ქონება
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ქონება შედგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის სახელმწიფოს, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული ქონებისგან, აგრეთვე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისგან.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ქონება შედგება ძირითადი საბრუნავი საშუალებებისგან, სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისგან, რომლებიც აისახება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დამოუკიდებელ ბალანსზე.


მუხლი 15. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაფინანსება
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასური;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას და სამინისტროს სისტემის განვითარებას.


მუხლი 16. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სახელმწიფო კონტროლი
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობაზე, ეფექტიანობაზე და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობაზე.

2. სამინისტრო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულება.

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა, სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხის და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განსახორციელებლად, აუცილებელია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციას და წარუდგენს სამინისტროს.


მუხლი 17. საბუღალტრო ანგარიშგება
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ფინანსური ანგარიშგება და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები და წარუდგინოს სამინისტროს.

მუხლი 18. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 19. დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.