„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5655-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 220020000.05.001.019745
5655-რს
20/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
220020000.05.001.019745
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“−„ჰ3“ ქვეპუნქტები:

„ჰ) გაჯანსაღების გეგმა − კომერციული ბანკის მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც სხვა ელემენტებთან ერთად მოიცავს მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების შექმნისას კომერციული ბანკის მიერ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელ ღონისძიებებს;

1) რეზოლუციის გეგმა − ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისთვის შემუშავებული გეგმა, რომელიც სხვა ელემენტებთან ერთად მოიცავს რეზოლუციის რეჟიმის ფარგლებში კომერციული ბანკის მიმართ სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებასა და სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

2) რეკაპიტალიზაცია − კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის მოცულობის გაზრდა;

3) კომერციული ბანკის აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ან/და ვალდებულებების ჩამოწერა − კომერციული ბანკის აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ან/და ვალდებულებების გაუქმება ან მათი ღირებულების შემცირება.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს დროებითი ბანკის ლიცენზირების გამარტივებული პროცედურები.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) „ი“−„ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომერციული ბანკის რისკების მართვის სუსტი მოდელი, მისი ფინანსური მდგომარეობისთვის საფრთხის შემქმნელი ან არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს კომერციული ბანკის დეპოზიტარებს ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობას ან საფრთხე შეუქმნას საბანკო სისტემის სტაბილურ და ეფექტურ ფუნქციონირებას;

კ) კომერციული ბანკის არსებული ან მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები, რომლებიც შეიძლება გამოიხატოს მოგებიანობის სუსტი მაჩვენებლებითა და საზედამხედველო კოეფიციენტების დარღვევით ან სხვაგვარად;

ლ) კომერციული ბანკის არსებული ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) კომერციული ბანკის ფუნქციონირების გაგრძელების მიზნით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული დროებითი სახელმწიფო დაფინანსების საჭიროება ან იმავე კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის ბოლო ინსტანციის სესხის საჭიროება;

2) ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების ან/და ამავე კანონის 301 მუხლით განსაზღვრული ადრეული ინტერვენციის ზომის უშედეგოდ გამოყენება;“;

გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის უშედეგოდ დასრულება;“;

დ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) უცხოური ბანკის ფილიალის ან/და შვილობილი ბანკის სათავო დაწესებულებისთვის სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა, ან შემთხვევა, როდესაც, ეროვნული ბანკის შეფასებით, უცხოური ბანკი არ ასრულებს უცხოური ბანკის ფილიალის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს, ამასთანავე, ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ ხდება ან გონივრულ ვადაში არ მოხდება რეზოლუციის რეჟიმის შემოღება ან გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში რეზოლუციის რეჟიმის შემოღება ან გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება საქართველოში ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისთვის საკმარისი არ იქნება, ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში შემოღებულ რეზოლუციის რეჟიმში ან გაკოტრების ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში საქართველოში არსებული უცხოური ბანკის ფილიალის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა უზრუნველყოფილი არ იქნება;“.

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე სავალდებულოა ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება ამ კანონის 3712 მუხლით დადგენილი წესით.“.

5. 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურები.“.

6. 84 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ დეკლარაციის წარდგენის მოთხოვნა და საზედამხედველო ზომები“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე არ წარადგენს დეკლარაციას ან, ეროვნული ბანკის შეფასებით, მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ვეღარ აკმაყოფილებს შესაფერისობის კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამის პირს:

ა) გარკვეული ვადით შეუჩეროს ხმის უფლება და მოსთხოვოს მას, მის საკუთრებაში არსებული წილი 60 დღის ვადაში 10 პროცენტამდე შეამციროს;

ბ) უვადოდ შეუჩეროს ხმის უფლება.“.

7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“–„ე“ ქვეპუნქტებში მითითებული წილების ერთობლივი ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არაუმეტეს 1 წლის ვადით გაათავისუფლოს კომერციული ბანკი ამ პუნქტის მოთხოვნათა დაცვისგან.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

„მუხლი 191. გაჯანსაღების გეგმა

1. კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ამ კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული გაჯანსაღების გეგმა. გაჯანსაღების გეგმა სხვა ელემენტებთან ერთად უნდა მოიცავდეს იდიოსინკრატულ, სისტემურ და კომბინირებულ სტრესსცენარებს, კომერციული ბანკის ლიკვიდურობასთან ან/და გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად და ფინანსური სიჯანსაღის აღსადგენად მისაღებ შესაბამის ზომებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებს.

2. გაჯანსაღების გეგმას განიხილავს და აფასებს ეროვნული ბანკი. იგი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს გაჯანსაღების გეგმაში ცვლილებების შეტანა იმ მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამ გეგმის განხორციელებას.   

3. კომერციულმა ბანკმა ყოველწლიურად უნდა გადახედოს გაჯანსაღების გეგმას და საჭიროების შემთხვევაში უნდა განაახლოს იგი. გაჯანსაღების გეგმა უნდა განახლდეს, თუ კომერციული ბანკის საქმიანობა, სტრუქტურა, რისკების პოზიციები ან დაშვებები, რომლებიც გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისას იქნა გამოყენებული, არსებითად შეიცვალა. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს გაჯანსაღების გეგმის გადახედვა და განახლება.

 4. ყველა კომერციული ბანკი და საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმო ვალდებულია ითანამშრომლოს ეროვნულ ბანკთან გაჯანსაღების გეგმის შემუშავების პროცესში. ეს თანამშრომლობა მოიცავს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებასაც.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები და წესები ამ მუხლით გათვალისწინებულ გაჯანსაღების გეგმასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები იმ კომერციული ბანკებისთვის, რომელთაც, მათი ზომის, სისტემურობისა და რისკის პროფილის გათვალისწინებით, შეიძლება გაჯანსაღების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გამარტივებული/განსხვავებული მოთხოვნები დაუწესდეთ.

6. გაჯანსაღების გეგმა არ ზღუდავს ეროვნულ ბანკს, იმოქმედოს ამ გეგმისგან განსხვავებულად.“.

9. 21-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეკონომიკური ლიმიტები, ნორმატივები და ინდივიდუალური მოთხოვნები“.

10. 22-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).

7. ამ მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის აქციონერებს, მაკონტროლებელ პირებსა და ადმინისტრატორებს სამართლებრივი აქტით დაუდგენს აკრძალულ გარიგებებსა და მათთან მუშაობის მეთოდებთან დაკავშირებულ წესებს და განუსაზღვრავს შესაბამის საზედამხედველო ზომებს ან/და სანქციებს (ფულად ჯარიმას).“.  

11. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოსთხოვონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს, მისი მონათესავე საწარმოს ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს, მიაწოდონ კომერციული ბანკის აქციონერების, მაკონტროლებელი პირებისა და ადმინისტრატორების შესახებ ინფორმაცია და ოპერაციებსა და გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აგრეთვე კომერციული ბანკის/ადმინისტრატორის მიერ აღნიშნული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით ან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).“.

12. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები

და სანქცია (ფულადი ჯარიმა), ადრეული ინტერვენცია

 

მუხლი 30. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის, კომერციული ბანკის ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) ერთი ან რამდენიმე შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) კომერციულმა ბანკმა, კომერციული ბანკის ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია:

ა.ა) ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;

ა.ბ) რომელიმე პირობა ან შეზღუდვა, რომელიც ერთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ან ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას;

ა.გ) ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

ა.დ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;

ა.ე) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;

ა.ვ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;

ა.ზ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, რითაც შეაფერხა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესის განხორციელება;

ბ) კომერციული ბანკი არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ საბანკო პრაქტიკაში იყო ჩართული ან ჩართულია;

გ) საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესში (მათ შორის, რისკების შეფასების საერთო პროგრამის ფარგლებში) რისკები გამოვლინდა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის გამოვლენისას ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად ან არათანამიმდევრულად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საზედამხედველო ზომა:

ა) კომერციულ ბანკს, კომერციული ბანკის ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა;

გ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს შიდა პოლიტიკისა და პროცედურების, გაჯანსაღების გეგმის, კონტროლის სისტემებისა და სტრატეგიების გადახედვა და გაუმჯობესება;

დ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები, კომერციულ ბანკს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციების განხორციელება ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ კომერციულმა ბანკმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და ჯანსაღ საბანკო პრაქტიკასთან შესაბამისობა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები, რის თაობაზედაც ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს კომერციულ ბანკს შესაბამისი გეგმის წარმოდგენა;

ე) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს აქტივების დარეზერვებასთან ან კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისთვის აქტივებთან დაკავშირებული კონკრეტული მიდგომის გამოყენება;

ვ) კომერციული ბანკის ერთ ან რამდენიმე ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შემთხვევაში − კომერციული ბანკის აქციონერთა საერთო კრებას მოსთხოვოს ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება;

ზ) კომერციულ ბანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა;

თ) შეუჩეროს ხმის უფლება კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელს მაკონტროლებელი პირის ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელის მხრიდან ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან კანონმდებლობის სხვა დარღვევის, მათ შორის, ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმთან/კრიტერიუმებთან შეუსაბამობის, შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ, ეროვნული ბანკის შეფასებით, მაკონტროლებელი პირი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციების ფლობიდან გამომდინარე საკუთარ უფლებამოსილებას ბანკის ინტერესების საზიანოდ იყენებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაუქმების ან შეზღუდვის პირობებსა და ვადებს ადგენს ეროვნული ბანკი არსებული გარემოებებიდან გამომდინარე;

ი) კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა მაკონტროლებელი პირის მიერ ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე;

კ) კომერციულ ბანკს შეუზღუდოს ან აუკრძალოს გარკვეული ტიპის საქმიანობების, ოპერაციების განხორციელება, მათ შორის, მოსთხოვოს მას ცალკეული საქმიანობების ან ბიზნესმიმართულებების გასხვისება, თუ აღნიშნული გადაჭარბებულ რისკებს ქმნის ან/და კომერციული ბანკის ჯანსაღ ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის;

ლ)  კომერციულ ბანკს მოსთხოვოს საქმიანობასთან, პროდუქტებთან ან/და სისტემებთან დაკავშირებულ რისკებზე შესაბამისი რეაგირება;

მ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ცვალებადი ანაზღაურების იმ მოცულობით შემცირება, რომელიც აუცილებელია კაპიტალის ადეკვატურობის დადგენილი კოეფიციენტების დასაცავად და სხვა ნორმატივების შესასრულებლად;

ნ) კომერციულ ბანკს შეუზღუდოს ან/და აუკრძალოს მისი აქციონერებისთვის ან/და დამატებითი პირველადი კაპიტალის მფლობელებისთვის კაპიტალის განაწილება ან/და სარგებლის გაცემა;

ო) კომერციულ ბანკს დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები საზედამხედველო ანგარიშგებასთან დაკავშირებით;

პ) კომერციულ ბანკს დაუწესოს ლიკვიდურობის ინდივიდუალური მოთხოვნები, მათ შორის, შეზღუდვები აქტივებსა და ვალდებულებებს შორის განსხვავებულ ვადიანობაზე; 

ჟ) კომერციულ ბანკს დაუწესოს გამჟღავნების დამატებითი მოთხოვნები;

რ) კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად უარესდება ან ახლო მომავალში გაუარესდება, რაც, მათ შორის, შეიძლება გამოიხატებოდეს კაპიტალის ან ლიკვიდურობის მდგომარეობის გაუარესებით, ლევერიჯის, უმოქმედო სესხების ან რისკის პოზიციების კონცენტრაციის ზრდით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომებთან ერთად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საზედამხედველო ზომა:

ა) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს გაჯანსაღების გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე ზომის მიღება;

ბ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ;

გ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს თავის ბიზნესსტრატეგიაში ან ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა;

დ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება, რომელიც, კომერციული ბანკის გადაწყვეტილებით, შეიძლება მოიცავდეს სასესხო ვალდებულებების პირობებზე მოლაპარაკებების ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის მიერ კომერციული ბანკის პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ვალდებულებების აღების საკითხებს; 

ე) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ან/და ადგილზე შემოწმების შედეგად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია რეზოლუციის გეგმის გასაახლებლად;

ვ) კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს მოსთხოვოს კომერციული ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების განსახილველად და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება. სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის მიერ კომერციული ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავად მოიწვიოს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება თავის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და მას მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების განხილვა და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროპორციულობის პრინციპის დაცვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზედამხედველო ზომასთან ერთად ან ამ ზომის მიღების გარეშე კომერციულ ბანკს, კომერციული ბანკის ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) თავის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალისა.

5. ამ მუხლით განსაზღვრული სანქციის (ფულადი ჯარიმის) თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 

6. მხარეს, რომლის მიმართაც საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) გამოიყენება, უფლება აქვს, იგი სასამართლოში გაასაჩივროს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

მუხლი 301. ადრეული ინტერვენცია

1. თუ ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას საზედამხედველო ზომების გამოყენებამ შედეგი არ გამოიღო ან თუ, ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ ზომების მიღება შესაბამისი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ იქნება, კომერციული ბანკისა და საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშესაწყობად და კომერციული ბანკის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა ინტერესების დასაცავად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომების მიღებასთან ერთად დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი. დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, ამასთანავე, არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. ეროვნული ბანკი გამოსცემს კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეს აქტი სხვა საკითხებთან ერთად უნდა განსაზღვრავდეს დროებითი ადმინისტრატორის ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს.

2. დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია დროებით იმუშაოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორებთან ერთად ან ჩაანაცვლოს ისინი. თუ დროებითი ადმინისტრატორი თავის უფლებამოსილებებს კომერციული ბანკის ადმინისტრატორებთან ერთად ახორციელებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის ადმინისტრატორებს გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად განუსაზღვროს დროებითი ადმინისტრატორის თანხმობის მიღების ვალდებულება. დროებით ადმინისტრატორზე არ გადადის კომერციული ბანკის აქციონერთა საერთო კრების უფლებამოსილებები. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დროებითი ადმინისტრატორის ზოგიერთი გადაწყვეტილება შეიძლება ეროვნული ბანკისგან წინასწარი თანხმობის მიღებას საჭიროებდეს. ეროვნული ბანკისგან წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულება შეიძლება განისაზღვროს როგორც დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისას, ისე მის მიერ თავისი უფლებამოსილებების განხორციელების სხვა ეტაპზე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დროებითი ადმინისტრატორი თანამდებობიდან გაათავისუფლოს ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით.

3. დროებითი ადმინისტრატორი ინიშნება არაუმეტეს 1 წლის ვადით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ, ეროვნული ბანკის შეფასებით, დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის საფუძველი არ აღმოფხვრილა, ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები და მისი დანიშვნის წესი.

5. მხარეს, რომლის მიმართაც ადრეული ინტერვენციის ზომა გამოიყენება, უფლება აქვს, იგი სასამართლოში გაასაჩივროს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

მუხლი 302. პროპორციულობის პრინციპი

1. ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 30-ე და 301 მუხლების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საზედამხედველო ზომის, სანქციის (ფულადი ჯარიმის) ან ადრეული ინტერვენციის ზომის გამოყენების საფუძვლების პროპორციული უნდა იყოს. საზედამხედველო ზომის, სანქციის (ფულადი ჯარიმის) ან ადრეული ინტერვენციის ზომის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ამ კანონის 30-ე და 301 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლების სერიოზულობას. ამ მიზნით ეროვნული ბანკი, სულ მცირე, აფასებს კომერციული ბანკის ფინანსურ მდგომარეობას, კომერციული ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის დონეს მისი რისკების მიმართ, კომერციული ბანკის ფინანსურ მდგომარეობაზე იმავე მუხლებით განსაზღვრული საფუძვლების ეფექტს, მასშტაბს, ოდენობას, მათ ურთიერთმიმართებას, ხანგრძლივობასა და სიხშირეს, კომერციული ბანკის საქმიანობის კანონიერებას ან/და კომერციული ბანკის აქტივებისთვის ზარალის მიყენების შესაძლო საფრთხეს;

ბ) კომერციული ბანკის მზადყოფნასა და რესურსს, აღმოფხვრას ამ კანონის 30-ე და 301 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლები. ამ მიზნით ეროვნული ბანკი, სულ მცირე, აფასებს კომერციული ბანკის ადმინისტრატორების შესაძლებლობას, გამოავლინონ და შეაფასონ კომერციული ბანკის რისკები, მონიტორინგი გაუწიონ მათ და მართონ ისინი. იგი ასევე აფასებს, რამდენად ეფექტიანად აღმოიფხვრება იმავე მუხლებით განსაზღვრული საფუძვლები და რამდენად თანამშრომლობენ კომერციული ბანკი, მისი ადმინისტრატორები და მაკონტროლებელი პირები ეროვნულ ბანკთან;

გ) იმას, თუ რამდენად ექმნება საფრთხე ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ეფექტიან ფუნქციონირებას. ამ მიზნით ეროვნული ბანკი აფასებს და ითვალისწინებს კომერციული ბანკის სისტემურობასა და მის ზომას, აგრეთვე მის ურთიერთმიმართებას საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან, კომერციული ბანკის ფუნქციების ჩანაცვლებადობას, საქმიანობის სფეროებსა და კომპლექსურობას.

2. ეს მუხლი არ ვრცელდება საზედამხედველო ზომის, სანქციის (ფულადი ჯარიმის) და ადრეული ინტერვენციის ზომის ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის გამოყენების შემთხვევებზე.“.

13. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რეზოლუცია და ლიკვიდაცია“.

14. 32-ე−35-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. რეზოლუციის პრინციპები

ეროვნული ბანკი რეზოლუციის რეჟიმს წარმართავს რეზოლუციის შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) კომერციული ბანკის აქციონერები პირველად ზარალს იღებენ.  უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა;

ბ) კომერციული ბანკის კრედიტორები ზარალს იღებენ აქციონერების შემდეგ, ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით, გარდა ამ კანონის 3711 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ)  უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კომერციული ბანკის ერთი და იმავე რიგის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, გარდა ამ კანონის 3711 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) რეზოლუციის საბოლოო შედეგით, ამ კანონის 3711 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობის გათვალისწინებით, კომერციული ბანკის აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში;

ე) კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის წევრები უნდა გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ეროვნული ბანკის შეფასებით, მათი თანამდებობებზე დატოვება აუცილებელია არსებული გარემოებების გათვალისწინებით;

ვ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტები დაცული უნდა იყოს;

ზ) რეზოლუციის გეგმის შემუშავებისას მიღებული გადაწყვეტილება, კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება, კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებები, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 551 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად პროპორციული უნდა იყოს.

მუხლი 33. რეზოლუციის გეგმა

1. ეროვნული ბანკი აფასებს თითოეული კომერციული ბანკის ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობას. კომერციული ბანკის ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობის განსაზღვრისას ეროვნული ბანკი აფასებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლების არსებობისას კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების ან კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების მიზანშეწონილობას.

2. ეროვნული ბანკი ადგენს რეზოლუციის გეგმებს იმ კომერციული ბანკებისთვის, რომელთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას მიზანშეწონილია ლიკვიდაციის ნაცვლად რეზოლუციის რეჟიმის შემოღება. რეზოლუციის გეგმა უნდა მოიცავდეს შესაბამის სარეზოლუციო ინსტრუმენტებსა და სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას გამოიყენებს.

3. თუ ეროვნულმა ბანკმა მოახდინა კომერციული ბანკის რეზოლუციის განხორციელების შემაფერხებელი არსებითი გარემოებების იდენტიფიცირება, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს, წარმოადგინოს გეგმა ამ გარემოებების აღმოსაფხვრელად. თუ კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილი გეგმა ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული გარემოებების აღმოფხვრას, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს ამ მიზნის მისაღწევად აძლევს კონკრეტულ მითითებებს და მათ შესასრულებლად განუსაზღვრავს შესაბამის ვადას. კომერციული ბანკი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა აღნიშნული მითითებების შესასრულებლად. ეროვნული ბანკის მითითებები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ზომებს:

ა) კომერციული ბანკის მაქსიმალური ინდივიდუალური საერთო რისკის პოზიციების შეზღუდვას;

ბ) რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნას;

გ) განსაზღვრული აქტივების გასხვისების მოთხოვნას;

დ) კომერციული ბანკის მიმდინარე ან/და დაგეგმილი საქმიანობის/პროდუქტის შეზღუდვას ან შეწყვეტას;

ე)  კომერციული ბანკის/საბანკო ჯგუფის საოპერაციო საქმიანობაში, ორგანიზაციულ სტრუქტურაში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების განხორციელების მოთხოვნას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე მფლობელობის სტრუქტურის გამარტივებას ან/და საქართველოს ტერიტორიაზე მშობელი საწარმოს ან შვილობილი საწარმოს დაფუძნებას, რეზოლუციის პროცესში კომერციული ბანკის/საბანკო ჯგუფის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად;

ვ) განცხადებული საწესდებო კაპიტალის შესაბამისი ოდენობის მუდმივად დაცვის მოთხოვნას იმ მიზნით, რომ შესაძლებელი იყოს ახალი აქციების ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტების გამოშვება რეზოლუციის პროცესში;

ზ) ამ კანონის 3710 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნების დაწესებასა და დაცვას.

4. ეროვნულმა ბანკმა ყოველწლიურად უნდა გადახედოს რეზოლუციის გეგმას და საჭიროების შემთხვევაში უნდა განაახლოს იგი. რეზოლუციის გეგმა უნდა განახლდეს, თუ კომერციული ბანკის საქმიანობა ან/და ორგანიზაციული სტრუქტურა ან ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა, რამაც შეიძლება არსებითი გავლენა მოახდინოს რეზოლუციის გეგმის შინაარსზე ან/და განხორციელებაზე.

5. ყველა კომერციული ბანკი და საბანკო ჯგუფი ვალდებულია ითანამშრომლოს ეროვნულ ბანკთან და ხელი შეუწყოს მას რეზოლუციის გეგმის შემუშავების პროცესში, რაც, მათ შორის, მოიცავს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებას.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი ან/და გამარტივებული მოთხოვნები და წესები სარეზოლუციო დაგეგმვასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები იმ კომერციული ბანკებისთვის, რომელთაც, ზომის, სისტემურობისა და რისკის პროფილის გათვალისწინებით, შეიძლება სარეზოლუციო დაგეგმვასთან დაკავშირებით გამარტივებული მოთხოვნები დაუწესდეთ.

7. რეზოლუციის გეგმა არ ზღუდავს ეროვნულ ბანკს, იმოქმედოს ამ გეგმისგან განსხვავებულად.

მუხლი 34. რეზოლუციის პირობები და კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე მუხლის  „გ“, „დ“, „ვ“, „თ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან/და ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეზოლუციის რეჟიმის შემოღება აუცილებელია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 551 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე ეროვნული ბანკი დროისა და სხვა, შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით აფასებს, რამდენად არსებობს კერძო სექტორის მიერ ან/და ადრეული ინტერვენციის ზომის ან/და საზედამხედველო ზომების გამოყენების საშუალებით ამ პუნქტით გათვალისწინებული რეზოლუციის საფუძვლების  გონივრულ ვადაში სრულად აღმოფხვრის შესაძლებლობა. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მის მიერ განსაზღვრულ ვადაში მოისმინოს კომერციული ბანკის წინადადებები რეზოლუციის რეჟიმის შემოღების საფუძვლების აღმოფხვრის შესახებ, თუ, ყველა შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით, მათ შორის, საკითხის გადაუდებელი ხასიათიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის შეფასებით, ეს საფრთხეს არ შეუქმნის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 551 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მიღწევას.  

3. ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 30-ე და 301 მუხლებით გათვალისწინებული ადრეული ინტერვენციის ზომის ან/და საზედამხედველო ზომების გამოყენება რეზოლუციის რეჟიმის შემოღების აუცილებელი წინაპირობა არ არის.

4. ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან რეზოლუციის რეჟიმი შემოღებულად ჩაითვლება. კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რეზოლუციის რეჟიმის შემოღების საფუძვლების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომერციულ ბანკსა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტს. კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. ამ გადაწყვეტილების შესახებ სხვა ინფორმაცია კონფიდენციალურობის წესების დაცვით ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან შესაბამისი ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის მიწოდებულად ჩაითვლება.

მუხლი 35. კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმის ხანგრძლივობა და დასრულება

1. რეზოლუციის რეჟიმი შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვისა. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ეს ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 12 თვით. რეზოლუციის რეჟიმის ვადის გაგრძელების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს მისი გაგრძელების საფუძველი. ეს გადაწყვეტილება კონფიდენციალურობის წესების დაცვით უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმი დასრულდება:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემთხვევაში;

ბ) ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეზოლუციის რეჟიმის შემოღების საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში;

გ) კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.

3. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემთხვევაში ამ კანონის 3712 მუხლის მე-7 პუნქტი არ ვრცელდება ამ თავის შესაბამისად მიღებულ  გადაწყვეტილებაზე.

4. ეს მუხლი არ ვრცელდება დროებით ბანკზე.“.

15. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37. სპეციალური მმართველი

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონით მისთვის მინიჭებული სარეზოლუციო უფლებამოსილებები უშუალოდ განახორციელოს ან დანიშნოს ერთი ან რამდენიმე სპეციალური მმართველი. სპეციალურ მმართველად შეიძლება დაინიშნოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი. სპეციალური მმართველი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

 2. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს სპეციალური მმართველის უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას, რომელთა ფარგლებშიც სპეციალურ მმართველს შეუძლია განახორციელოს კომერციული ბანკის სრული კონტროლი და მასზე შეიძლება გადავიდეს კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.

3. სპეციალური მმართველი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს სპეციალური მმართველის დანიშვნის თარიღამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება, თუ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა, და მოითხოვოს მისი ბათილობა.

4. სპეციალური მმართველი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ინსტრუქციებისა და მითითებების ფარგლებში. სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებულია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინაშე. სპეციალური მმართველი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით და დადგენილ ვადაში, რეგულარულად ან/და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ეროვნულ ბანკს თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს სპეციალური მმართველი და სპეციალურ მმართველად დანიშნოს სხვა პირი თავის მიერ დადგენილი წესით. სპეციალური მმართველის პასუხისმგებლობა და ინტერესთა კონფლიქტის საკითხები რეგულირდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. სპეციალური მმართველი იღებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ შრომის ანაზღაურებას. ყველა ხარჯს, მათ შორის, სპეციალური მმართველის შრომის ანაზღაურებას, რომელიც წარმოიშობა სპეციალური მმართველის მიერ თავისი საქმიანობის განხორციელებისას, აანაზღაურებს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი.

6. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდება და დაიწყება მისი ლიკვიდაციის პროცესი, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სპეციალური მმართველი შეიძლება კომერციული ბანკის ლიკვიდატორად დაინიშნოს.“.

16. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371−3712 მუხლები:

„მუხლი 371. კომერციული ბანკის კონტროლი რეზოლუციის რეჟიმში

1. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისთანავე კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება ეროვნულ ბანკზე გადადის. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის ორგანოებს დააკისროს გარკვეული ქმედებების განხორციელების ვალდებულება ამ კანონის შესაბამისად. ბათილია კომერციული ბანკის მიერ, სპეციალური მმართველის მიერ ან კომერციული ბანკის სახელით რეზოლუციის რეჟიმში მიღებული ყველა გადაწყვეტილება/განხორციელებული ყველა ქმედება, თუ ისინი მიღებული/განხორციელებული არ არის ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისთანავე ეროვნულ ბანკს შეუზღუდავად უნდა მიუწვდებოდეს ხელი კომერციული ბანკის  აქტივებზე, საბუღალტრო ანგარიშებსა და ჩანაწერებზე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა ზომა, მათ შორის, ნებისმიერ პირს გაუუქმოს ან შეუზღუდოს კომერციული ბანკის სახელით მოქმედების უფლებამოსილება.

მუხლი 372. გადახდების განხორციელების შეჩერება და სამართლებრივი პროცედურების განხორციელების შეზღუდვა რეზოლუციის რეჟიმში

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას შეაჩეროს კომერციული ბანკის აქციონერებისთვის კაპიტალის  განაწილება, აგრეთვე ადმინისტრატორების ანაზღაურების (გარდა რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი მომსახურებების განხორციელებისთვის გადასახდელი ანაზღაურებისა) გაცემა.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემოიღოს მორატორიუმი კომერციული ბანკის ვადამოსული გადახდების ან მათი ნაწილის მიმართ, გარდა დაზღვეულ დეპოზიტებთან დაკავშირებული, აგრეთვე საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემების ან ამ სისტემების მონაწილეთა მიმართ გადახდებისა, საგადახდო სისტემაში მონაწილეობიდან გამომდინარე გადახდებისა და ეროვნული ბანკის მიმართ არსებული გადახდებისა. მორატორიუმის ვადა 90 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ მიმდინარე საქმის წარმოების დროებით შეჩერების მოთხოვნით ან/და, ახალი საქმის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, − საქმის განხილვის გადავადების მოთხოვნით. აღნიშნული შეჩერება/გადავადება 90 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

4. ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ ჩერდება ან/და მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი იძულებითი აღსრულების ღონისძიება (მათ შორის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები), აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფის საშუალებები (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გირავნობა და იპოთეკა) 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

5. რეზოლუციის რეჟიმის შემოღება და რომელიმე სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენება არ შეიძლება გახდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კონტრაჰენტის მიერ სახელშეკრულებო უფლების ან ვალდებულების შეწყვეტის, შეცვლის ან/და დაჩქარების საფუძველი. რეზოლუციის რეჟიმის შემოღება და რომელიმე სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა გახდეს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ფინანსური გირაოს ამოქმედების საფუძველი, თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი ჯეროვნად ასრულებს ვალდებულებებს.

მუხლი 373. კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასება

1. კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად, კერძოდ, ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლების არსებობის დასადგენად, ეროვნული ბანკი აღრიცხავს კომერციული ბანკის აქტივებსა და ვალდებულებებს ბუღალტრული აღრიცხვისა და პრუდენციული საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავად განახორციელოს ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასება. დამოუკიდებელი შეფასების არარსებობა ხელს არ უშლის ეროვნულ ბანკს, მიიღოს ამ კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აღრიცხვასთან ერთად კომერციული ბანკის მიმართ გამოსაყენებელი სათანადო სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შესარჩევად, აგრეთვე ამ ინსტრუმენტების გამოყენების პირობების განსასაზღვრავად ხორციელდება კომერციული ბანკის აქტივების, მათ შორის, აქტივებზე დარიცხული ზარალისა და ვალდებულებების, შეფასება (სრულყოფილი შეფასება). შეფასების რამდენიმე მეთოდის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება ის მეთოდი, რომლის შედეგადაც შეფასების ყველაზე ნაკლები ღირებულება მიიღება (კონსერვატიული მიდგომა).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება აგრეთვე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ოდენობის ზარალს მიიღებდნენ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში ძირითადი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების მფლობელები (აქციონერები) და ამ კანონის 3712 მუხლით განსაზღვრულ კრედიტორთა თითოეული რიგი. აღნიშნული შეფასება არ გამოიყენება იმ კომპენსაციის ოდენობის განსასაზღვრავად, რომელიც შეიძლება გაიცეს აქციონერებზე ან/და კრედიტორებზე, თუ ამ შეფასების შედეგად დადასტურდება, რომ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციონერები ან/და კრედიტორები იმაზე ნაკლებად იზარალებდნენ, ვიდრე მათ იზარალეს ამ კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასების განსახორციელებლად ეროვნული ბანკი ნიშნავს დამოუკიდებელ შემფასებელს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავად განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასება, თუ დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შეფასების განხორციელება შეუძლებელია შესაბამის გარემოებათა გამო, მათ შორის, საკითხის გადაუდებელი ხასიათიდან გამომდინარე, ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 551 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მიღწევას საფრთხე ემუქრება. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემოიღოს რეზოლუციის რეჟიმი, მიიღოს ნებისმიერი სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება და განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები შუალედური შეფასების საფუძველზე. თუ შუალედური შეფასება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნით ხორციელდება, ეროვნულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს დამატებითი დანაკარგების რეზერვი შესაბამის დასაბუთებასთან ერთად.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი შეფასების, მათ შორის, შუალედური შეფასების, განხორციელების შემდეგ ეროვნული ბანკი ვალდებულია შესაძლებლობისთანავე უზრუნველყოს დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შეფასების განხორციელება. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამოუკიდებელი შეფასების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს დამატებითი სარეზოლუციო უფლებამოსილებები, მათ შორის, გაზარდოს კომერციული ბანკის აქციონერთა და კრედიტორთა მიერ მისაღები ზარალის ოდენობა, აღადგინოს ჩამოწერილ მოთხოვნათა ნაწილი, დამატებით განახორციელოს აქტივების ან/და ვალდებულებების გადაცემა ან დაიბრუნოს მანამდე გადაცემული აქტივები ან/და ვალდებულებები, გაზარდოს ან შეამციროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც გადახდილ იქნა აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ინსტრუმენტის გამოყენებისას ან დროებითი ბანკის გასხვისებისას.

6. ეროვნული ბანკი ადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების განხორციელების წესებს, პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, მათ შორის, დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ გასათვალისწინებელ კონსერვატიულ დათქმებს და დამოუკიდებელი შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასება სარეზოლუციო ინსტრუმენტის ან/და სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია და იგი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გადაწყვეტილებასთან ერთად, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 374. რეკაპიტალიზაცია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერით ან აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაციით

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჩამოწეროს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციები ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტები ან განახორციელოს აღნიშნული ინსტრუმენტების კომერციული ბანკის აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია. ეს უფლებამოსილება შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებლად ან სხვა სარეზოლუციო ინსტრუმენტებთან ერთად.

 2. ამ კანონის 32-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეზოლუციის პრინციპების შესრულების მიზნით აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერა ან აღნიშნული ინსტრუმენტების აქციებში კონვერტაცია უნდა განხორციელდეს იმ სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებამდე, რომლის შედეგადაც სხვა კრედიტორები (გარდა აქციონერებისა და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების მფლობელებისა) მიიღებდნენ პირველად ზარალს. ეროვნულმა ბანკმა შეიძლება აღნიშნული უფლებამოსილება არ გამოიყენოს, თუ განხორციელდება კომერციული ბანკის აქტივების ან/და ვალდებულებების ნაწილობრივ გადაცემა და კომერციული ბანკის ბალანსზე დარჩენილი აქციებისა და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ღირებულება დაფარავს არსებულ ზარალს.

3. საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერა ან მათი აქციებში კონვერტაცია უნდა დაეფუძნოს კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასებას ამ კანონის 373 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს ლიკვიდაციის პროცესში დადგენილი მოთხოვნების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით, რათა უზრუნველყოს: 

ა) ძირითადი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების ნომინალური ღირებულების შემცირება ზარალის პროპორციულად ან/და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების გაუქმება ან/და გადაცემა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გარდა, საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ნომინალური ღირებულების შემცირება ან/და კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია.

5. საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერის ან კომერციული ბანკის აქციებში კონვერტაციის შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ.

6. დროებითი სახელმწიფო დაფინანსების განხორციელებამდე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი პირობებით კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ჩვეულებრივი აქციების გამოშვება შესაბამისი კაპიტალის ინსტრუმენტების მფლობელთა მიერ მათ შესაძენად.

მუხლი 375. ეროვნული ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტები

1. ეროვნულ ბანკს სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებისას შეუძლია გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი სარეზოლუციო ინსტრუმენტი:  

ა) კომერციული ბანკის შერწყმა;

ბ) კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება;

გ) კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების დროებითი ბანკისთვის გადაცემა;

დ) კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ახალი აქციების გამოშვებით;

ე) კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია მისი ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით.

2. ეროვნული ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენება არ საჭიროებს კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის აქციონერების, მოვალეების, კრედიტორების თანხმობას. ამასთანავე, ეროვნული ბანკის მიერ სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებამდე საჭირო არ არის რაიმე წინასწარი შეტყობინება, გამოქვეყნება ან/და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ემისიის პროსპექტის დამტკიცება.

3. რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად შეიძლება კომერციული ბანკის, როგორც სამართალსუბიექტის, საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები გათვალისწინებული არ იქნეს.

4. რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს საზედამხედველო პროცესში ამ კანონით გათვალისწინებული თანხმობის გაცემის გამარტივებული წესები სარეზოლუციო ინსტრუმენტების ეფექტურად გამოსაყენებლად.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სარეზოლუციო ინსტრუმენტთან დაკავშირებით მისაღებ ან მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილებები შეიტანოს ან ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება სხვა სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ.

მუხლი 376. კომერციული ბანკის შერწყმა

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სხვა ბანკთან შერწყმა. აღნიშნული შერწყმის შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ძალაში შედის, მიუხედავად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა/პროცედურებისა.

მუხლი 377. კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემძენზე (გარდა დროებითი ბანკისა) სრულად ან ნაწილობრივ გაასხვისოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტი რამდენჯერმე გამოიყენოს, აგრეთვე შემძენის თანხმობით, თავის მიერ წინასწარ დადგენილ ვადაში გამოითხოვოს შემძენზე გასხვისებული რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები და დაუბრუნოს ისინი რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს.

3. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა გადაეცემა ამ კომერციული ბანკის აქციონერებს ან რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს მას შემდეგ, რაც ანაზღაურდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სარეზოლუციო ფონდის ხარჯები (ასეთი ხარჯების არსებობის შემთხვევაში).

4. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მიუხედავად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა/პროცედურებისა. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების შემძენი არის ამ კომერციული ბანკის აქციონერი, ხოლო რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქტივების ან/და ვალდებულებების შემძენი − რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის უფლებამონაცვლე თითოეულ გასხვისებულ აქტივთან და ვალდებულებასთან მიმართებით. თუ შემძენი არ აკმაყოფილებს საგადახდო, საკლირინგო და ანგარიშსწორების სისტემებში მონაწილეობისთვის ან საფონდო ბირჟაზე დაშვებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იგი აღნიშნულ სისტემებში/საფონდო ბირჟაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს 24 თვისა.

5. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერებსა და კრედიტორებს, აგრეთვე სხვა მესამე პირებს, რომელთა აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები არ გასხვისებულა, არ აქვთ უფლებები გასხვისებული აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების მიმართ.

6. შემძენი ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო პროცესში მისგან მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო თანხმობა. შემძენისთვის დეპოზიტების გადაცემის შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს მოქმედი საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

7. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების შედეგად აღნიშნული კომერციული ბანკის კაპიტალში შემძენის (მათ შორის, ბენეფიციარი მესაკუთრის) პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ეროვნული ბანკი ამ კანონის 81 მუხლით დადგენილი წესით აღნიშნული კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ განაცხადს განიხილავს გამარტივებული პროცედურით, ისე, რომ არ შეფერხდეს რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობა. თუ რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად წარმართვისათვის აუცილებელია ამ მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის დაუყოვნებლივ გამოყენება, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შეფასების გარეშე განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება და ეროვნული ბანკის  მიერ შეფასების განხორციელებამდე შეზღუდოს აქციებთან დაკავშირებული ხმის უფლებები ან/და მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ხმის უფლებებს თავად ეროვნული ბანკი გამოიყენებს. აღნიშნული შეფასების შედეგების საფუძველზე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემძენს მოსთხოვოს აქციების გასხვისება, თუ აღმოჩნდება, რომ შემძენი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

8. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების პროცესი გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად უნდა წარიმართოს და ამ პროცესის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი გასხვისების ფასის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გაზრდა და ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა. ეს არ გამორიცხავს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას, ერთი პირისთვის შეთავაზებით გაასხვისოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები, თუ სხვაგვარად შეიძლება შეფერხდეს რეზოლუციის რეჟიმის ეფექტიანობა და საფრთხე შეექმნას რეზოლუციის მიზნების მიღწევას.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას შეიძლება გადავადდეს ან დაცული არ იქნეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები.

10. კომერციული ბანკის აქციები უნდა გასხვისდეს მისი აქციონერების  წილობრივი მონაწილეობის პროპორციულად.

მუხლი 378. დროებითი ბანკი

 1. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების დროებითი ბანკისთვის სრულად ან ნაწილობრივ გადაცემის შესახებ. 

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აფუძნებს დროებით ბანკს გადაცემული აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების შემდგომ გასხვისების მიზნით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმის დაწყებამდე დააფუძნოს სააქციო საზოგადოება, რომელიც რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისთანავე იმოქმედებს, როგორც დროებითი ბანკი. შესაბამისმა უწყებებმა და მარეგისტრირებელმა ორგანოებმა უნდა მიიღონ დროებითი ბანკის დაფუძნების პროცესის დროულად დასასრულებლად საჭირო ყველა ზომა.

3. დროებითი ბანკისთვის გადაცემული ვალდებულებების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიერ და სხვა წყაროებიდან გადაცემული აქტივების ჯამს.

4. თუ დროებითი ბანკისთვის გადაცემული რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გარკვეული ნაწილი არ შეესაბამება მათი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილ კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, აღნიშნული აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები შეიძლება დაუბრუნდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს.

5. ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 თვისა, იღებს გადაწყვეტილებას დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ. ამ გადაწყვეტილებაში მიეთითება დროებითი ბანკისთვის ნებადართული საქმიანობები. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია  სამართლებრივი აქტით განსაზღვროს დროებითი ბანკის ლიცენზირების წესი, მათ შორის, ლიცენზირების გამარტივებული პროცედურები, და იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც შეიძლება წარდგენილ იქნეს დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შემდეგ.

6. დროებითი ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ფინანსური სექტორის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, დროებითი ბანკი გაათავისუფლოს საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის დაცვისგან მასზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. დროებითი ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტები, სტრატეგია და რისკის პროფილი, აგრეთვე დროებითი ბანკის ადმინისტრატორების ანაზღაურება და მოვალეობები თანხმდება ეროვნულ ბანკთან.

7. დროებითი ბანკის ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ შეიძლება დაინიშნოს დროებითი ბანკის ადმინისტრატორად. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დროებითი ბანკის ადმინისტრატორს მისცეს მითითებები რეზოლუციის მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.

8. დროებითი ბანკი პროფესიული და კომერციული საფუძვლებით უნდა იმართებოდეს. დროებითი ბანკი მუდმივი ინსტრუმენტი არ არის და მისი აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა გასხვისდეს. ამ მიზნით დროებითმა ბანკმა ეროვნული ბანკის ინსტრუქციებისა და მითითებების საფუძველზე უნდა შეიმუშაოს და შეასრულოს დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია დროებითი ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა, დროებითი ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ გასხვისება, აგრეთვე დროებითი ბანკის რეკაპიტალიზაცია, მათ შორის, მისი ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით.

9. ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით დროებით ბანკს გაუუქმდება საბანკო საქმიანობის ლიცენზია დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის შესრულების ან ნარჩენი აქტივების ან/და ვალდებულებების სრულად ჩამოწერის შემთხვევაში.

10. დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის შესრულების შედეგად მიღებულ თანხებს დროებითი ბანკის აქციონერები მიიღებენ.

11. დროებითი ბანკისთვის რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქტივების ან/და ვალდებულებების გადაცემისას გამოიყენება ამ კანონის 377 მუხლით დადგენილი წესი, გარდა იმავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისა.

12. დროებით ბანკზე ვრცელდება კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, თუ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონით ან ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

13. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს დროებითი ბანკის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, აგრეთვე დაადგინოს დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის შემუშავებასა და შესრულებასთან დაკავშირებული წესები და პირობები.

მუხლი 379. კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ახალი აქციების გამოშვებით

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის გასაზრდელად და მისი ჯანსაღი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად მიიღოს გადაწყვეტილება ამ კომერციული ბანკის მიერ ახალი აქციების გამოშვებისა და მათი რეალიზაციის შესახებ.

2. რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად დასასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული ახალი აქციები შესთავაზოს ამ კომერციული ბანკის აქციონერებს, თუ ისინი აკმაყოფილებენ აქციონერებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მათ არ დაურღვევიათ ეროვნული ბანკის მოთხოვნები და მითითებები. თუ ეროვნული ბანკი რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერებს არ შესთავაზებს ამ კომერციული ბანკის მიერ გამოშვებულ ახალ აქციებს, მათ არ ექნებათ აღნიშნული აქციების უპირატესი შესყიდვის ან სხვაგვარად შესყიდვის უფლება.

3. რეზოლუციის იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერები და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების მფლობელები იღებენ პირველად ზარალს, ამ კომერციული ბანკის მიერ ახალი აქციების გამოშვებამდე ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს აღნიშნული კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერა ან აქციებში კონვერტაცია ამ კანონის 374 მუხლის შესაბამისად.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს კომერციული ბანკის ახალი აქციების გამოშვებით რეკაპიტალიზაციის პირობები, აგრეთვე კაპიტალში მათი შენატანების განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეს. აღნიშნული შენატანები სრულად უნდა განაღდდეს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ ვალდებულების შესრულების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით.

მუხლი 3710. კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია მისი ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით

 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტი გამოიყენოს:

ა) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციისთვის;

ბ)  დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას მისი რეკაპიტალიზაციისთვის.

2. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტი გამოიყენება ამ კანონის 373 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე.

3. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებისას ამ ვალდებულებების ჩამოწერა ან კონვერტაცია ხორციელდება ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კრედიტორთა შესაბამისი რიგი ვალდებულებების სრულად ჩამოწერას ან კონვერტაციას არ ექვემდებარება, მათი ჩამოწერა ან კონვერტაცია უნდა განხორციელდეს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.

4. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებამდე უნდა განხორციელდეს იმ ვალდებულებების ჩამოწერა ან კონვერტაცია, რომელთა სახელშეკრულებო პირობებით პირდაპირ არის გათვალისწინებული ვალდებულების ჩამოწერა ან კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში კონვერტაცია.

5. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ვალდებულებების მიმართ:

ა) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაზღვეული დეპოზიტების მიმართ;

ბ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შენატანების მიმართ;

გ) საგადასახადო და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებისადმი არსებული ვალდებულებების მიმართ;

დ) ნებისმიერი ვალდებულების მიმართ, რომელიც კლიენტის აქტივების ფლობის შედეგად წარმოიშობა;

ე) სანივთო უფლებით უზრუნველყოფილი ვალდებულების მიმართ, აღნიშნული უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში;

ვ) კომერციული ბანკის თანამშრომლებისადმი არსებული ვალდებულებების მიმართ, გარდა კომერციული ბანკის ადმინისტრატორების არასახელფასო ანაზღაურებისა;

ზ) საგადახდო, საკლირინგო და ანგარიშსწორების სისტემებისადმი არსებული ვალდებულებების მიმართ − 7 დღეზე ნაკლები მოქმედების ვადით;

თ) სხვა კომერციული ბანკებისადმი (გარდა იმავე საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკებისა) არსებული ვალდებულებების მიმართ − 7 დღეზე ნაკლები მოქმედების ვადით;

ი) კომერციული ბანკის კრედიტორებისადმი არსებული იმ ვალდებულებების მიმართ, რომლებიც წარმოიშობა კომერციული ბანკისთვის ისეთი პროდუქტის ან მომსახურების (მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომუნალური, საიჯარო და სხვა ტექნიკური მომსახურებების) მიწოდებით, რომელსაც კომერციული ბანკის ყოველდღიური საქმიანობისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის მოქმედების ფარგლებიდან ნაწილობრივ ან სრულად გამორიცხოს სხვა ვალდებულებები, თუ, მისი შეფასებით, არსებობს ამ კანონის 3711 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე პირობა.   

7. დერივატივიდან წარმოშობილი ვალდებულებების ჩამოწერა ან კონვერტაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მათი ურთიერთგაქვითვის შემდეგ. 

8. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კომერციული ბანკის აქციონერების ან/და საკუთრების სხვა ინსტრუმენტების მფლობელების მიმართ განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) გააუქმოს არსებული აქციები ან/და საკუთრების სხვა ინსტრუმენტები ან გადასცეს ისინი იმ კრედიტორებს, რომელთა მიმართაც გამოყენებულ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებული ინსტრუმენტი;

ბ) ამ კომერციული ბანკის აქციონერების წილის მაქსიმალურად შესამცირებლად კომერციული ბანკის დადებითი სააქციო კაპიტალის შემთხვევაში განახორციელოს საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ან/და ვალდებულებების კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია.

9. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქციების მიმართ, თუ ვალდებულებების აქციებში კონვერტაცია განხორციელდა რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე ან ამ კანონის 37მუხლის საფუძველზე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერის ან აღნიშნული ინსტრუმენტების აქციებში კონვერტაციის შემდეგ.

 10. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოსაყენებლად ეროვნული ბანკი განსაზღვრავს იმ  საზედამხედველო კაპიტალის ოდენობას, რომელიც საჭიროა ამ კომერციული ბანკის პირველადი ძირითადი კაპიტალის დადგენილი კოეფიციენტის დასაცავად, ხოლო დროებითი ბანკის შემთხვევაში − კაპიტალის დადგენილი კოეფიციენტის დასაცავად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა და კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის მიმართ ნდობის აღდგენისა და კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის სალიცენზიო მოთხოვნებთან მინიმუმ მომდევნო 1 წლის განმავლობაში შესაბამისობისათვის აუცილებელი რესურსები.

11. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის ფარგლებში ეროვნული ბანკი:

 ა) ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების  რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით ნულამდე შეამცირებს აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ან/და ვალდებულებების ნომინალურ ღირებულებას, იმ ზღვრამდე, როდესაც ბანკის სააქციო კაპიტალი ნულს მიაღწევს. ვალდებულებები მაქსიმალური ოდენობით უნდა შემცირდეს; 

ბ) განახორციელებს ამ კომერციული ბანკის ვალდებულებების კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაციას ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის მისაღწევად.

12. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობა მიღწეული ვერ იქნა, რეზოლუციის დასაფინანსებლად შეიძლება განხორციელდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული დროებითი სახელმწიფო დაფინანსება. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი ფორმით:

ა) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის ნულამდე დაყვანის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სარეზოლუციო ფონდის საშუალებით აანაზღაურებს იმ ზარალს, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული ინსტრუმენტის გამოყენებით ვერ ანაზღაურდა;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიძენს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციებს ან საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტებს.

13. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ და მისი შესრულება სავალდებულოა კომერციული ბანკისთვის, დროებითი ბანკისთვის და კომერციული ბანკისა და დროებითი ბანკის აქციონერებისა და კრედიტორებისთვის. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ჩამოწერილი ვალდებულება ან ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ჯერ არ დარიცხულა,  უნდა  გაუქმდეს და აღარ უნდა აღდგეს. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულების ნაწილობრივ ჩამოწერის შემთხვევაში ის ხელშეკრულება, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ვალდებულებას,  აგრძელებს მოქმედებას დარჩენილ ნაწილში. აღნიშნული ხელშეკრულების ნაწილი ექვემდებარება ცვლილებას ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.

14. თუ კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის ან ბენეფიციარი მესაკუთრის პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა კომერციული ბანკის კაპიტალში 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ეროვნული ბანკი ამ კანონის 81 მუხლით დადგენილი წესით მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ განაცხადს განიხილავს დაჩქარებულად.

15. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს სამოქმედო გეგმის შედგენა და განხორციელება, რომელიც მოიცავს კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გრძელვადიან პერიოდში გაუმჯობესების ღონისძიებებს. აღნიშნული გეგმა უნდა  შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან. კომერციული ბანკი ვალდებულია რეგულარულად აწარმოოს შესაბამისი ანგარიშგება ეროვნულ ბანკთან სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ.

16. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებული წესები და პირობები, მათ შორის, დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის მისაღწევად აუცილებელი ფულადი სახსრების გამოთვლის, შეფასების, კონვერტაციის განაკვეთების განსაზღვრის, სამოქმედო გეგმის შემუშავების, შეთანხმებისა და განხორციელების საკითხები.

მუხლი 3711. რეზოლუციის სამართლებრივი გარანტიები

1. სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას ეროვნული ბანკი იყენებს ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას, ამ კანონის 3710 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი გამონაკლისის გათვალისწინებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დაიცვას ეს პრინციპი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებისას ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ერთი და იმავე რიგის კრედიტორთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვა, ამ კანონის 3710 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებებისთვის დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დაიცვას ეს პრინციპი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.  

3. ამ კანონის 377 ან 378 მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას და ამავე კანონის 3710 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დაიცვას ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პრინციპები, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:

ა) ეროვნული ბანკის მცდელობის მიუხედავად, სარეზოლუციო ინსტრუმენტის გონივრულ ვადაში გამოყენება შეუძლებელია;

ბ) ეს აუცილებელი და პროპორციულია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციებისა და ძირითადი საქმიანობის შესანარჩუნებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამ კომერციული ბანკის ძირითადი ოპერაციების, მომსახურებებისა და ტრანზაქციების უწყვეტობა;

გ) ეს აუცილებელი და პროპორციულია ფინანსური სირთულეებისა და საფრთხეების ფინანსური სექტორის სხვა მონაწილეებზე გავრცელების რისკების შესამცირებლად;

დ) სხვა კრედიტორები იმაზე მეტად იზარალებენ, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების დაცვის შემთხვევაში.

4. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში. ეს პრინციპი დაცული უნდა იქნეს რეზოლუციის საბოლოო შედეგით. თუ რეზოლუციის შემდეგ განხორციელებული შეფასების შედეგად დადასტურდება, რომ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი აქციონერები ან/და კრედიტორები იმაზე ნაკლებად იზარალებდნენ, ვიდრე მათ იზარალეს ამ კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებით, ისინი უფლებამოსილი არიან ფულადი კომპენსაციის მიღება მოითხოვონ. ფულადი კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს სარეზოლუციო ფონდიდან.

5. აქციონერების ან/და კრედიტორების კომპენსაციის მიღების უფლებისა და მისი ოდენობის შეფასების მიზნით, სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომ რეზოლუციის რეჟიმის დასრულებამდე შეფასება ხორციელდება დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ. აღნიშნული შეფასება განსხვავდება ამ კანონის 373 მუხლით გათვალისწინებული შეფასებისგან. ეროვნული ბანკი ადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებული შეფასების წესს, პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, მათ შორის, დამოუკიდებელი შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამ შეფასების ფარგლებში გამორიცხული უნდა იქნეს როგორც სახელმწიფოს, ისე ეროვნული ბანკის მიერ ყველა სახის არსებული და პოტენციური ფინანსური დახმარება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომერციულ ბანკს შეეძლო მიეღო სესხი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად).

6. ვალდებულების გადაცემის შემთხვევაში დაუშვებელია ვალდებულებისა და მისი უზრუნველყოფის  განცალკევება. განსაკუთრებულ შემთხვევაში რეზოლუციის ეფექტურად განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააცალკევოს ვალდებულება და მისი უზრუნველყოფა იმ პირობით, რომ უზრუნველყოფა მსგავსი სახისა და ღირებულების უზრუნველყოფით ჩანაცვლდება ან/და გადახდილი იქნება ფინანსური კომპენსაცია. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება და ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, რომლებსაც ერთი და იგივე კონტრაჰენტი ჰყავს და ურთიერთგაქვითვის ერთი და იმავე ვალდებულების საგანია, არ შეიძლება განცალკევდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად.

7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეზღუდოს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ან ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილება, ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შემდეგი პირობების დაცვა:

ა) უნდა შეიზღუდოს მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც წარმოიშვა ამ ხელშეკრულების/შეთანხმების პირობების თანახმად, მხოლოდ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების ან/და სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების შედეგად;

ბ) შეზღუდვა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღით;

გ) ამ ხელშეკრულების/შეთანხმების შემძენი მხარისთვის გადაცემისას აღნიშნული ხელშეკრულებიდან/შეთანხმებიდან გამომდინარე, მისი ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილება აგრძელებს მოქმედებას შემძენი მხარის მიმართ, მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში;

დ) კონტრაჰენტს უფლება აქვს, განახორციელოს ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილება ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის ამოწურვისთანავე ან იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი შეატყობინებს მას, რომ აღნიშნული ხელშეკრულების/შეთანხმების მესამე მხარისთვის გადაცემა არ განხორციელდება.

მუხლი 3712. კომერციული ბანკის ლიკვიდაცია

1. კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება მისი ლიკვიდაცია, რომლის მიზანია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზღვეული დეპოზიტების დაცვა და კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. კომერციული ბანკის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. დაუშვებელია ლიკვიდატორად ამ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის დანიშვნა. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება მის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება.

2. თუ ლიკვიდირებული კომერციული ბანკი საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი იყო, კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ ფუნქციების შესრულების დაწყებამდე საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, საგადახდო სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის ვადაში შეადგინოს კომერციული ბანკის აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს ეროვნულ ბანკს. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით.

4. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია კომერციული ბანკის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეარჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს კომერციული ბანკის კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ხოლო სესხების ან სხვა საფინანსო აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს სხვა კომერციულ ბანკს და ორგანიზება გაუწიოს ამ კომერციული ბანკისთვის ვალდებულებების გადაცემას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას კომერციული ბანკის კრედიტორთა თანხმობა საჭირო არ არის.

6. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს:

ა) კომერციული ბანკის თანამშრომლის დაქირავების შესახებ გარიგება;

ბ) იმ მომსახურების შესახებ კონტრაქტი, რომლის განხორციელებაშიც კომერციული ბანკი მონაწილეობდა;

გ) კომერციული ბანკის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (მეიჯარე 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ კომერციული ბანკი აპირებს, გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც  შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დაირიცხა, და არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას;

დ) კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია და ის იმავე პირობებით გადაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში. მისი გადატანისთვის საჭირო არ არის საბანკო გარანტიის ბენეფიციარისა და პრინციპალის თანხმობა. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია საბანკო გარანტიის ბენეფიციარსა და პრინციპალს შეატყობინოს აღნიშნული საბანკო გარანტიის სხვა კომერციულ ბანკში გადატანის შესახებ.

7. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს კომერციული ბანკის ლიკვიდატორის დანიშვნის თარიღამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება, თუ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა, და მოითხოვოს მისი ბათილობა.

8. კომერციული ბანკის ლიკვიდატორმა:

ა) უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა ფუნქციის შესაწყვეტად, რომლებსაც დაწესებულება ასრულებდა, დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება დაუბრუნოს მათ მესაკუთრეს და განახორციელოს ყველა ანგარიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით;

ბ) მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს კომერციული ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად ყველა მეანაბრეს, დანარჩენ კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც კომერციული ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც დაწესებულება განაგებს. ამ შეტყობინებაში აღინიშნება, რომ კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება და რომ კომერციული ბანკის ლიკვიდატორისთვის პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში;

გ) კომერციული ბანკის მსესხებლებსა და სხვა დებიტორებს უნდა მოსთხოვოს, კომერციული ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებები კომერციული ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში დაფარონ. კომერციული ბანკის აქტივების მაქსიმალურად ამოსაღებად კომერციული ბანკის ლიკვიდატორმა ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უნდა მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების რესტრუქტურიზაციას (მათ შორის, პირგასამტეხლოებისა და ჯარიმების პატიებას), რომელთაც არა აქვთ დავალიანებების კომერციული ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში სრულად დასაფარავად საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები.

9. კომერციული ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც გამოთხოვილი არ არის ამონაწერში მითითებულ ვადაში, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე კომერციულ ბანკს ერიცხება, მოუკითხავ რესურსად ითვლება და მესაკუთრის გამოსავლენად ეროვნული ბანკის მფლობელობაში გადადის. მოუკითხავი ფულადი სახსრები ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ირიცხება.

10. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს:

ა) სარეზოლუციო ფონდი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გარდა ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა დაფინანსების ფარგლებში (გარდა სარეზოლუციო ფონდის საშუალებით განხორციელებული დროებითი სახელმწიფო დაფინანსებისა), ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართ ვალდებულება კომერციულ ბანკს მისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, გარდა კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პერიოდში სხვა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხებისა. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, დაკმაყოფილდება ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რიგითობით;

ბ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები;

გ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;

დ) იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;

ე) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;

ვ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

ზ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

თ) იურიდიული პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ი) იურიდიული პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

კ) კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პერიოდში სხვა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები;

ლ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

მ) კომერციული ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ნ“−„ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ნ) კომერციული ბანკის სასესხო ვალდებულება კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, გარდა ამ პუნქტის „ო“−„ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ო) კომერციული ბანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის;

პ) კომერციული ბანკის ისეთი ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ჟ) კომერციული ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები;

რ) კომერციული ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები;

ს) კომერციული ბანკის სხვა ვალდებულებები კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ.

11. თუ არსებული თანხა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაფარავად საკმარისი არ არის, ყველა სათანადო მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.

12. კრედიტორთა ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება კრედიტორთა წინა რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.

13. კომერციული ბანკის მეანაბრის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის კომერციული ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას ეს ფულადი სახსრები მესაკუთრის გამოსავლენად ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე გადაირიცხება.

14. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასასრულებლად კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით კომერციულ ბანკში არსებული ის ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომერციულ ბანკში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაცვით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, უცვლელად გადაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში ან/და ეროვნულ ბანკში.

15. იმ აქტივის ამოღების შემთხვევაში, რომელიც კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ამ კომერციული ბანკის აქტივი იყო, იგი ავტომატურად ჩაითვლება ლიკვიდირებული კომერციული ბანკის აქტივად და მისი განკარგვის უფლებას ეროვნული ბანკი იძენს. თუ ლიკვიდირებული კომერციული ბანკის ამოღებული აქტივი ფულადი სახსრებია, ისინი უნდა გადაირიცხოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ლიკვიდირებული ბანკების მოუკითხავი თანხების ანგარიშზე და განაწილდეს ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის დაცვით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. კომერციული ბანკის არაფულადი მატერიალური აქტივის ამოღების შემთხვევაში მის განსაკარგავად ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება ამოღებული არაფულადი მატერიალური აქტივის ლიკვიდირებული კომერციული ბანკის ვალდებულებათა დასაკმაყოფილებლად განკარგვის წესი.“.

მუხლი 2

1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს:

ა) კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების განხორციელების წესების, პროცედურებისა და მეთოდოლოგიის, მათ შორის, დამოუკიდებელი შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნების, დადგენა;

ბ) დროებითი ბანკის ლიცენზირების წესის, მათ შორის, ლიცენზირების განსხვავებული პროცედურების ან/და გამარტივებული პროცედურების, განსაზღვრა;

გ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურების/განსხვავებული პროცედურების დადგენა;

დ) რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე, საზედამხედველო პროცესში ამ კანონით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხმობის გაცემის გამარტივებული წესების დადგენა სარეზოლუციო ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოსაყენებლად;

ე) გაჯანსაღების გეგმასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნებისა და წესების დადგენა, აგრეთვე შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრა იმ ბანკებისთვის, რომელთაც, მათი ზომის, სისტემურობისა და რისკის პროფილის გათვალისწინებით, შეიძლება გაჯანსაღების გეგმასთან დაკავშირებით გამარტივებული/განსხვავებული მოთხოვნები დაუწესდეთ.

2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:

ა) სარეზოლუციო დაგეგმვასთან დაკავშირებით დამატებითი ან/და გამარტივებული მოთხოვნებისა და წესების დადგენა, აგრეთვე შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრა იმ ბანკებისთვის, რომელთაც, მათი ზომის, სისტემურობისა და რისკის პროფილის გათვალისწინებით, შეიძლება სარეზოლუციო დაგეგმვასთან დაკავშირებით გამარტივებული მოთხოვნები დაუწესდეთ;

ბ) დროებითი ბანკის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრა, აგრეთვე დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის შემუშავებასა და შესრულებასთან დაკავშირებული  წესებისა და პირობების დადგენა; დროებითი ბანკის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენა;

გ) სპეციალური მმართველის დანიშვნის წესის დადგენა, სპეციალური მმართველის პასუხისმგებლობისა და ინტერესთა კონფლიქტის საკითხების რეგულირების წესის დადგენა, სპეციალური მმართველის შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენა;

დ) კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებული წესებისა და პირობების დადგენა;

ე) კომერციული ბანკის ახალი აქციების გამოშვებით რეკაპიტალიზაციის პირობების დადგენა; 

ვ) დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებებისა და დანიშვნის წესის განსაზღვრა;

ზ) ამ კანონით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ყველა სხვა სამართლებრივი აქტის გამოცემა.

მუხლი 3

1. კომერციულმა ბანკებმა ამ კანონით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გაჯანსაღების გეგმები უნდა შეიმუშაონ 2021 წლის 1 იანვრამდე.

2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეზოლუციის გეგმები სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკებისთვის უნდა შეიმუშაოს 2022 წლის 1 იანვრამდე.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს გაჯანსაღების გეგმებისა და რეზოლუციის გეგმების შემუშავების ვადები იმ კომერციული ბანკებისთვის, რომლებიც სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკები არ არიან.

4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სარეზოლუციო უფლებამოსილებები განახორციელოს 2021 წლის 1 იანვრიდან.

მუხლი 4

1. 2021 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლით დადგენილი წესით შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი იმ კომერციული ბანკის მიმართ, რომელსაც აქვს ან შეიძლება შეექმნას მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები, რომლებიც შეიძლება გამოიხატოს მოგებიანობის სუსტი მაჩვენებლებით, საზედამხედველო კოეფიციენტების დარღვევით, რომელიც გადახდისუუნაროა ან რომლის რისკების მართვის სუსტმა მოდელმა და არაჯანსაღმა საბანკო პრაქტიკამ, რომელიც შეიძლება გამოიხატოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, შიდა კონტროლის სისტემების არაადეკვატურობით, დარღვევების აღმოფხვრისთვის მენეჯმენტის უმოქმედობით, საფრთხის შემცველი სხვა ქმედებით, შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას კომერციული ბანკის ან საბანკო სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას, კომერციული ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს.

2. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება:

ა) დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლები;

ბ) დროებითი ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) სახელი (სახელები) და გვარი (გვარები);

გ) დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადა;

დ) გაფრთხილება კომერციული ბანკის კლიენტთა ანაბრებისა და სხვა სახსრების შესაძლო გაყინვის შესახებ;

ე) ზომები, რომლებიც გამოიყენება კომერციული ბანკის ადმინისტრატორების მიმართ.

3. დროებითი ადმინისტრაცია მოვალეობათა შესრულებას იწყებს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული თარიღიდან. ეს გადაწყვეტილება ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში.

4. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის დღისა, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების შესახებ აცნობოს იმ საგადახდო სისტემის ოპერატორს, რომლის სისტემის მონაწილეც არის ის კომერციული ბანკი, რომელსაც დროებითი ადმინისტრაცია მართავს.

5. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღიდან დაუშვებელია კომერციული ბანკის სახელით და მის ხარჯზე ნებისმიერი ქმედების განხორციელება დროებითი ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. დროებით ადმინისტრატორზე გადადის კომერციული ბანკის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრატორების) სრული უფლებამოსილება.

7. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილების შეტანის შესახებ.

8. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია მიიღოს კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ზომები, მისი ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ქვედანაყოფების გაყიდვის ან დახურვის, კომერციული ბანკის მოსამსახურეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების ჩათვლით. დროებითი ადმინისტრატორი ასევე უფლებამოსილია განახორციელოს კომერციული ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა, მისი კაპიტალის განახლება ან მისი აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის სხვა კომერციულ ბანკზე გასხვისება. სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების შესახებ დროებითი ადმინისტრატორის გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

9. დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის ნებისმიერ მომენტში მთლიანად ან ნაწილობრივ, დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადით მოახდინოს ამ კომერციულ ბანკში ფიზიკური და იურიდიული პირების ნებისმიერი ფულადი სახსრების ბლოკირება იმ პირობით, რომ მიიღებს აუცილებელ ზომებს მათი სტაბილურობის შესანარჩუნებლად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

10. დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის თარიღამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება, თუ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა, და მოითხოვოს მისი ბათილად ცნობა.

11. დროებითი ადმინისტრაცია უქმდება:

ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით;

გ) კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.

12. 2021 წლის 1 იანვრამდე შემოღებული დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი სრულდება ამ მუხლით დადგენილი წესით. 

13. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 ივლისის  №173/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესის“ შესაბამისად.

მუხლი 5

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5655-რს