საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5659-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.019756
5659-რს
20/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
060000000.05.001.019756
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 191-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გამოიყენება, ხოლო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ჩერდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. მოსამართლე განჩინებას გამოიტანს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 1 დღის განმავლობაში. თუ რეზოლუციის რეჟიმი განჩინებაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს სასამართლოს, რომელიც გააუქმებს შეჩერების შესახებ განჩინების მოქმედებას.“.

2. 198-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ან სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს.“.

3. 279-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ არსებული საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის შემდეგ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ დაწყებული საქმის წარმოება ჩერდება. ამ შემთხვევაში ჩერდება აგრეთვე შუამდგომლობის განხილვის ვადის დინება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე გამოიტანს განჩინებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 1 დღის ვადაში.“.

4. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სასამართლოს განჩინებაში განსაზღვრული ვადით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო მიმართვაში მითითებულ ვადას, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. თუ რეზოლუციის რეჟიმი განჩინებაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს სასამართლოს, რომელიც გააუქმებს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების მოქმედებას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5659-რს