აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 104-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 12/12/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320000.31.056.016063
104-უ.ს.რ.ს.
12/12/2019
ვებგვერდი, 17/12/2019
010320000.31.056.016063
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება
 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 155-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმები (თან ერთვის).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე

 

ჩაქვი,

12 დეკემბერი 2019 წ.

N104-უ.ს.რ.ს.





აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ ეთიკის ნორმების დაცვა კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. იგი საზოგადოების წინაშე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებას ემსახურება.

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების (შემდგომ − ეთიკის ნორმები) მიზანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მისთვის განსაზღვროს ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტები, აგრეთვე ხელი შეუწყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ თავისი მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვას.

მუხლი 1. ეთიკის ნორმების მოქმედების სფერო

1. ეთიკის ნორმები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსიდან გამომდინარე, ადგენს მისი ქცევის სტანდარტს, აგრეთვე განსაზღვრავს ქცევის წესებს, რომლებიც უმაღლესი საბჭოს წევრმა საქმიანობის განხორციელებისას და კოლეგებთან, სხვა თანამშრომლებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, სხვა ინსტიტუტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს უნდა გაითვალისწინოს.

2. ეთიკის ნორმების სამართლებრივი საფუძვლებია: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, სხვა საკანონმდებლო აქტები.

მუხლი 2. ეთიკის ნორმების ძირითადი პრინციპები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი პრინციპებით:

ა) კანონიერება და ერთგულება:

ა.ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი; იგი იცავს საქართველოს კონსტიტუციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;

ა.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ზრუნავს დემოკრატიის გაძლიერებისთვის და პატივს სცემს დემოკრატიულ ინსტიტუტებს;

ა.გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ხალხისა და სახელმწიფოს ერთგულია;

ა.დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი თავისი ქმედებით უფრთხილდება ქვეყნისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმიჯს; იგი ხელს უწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას;

ბ) თანასწორობა:

ბ.ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი თანასწორად ეპყრობა ყველა მოქალაქეს, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის განურჩევლად;

ბ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პატივს სცემს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს; იგი აღიარებს მამაკაცთა და ქალთა თანაბარ უფლებებს;

ბ.გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პატივისცემით ექცევა უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებსა და მოქალაქეებს; იგი რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის ან სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობის მიმართ არ იყენებს სიძულვილის ენას;

გ) კეთილსინდისიერება:

გ.ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ადმინისტრაციულ რესურს პასუხისმგებლობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების გათვალისწინებით იყენებს;

გ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პირადი ფინანსური ინტერესის გათვალისწინებით არ იღებს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ სადეპუტატო მოვალეობების ობიექტურად შესრულებაზე, მათ შორის, არ ახორციელებს ლობირებას პირადი სარგებლის სანაცვლოდ;

დ) ანგარიშვალდებულება: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე; ამომრჩეველს უნდა შეეძლოს უმაღლესი საბჭოს წევრთან დაკავშირება; უმაღლესი საბჭოს წევრი ამომრჩეველს აწვდის ინფორმაციას მისი უფლებებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის თაობაზე, აგრეთვე ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების საკანონმდებლო პროცესში ჩართულობას;

ე) გამჭვირვალობა:

ე.ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჯარო ინტერესს ემსახურება და გამჭვირვალეა;

ე.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი თანამშრომლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

ე.გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ხელს უწყობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას;

ვ) პასუხისმგებლობა:

ვ.ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი იცავს და აძლიერებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და რეპუტაციას;

ვ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ყველა ორგანოს კონტროლს;

ვ.გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ხელს უწყობს უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დაცვას.

მუხლი 3. ქცევის წესები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა დაიცვას ქცევის შემდეგი წესები:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსი თავისი, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს. ეთიკის ნორმების მიზნებისთვის „ოჯახის წევრსა“ და „ახლო ნათესავში“ იგულისხმებიან „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია შესაბამისი საკითხის განხილვის დასრულებამდე თავისი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ინტერესის თაობაზე წერილობით აცნობოს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც ამ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოაქვეყნებს;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე. საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია მიღებიდან 1 თვის ვადაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იმ საჩუქრის საჩუქრების რეესტრში დეკლარირება, რომლის საბაზრო ღირებულება 300 ლარს აღემატება. საჩუქრების რეესტრში უნდა მიეთითოს: საჩუქრის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სახელი და გვარი, მჩუქებლის სახელი და გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის სახელწოდება), საჩუქრის მიღების თარიღი, საჩუქრის აღწერა და საბაზრო ღირებულება. საჩუქრების რეესტრი საჯაროა;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის სამეწარმეო საქმიანობასთან ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობასთან შეთავსება დაუშვებელია. აღნიშნული შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით;

ვ) „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არა აქვს, თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში განახორციელოს ლობისტური საქმიანობა;

ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ლობისტისგან არ უნდა მიიღოს საჩუქარი/ჯილდო;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ლობისტთან გამართული საქმიანი შეხვედრის გამჭვირვალობის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი უზრუნველყოფს ამ შეხვედრის გამართვის თაობაზე ინფორმაციის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებას;

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ უნდა დადოს ისეთი გარიგება, რომელიც მას სადეპუტატო საქმიანობის განხორციელების პროცესში დამოუკიდებლობას უზღუდავს;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია;

ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში;

მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ადმინისტრაციული რესურსი პირადი ინტერესებისთვის (მათ შორის, კონკრეტული ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ) არ უნდა გამოიყენოს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით;

ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა თანამშრომლებთან ურთიერთობისას არ უნდა მოახდინოს მათი დისკრიმინაცია/გამორჩევა რასის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის ან სხვა ნიშნით; უმაღლესი საბჭოს წევრმა უმაღლესი საბჭოს თანამშრომელს არ უნდა დაავალოს ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც მისი სამუშაოს აღწერილობით გათვალისწინებული არ არის;

ო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება;

პ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს სამსახურებრივი საკონტაქტო ინფორმაცია;

ჟ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა არასამსახურებრივი მიზნით არ უნდა გამოიყენოს სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში.

მუხლი 4. ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევების მონიტორინგი და ეთიკის ნორმების აღსრულება

1. ეთიკის ნორმების მე-3 მუხლის „გ“, „ე“, „ვ“, „კ“−„მ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევები რეგულირდება საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

2. ეთიკის ნორმების მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“, „ზ“−„ი“ და „ნ“−„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევებს შეისწავლის და მონიტორინგს უწევს ეთიკის საბჭო.

3. ეთიკის საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის განსაზღვრის წესი დგინდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.

4. ეთიკის საბჭო თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე განიხილავს ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

5. ეთიკის საბჭოს ჰყავს 2 თანათავმჯდომარე (ერთი − იმ ფრაქციიდან, რომელშიც ყველაზე მეტი წევრია, ხოლო მეორე − სხვა ფრაქციიდან). ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეებს ირჩევს ეთიკის საბჭო. ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეთა არჩევის წესი, აგრეთვე მათი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ეთიკის საბჭოს დებულებით.

6. ეთიკის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა. ეთიკის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა) ან პირმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიმართ დაირღვა ეთიკის ნორმები, შეიძლება წარადგინოს საჩივარი ეთიკის ნორმების დარღვევის თაობაზე, რისთვისაც მან უნდა შეავსოს საჩივრის სპეციალური ფორმა.

8. თუ ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევა ეთიკის საბჭოს წევრმა ჩაიდინა, საბჭო შესაბამის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე. ამ შემთხვევაში აღნიშნული წევრის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, იგი დროებით, საკითხის გადაწყვეტამდე, ფრაქციის სხვა წევრით შეცვალოს.

9. საჩივრის სპეციალური ფორმის შევსება და საჩივრის წარდგენა შესაძლებელია, როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად.

10. საჩივრის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეები იღებენ გადაწყვეტილებას საჩივრის დასაშვებობის თაობაზე. საჩივარი დასაშვები არ არის, თუ საჩივარში მითითებული საკითხი სცილდება ეთიკის საბჭოს ეთიკის ნორმებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 და მე-11 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან/და აღნიშნულ საკითხზე ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მომჩივანს.

11. საჩივარი შეიძლება წარდგენილ იქნეს ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევის ფაქტის დადგომიდან/გამოვლენიდან არაუგვიანეს 1 თვისა, მხოლოდ შესაბამისი მოწვევის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის მქონე პირის წინააღმდეგ.

12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის წინააღმდეგ საჩივრის წარდგენის შემთხვევაში მას დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება აღნიშნული საჩივრის თაობაზე და ეძლევა საჩივრის დასაშვებად მიჩნევიდან 10 სამუშაო დღე საჩივარზე საპასუხოდ. ეს ვადა შეიძლება არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე 5 სამუშაო დღით გაგრძელდეს.

13. ეთიკის საბჭო საჩივარს საჩივარზე საპასუხოდ განსაზღვრული ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში განიხილავს.

14. საჩივრის განხილვის პროცესში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მოიძიოს შესაბამისი მტკიცებულებები და გამოითხოვოს საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია.

15. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი თანამშრომლობს ეთიკის საბჭოსთან.

16. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ეთიკის ნორმების დარღვევის თაობაზე საჩივრის განხილვის პროცესში უნდა დაიცვას კონფიდენციალურობის დაცვისათვის დადგენილი ნორმა და არ უნდა გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც სათანადო წესით არ დადასტურებულა და ჯერ კიდევ არ გამხდარა საჯარო.

17. ეთიკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება უმაღლესი საბჭოს იმ წევრის სახელი და გვარი, რომელმაც დაარღვია ეთიკის ნორმები, აგრეთვე დარღვევის მოკლე აღწერა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ ეთიკის ნორმებით გათვალისწინებული ქცევის წესის დარღვევის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მას სარეკომენდაციო ბარათით მიმართოს.

18. თუ ეთიკის საბჭო დაადგენს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს ეთიკის ნორმები არ დაურღვევია, მისი სახელი და გვარი, აგრეთვე შემთხვევის მოკლე აღწერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება მხოლოდ აღნიშნული უმაღლესი საბჭოს წევრის თანხმობის შემთხვევაში, ხოლო მომჩივანს ეცნობება საბჭოს გადაწყვეტილების თაობაზე.

19. ეთიკის საბჭო ამზადებს საბჭოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს, რომელიც ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

20. საჩივრის განხილვის პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო ეთიკის საბჭოს სხდომა − დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია გამართოს საჯარო სხდომა. საჯარო სხდომის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ეთიკის საბჭო.

21. ეთიკის საბჭოს წევრი ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჩივრის განხილვის პროცესში.

მუხლი 5. ეთიკის ნორმების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის გაცნობა

ყოველი ახალი მოწვევის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შესაბამისი უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ეთიკის ნორმების გაცნობას უზრუნველყოფს წერილობითი ფორმით, რასაც უმაღლესი საბჭოს წევრი თავისი ხელმოწერით ადასტურებს.