„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5462-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 080080040.05.001.019686
5462-Iს
11/12/2019
ვებგვერდი, 19/12/2019
080080040.05.001.019686
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 16.05.2006, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო   

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების განხორციელების მიზნით იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. სააგენტოს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. სააგენტოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5. სააგენტო უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების დაფინანსებას, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

6. სააგენტოს შემოსავლების წყაროებია:

ა) სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები;

გ) იურიდიული და ფიზიკური პირების შემოწირულებები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.

2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საკოორდინაციო საბჭო ამტკიცებს:

ა) საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას;

ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მოწყობისათვის აუცილებელ მინიმალურ სტანდარტებს;

გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის სამოქმედო ინსტრუქციას (ეროვნული რეფერალური მექანიზმი);

დ) სააგენტოდან კომპენსაციის გაცემის წესს.‘‘.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხს წყვეტს საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფი პირის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისათვის (თავშესაფრისათვის) ან შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვიდან არაუგვიანეს 48 საათისა.“.

4. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ შეუძლებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლისათვის, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მასზე სააგენტოდან გაიცემა კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) იქმნება სააგენტოსთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურული ერთეული.“.

მუხლი 2

1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

 2.  საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე.

3. დაევალოთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 2020 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონის პირველ მუხლთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

11 დეკემბერი 2019 წ.

N5462-Iს