დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის დებულების დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 106 |
დოკუმენტის მიმღები | გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო |
მიღების თარიღი | 12/08/1996 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 01/10/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.012.000.140 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.012.000.140
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
მინისტრის ბრძანება №106
1996 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის დებულების დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის დებულება”.
ნ. ჩხობაძე
წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის
დებულება
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წესს და სავალდებულოა როგორც სამინისტროების, დეპარტამენტებისა და უწყებებისათვის, ასევე სახელმწიფო, სააქციო, კერძო, კოოპერატიული და საზოგადოებრივი საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის.
1. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა წარმოადგენს წყლის ობიექტებზე ანთროპოგენული ზემოქმედების წყაროების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე რეგულარული დაკვირვების სისტემას. 03.05.47
2. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა უზრუნველყოფს მონაცემების მიღებას რომლებიც აუცილებელია:
– წყლის გამოყენების მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შედგენისათვის, წყალდამცავი ღონისძიებების დაგეგმისათვის და ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე საწარმოო ძალების რაციონალური განლაგებისა და განვითარებისათვის;
– წყლის დაცვისა და მისი კომპლექსური გამოყენების სქემების შედგენისათვის, წყალსამეურნეო ბალანსების დაანგარიშებისათვის და წყლის სახელმწიფო კადასტრის წარმოებისათვის;
– წყალსამეურნეო სისტემების ოპერატიული მართვისათვის;
– წყალმოხმარებისა და წყალჩაშვების ნორმირებისათვის და ასევე წყლის ხარისხის განსაზღვრისათვის;
– წყლის ობიექტებით სარგებლობაზე ლიცენზიის გაცემის უზრუნველყოფისათვის;
– წყლის დაცვისა და მისი რაციონალურად გამოყენების ღონისძიებების ჩატარებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის;
– წყლის ობიექტებით სარგებლობისათვის გადასახადების ამოღებისათვის;
– წყლის კანონმდებლობის დარღვევისას ადმინისტრაციული სანქციის გატარებისათვის;
– წყალმოსარგებლეებს შორის, ასევე წყალმომხმარებლებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანოებსა და დაწესებულებებს შორის ურთიერთობების დარეგულირებისათვის.
3. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა საქართველოში ხორციელდება ერთიანი სისტემით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ.
4. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას ექვემდებარება სამრეწველო, სამშენებლო, სატრანსპორტო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ გამოყენებული წყლები მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.
5. წყალმომხმარებელთა ნუსხა, რომელთა მიერ გამოყენებული წყალი ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვას, განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
6. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის დეპარტამენტი ამტკიცებს წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშების ფორმებს და მათი შევსების ინსტრუქციებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
7. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო:
– უზრუნველყოფს სახელმწიფო კონტროლს წყალმოსარგებლეების მიერ წყალსატევებიდან აღებული და მასში ჩაშვებული წყლის რაოდენობის პირველადი აღრიცხვის სისწორეზე და ჩაშვებული წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრაზე;
– წყალაღებისა და წყალჩაშვების აღმრიცხველი აპარატურისა და მოწყობილობების არსებობაზე, მათ მდგომარეობაზე და მათი ვარგისიანობის სახელმწიფო ატესტაციით დადგენილი ვადების დაცვაზე;
– ახორციელებს წყალმომხმარებლების რეგისტრაციას და მათი ანგარიშების საფუძველზე წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას;
– ახორციელებს წყლის ობიექტებში ჩაშვებული ჩამდინარე წყლების ხარისხის და წყლის ობიქტებზე მათი ზეგავლენის მუდმივ კონტროლს;
– უზრუნველყოფს წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ყოველწლიური მონაცემების შეგროვებას, ანალიზს, განზოგადებას და განზოგადოებული ყოველწლიური მასალების გამოცემას.
8. წყალმომხმარებელი საწარმოები, ორგანიზაციები, დაწესებულებები და სხვა სუბიექტები (მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად):
– ახორციელებენ წყალაღებისა დ წყალჩაშვების უზრუნველყოფას წყალმზომი მოწყობილობებით და ჩამდინარე წყლის ხარისხის განმსაზღვრელი აპარატურით. აღნიშნული აპარატურა-მოწყობილობების უქონლობის შემთხვევაში დროებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანოების ნებართვით აღებული და ჩაშვებული წყლის რაოდენობის პირველადი აღრიცხვა ხორციელდება არაპირდაპირი მეთოდით. წყალმზომი მოწყობილობებით ობიექტის აღჭურვის ვადა მიეთითება წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიებში;
– უზრუნველყოფენ ჩამდინარე წყლების ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრას საკუთარ ლაბორატორიებში ან სხვა საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების ლაბორატორიებში ხელშეკრულების საფუძველზე;
– აწარმოებენ დაკვირვებას წყალსატევის წყლის ხარისხზე ჩაშვებული ჩამდინარე წყლების ზემოქმედების შედეგებზე;
– წარმოადგენენ წყალმოხმარების წლიურ ანგარიშს სათანადო ფორმების მიხედვით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად;
– დაუყონებლივ აწვდიან ინფორმაციას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებს წყალსატევებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ავარიული ჩაშვების, ასევე წყალსატევიდან წყალაღების და წყალჩაშვების დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში.
9. სამუშაოები წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოებაზე ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.
დოკუმენტის კომენტარები