შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ

შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 556
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010210000.08.002.017066
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
556
26/11/2019
ვებგვერდი, 26/11/2019
010210000.08.002.017066
შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/11/2019 - 05/10/2022)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №556

2019 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შეწყალების წესი.
მუხლი 2
იმ პირთა შეწყალების საკითხი, რომელთა პირადი საქმეები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოდგენილია 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე, განიხილება, თუ ისინი აკმაყოფილებენ 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დამტკიცებული შეწყალების წესის მე-2 მუხლის მე-2–მე-9 პუნქტებით დადგენილ პირობებს, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობისა, რომელზეც გავრცელდება ამ ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობა.
მუხლი 3
იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომელთა პირადი საქმეები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოდგენილია 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე და რომელთა მიმართაც 2020 წლის პირველ იანვრამდე არ გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შეწყალების თაობაზე, განიხილება ასეთი თხოვნის ხელახლა წარმოდგენისას, ამ ბრძანებულებით დამტკიცებული წესით. ამ პირთა მიმართ არ მოქმედებს ამ ბრძანებულებით დამტკიცებული შეწყალების წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეწყალების საქმის ხელახლა წარდგენისათვის დადგენილი შეზღუდვა.
მუხლი 4
ამ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულება.
მუხლი 5
ეს ბრძანებულება, გარდა ამავე ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ ბრძანებულებით დამტკიცებული წესის   მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი




შეწყალების წესი

შეწყალება არის საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება გამონაკლისის სახით. საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს.

შეწყალების უფლების გამოყენებისას მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი გარემოებები:

ა) დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, ოჯახური და ეკონომიკური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, სასჯელის მოხდის ვადა, ნასამართლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის; წარსულში მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემა; ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი ან შეურიგდეს დაზარალებულს; დაზარალებულის მოსაზრება; მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება;

ბ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება; მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; ოჯახური დანაშაული, ოჯახში ძალადობა, აგრეთვე, დანაშაული ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ბავშვის ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ;

გ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ან სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის მიმართ, დაკავშირებული მათ მიერ სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან;

დ) დანაშაული ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შეწყალების წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს მსჯავრდებულის შეწყალების პირობებსა და პროცედურას.

2. საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდებულის შეწყალების საქმეს განსახილველად ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის (შემდეგში – ადმინისტრაცია) შესაბამისი სამსახური (შემდეგში – სამსახური).

მუხლი 2. შეწყალების საქმის განსახილველად წარდგენის პირობები

1. სამსახური უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგინოს იმ მსჯავრდებულის საქმე, რომელიც სასჯელს იხდის უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, ასევე, რომელიც სასჯელს იხდის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით და სასჯელის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად.

 2. სამსახური საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს შეწყალების საქმეს:

ა) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება იმ მსჯავრდებულის შეწყალების საქმე:

ა) რომელსაც შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით 20 წელი;

ბ) რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;

გ) რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

დ) რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მეოთხედი;

ე) რომელიც იყო მსჯავრდებული წინათ და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

ვ) რომლის მიმართ წინათ გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

ზ) რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

თ) რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

ი) რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა;

კ) რომელიც არ ითხოვს შეწყალებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულის შეწყალების საქმეს სამსახური საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი.

მუხლი 3. შეწყალების საქმის განსახილველად მომზადება

1. საქართველოს პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით მიმართვის უფლება აქვთ ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს უშუალოდ ან სხვა ნებისმიერ პირს. შეწყალების თხოვნას კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს ადმინისტრაცია, რის შემდეგაც შეწყალების თხოვნა გადაეცემა სამსახურს.

2. შეწყალების თხოვნის დარეგისტრირებიდან ერთ თვეში სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გამოთხოვას, რომელთა საფუძველზეც ამზადებს შეწყალების საქმეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსახილველად.

3. დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე სამსახურის თხოვნის მიღებიდან ორ კვირაში შესაბამისი უწყება უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის სამსახურში გადაგზავნას. ამასთან, მსჯავრდებულის შეწყალების საკითხის გადაწყვეტამდე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური ღონისძიების, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-76-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამსახურს.

4. მსჯავრდებულის შეწყალების საქმე უნდა შეიცავდეს:

ა) განაჩენ(ებ)ის ასლ(ებ)ს, რომლ(ებ)ის საფუძველზეც პირი იხდის სასჯელს, ასევე გადაწყვეტილებ(ებ)ის ასლ(ებ)ს, რომელიც (რომლებიც) გამოტანილია შესაბამისი სასამართლოს მიერ განაჩენ(ებ)ის გასაჩივრების შედეგად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ამ პირთან დაკავშირებით;

ბ) ცნობას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

გ) მონაცემებს დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის, ასევე ასეთი ზიანის ანაზღაურების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ცნობებს მსჯავრდებულის ბიოგრაფიული მონაცემებისა და მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ;

ე) მონაცემებს შეწყალების თაობაზე წინათ წარდგენილი თხოვნებისა და მათი განხილვის შედეგების შესახებ;

ვ) მონაცემებს მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის ან/და შეწყალების აქტის გამოყენების თაობაზე;

ზ) ინფორმაციას მსჯავრდებულის ნასამართლობის შესახებ;

თ) მონაცემებს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-76-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შესახებ;

ი) მსჯავრდებულის დახასიათებას, გაცემულს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ;

კ) შეწყალების თხოვნას, რომელიც ასევე შეიცავს მსჯავრდებულის წერილობით თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, დამუშავებაზე.

5. მსჯავრდებული უფლებამოსილია შეწყალების თხოვნას დაურთოს სხვა დოკუმენტაცია, რომელსაც შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს შეწყალების საკითხის გადასაწყვეტად.

6. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, სამსახური საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს შეწყალების საქმეებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ასევე აწვდის ინფორმაციას იმ მსჯავრდებულთა შესახებ, რომლებიც ამ წესის  მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტისათვის სამსახურის მიერ განსახილველად წარდგენას არ ექვემდებარებიან.

7. შეწყალების საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტაციის ერთიანი აღრიცხვისა და შესაბამის მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით, იქმნება საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა (შემდეგში – ელექტრონული პროგრამა), რომელშიც შეტანილი უნდა იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული სრული ინფორმაცია შეწყალების მსურველი თითოეული მსჯავრდებულის შესახებ, აგრეთვე შეწყალების საკითხზე მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება. მსჯავრდებულის შეწყალების საქმის მასალების გაცნობის მიზნით, ელექტრონულ პროგრამასთან წვდომა აქვთ ადმინისტრაციისა და სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ თანამშრომლებს.

მუხლი 4. დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა

1. ადმინისტრაცია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს, ასევე სხვა პირებს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დაწესებულებები/პირები ადმინისტრაციის წერილობით მიმართვაზე პასუხის გაცემას უზრუნველყოფენ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

მუხლი 5. შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება

1. პირის შეწყალების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს პრეზიდენტი, საჭიროების შემთხვევაში, გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა ან/და დარგის სპეციალისტებთან.

2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.

მუხლი 6. შეწყალების აქტი

1. შეწყალების თაობაზე გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება.

2. სამსახურის მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად წარდგენილი შეწყალების საქმეების საფუძველზე მსჯავრდებულის შეწყალებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა) უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება;

ბ) შეფარდებული სასჯელის შემცირება ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა.

3. სასჯელმოხდილ პირს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.

4. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში, როგორც წესი, მითითებული უნდა იყოს შეწყალებული პირის ბიოგრაფიული მონაცემები, სასამართლო განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზეც ეს პირი იქნა მსჯავრდებული, შეწყალების ღონისძიების სახე.

5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების თაობაზე განკარგულების გამოუცემლობა ჩაითვლება პირის შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.

მუხლი 7. შეწყალების თხოვნით ხელახალი მიმართვა

შეწყალების საქმე საქართველოს პრეზიდენტს ხელახლა წარედგინება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა შეწყალების ახალი თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.

მუხლი 8. შეწყალების აქტის აღსრულება

1. მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს (შემდეგში – პენიტენციური სამსახური), ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო ცნობისათვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სასჯელმოხდილი პირის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

2. მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურს ეგზავნება მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. პენიტენციური სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა ინდივიდუალურად და კონფიდენციალურობის დაცვით აცნობებს თითოეულ მსჯავრდებულს.

3. საქართველოს პრეზიდენტის ამ მუხლით გათვალისწინებული განკარგულებისა და ინფორმაციის დანიშნულებისამებრ გაგზავნას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.

4. მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესრულებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს სასჯელის აღმასრულებელი ორგანო.

5. მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესრულების თაობაზე ინფორმაციას სასჯელის აღმასრულებელი ორგანო უგზავნის სამსახურს.