კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 228/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 21/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016419
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
228/04
21/11/2019
ვებგვერდი, 22/11/2019
220010000.18.011.016419
კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/11/2019 - 27/04/2020)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №228/04

2019 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №49/04 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი ივნისიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების (შემდგომში – დებულება) მიზანია რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მის საფუძველზე წარმოშობილი მსხვილი რისკების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაწესებით ხელი შეუწყოს კომერციული ბანკებისა და ზოგადად საფინანსო სექტორის  სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას.

2. დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკების ფილიალებისათვის (შემდგომში – ბანკი).

3. დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ეფუძნება „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ მიერ განსაზღვრულ ჩარჩოსა და 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს  საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული მოთხოვნების შესახებ 575/2013 რეგულაციითა და 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს  საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ 2013/36 დირექტივას. თუ ამ დებულებაში მოცემული არ არის კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი წესი ან ტერმინის განმარტება,  ბანკმა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან (შემდგომში – ეროვნული ბანკი) შეთანხმებით, უნდა იხელმძღვანელოს აღნიშნული დოკუმენტებით.

4. მსესხებლების ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფად გაერთიანებასთან  დაკავშირებით ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხი გადაწყდება ეროვნული ბანკის მოსაზრების შესაბამისად.

5. ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯარიმები ან/და სხვა სანქციები ბანკისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) რისკის პოზიციის ღირებულება – „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ (შემდგომში - ბაზელ III-ის დებულება) მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ღირებულება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბაზელ III-ის დებულების XIV თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის ფაქტორად ყველა შემთხვევაში, მიუხედავად რისკის კატეგორიისა, აიღება 100%;

ბ) მსხვილი რისკის პოზიცია – ბანკის რისკის პოზიცია ერთი პირის ან ურთიერთდაკავშირებული მსესხებელთა ჯგუფის მიმართ, რომლის ოდენობა უდრის ან აღემატება ბანკის პირველადი კაპიტალის 10%-ს;

გ) პირველადი კაპიტალი – ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრული პირველადი კაპიტალი;

დ) ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი – ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჯგუფი;

ე)  მსესხებელი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლის მიმართაც ბანკს გააჩნია რისკის პოზიცია ან/და წარმოადგენს რისკის პოზიციის მიმღებს, მათ შორის, პრინციპალს გარესაბალანსო ელემენტებისთვის;

ვ) საინვესტიციო რეიტინგი – ბაზელ III-ის დებულების მიხედვით აღიარებული  საკრედიტო შეფასების  გარე ინსტიტუტის (Fitch, Moody’s, Standard&Poor’s) შეფასება, რომელიც ტოლია ან აღემატება „BBB-“ ან „Baa3“ რეიტინგს;

ზ) საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტი - ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეფექტი;

თ) კომერციული ბანკი – ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განმარტებული ბანკი და სხვა ქვეყანაში ლიცენზირებული კომერციული ბანკები;

ი) კონტროლი – ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციით ან/და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს) განმარტებული;

კ) ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტი – ბაზელ III-ის დებულების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტი.

2. დებულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მნიშვნელობები.


მუხლი 3. ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრა
1.   დებულების მიზნებისათვის, ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფს შესაძლოა წარმოადგენდეს ორი ან მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუ სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთი მაინც:

ა) ისინი ბანკისთვის წარმოადგენენ ერთ რისკს (თუკი ბანკის მხრიდან ეროვნული ბანკისთვის საწინააღმდეგო არ იქნა დამტკიცებული და შეთანხმებული) – რადგან ერთ-ერთ წევრს, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, აქვს სხვა წევრის ან წევრების კონტროლის შესაძლებლობა;

ბ) ისინი ბანკისთვის წარმოადგენენ ერთ რისკს, რადგან მათ შორის, არის ისეთი ურთიერთდამოკიდებულება, რომ თუ ერთ-ერთ წევრს შეექმნება ფინანსური პრობლემები (მაგალითად, მათ შორის, დაფინანსებასთან ან/და გადახდებთან (მათ შორის სესხის) დაკავშირებული სირთულეები და სხვა) მაშინ შესაძლოა, მეორე ან ყველა დანარჩენი წევრი ასევე აღმოჩნდეს ფინანსური სირთულეების წინაშე.

2. ეროვნული ბანკი შეიმუშავებს ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის ინსტრუქციას.


მუხლი 4. რისკის პოზიციების გაცემისათვის დაწესებული ლიმიტები და შეზღუდვები
1. რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების რეგულირების მიზნით, ბანკი ვალდებულია დაიცვას შემდეგი ლიმიტები:

ა) ბანკის რისკის პოზიციის ღირებულება, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით, ერთი პირის ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი კომერციული ბანკია ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი მოიცავს ერთ ან მეტ კომერციულ ბანკს, არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს. ამასთან, ბანკის რისკის პოზიციის ღირებულება, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშე, გარდა ამავე ბანკში სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით, ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტებითა და ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფისა,   არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 50%-ს;

  ბ) ბანკის რისკის პოზიცია კომერციული ბანკის მიმართ, ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მიმართ, როდესაც ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი მოიცავს ერთ ან მეტ კომერციულ ბანკს, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-სა და 200 მილიონ ლარს შორის უდიდესს. იმ შემთხვევაში, თუ გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 25% უფრო ნაკლებია, ვიდრე 200 მილიონი ლარი, მაშინ გამსესხებელმა ბანკმა, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, უნდა დაიწესოს გონივრული შიდა ლიმიტი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 50%-ს. ასეთ შემთხვევაში  კომერციული ბანკის ან ურთიერთდაკავშირებული ჯგუფის მიმართ რისკის პოზიციის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 200 მილიონ ლარსა და აღნიშნულ შიდა ლიმიტს 50%-ს შორის უმცირესს. ამასთან, რისკის პოზიციების ღირებულება მოცემული ურთიერთდაკავშირებული ჯგუფის მიმართ, გარდა მასში შემავალი კომერციული ბანკის/ბანკებისა, არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს.  ამასთან, ბანკის რისკის პოზიციის ღირებულება, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშე, გარდა ამავე ბანკში სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით, ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტებითა და ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფისა,   კომერციული ბანკის ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მიმართ, არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 50%-ს;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ბანკს რისკის პოზიცია გააჩნია არარეზიდენტი კომერციული ბანკის მიმართ ან როდესაც ურთიერთდაკავშირებული მსესხებელთა ჯგუფი მოიცავს არარეზიდენტ კომერციულ ბანკს, რომელსაც, ბაზელ III-ის დებულების მიხედვით, აღიარებული  საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტის მიერ არ აქვს მინიჭებული საინვესტიციო რეიტინგი, მაშინ ასეთი არარეზიდენტი კომერციული ბანკის მიმართ ან ურთიერთდაკავშირებული მსესხებელთა ჯგუფის მიმართ რისკის პოზიცია, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს.

დ) როდესაც რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკის მსესხებელი პირი არის სხვა რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკი, მის მიმართ არსებული რისკის პოზიცია, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 15%-ს. ამასთან, რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკის რისკის პოზიციის ღირებულება, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშე, ამავე ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით, ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტებითა და ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფისა,   სხვა რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკის მიმართ არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 50%-ს.

2. ბანკის მიერ ერთი დაკავშირებული მხარისა და ყველა დაკავშირებული მხარის მიმართ არსებული რისკის პოზიციების მაქსიმალური ოდენობის, მათთან დაკავშირებული მსხვილი რისკებისა და ტრანზაქციის განხორციელების საკითხები რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებით.

3.  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების დათვლისას ბანკმა უნდა გამოიყენოს შემდეგი წესები:

ა) ბანკის რისკის პოზიციის ჯამური ღირებულება ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მიმართ დაითვლება ჯგუფში შემავალი ინდივიდუალური მსესხებლების მიმართ არსებული რისკის პოზიციების ღირებულების დაჯამებით;

ბ) ბანკის რისკის პოზიციას მსესხებლის მიმართ ემატება მსესხებლის ფასიან ქაღალდზე გამოშვებული დერივატივებიდან წარმოშობილი რისკის პოზიცია;

გ) რისკის პოზიციის ღირებულების დათვლისას არ გაითვალისწინება ის რისკის პოზიციები, რომლებიც ბაზელ III-ის დებულების შესაბამისად იქვითება პირველადი კაპიტალიდან;

დ) რისკის პოზიციების ღირებულების დათვლისას, ბანკს შეუძლია საკრედიტო რისკის მიტიგაციის იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებზეც მიღებული აქვს ეროვნული ბანკის შესაბამისი თანხმობა კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისათვის ბაზელ III-ის დებულების შესაბამისად (ნებადართული მიტიგაციის ფორმა).

ე) იმ შემთხვევაში, თუ ბანკი რისკის პოზიციების ღირებულების დათვლისას იყენებს ნებადართული მიტიგაციის ფორმას, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტი იქნება შემდეგი:

ე.ა)  კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის შემთხვევაში, მსესხებლის მიმართ რისკის პოზიციის ღირებულება შესაძლოა შემცირდეს რისკის პოზიციის იმ ნაწილით, რომელიც უზრუნველყოფილია ნებადართული უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულებით;

ე.ბ) კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფის შემთხვევაში, მსესხებლის მიმართ რისკის პოზიციის ღირებულება შესაძლოა შემცირდეს კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფის თანხით. კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფის თანხა დაითვლება ბაზელ III-ის დებულების 59-ე მუხლის შესაბამისად, რისკის წონების გათვალისწინების გარეშე;

ვ) ამ პუნქტის „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რისკის პოზიციების უზრუნველყოფილი ნაწილები, რომლითაც შემცირდა მსესხებლის მიმართ რისკის პოზიცია, აღიარდება მიტიგაციის მომწოდებელი მხარის მიმართ რისკის პოზიციად და იანგარიშება მიტიგაციის მომწოდებელი მხარის შესაბამის ლიმიტებში. აღნიშნულში არ გაითვალისწინება გამსესხებელ ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები ან გამსესხებელი ბანკის მიერ გამოშვებული ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტები.

4. აკრძალულია ბანკის მიერ რისკის პოზიციების შექმნა:

ა) თავისი აქციების შესაძენად;

ბ) ამავე ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ან მაკონტროლებელი პირის აქციების შესაძენად;

გ) ამავე ბანკის შვილობილი კომპანიის აქციების შესაძენად.

5. ამ დებულებით დადგენილი ლიმიტების გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ბანკის შემდეგი რისკის პოზიციები:

ა) ეროვნული ბანკის მიმართ არსებული რისკის პოზიციები;

ბ) ცენტრალური მთავრობების, საჯარო დაწესებულებებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ რისკის პოზიციები, რომლებიც ბაზელ III-ის დებულების შესაბამისად იწონება 0%-ში;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციების და მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ რისკის პოზიციები, რომლებიც ბაზელ III-ის დებულების შესაბამისად  იწონება 0%-ში;

დ) რისკის პოზიციები, რომლებიც უზრუნველყოფილია ცენტრალური მთავრობების, ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მრავალმხრივი განვითარების ბანკების გარანტიით და რომლებიც ბაზელ III-ის დებულების შესაბამისად  იწონება 0%-ში;

ე) რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ რისკის პოზიციები, რომლებიც ბაზელ III-ის დებულების შესაბამისად  იწონება 0%-ში;

ვ) აუთვისებელი საკრედიტო ინსტრუმენტები, რომლებიც ბაზელ III-ის დებულების შესაბამისად კლასიფიცირებულია როგორც დაბალი რისკის მქონე გარესაბალანსო პოზიციები და რომელთა ათვისებაც მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბანკი არ დაარღვევს ამ დებულებით გათვალისწინებულ ლიმიტებს;

ზ) აკრედიტივებისა და აუთვისებელი საკრედიტო ინსტრუმენტების 50%, რომლებიც ბაზელ III-ის დებულების შესაბამისად კლასიფიცირებულია როგორც საშუალო/დაბალი რისკის მქონე გარესაბალანსო პოზიციები;

თ) უცხოური ვალუტის კონვერტაციასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შემთხვევაში, რისკის პოზიციები, რომლებიც წარმოიქმნება ანგარიშსწორების ჩვეულებრივ პროცესში ტრანზაქციის განხორციელებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში;

ი) ფასიანი ქაღალდების შესყიდვის შემთხვევაში, რისკის პოზიციები, რომლებიც წარმოიქმნება ანგარიშსწორების ჩვეულებრივ პროცესში ტრანზაქციის განხორციელებიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში ან ფასიანი ქაღალდების ჩაბარებამდე, რომელიც უფრო ადრეა;

კ) ბანკთაშორისი ან/და კლიენტის საქმიანობით წარმოქმნილი რისკის პოზიციები, რომლებიც წარმოიქმნება ფულადი ტრანზაქციების განხორციელებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. აღნიშნული ტრანზაქციები მოიცავს საგადახდო მომსახურების გაწევას, კლირინგს და ანგარიშსწორებას ნებისმიერ ვალუტაში, საკორესპონდენტო საბანკო მომსახურებას, ფინანსური ინსტრუმენტების კლირინგს, ანგარიშსწორებას კლიენტებისთვის და კლიენტის საქმიანობით გამოწვეულ სხვა ტრანზაქციებს;

ლ) იმ შემთხვევაში, როდესაც, გამსესხებელ ბანკს გააჩნია რისკის პოზიცია ამ მუხლის მეხუთე პუნქტის „ა - ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მსესხებლების მიმართ, რომლებიც ჰეჯირებულნი არიან დერივატივებით, გამსესხებელი ბანკი აღნიშნული დერივატივიდან წარმოშობილ რისკის პოზიციას აღიარებს დერივატივის მომწოდებლის მიმართ.


მუხლი 5. საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტების (სშგი) გამოყენება
1. ბანკმა უნდა გამოიყენოს უახლესი საკრედიტო შეფასებები.

2. თუ არსებობს აღიარებული სშგი-ების მიერ ბოლო 12 თვეში გამოქვეყნებული ორი საკრედიტო შეფასება, რომლებიც  განსხვავდება ერთმანეთისგან, გაითვალისწინება უფრო დაბალი შეფასება.

3. თუ არსებობს აღიარებული სშგი-ების მიერ ბოლო 12 თვეში გამოქვეყნებული ორზე მეტი საკრედიტო შეფასება, გაითვალისწინება ორი უმაღლესი შეფასება. თუ ეს ორი უმაღლესი შეფასება ერთმანეთისგან განსხვავებულია, გაითვალისწინება მათ შორის უმცირესი.


მუხლი 6. ბანკის პოლიტიკა-პროცედურები და ანგარიშგება
1. ბანკი ვალდებულია ჰქონდეს ადმინისტრაციული და აღრიცხვიანობის გამართული პროცედურები და შიდა კონტროლის ადეკვატური მექანიზმები, რათა უზრუნველყოს ამ დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობა, მათ შორის, ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელ ჯგუფთა იდენტიფიცირება, მსხვილი რისკის პოზიციების იდენტიფიცირება, მართვა, მონიტორინგი, აღრიცხვა და ანგარიშგება, ასევე კონცენტრაციასთან დაკავშირებული რისკების მართვა, მათ შორის უზრუნველყოფის მომწოდებელთა და საშუალებათა მიმართ.

2. ბანკის რისკების მართვის პოლიტიკა-პროცედურები, რისკის აპეტიტის ჩარჩო უნდა მოიცავდეს რისკების კონცენტრაციასა და მსხვილ რისკებთან დაკავშირებით შიდა ლიმიტებს. ამასთან, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს რისკების კომიტეტი ყოველკვარტალურად უნდა იღებდეს ანგარიშგებას ყველა მატერიალური რისკის პოზიციისა და მათი ხარისხის შესახებ. მატერიალური რისკის პოზიციის ცნებას განსაზღვრავს ბანკი. აღნიშნული ანგარიშგება მინიმუმ უნდა მოიცავდეს ბანკის უმსხვილესი 20 მსესხებლის რისკის პოზიციების შესახებ ინფორმაციას. ეროვნული ბანკი, ასევე, უფლებამოსილია მოსთხოვოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს რისკების კომიტეტს მსხვილი რისკის პოზიციების დამტკიცება.

3. ბანკებმა, ეროვნულ ბანკში ყოველთვიურად უნდა წარადგინონ ურთიერთადაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მიმართ  რისკის პოზიციებზე ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად. აღნიშნული ანგარიშგება, მინიმუმ, უნდა მოიცავდეს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ყველა მსხვილი რისკის პოზიციას.

4. ბანკმა უნდა მიიღოს ყველა ზომა ამ დებულებით განსაზღვრული ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების დასაცავად და საკუთარი ქმედებით არ უნდა გამოიწვიოს მათი დარღვევა. ამ დებულებით განსაზღვრული ეკონომიკური ლიმიტებისა ან/და ნორმატივების დარღვევის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს დარღვევის შესახებ და წარუდგინოს დარღვევის აღმოფხვრის გეგმა, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.


მუხლი 7. გარდამავალი დებულებები
ბანკმა უნდა შეიმუშაოს და ამ დებულების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ეროვნულ ბანკს  წარუდგინოს ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის შიდა მეთოდოლოგია.