არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5396-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 080060000.05.001.019658
5396-Iს
29/11/2019
ვებგვერდი, 10/12/2019
080060000.05.001.019658
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 27-ე მუხლის:

ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 41 ნაწილით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო), ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ − პენიტენციური სამსახური).“;

ბ) მე-9 და მე-10 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტადიაზე ინდივიდუალურ შეფასებას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს შესაბამისი მოსამართლის მიმართვის საფუძველზე. 

10. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების განხორციელებისას სააგენტოს წარმომადგენელი უფლებამოსილია დაუბრკოლებლად შეხვდეს არასრულწლოვან ბრალდებულს და ინდივიდუალური შეფასებისათვის საჭირო ინფორმაცია მიიღოს ყველა ფიზიკური პირისაგან, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებისაგან.“. 

2. 45-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების კონტროლს უზრუნველყოფს სააგენტო.“.

3. 69-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.“.

4. 77-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 66-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო იმავე მუხლის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელების აღსრულებას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სააგენტო.“;

ბ) მე-3−მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არასრულწლოვნის მიერ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (მსჯავრდებულისთვის ოქმის ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).

4. არასრულწლოვანი თავისუფლდება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს  კანონით  დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

5. არასრულწლოვნის მიერ არასაპატიმრო სასჯელისთვის, პირობითი მსჯავრისთვის ან დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის თავის არიდების შემთხვევაში მოსამართლე სააგენტოს წარდგინებისა და შესაბამისი მასალების განხილვის საფუძველზე, წარდგინების შეტანიდან 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან დაკისრებული მოვალეობის უცვლელად დატოვების ან შეცვლის შესახებ. მოსამართლე სააგენტოს წარდგინებას სააგენტოს მოსამსახურის − პრობაციის ოფიცრის და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს. მოსამართლეს უფლება აქვს, მხარის ინიციატივით მოიწვიოს და დაკითხოს მოწმეები.“;

გ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. არასაპატიმროსასჯელშეფარდებული არასრულწლოვნის/პირობით მსჯავრდებული არასრულწლოვნის დასრულებული სააღსრულებო საქმე არაუმეტეს 10 წლის ვადით ინახება სააგენტოს არქივში და ამ ვადის გასვლისთანავე ნადგურდება.“.

5. 95-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თარიღამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური სამსახური აცნობებს სააგენტოს მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ. სააგენტო შეისწავლის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. შესწავლის შედეგებს სააგენტო პენიტენციურ სამსახურს უგზავნის.

4. პენიტენციური სამსახური ამზადებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმეს, რომელშიც აღნიშნულია სასჯელის მოხდის პერიოდში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ქცევა, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. პენიტენციური სამსახური არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმეს სააგენტოს მიერ გაგზავნილ შესწავლის შედეგებთან ერთად, გადაწყვეტილების მისაღებად პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს უგზავნის. შესწავლის შედეგები და მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმე ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტადიაზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის ნაწილია.“.

6. 98-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არასრულწლოვან მსჯავრდებულს, მის კანონიერ წარმომადგენელს და სააგენტოს ატყობინებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში ამზადებს მისი სოციალური ჩართულობის საქმეს სააგენტოსთვის გადასაცემად, არასრულწლოვნის რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობისათვის;“;

ბ) მე-2−მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს წარმომადგენლები:

ა) არასრულწლოვანს ხვდებიან დაწესებულებაში;

ბ) იღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა არასრულწლოვნისათვის გასაგები იყოს მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის პირობები და საჭიროება;

გ) ეცნობიან არასრულწლოვნის სოციალური ჩართულობის საქმეს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;

დ) გათავისუფლების შემდეგ ყოფილი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ მათთვის მიმართვის შემთხვევაში, მიმართვიდან არაუგვიანეს 3 თვისა ამტკიცებენ მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმას;

ე) შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფენ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულებებში დაწყებული პროგრამების დასრულებას და სრულყოფას.

3. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდამდე არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესით დანიშნული სასჯელის შემთხვევაში – სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური სამსახური:

ა) არასრულწლოვან მსჯავრდებულს, მის კანონიერ წარმომადგენელს და სააგენტოს ატყობინებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს;

ბ) სააგენტოს წერილობით მიმართავს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის მოთხოვნით.

4. სააგენტოს წარმომადგენელი:

ა) აფასებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებს და განსაზღვრავს მის საჭიროებებს;

ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების დასრულებისთანავე შესაბამის დოკუმენტებს უგზავნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას.“;

გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის მოსამზადებლად მისი გათავისუფლებიდან 3 თვემდე ვადის განმავლობაში სააგენტო თანამშრომლობს იმ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან, სადაც არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ან სადაც ის აპირებს დაბრუნებას.“.

7. 99-ე მუხლის: 

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო: 

ა) კოორდინაციას უწევს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში;

ბ) უზრუნველყოფს პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვნის საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის მის პრაქტიკულ და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2019 წ.

N5396-Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.