საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5229-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.019631
5229-Iს
30/10/2019
ვებგვერდი, 30/10/2019
030000000.05.001.019631
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) VII8 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თავი VII​8. ადმინისტრაციული სამართალწარმოება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად სანქციადაკისრებული პირის ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით

მუხლი 21​30. მოსამართლის ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, რომელთა მიზანია ტერორიზმის დაფინანსების ან/და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე ბრძანებას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (შემდგომ − სამთავრობო კომისია) შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

მუხლი 21​31. ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობა

1. გაეროს უშიშროების საბჭოს №1373 (2001) რეზოლუციის მოთხოვნების შესაბამისად ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს.

2. ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული, ყადაღადასადები ქონების შესახებ მონაცემები მათი არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 21​32. ქონებაზე ყადაღის დადების საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობას დაუყოვნებლივ, ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

2. მოსამართლე ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას არაუგვიანეს 3 დღისა, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირისთვის შეუტყობინებლად.

3. მოსამართლე ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის განხილვისას ითვალისწინებს ყადაღისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებებს.

4. მოსამართლე გამოსცემს სამთავრობო კომისიის შუამდგომლობით განსაზღვრულ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე ბრძანებას, თუ დაასკვნის, რომ სამთავრობო კომისიის შუამდგომლობაში მითითებული პირი აკმაყოფილებს გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს.

5. სამთავრობო კომისიის შუამდგომლობით განსაზღვრულ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) მონაცემები შუამდგომლობის ავტორის შესახებ;

დ) მონაცემები შუამდგომლობაში მითითებული პირის შესახებ;

ე) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში − შუამდგომლობაში მითითებული ქონების შესახებ მონაცემები მათი არსებობისას;

ვ) შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში −  შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი;

ზ) გასაჩივრების ვადა და წესი;

თ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6. ქონებას ყადაღა ედება უვადოდ, ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გაუქმებამდე.

7. ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანება დგება სამ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, მეორე ეგზავნება სამთავრობო კომისიას, ხოლო მესამე − შუამდგომლობაში მითითებულ პირს. თუ ამ ბრძანების ეგზემპლარის აღნიშნული პირისთვის გადაცემა ვერ ხერხდება, ბრძანება ქვეყნდება საჯაროდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და მხარისთვის ჩაბარებულად ითვლება საჯაროდ გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.

მუხლი 2133. ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანების ძალაში შესვლა და გასაჩივრება

1. ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას.

2. ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გაუქმების შესახებ საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში, ხოლო თუ მისი გადაცემა ვერ ხერხდება ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

3. საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება მისი შეტანიდან 15 დღის ვადაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მუხლი 21​34. სამთავრობო კომისიის შუამდგომლობა ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე

1. ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობას განიხილავს თავდაპირველი ბრძანების გამომცემი სასამართლო „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

2. მოსამართლე ბრძანებით აუქმებს პირის ქონებაზე ან ქონების ნაწილზე დადებულ ყადაღას „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ოქტომბერი 2019 წ.

N5229-Iს