საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 04/10/2019
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016523
0
04/10/2019
ვებგვერდი, 08/10/2019
000000000.00.00.016523
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
პროექტის ავტორი
პროექტი
საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 95-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 951  , 952 და 953 მუხლები:

„მუხლი 951. ბუნებრივი გაზის მოხმარება უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევით

1. ბუნებრივი გაზის მოხმარება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით, ბუნებრივი გაზის დანადგარის ექსპლუატაცია საპასპორტო მონაცემებთან (მათ შორის, განთავსების ან/და საექსპლუატაციო პირობებთან) შეუსაბამოდ ან/და ბუნებრივი გაზის დანადგარით სარგებლობა სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის ექსპლუატაციის პირობების დარღვევით –

გამოიწვევს ფიზიკური პირის გაფრთხილებას, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გამოიხატა: საცხოვრებელ ადგილას ბუნებრივი გაზის ისეთი დანადგარით სარგებლობაში, რომლის განთავსება ამ ადგილას დაუშვებელია; თვითნაკეთი ან შესაბამისობის სერტიფიკატის/დეკლარაციის არმქონე ბუნებრივი გაზის დანადგარით სარგებლობაში; ბუნებრივი გაზის მოხმარებაში ისეთი მილგაყვნილობის მეშვეობით, რომელიც არ არის განკუთვნილი ბუნებრივი გაზის გატარებისათვის; ბუნებრივი გაზის დანადგარის გამონაბოლქვისთვის ისეთი არხის გამოყენებაში, რომელიც არ არის საამისოდ განკუთვნილი ან ბუნებრივი გაზის დანადგარის ექსპლუატაციაში სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის გარეშე, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნების გამო გამორთული მომხმარებლის გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა ან ბუნებრივი გაზის შიდა ქსელზე ისეთი ხელსაწყოს გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა, რომელიც გაუმართაობის გამო იყო ჩახსნილი/გამორთული –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით.“.

2. 213-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი სახის 2131 მუხლი:

„მუხლი 2131. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი

1. ამ კოდექსის 951 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და სახდელის დადების უფლებამოსილება აქვთ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატებსა და მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს.

2. ამ კოდექსის 951 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირის მიერ ჯარიმის 30 კალენდარული დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, დაჯარიმების შესახებ დადგენილება მიექცევა იძულებით აღსრულებაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. ამ კოდექსის 951 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ობიექტზე არსებული გაზდანადგარის ექსპლუატაცია ობიექტზე (მათ შორის, საცხოვრებელ ადგილას) დაუშვებელია და მომხმარებელი უარს აცხადებს გაზდანადგარის დაუყოვნებლივ დემონტაჟზე ან/და აშკარაა ამ ხელსაწყოთი თვითნებური სარგებლობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში უნდა მიეთითოს ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში გაზდანადგარის გამოყენების შესახებ და ეს ოქმის შემდგენმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს პოლიციას.“.

3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:

„61. ამ კოდექსის 951 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი ან მის მიერ უფლებამოსილი პირ(ებ)ი.“.

4. 272-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ამ კოდექსის 951 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე – რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.“.

5. 313-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 ნაწილი:

„81. სსიპ – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულმა კომისიამ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 95​1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმების დამტკიცება.“.

მუხლი 2.

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი               სალომე ზურაბიშვილი

განმარტებითი ბარათი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ბუნებრივი გაზის სექტორში მწვავედ დგას გაზდანადგარებისა და ქსელის განთავსების, ასევე მათი ექსპლუატაციის პრობლემა. გაზდანადგარების არასწორი განთავსებისა და ექსპლუატაციის, თვითნაკეთი, კუსტარული დანადგარებით სარგებლობის, სავენტილაციო არხების არასწორი გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების სხვა დარღვევების გამო ნახშირბადის მონოქსიდით (CO) მომხმარებელთა მოწამვლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე ადგილი ჰქონდა ბუნებრივი გაზის გაჟონვის, დაგროვებისა და აფეთქების ფაქტებს.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად გამოიკვეთა, რომ ტექნიკურ რეგლამენტთან მომხმარებელთა შიდა ქსელის შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც მომხმარებელს ავალდებულებს გამოასწოროს გამოვლენილი ნაკლოვანებები, მისი და საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით;

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

კანონპროექტის მიზანია ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილება;

ა.ა.ბ)არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

კანონპროექტში ცვლილების შეტანა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შემოთავაზებული ცვლილებით დგინდება ადმინისტრაციული სამართლადარღვევის სახეები, რაც მხოლოდ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანით არის შესაძლებელი;

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს გაზის დანადგარებისა და ქსელის გამართულად ექსპლუატაციას, რაც უზრუნველყოფს ადამიანების სიცოცხლის დაცვასა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას;

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

პროექტით დგინდება სანქციები ბუნებრივი გაზის მოხმარების უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის. კერძოდ:

ბუნებრივი გაზის მოხმარება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით, ბუნებრივი გაზის დანადგარის ექსპლუატაცია საპასპორტო მონაცემებთან (მათ შორის, განთავსების ან/და საექსპლუატაციო პირობებთან) შეუსაბამოდ ან/და ბუნებრივი გაზის დანადგარით სარგებლობა სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის ექსპლუატაციის პირობების დარღვევით -

გამოიწვევს ფიზიკური პირის გაფრთხილებას, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით.

საცხოვრებელ ადგილას ბუნებრივი გაზის ისეთი დანადგარით სარგებლობა, რომლის განთავსება ამ ადგილას დაუშვებელია; თვითნაკეთი ან შესაბამისობის სერტიფიკატის/დეკლარაციის არმქონე ბუნებრივი გაზის დანადგარით სარგებლობა; ბუნებრივი გაზის მოხმარება ისეთი მილგაყვნილობის მეშვეობით, რომელიც არ არის განკუთვნილი ბუნებრივი გაზის გატარებისათვის; ბუნებრივი გაზის დანადგარის გამონაბოლქვისთვის ისეთი არხის გამოყენება, რომელიც არ არის საამისოდ განკუთვნილი ან ბუნებრივი გაზის დანადგარის ექსპლუატაციაში სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის გარეშე, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული ქმედებები ჩადენილი განმეორებით, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნების გამო გამორთული მომხმარებლის გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა ან ბუნებრივი გაზის შიდა ქსელზე ისეთი ხელსაწყოს გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა, რომელიც გაუმართაობის გამო იყო ჩახსნილი/გამორთული – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით.“.

პროექტის მიხედვით დგინდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და სახდელის დადების უფლებამოსილების მქონე პირი. ასეთი სუბიექტები იქნებიან ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატები და მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირები, როგორც, მოქმედი კანონმდებლობით სხვა შემთხვევებშია გათვალისწინებული.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირის მიერ ჯარიმის 30 კალენდარული დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება მიექცევა იძულებით აღსრულებაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ობიექტზე არსებული გაზდანადგარის ექსპლუატაცია ობიექტზე (მათ შორის, საცხოვრებელ ადგილას) დაუშვებელია და მომხმარებელი უარს აცხადებს გაზდანადგარის დაუყოვნებლივ დემონტაჟზე ან/და აშკარაა ამ ხელსაწყოთი თვითნებური სარგებლობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში უნდა მიეთითოს ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში გაზდანადგარის გამოყენების შესახებ და ეს ოქმის შემდგენმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს პოლიციას.

ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე საჩივრდება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

წარმოდგენილი პროექტით სსიპ – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმების დამტკიცება.

პროექტი ამოქმედდება ეტაპობრივად, კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდება 2019 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო სხვა მუხლები 2021 წლის პირველი იანვრიდან.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

ასეთი არ არსებობს;

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში – აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონპროექტი ძალაში შედის ეტაპობრივად. კანონპროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების ვადად განისაზღვრა უახლოესი პერიოდი – 2019 წლის 1 ნოემბერი, რათა შეიქმნას სამართალდარღვევის აღკვეთის პრევენციისათვის ეფექტიანი მექანიზმი, გაზის სფეროში უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად. ხოლო კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდება 2021 წლის 1 იანვრიდან, რაც განპირობებულია ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების მიღებით. რაც შეეხება უკუძალის მინიჭების საკითხს, პროექტი ასეთ დანაწესს არ ითვალისწინებს;

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზია ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილება;

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების

წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას;

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც გამოწვეული იქნება პროექტით დაწესებული სანქციების მიმართვით სახელმწიფო ბიუჯეტში.

2018 წელს გაზის განაწილების ლიცენზიატების მხრიდან ჩატარდა 1,035,823 გეგმური და არაგეგმიური შემოწმება, რომლის შედეგად გამოვლინდა 124,945 დარღვევის ფაქტი. აქედან 123,633 დარღვევა გამოვლინდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლთან მიმართებაში, ხოლო 1,312 დარღვევა – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მიმართებაში. აღნიშნული დარღვევებიდან 105,848 მომხმარებელს გაეთიშა/დაელუქა გაზდანადგარი. აქედან – 104,877 საყოფაცხოვრებო, ხოლო 971 – არასაყოფაცხვრებო მომხმარებელი იყო. დარღვევების გამო, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 26,085 მომხმარებელს. აქედან: 26,009 – საყოფაცხოვრებო, ხოლო – 76 არასაყოფაცხვრებო მომხმარებელი იყო.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას;

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტმა შესაძლოა ფინანსური გავლენა იქონიოს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. 2018 წლის მონაცემებით გაზის განაწილების ლიცენზიატების მიერ გამოვლინდა სამართალდარღვევის 124,945 ფაქტი. აქედან: 123,633 – ფიზიკური პირი, ხოლო 1,312 – იურიდიული პირი იყო.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას;

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

 ასეთი არ არსებობს;

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო სსიპ – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, სსიპ – აკრედიტაციის ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრმა, გაზის განაწილების ლიცენზიატებმა და გაზის ქსელზე სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელმა პირებმა;

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

 ასეთი არ არსებობს;

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

 ასეთი არ არსებობს;

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.