პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 04/10/2019
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016524
0
04/10/2019
ვებგვერდი, 08/10/2019
000000000.00.00.016524
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
პროექტის ავტორი
 

პროექტი

საქართველოს კანონი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  

მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708):

1. მე-14 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამშენებლო საქმიანობა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, გარდა ამ კოდექსის 181 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა;“.

2. მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

„მუხლი 181. ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის შემოწმება

1. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ინსპექტირების ორგანოა უფლებამოსილი ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის შემოწმებასა და შესაბამისობის/შეუსაბამობის (დარღვევის დაფიქსირების) აქტის გაცემაზე.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის, ინსპექტირების ორგანოს წარმოადგენს სამშენებლო ნორმებსა და წესებთან ბუნებრივი გაზის სისტემების შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი დამოუკიდებელი პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ და გააჩნია ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაზღვევა. მათზე ვრცელდება ინტერესთა კონფლიქტისა და პასუხისმგებლობის შესახებ ამ კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.

3. ინსპექტირების ორგანოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების, შესაბამისობის, შეუსაბამობის (დარღვევის დაფიქსირების) და შემოწმების აქტის გაცემის საფუძვლები და წესი განისაზღვრება „ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამუშაო შეიძლება შესრულდეს სხვა პირის მიერაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია „ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით.

მუხლი 2. გარდამავალი დებულებები

საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 15 ნოემბრამდე უზრუნველყოს „ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიღება.

მუხლი 3. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 15 ნოემბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                           სალომე ზურაბიშვილ

 

 

განმარტებითი ბარათი

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

მომხმარებელთა ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის გამართულობა უსაფრთხოების აუცილებელი პირობაა, რადგან არასწორად გაყვანილი მილების ან ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარების ექსპლუატაცია იწვევს მომხმარებლის ობიექტზე ნახშირბადის მონოქსიდის (CO) გამოყოფას, აგრეთვე, შეიცავს ბუნებრივი გაზის დაგროვების რისკებს. ნახშირბადის მონოქსიდი არის უფერო და უსუნო აირი, რის გამოც ადამიანისთვის შეუძლებელია მისი შემჩნევა. ადამიანის ორგანიზმში მისი მცირე ოდენობით მოხვედრაც კი საკმარისია, რომ სერიოზული საფრთხე შეუქმნას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ბუნებრივი გაზის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს „ენერგიის გამოყოფის ფიზიკური ან/და ქიმიური არაკონტროლირებადი სწრაფად მიმდინარე პროცესი, რომლის დროსაც ხდება დარტყმითი ტალღების ვიბრაცია და თბური ზემოქმედება და დამანგრეველი შედეგების უნარის მქონე აირების დიდი სიჩქარით გაფართოება – აფეთქება.“[1]

ასეთი შემთხვევების აღკვეთისათვის, აუცილებელია, ადეკვატური რეგულაციების დაწესება საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის მიმართ და პასუხისმგებელი პირის დადგენა, რომელიც განახორციელებს მომხმარებლის შიდა ქსელის შემოწმებას.

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი

 კანონპროექტის მიღების მიზანია საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის გამართულობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვა;

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა

კანონპროექტში ცვლილების შეტანა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შემოთავაზებული ცვლილებით დგინდება საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის შემოწმების განხორციელების სავალდებულოობა აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ, რაც მხოლოდ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანით არის შესაძლებელი.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები

კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის გამართულობა, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების დაცვა.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

კანონპროექტის თანახმად, მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, ასევე „ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა პირი იქნება უფლებამოსილი ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის შემოწმების, შესაბამისობის, შეუსაბამობის (დარღვევის დაფიქსირების) და შემოწმების აქტის გაცემაზე.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს „ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიღებას.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)

 ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში – აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება

კანონპროექტის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 15 ნოემბერი, რაც გამოწვეულია აღნიშნულ ვადაში შესაბამისი კანონქვემდებარე აქტის მიღების საჭიროებიდან.

რაც შეეხება უკუძალის მინიჭების საკითხს, კანონპროექტი ასეთ დანაწესს არ ითვალისწინებს.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზია ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილება.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

 კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანო, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხდის ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლის შიდა ქსელის შემოწმების მომსახურებისათვის მიღებულ შემოსავალზე კანონმდებლობით დადგენილ გადასახადს.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

 კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა

კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელს მოუწევს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მომსახურების თანხის გადახდა, ხოლო, თავის მხრივ, აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოები მიიღებენ შემოსავალს, გაზის საცალო მომხმარებლის შიდა ქსელის შემოწმების მომსახურებისათვის.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან

 ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

 კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო სსიპ – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, სსიპ – აკრედიტაციის ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა, გაზის განაწილების ლიცენზიატებმა და გაზის ქსელზე სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელმა პირებმა.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.

 


[1] ი. ხეროდინაშვილი (2012). „უსაფრთხოების, შესაბამისობისა და შეუსაბამობის ტერმინების განსაზღვრა“ წიგნში სისტემური მიდგომა და გაზმომარაგების სისტემის კლასიფიკაცია, გვ. 27-32.