„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 442
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016939
442
08/09/2019
ვებგვერდი, 08/09/2019
040030000.22.027.016939
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №442

2019 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციის სფეროში არაერთგვაროვანი პრაქტიკის აღმოფხვრის შესახებ
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016240) დამტკიცებულ წესში (შემდგომში „წესი“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. წესის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია

1. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს:

ა) ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც გაცემულია სამედიცინო დაწესებულების მიერ ემბრიონის იმპლანტაციისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს. ამ საბუთით უნდა დგინდებოდეს ემბრიონის იმპლანტაციის თარიღი;

ბ) ემბრიონის შექმნამდე (ბიოლოგიური  მასალის შერწყმის გზით ლაბორატორიის პირობებში ემბრიონის მიღება) დადებული (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), კონკრეტული შემთხვევის შესაბამისი, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება:

ბ.ა) ბავშვის გამჩენ ქალსა (სუროგატული დედა) და წყვილს შორის, რომლებიც ბავშვის გენეტიკური მშობლები არიან, ან;

ბ.ბ) ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილის იმ წევრს, რომელიც ბავშვის გენეტიკური მშობელია, დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად ჩასაწერ წყვილის მეორე წევრს, რომელიც არ არის ბავშვის გენეტიკური მშობელი, და დონორს შორის, ან;

ბ.გ) ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორებს შორის.

2. იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ ემბრიონის შექმნის შემდეგ განხორციელდა მისი კრიოპრეზერვაცია (გაყინვა) და ემბრიონის შექმნიდან მის იმპლანტაციამდე პერიოდი არ აღემატება 10 წელს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება დადებული უნდა იყოს ემბრიონის იმპლანტაციამდე.

3. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლებად მიიჩნევიან:

ა) გენეტიკური მშობლები;

ბ) გენეტიკური მშობელი და ხელშეკრულების საფუძველზე დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლად ჩასაწერი მეორე პირი;

გ) წყვილი.

4. დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად დონორის ან სუროგატული დედის მითითება დაუშვებელია.

5. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს ორივე მშობლის განცხადება. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მშობელი გარდაიცვალა ბავშვის დაბადებამდე ან იგი ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად, დაბადების რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ მეორე მშობლის განცხადებით.

6. თუ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში მითითებულია ბავშვის ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადების შესახებ, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო დაბადების რეგისტრაციას ახორციელებს ამ მუხლით გათვალისწინებული საბუთების წარდგენისთანავე. რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნილი მონაცემებით დაბადების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლები არ მიეთითება, ხოლო დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელი და გვარი მიეთითება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე.“.


მუხლი 2. გარდამავალი დებულებები
1. იმ შემთხვევაში, თუ ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის ბავშვის დაბადების სამედიცინო ცნობა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში წარდგენილია ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბავშვის დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის, წესის ამ ბრძანების ამოქმედებამდე მოქმედი მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ „ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე დადებულ, სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებად“ ჩაითვალოს ემბრიონის იმპლანტაციამდე დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება. 

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ ბრძანების ამოქმედებამდე განხორციელებულია ემბრიონის იმპლანტაცია ან ემბრიონის იმპლანტაცია განხორციელდება 2019 წლის 30 სექტემბრამდე, სიცოცხლის უფლების პრიორიტეტიდან გამომდინარე, ბავშვის დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის, წესის ამ ბრძანების ამოქმედებამდე მოქმედი მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ „ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე დადებულ, სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებად“ ჩაითვალოს ემბრიონის იმპლანტაციამდე დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება.


მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითეა წულუკიანი