2019-2020 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

2019-2020 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 191/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 12/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017811
191/ნ
12/09/2019
ვებგვერდი, 13/09/2019
430110000.22.022.017811
2019-2020 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №191/ნ

2019 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

2019-2020 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტისა და „2019-2020 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 02 ივლისის №297 დადგენილების პირველი მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „2019-2020 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი



დანართი

 

2019-2020 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის დაფინანსება
1. 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარს.

2. 2019-2020 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში.


მუხლი 2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე სტუდენტი
1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

2. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება, თუ იგი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2019 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.


მუხლი 3. დაფინანსების პრინციპი
1. პროგრამის ფარგლებში ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სტუდენტები სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით“ გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდების შედეგების მიხედვით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად საჭირო თანხის ოდენობა აღემატება ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობას, დაფინანსება გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე.

3. თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა სტუდენტებმა თანაბარი აბსოლუტური ქულა მოიპოვეს და ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მათგანის დასაფინანსებლად, დაფინანსება არ გაიცემა.


მუხლი 4. დარჩენილი თანხის გადანაწილება
1. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება, თუ იგი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2018 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც განეკუთვნებიან „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას და აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება გადანაწილდება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს  №401 დადგენილების შესაბამისად.


მუხლი 5. განცხადების წარდგენა
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ამ დანართის მე-2 მუხლით და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები ქართულ ენაზე თარგმნილ და ნოტარიულად დამოწმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს განცხადებასთან ერთად წარადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

მუხლი 6. გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 7. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა
პროგრამის შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ბრძანების მიწოდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ინფორმაციის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.